წმინდა ნიკოლოზის შეწევნის ქართული ამბები.
წმინდა ნიკოლოზის შეწევნის ქართული ამბები.
1789 წელს წმინდა ნიკოლოზის მადლით ამგვარი სასწაული მოხდა: კახეთის სოფელ არტოზანში შუამთის მონასტრის მოძღვართმოძღვარმა არქიმანდრიტმა ნიკოლოზ მდივნიშვილმა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის აშენება ინება. ჩადგეს დიდი ქვის საკირე და კაცი ცეცხლის ასანთებად შეგზავნეს. ამ დროს საკირე ჩამოიქცა, კაცს დაეცა და სულმთლად დაფარა. მოცვივდნენ თანასოფლელები, გადაყარეს ქვა და კაცი უვნებელი იპოვეს. როგორ გადარჩიო, ჰკითხეს, მან კი უპასუხა: "საკირე რომ ჩამოინგრა, ამ დროს ჩემთან ერთი მოხუცი კაცი მოვიდა, ზედ გადამეფარა და გადამარჩინაო".ყველამ ერთად ადიდა უფალი და მისი მონა წმინდა ნიკოლოზი.

* * *
პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) დიდხანს ლოცულობდა წმინდა ნიკოლოზის ხატთან, შემდეგ კი წარმოთქვა: შენ მთავარეპისკოპოსი ხარ, მე კი პატრიარქი, ამიტომ შეისმინე და აღასრულე პატრიარქის თხოვნაო.

* * *
დიდი რწმენა ჰქონდა წმინდა ნიკოლოზისა მამა გაბრიელს (ურგებაძე). ერთხელ შინიდან ქრისტეს რწმენის გამო გაქცეულ ყრმას ვეებერთელა ქოფაკი გადაეყარა და ის-ის იყო დაგლეჯდა, რომ ამოიძახა: წმინდაო ნიკოლოზ, მიშველეო. ძაღლი უეცრად შეშინებული მიტრიალდა და გაიქცა.

მოგვიანებით, მაშინ ბერი გახლდათ, კაცთა ცილისწამებით შეწუხებულმა გაბრიელმა ჩამოიკიდა გულზე წმინდა ნიკოლოზის ხატი და ბათუმში ზღვაში შევიდა - უფალო, თუ სათნოა შენთვის ჩემი ცხოვრება, გადამარჩინეო. ამ დროს ზღვასთან ახლოს სამხედრო ნაწილი იდგა, ჯარისკაცებთან ვიღაც მოხუცი, თეთრწვერა, მელოტი კაცი მივიდა და უთხრა, - ზღვაში კაცი იხრჩობა და გამოიყვანეთო. როცა ჯარისკაცებმა გაბრიელი ზღვიდან გამოიყვანეს და გულზე ჩამოკიდებული ხატი უნახეს, ერთმა მათგანმა წმინდა ნიკოლოზის ხატში სწორედ წეღანდელი ბერიკაცი შეიცნო. რუსეთში შინ მაქვს მისი ხატი, ნამდვილად წმინდა ნიკოლოზი იყოო, - თქვა.

დედა პარასკევა ჰყვება: - მამა გაბრიელის კელიაში თაგვები გამრავლდნენ. ამათ საწამლავი უნდა დავუდო-მეთქი, ვუთხარი. მამა გაბრიელმა - დაანებე თავი, არაფერს აშავებენ, შვილო, ზოგი ლოგინშიც კი შემომიძვრება, გაუშვი, იყვნენო. გავჯიუტდი - საწამლავს მოვიტან-მეთქი. მაგრამ მეორე დღეს კელიაში თაგვის ჭაჭანება არ იყო. გაკვირვებულმა ვკითხე, - სად გაქრნენ-მეთქი. წმინდა ნიკოლოზს შევევედრე და წაიყვანაო, - მიპასუხა ღიმილით.

წმინდა ნიკოლოზის ჭედური ხატი. ლაბსყალი, ლანჩვალი. მესტიის მუზეუმი, მე-14-ე  საუკუნე.
ბეჭდვა
1კ1