ვისაც გულწრფელად სწამს, იკურნება
ვისაც გულწრფელად სწამს, იკურნება
წმინდა ნიკოლოზ სერბი - წერილები
ამბავი ანგელოზის გამოცხადებისა. ქილანდარის მონასტრის ყოფილმა წინამძღვარმა, აწ განსვენებულმა არქიმანდრიტმა რაფაელმა ეს უჩვეულო ამბავი მოგვითხრო: "მთაწმინდაზე წასვლამდე ერთი წლით ადრე ერთ ოთახში, საწოლზე, ჩემი სიძის გვერდით მეძინა. ღამე გამომეღვიძა. ამ დროს ზემოდან ჩამოეშვა ფრთოსანი კაცი, მომიახლოვდა და სახით სახეზე შემეხო, შემდეგ რაღაც მცხო შუბლზე ჯვრის სახით და გაქრა. შუბლზე თითები მოვისვი, რაღაც თაფლის მსგავსი სითხე მესვა და საოცარი სურნელი ასდიოდა. ჩემს სიძეს ამ დროს გამოეღვიძა. მეორე დღეს, როცა სახლეულნი ამ ოთახში შემოდიოდნენ, ამბობდნენ, - საკვირველ სურნელს ვგრძნობთო. ეს სურნელი ოთახში სამი დღე ტრიალებდა".

ამბავი ხარბინის ხატის განახლებისა. მეუფე დიმიტრი ხარბინელი გვიყვებოდა: "რუსი პოლკოვნიკის მეუღლემ, ქალბატონმა კორნეიმ, ხარბინის მოწყალების სახლის ტაძარს ორი ძველი ხატი აჩუქა ღვთისმშობლისა და წმინდა ნიკოლოზისა. ხარბინში მცხოვრებმა ცნობილმა რუსმა მხატვარმა ვოლოჩენკომ ორივე ხატი გამოიკვლია. თითოეული მათგანი დაახლოებით ორასი წლისა გამოდგა. ღვთისმშობლის ხატი იყო ასლი "ყოველთა მწუხარეთა სიხარულისა". მასზე გამოსახულ ღვთისმშობლის სახეს მხოლოდ კონტურებით თუ იცნობდით. უფლის დედის გამოსახულების ორივე მხარეს წმინდანები იყვნენ განლაგებული, რომელთაგან მხოლოდ წმინდა ნიკოლოზს შეიცნობდით. ხატი მუდმივად ანალოღიაზე ესვენა საამბორებლად და ქალაქის ყველა მართლმადიდებელი იცნობდა. უეცრად ხალხმა შეამჩნია, რომ ხატი თანდათანობით ნათდებოდა და უფრო მეტად აღიქმებოდა. ვოლოჩენკო ყოველ კვირას მოდიოდა ტაძარში. ეს სასწაული მის თვალწინ ხდებოდა. ბოლოს მასზე მკაფიოდ გამოჩნდა ღვთისმშობლის სახე, ცამეტი წმინდანი ერთ მხარეს და ცამეტი - მეორე მხარეს. ყველა წმინდანს ამოიცნობდი. მათ შორის იყო ხატი წმინდა ანტიპ პერგამელისა, რომელიც "გამოცხადებაში" არის მოხსენიებული. ამან განსაკუთრებით გაახარა ქალბატონი კორნეი - მისი ოჯახი განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა და განადიდებდა წმინდა ანტიპს. ყველაზე მეტად გაგვაკვირვა იმან, რომ ღვთისმშობლის თავზე მოფარფატე ოქროს არწივის ბრწყინვალება ცვილიდანაც კი გამოსჭვიოდა, რომლითაც ხატი იყო დაფარული. ხატის განახლებამ გაამხნევა და გაახარა შორეული აღმოსავლეთის რუსები".

როცა მტერი ახლოსაა. ბევრი წაგვიკითხავს და გაგვიგონია, როგორ ძლიერ შიშს განიცდიან ადამიანები ბოროტი სულის მოახლოებისას. ამგვარივე შიშსა გრძნობს უმანკო ადამიანი მტრის - კაცის სიახლოვეს. მას ეს გრძნობა არ ატყუებს.

ეს ამბავი მილკოვის მონასტრის არქიმანდრიტ ამბროსის შეემთხვა. მან, ერისკაცობაში ვლადიმირ ზინობის ძე კურგანოვმა, უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ იუნკერთა სასწავლებელში განაგრძო სწავლა. აქ მას რევოლუციამ მოუსწრო. სახალხო კრებებზე ის აშკარად გამოდიოდა კომუნისტების წინააღმდეგ, რის გამოც ისინი, როგორც მტერს, დევნიდნენ. როცა საფრთხე იგრძნო, რუსეთის სამხრეთით, ერთ-ერთ სოფელში ცხენით გაემგზავრა, სადაც ბიძამისი, მღვდელი, ცხოვრობდა. შუაღამისას შევიდა სოფელში. ბიძის სახლთან მიახლოებისას შიში და მწუხარება იგრძნო. თავის დამშვიდება და გამხნევება სცადა, ცხენიდან ჩამოხტომა მოინდომა, მაგრამ ვერ შეძლო. გვერდით ჩაუარა ბიძის სახლს, სხვა სოფელში წავიდა და ღამე იქ გაათია. მეორე დილით შეიტყო, რომ იმ ღამეს ბოლშევიკებს გაუჩხრეკიათ ბიძამისის სახლი, თურმე მას ეძებდნენ. კურგანოვი გადარჩა და თავი ბალკანეთს შეაფარა.

ამბავი რუმინელი მწყემსის თავს მომხდარი ღვთის სასწაულისა. ეს ამბავი მოხდა რუმინულ სოფელ მაგლოვიტში. ახლანდელ გაზეთებში ვრცლად წერენ გლეხ პეტრაკ ლუპეზე, რომელიც ნახევარი საუკუნე სხვის ცხვარს მწყემსავდა, ჰყავს ცოლი და შვილი. იგი ყრუა და თითქმის მუნჯიც, ამიტომაც უფრო მეტად ჟესტებით ლაპარაკობს. ერთხელ, სამებობის შემდგომ პარასკევს, მას გზაზე თეთრწვერა მოხუცი გამოეცხადა, რომელმაც უბრძანა, თუ გინდა, გვალვამ არ გაგაჩანაგოთ, წადი და ხალხს სინანული უქადაგეო. მომდევნო პარასკევს, იმავე ადგილას ბერი ისევ გამოეცხადა და ბრძანება გაუმეორა. მწყემსმა ისევ არ შეასრულა დავალება. მესამე პარასკევს კი ბერი დაემუქრა, - ნაბრძანებს თუ არ აასრულებ, საქმე ცუდად გექნებაო. ამ დროს მწყემსს სმენისა და მეტყველების უნარი დაუბრუნდა. მაშინვე მივიდა მღვდელთან, ყველაფერს მოუყვა. სულში შვება იგრძნო. ხალხი მას მიაწყდა. ის კი დღემდე იმეორებს თავისი ხილვის ამბავს. ვისაც გულწრფელად სწამს, იკურნება: ბრმებს თვალი ეხილებათ, ყრუებს ესმით, მუნჯები ლაპარაკობენ. ექიმებმა დაადასტურეს, რომ ყველა სასწაულებრივი განკურნება სარწმუნოა. სახელმწიფომ გააიაფა სოფელ მაგლოვიტამდე მატარებლით მგზავრობის ბილეთი. რუმინეთის პატრიარქმა სასწაულებრივი გამოცხადების ადგილას ეკლესიის აშენება ბრძანა. უკვე შეგროვდა მილიონი ლეი.

ამბავი ბალზე ნანახი ჯვარცმისა. თავადმა ჟევახოვმა მოგვითხრო სახელგანთქმული ნ.ნ. ნეპლიუევის, ავტორიტეტული ქრისტიანისა და საზოგადოებრივი რეფორმატორის, ამბავი: ნეპლიუევი დედის მხრიდან ბავარიის კიტელსბახთა სამეფო სახლს ენათესავებოდა. ძალზე მდიდარმა ახალგაზრდა კაცმა არ იცოდა, ხელი რა საქმისთვის მოეკიდა და დიპლომატიურ სამსახურში შესვლა ითხოვა. მიუნხენში, ბავარიის მეფის კარზე სამსახური შესთავაზეს. ერთხელ მეფის კარზე გამართულმა ბალმა სრულიად შეცვალა ნეპლიუევის ხასიათი და ცხოვრების წესი. იმ საღამოს პროგრამაში შედიოდა სოლოკონცერტი ვიოლონჩელოზე. როცა მუსიკოსმა დაკვრა დაიწყო, ნეპლიუევი ჩამოშორდა საზოგადოებას, კედელთან განმარტოვდა და ყურადღებით უსმენდა მუსიკას. უეცრად პირდაპირ, კედელზე მაცხოვრის ჯვარცმა იხილა. მუსიკის ნაცვლად მას ჯვრიდან ხმამაღალი ქვითინი მოესმა. შეძრწუნებული ახალგაზრდა შიშით აკანკალდა, დატოვა სასახლე და შინ დაბრუნდა. ამის მერე თადარიგში გავიდა, დაბრუნდა რუსეთში, თავის მამულში, განმარტოებით ცხოვრება და სახარების კითხვა დაიწყო. ტაძრებსა და გლახაკებს გულუხვად ეხმარებოდა. ჩამოაყალიბა ქრისტიანული მშრომელი საძმო.

ამბავი ქრისტე მაცხოვრის დიდებული გამოცხადებისა. ერთხელ წმინდა სერაფიმე საროველი, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბერდიაკონი, მღვდელმონაზვნებთან - პახუმსა და იოსებთან ერთად წირავდა. მამა სერაფიმე ჰყვებოდა: "მცირე შესავლის მერე მე, გლახაკმა, სამეუფეო კარებთან წარმოვთქვი: "უფალო, აცხოვნე კეთილმორწმუნე". როცა ოლარით გამოვსახე წრე და ვთქვი: "და უკუნითი უკუნისამდე", თვალი მომჭრა მზის სხივმა, მივხედე ამ ნათელს და ვიხილე უფალი და ღმერთი ჩვენი იესო ქრისტე, ძე კაცისას სახით, ზეციური ნათლით გაბრწყინვებული, გარეშემოსილი ანგელოზებით, მთავარანგელოზებით, სერაფიმებით... უფალი ჰაერში ტაძრის დასავლეთი კარიდან მოდიოდა. როცა ამბიონს მოუახლოვდა, აღაპყრო უწმინდესი ხელნი და ტაძარში მდგომნი და ღვთისმსახურნი აკურთხა. მერე კი თავის ხატში შევიდა, რომელიც სამეუფო კარის მარჯვნივ მდებარეობს. მე კი, მტვერი და ნაცარი, როცა ჰაერში მომავალ მაცხოვარს შევხვდი, მისგან განსაკუთრებული კურთხევის ღირსი შევიქენი. სული წმინდა და ნათელი სიხარულით ამევსო და ღვთისადმი სიყვარულით დამეტკბო".

როცა ამას უცქერდა წმიდა სერაფიმე, გაშეშებულივით იდგა. მაშინ მასთან მივიდა ორი ბერი და საკურთხეველში შეიყვანა. სამი საათი გაუნძრევლად იდგა საკურთხეველში და სიტყვის წარმოთქმაც არ ძალუძდა. მხოლოდ სახის ფერი ეცვლებოდა, ხან თოვლივით გაუთეთრდებოდა, ხან შეუვარდისფრდებოდა.

ამბავი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოცხადებისა. 1832 წლის ხარება დღეს ღირს სერაფიმე საროველს მეთორმეტედ გამოეცადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. ეს მოხდა დილით. მამა სერაფიმესთან სამონასტრო საქმეებზე იყო მოხუცებული ევდოკია ეფრემოვა, შემდგომში მონაზვნობაში დედა ევპრაქსია. დაფარულმცოდნელმა მამამ გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე უთხრა ევდოკიას: - დიდი სიხარული გველოდება ამ დღესასწაულზეო. დაუჯდომლების კითხვა დაიწყეს. უეცრად ხმაური გაისმა, თითქოს ქარიშხალი ტყეს აშრიალებსო. მერე ძალზე გულშემმუსვრელი გალობა შემოესმათ. თავისთავად გაიღო კელიის კარები, შემოვიდა შიგნით კაშკაშა სინათლე და კეთილსურნელება - გამოეცხადათ ღვთისმშობელი ანგელოზებთან ერთად. აქვე იმყოფებოდნენ წმინდა იოანე ნათლისმცემელი და წმინდა იოანე ღვთისმეტყველი, ასევე გვირგვინმოსილი მოწამეები: ბარბარე, ეკატერინე, თეკლა, მარინე, ევპრაქსია, პელაგია, დოროთეა, მაკრინა, იუსტინა, იულიანა და ანისია.

"სად ვართ და რას ნიშნავს ეს? - ჰკითხა მამა სერაფიმეს მოხუცებულმა ევპრაქსიამ. ზეციურმა დედოფალმა უთხრა მას, - თითოეულთან მიდი და სახელი ჰკითხეო. ევპრაქსია მივიდა მათთან და ისინიც სათითაოდ პასუხობდნენ სახელებს. ამის მერე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და მამა სერაფიმეს შორის საუბარი გაიმართა, რომელიც სამი საათი გაგრძელდა. მამა სერაფიმე ღვთისმშობელს თავისი მონაზვნებისთვის ევედრებოდა, ის კი პასუხობდა: "ჩემო საყვარელო, ყველაფერში დაგეხმარები. მიეცი მათ მორჩილება. თუ აასრულებენ, იქნებიან შენთან და ჩემს ახლოს... მათი მაწყინარი დაისჯება, ხოლო ვინც მოემსახურება მათ უფლის გულისთვის, ღვთის წინაშე შეწყნარებული იქნება". ბოლოს კი ღვთისმშობელმა უთხრა: "საყვარელო ჩემო, მალე ჩვენთან იქნები!"

1833 წლის 2 იანვარს ღირსი სერაფიმე გარდაიცვალა. მოხუცებულმა დედა ევდოკიამ კიდევ დიდხანს იცოცხლა და 1865 წლის 28 მარტს აღესრულა.

ამბავი, თუ როგორ დარწმუნდა ოფიცერი ეშმაკის არსებობაში. ოპტელმა ბერმა მამა ამბროსიმ ჰკითხა ერთ სტუმარს, ეშმაკის არსებობისა თუ გჯერაო. არაო, - უპასუხა სტუმარმა. მაშინ ბერმა მოუთხრო: "ზოგიერთი ეშმაკს უარყოფს - იგი სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი ვნებების განსახიერებაო. ეს თვით კაცთა მოდგმის მტრის ნახელავია, რათა ადამიანებმა უარყონ იგი, თვითონ კი უფრო თავისუფლად მოქმედებდეს მათზე. უეჭველად წაიკითხავდით გაზეთებში, რომ ზოგიერთ სახლში უცნაური ამბები ხდება, ნივთები თავისით დაფრინავს, ისმის ბრახუნი და სხვა ამგვარი რამ. ეს ბოროტ სულთა მოქმედებაა.

ერთხელ, ყველიერის კვირის ბოლო საღამოს, ოფიცერთა კამპანია შეიკრიბა. მათ შორის გახლდათ მოხუცი კაპელანი. საუბარი დემონებსაც შეეხო. ოფიცრები უარყოფდნენ ეშმაკის არსებობას და შუასაუკუნეობრივ ცრურწმენას უწოდებდნენ. მღვდელი დიდხანს მდუმარედ უსმენდა, მერე კი თქვა: - ბატონებო, ხომ არ გსურთ საკუთარ თავზე გამოსცადოთ, რომ დემონები სინამდვილეში არსებობენ? ერთი მოხუცი ოფიცერი დათანხმდა. "ჩემთან შემოიარეთ!" - უთხრა მას მღვდელმა. ოფიცერი ეწვია. მოძღვარმა ლოცვანი მიაწოდა და უპირველესად ღვთისმშობლის ლოცვის წაკითხვა სთხოვა, რომელიც, მამა ამბროსის აზრით, ეშმაკს განსაკუთრებით სძულს. მღვდელმა ურჩია, ლოცვანის კითხვა ჩაკეტილ ოთახში, ვნების ორშაბათს დაეწყო. ოფიცერი ასეც მოიქცა. როცა ლოცვა დაიწყო, იგრძნო, რომ ჭიანჭველებმა ზურგზე დაურბინეს. სამშაბათს ოფიცერმა კითხვა განაგრძო და შიშმაც უფრო შეიპყრო, თმა ყალყზე უდგებოდა. ასევე გრძნობდა, რომ ვიღაც დადიოდა მის გარშემო. მესამე დღეს აშკარად იგრძნო, როგორ შემოვიდა ოთახში ვიღაც, მერე კი ცივი ქარის ტალღამ დაარტყა. ბოლოს, ველური, დამცინავი ყვირილი მოესმა: "შენც მლოცველად მოსულხარ!" ოფიცერი შეშინებული წამოხტა. კარი გააღო, გაიქცა მღვდელთან და უთხრა, - ახლა კი მჯერა ეშმაკების არსებობისაო ("სულის მარგებელი თხრობანი").
ბეჭდვა
1კ1