იჩქარეთ, მამაო!
იჩქარეთ, მამაო!
წმინდა ნიკოლოზ სერბი - წერილები
ამბავი ჩიყვისგან უეცარი განკურნებისა ზიარების მერე. ვრდილელმა ძმამ, მლადენ სუშიჩმა გვიამბო: "სამხედრო სამსახური მოვილიე, შინ დავბრუნდი და დავავადდი კიდეც - ჩიყვი გამომაჩნდა. ვეღარ ვჭამდი, მხოლოდ თხევად საკვებს ვიღებდი გაჭირვებით. მაშინ ღვთისადმი არ ვლოცულობდი, ზიარებითაც იშვიათად ვეზიარებოდი. არაფერი ვიცოდი არც რწმენის, არც ზიარების ძალაზე. შობის მარხვაში ღვთისმოშიშმა ადამიანებმა მირჩიეს, მემარხულა და ვზიარებულიყავი. ასეც მოვიქეცი. იმ წელს ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე ჟიჩის მონასტერი მოვინახულე და წმინდა ზიარება მივიღე. საღმრთო მსახურების შემდეგ ტრაპეზზე მეც მიმიწვიეს. საჭმელი სამარხვო იყო და თანაც მშრალი. თავიდან ვიუარე, ყლაპვა არ შემიძლია-მეთქი. მერე კი რაღაც შევჭამე და, ჩემდა გასაკვირად, უმტკივნეულოდ გადავყლაპე. კვლავ გადავიღე საჭმელი, ასე რომ ცოტცოტაობით გვარიანად დავნაყრდი. გაოცებული ვეუბნებოდი მეინახეებს, აღარ მტკივა-მეთქი. დავბრუნდი შინ. საღამოს, ძილის წინ, მოვისინჯე ჩიყვი - ხელით შეხებისას არ მტკიოდა. დილით ჩემმა სახლეულთაგანმა შემომხედა და დაიყვირა: - ჩიყვი აღარ გაქვსო. მართლაც, უკვალოდ გამქრალიყო. როცა საკუთარ თავზე უფლის შეწევნის ასეთი ცხადი სასწაული ვიხილე, მთლიანად მივეცი რწმენას და გულმოდგინედ შევუდექი ღვთისადმი ლოცვას.

ამბავი ოდიკთან შეხებით კურნებისა. "სულისმარგებელი საკითხები" მოგვითხრობს მღვდელ კ.პ-ს ოდიკთან შეხებით სასწაულებრივ კურნებაზე.

ერთხელ მას, სამრევლოს ჯერ კიდევ ახალგაზრდა წინამძღვარს, მარჯვენა ხელის შუათითი გაუსივდა და გაულურჯდა, მერე კი მთლიანად ხელი ასტკივდა. ღვთისმსახურება აღარ შეეძლო. ექიმმა უთხრა: უნდა მოგკვეთოთ, თორემ შენს სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებაო. მღვდელი არ თანხმდებოდა. ცრემლითა და ლოცვით აღაპყრო ხელნი ღვთის მიმართ, თუმცა ვერ მსახურებდა, ტაძარში სიარული მაინც გააგრძელა. ერთ დილით საკურთხეველში შევიდა და წმინდა ტრაპეზის წინ ლოცვა დაიწყო.

თითქოს გულში რაღაც ეწვოდა და ამოსუნთქვისას გულიდან ამოფრინდა. უეცრად წმინდა ოდიკის მთხვევა მოუნდა და ლოცვა წარმოთქვა: "უფალო! მრწამს შენი სასწაულთმოქმედი მადლისა და შენი წმინდანების შეწევნისა. გამოაჩინე წყალობა ჩემზე, უღირს მონაზე, შენს მოწამეთა ნაწილთა მიერ, რომელნიც ძევს ამ ტრაპეზზე, რათა გიგალობდე დიდებასა და ქებას, სანამ ცოცხალი ვარ!" და სნეული თითით ოდიკს შეეხო, ეამბორა და ტაძრიდან გავიდა. შინ მისვლისას მღვდელმა ექიმის თვალწინ თითიდან სახვევი მოიძრო, შეეხო და ტკივილი ვეღარ იგრძნო! ექიმი თვალებს არ უჯერებდა. სასწაული იყო - თითი ჯანსაღი ჰქონდა.

შემდგომში ეს მღვდელი სხვა სამრევლოში გადაიყვანეს, მაგრამ არასოდეს ივიწყებდა ტაძარს, სადაც სასწაულებრივად განიკურნა. ტაძარი კი წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობისა იყო, რომელსაც ის იმ დღიდან თავის ლოცვებში მუდმივად იხსენიებს.

ამბავი ბნედიანისა. სანდელი მომლოცველი მილკა შეჩეროვი მოგვიყვა: მისი თანამემამულე დიდხანს იტანჯებოდა ბნედით. როცა მილკა 1930 წელს იერუსალიმიდან დაბრუნდა, მას იქაური წყალი დაალევინა. კაცი გამოჯანმრთელდა. მილკამ ურჩია, მარხვის აღთქმა დადეო. ასეც მოიქცა. მთელი წელი იმარხულა და იმ წელს ჯანმრთელად იყო. მერე კი სახსნილოს მიეძალა - დედამისი აიძულებდა მარხვის დარღვევას. ძველი ავადმყოფობა დაუბრუნდა.

ეს კაცი საეკლესიო გუნდში გალობდა. როცა მღვდელი სახარებიდან ბნედიანი ყრმის განკურნების ამბავს ჰყვებოდა, ის თურმე ძირს ეცემოდა.

ამბავი შორიდან ლოცვის მოქმედებისა. ქვრივმა დედაბერმა ლენა შ-მ, რომელიც გერ ქალიშვილთან ერთად ოქრიდში ცხოვრობს, მოგვითხრო: მისი გერი ვაჟი სრულიად ჩამოშორდა ნათესავებს. წლობით არ ატყობინებდა თავის ამბავს, წერილსაც კი არ სწერდა. ცხოვრობდა პარიზში, მწერლობასა და ჟურნალისტობას მისდევდა, ფული ჰქონდა, მაგრამ გაღარიბებულ ნათესავებს არაფერს უგზავნიდა. ლენა ყოველდღე წმინდა კლიმენტის ტაძარში ევედრებოდა ღმერთს, რომ მის გერს გული შეცვლოდა. კვირაობით ლიტურგიაზე სეფისკვერსა და ღვინოს შესწირავდა. ერთხელ გერი ოქრიდში ჩამოვიდა და დაჰპირდა ნათესავებს, უთუოდ დაგეხმარებითო. ის ახლაც ეხმარება, წერილებსაც იწერება და, რაც მთავარია, ლოცულობს, მარხვებს ინახავს და ეზიარება. აი, რამხელა ძალა აქვს ლოცვას.

ამბავი კურნებისა, მანტიაზე შეხებით რომ მოხდა. 1903 წელს, როცა სერაფიმე საროველი წმინდანად საზეიმოდ გამოაცხადეს, მისი საბერო მანტია მოსკოვის მიძინების ტაძარში გადაგზავნეს. იმ დროს ერთი ქალი, ეკატერინე კრიაჟევა, მძიმედ ავადმყოფობდა. საავადმყოფოში წოლა და მრავალწლიანი მკურნალობა არაფერს შველოდა. კუჭის დაავადება 17 წელი ტანჯავდა. ძლიერი ტკივილებისგან ხშირად გონს კარგავდა. როცა წმინდა სერაფიმეს მანტიის შესახებ შეიტყო, ქალი ეკლესიაში წავიდა. საღამოს 6 საათზე მივიდა ტაძართან, მაგრამ მხოლოდ ღამის ორ საათზე მოახერხა ტაძარში შესვლა. როცა ხატს მიუახლოვდა, მუხლებზე დაეცა და ერთგვარ განკვირვებაში მყოფი დიდხანს იყო გარინდებული. როცა გონს მოვიდა, მანტიას ეამბორა და წამოდგა. უეცრად შვება იგრძნო. შინ დილის ხუთ საათზე დაბრუნდა, დაიძინა. როცა გამოეღვიძა, თავი მსუბუქად და კარგად იგრძნო. იმ დღეს თავი შეიკავა და ნათესავებს თავისი განკურნების ამბავს არ მოუყვა. ეშინოდა, სნეულება არ დაბრუნებოდა. მეორე დღეს უკეთ გახდა, მაშინ კი ყოველივე მოუთხრო ნათესავებს. ყველამ განადიდა ქრისტე ღმერთი და წმინდანი - ღირსი სერაფიმე.

იდუმალი ხმები
ნეტარი ავგუსტინე თავის აღსარებაში მოგვითხრობს, თუ როგორ მოექცა წარმართობიდან ქრისტიანობაში. სანამ ის ფილოსოფიაში ჭეშმარიტების ნათელს ეძებდა, განუწყვეტლივ თავის მოკვლის სურვილი სდევდა. საბოლოოდ, ყოყმანით დაიწყო ფიქრი, ქრისტიანობა ხომ არ მივიღოო. ამ ტანჯვაში აცრემლებულმა და აქვითინებულმა ღვთისადმი ლოცვა დაიწყო და ჩაესმა ხმა: "აიღე და წაიკითხე! აიღე და წაიკითხე!" წვრილი ხმა იყო, ბავშვისა თუ გოგონასი. ვერ მიხვდა, რას ნიშნავდა ეს ხმა. ავგუსტინე თავის მეგობართან, ალიმპისთან წავიდა. მეგობარი შინ არ დახვდა. მაგიდაზე წიგნი დაინახა - "სამოციქულო". რატომღაც უნებურად გადაშალა წიგნი და პავლე მოციქულის რომაელთა მიმართ ეპისტოლეს ერთ-ერთ ფრაზაზე შეაჩერა მზერა: "ღამე იგი განგვეშორა და დღე იგი შემოგვეახლა, განვიშორნეთ უკვე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაი" (რომ. 13,12). როცა ავგუსტინემ ეს სიტყვები წაიკითხა, სულიდან სიმძიმე ჩამოსცილდა. მონათვლა გადაწყვიტა და ასეც მოიქცა.

იდუმალმა ხმამ განსაზღვრა ირლანდიის განმანათლებლის ბედი. ირლანდიის განმანათლებლის, წმინდა პატრიკის ცხოვრების აღწერაში ნათქვამია, რომ ის დიდხანს ცხოვრობდა ბრიტანეთში და წმინდა წერილს შეისწავლიდა. უეცრად ჩაესმა მრავალი ხმა. ეს ხმები მეორდებოდა და ირლანდიაში დაბრუნებას მოუწოდებდა, ხმები თითქოს ერთი ბაგით იყო ნათქვამი და შესძახოდნენ: "გევედრებით, მოდი და იცხოვრე ჩვენთან". ისე ხშირად ესმოდა ირლანდიისკენ მომწოდებელი ხმები, რომ ჩვეულებრივ ამბად ექცა. წმინდა პატრიკი აღიარებდა, რომ ირლანდიაში იცნობდა იმ ხალხს, ვისი ხმაც ესმოდა. მათ სინამდვილეშიც უნდოდათ მისი დაბრუნება და ღმერთმა ისე მოიმოქმედა, რომ ამ იდუმალი ხმების წარმომთქმელნი ეცხადებოდნენ. ბოლოს და ბოლოს, აღარც პატრიკს შეეძლო ამ ხმების დათმენა, ძილშიც რომ ეძახდნენ და ხშირად აღვიძებდნენ. დატოვა ბრიტანეთი და ირლანდიაში გაემგზავრა. წმინდა პატრიკის მიერ აღსრულებული უდიდესი სამოციქულო ღვაწლი დამაჯერებლად მოწმობს, რომ ის ხმები მას ღმერთმა მოუვლინა.

ამბავი ანგელოზის მიერ გზის ჩვენებისა და ასევე შეჩერებისა.
ინგლისელი მღვდელი, მამა კირილე ლონდონის წმინდა ანგელოზთა ეკლესიაში მსახურობდა. მას ხშირად უნახავს ანგელოზები. მათგან ორ შემთხვევას გაგაცნობთ, რომლებიც დაკავშირებულია იდუმალ ხმებთან და ანგელოზთა ქმედებებთან.

მამა კირილე მთელ დღეს ღვთისმსახურებას, გლახაკთა და სნეულთა მონახულებას უთმობდა. ერთხელ შინიდან გამოსული დაფიქრდა, პირველად ვინ მოენახულებინა. უეცრად მოესმა ხმა მფარველი ანგელოზისა: - ესა და ეს დედაბერი ნახეო. დამორჩილდა და წავიდა. ქალი ლოგინად ჩავარდნილი დაუხვდა. სნეულმა გაჭირვებით უთხრა, - ღვთის ანგელოზებს ვევედრებოდი მამა კირილეს მოყვანას: "ავად ვარ, არავინ მყავს გამგზავნი, მეზობელ ოთახში ახალნამშობიარევი ქალია, ყრმა უკვდება. იჩქარეთ, მამაო!" მამა კირილემ აღარ დააყოვნა და ბავშვი მონათლა.

ერთ ზამთარს მამა კირილემ შუადღიდან საღამომდე ღატაკთა თავშესაფარში დაჰყო. როცა სიბნელეში კიბეზე ჩამოდიოდა, ვიღაცამ უბიძგა. მიუხედავად ამისა, გზა მაინც გააგრძელა, მაგრამ უხილავმა ძალამ კვლავ უბიძგა და უკან შეატრიალა. მამა კირილე მობრუნდა, სანთელი აანთო. კიბის ქვედა საფეხურები დამტვრეული იყო. სიბნელეში კიდევ ერთი ნაბიჯი რომ გადაედგა, უცილობლად ჩამოვარდებოდა, მაგრამ ანგელოზის ხელმა გადაარჩინა სიკვდილს.

იდუმალმა ხმამ გადაარჩინა. 1936 წლის ოქტომბერი იდგა. სტოცელი სმაიო იაშარევიჩი თავის სამჭედლოში მუშაობდა. უეცრად მოეჩვენა, რომ ვიღაც ეძახდა და სამჭედლოდან გავიდა. იმავე წამს მთლიანად ჩამოინგრა სამჭედლოს სახურავი. სმაიო იქ რომ დარჩენილიყო, უეჭველად დაიღუპებოდა.

გარდაცვლილი დედის ძახილი. პოლკოვნიკმა პავლე ფ-მ გვიამბო: დავიჭერი პარაშინის წყაროსთან, 1914 წელს, წმინდა პარასკევას დღესასწაულზე. ავსტრიელებმა ტყვედ ჩამიგდეს და ზალცბურგის ახლოს, გრედიგში გამგზავნეს. იქ ბევრი ტყვე სერბი დამხვდა.

ერთი წლის შემდეგ, 1915 წლის 6 ნოემბერს, საწოლზე ვიჯექი და ვკითხულობდი. შუაღამისას ჩავაქრე სინათლე. უეცრად მომესმა დედაჩემის ხმა: "პავლე! პავლე!" შევეკითხე იქვე მყოფ მეგობარს, რამე ხომ არ გაგიგონია-მეთქი. არაო. მეორე დღეს ეს მოვუყევი სრეტენ ტრაზიჩს (ახლა ის გენერალია) და ლაზარე მიტროვიჩს (ფინანსური სამმართველოს უფროსია). გაოცებულებმა მითხრეს, - ამაში არის რაღაც ზებუნებრივიო.

გავიდა ორი თვე. ერთხელ კაპიტანმა იორდან ნიკიჩმა მკითხა: "პავლე, როგორ გეძახის დედაშენი?" ამ სიტყვებმა დანასავით გამიარა გულში. "რატომ მეკითხები?" "არა, ისე", - მას არ სურდა, იმ ღამეს ჩემთვის სიმართლე ეთქვა. მეორე დღეს პაკეტი გამომიწოდა, რომელშიც გაზეთი "სიმართლე" იდო. ამ გაზეთში წავიკითხე, რომ დედაჩემი გარდაიცვალა 1915 წლის 6 ნოემბერს, ანუ იმ ღამეს, როცა ცხადად გავიგონე მისი ხმა.

ამბავი იდუმალი, უეცარი ხმისა, სული რომ შეცვალა.
დრიმის მარჯვენა მხარეს მდებარეობს სოფელი გლუბოჩიცა. ამ სოფელში, პატარა გორაზე, დგას წმინდა ილია წინასწარმეტყველის ეკლესია. აქაურმა ყმაწვილმა იაკობმა მიამბო: "ეს მოხდა ჩვენი სოფლისა და ტაძრის ზეციური მფარველის, წმინდა ილიას დღესასწაულის წინა დღეს. სახლის წინ მივწექი, მაგრამ არ ჩამძინებია. უეცრად მომესმა ხმა: "თაფლი და რძე! თაფლი და რძე! თაფლი და რძე!" ხმა წვრილი, სულისშემმუსვრელი და არაამქვეყნიური იყო. დედა გვერდით მყავდა, მაგრამ არაფერი გაუგონია. წამოვდექი და დავფიქრდი მოსმენილ სიტყვებზე: "რძე და თაფლი!" "ეს ნათქვამი ღვთისგანაა და სულიერი ცხოვრებისკენ მომიწოდებს", - გავიფიქრე. ყოველდღე ამ ხმაზე ვფიქრობდი და მუდამ ერთსა და იმავე ახსნას ვპოულობდი. მას შემდეგ დავრწმუნდი, რომ ღმერთი მამობრივად ზრუნავს ჩემზე".

ახლა იაკობი წმინდა სახარებას ავრცელებს ხალხში.
ბეჭდვა
1კ1