აღარასოდეს დავეჭვებულვარ, რომ ზეციური ძალები ტაძარში იმყოფებიან, როცა მღვდელი ლიტურგიას ატარებს
აღარასოდეს დავეჭვებულვარ, რომ ზეციური ძალები ტაძარში იმყოფებიან, როცა მღვდელი ლიტურგიას ატარებს
წმინდა ნიკოლოზ სერბი - წერილები
(გაგრძელება)
ამბავი ლოცვაზე მომწოდებელი ხმისა. ერაზმელი მამა ალექსი მეუდაბნოეა. არაფერი აწუხებს, მხოლოდ ზოგჯერ, ნაშუაღამევს ვიღაცის ხმა აღვიძებს: "ალექსი, ადექი და ტაძარში წადი!" მაშინვე დგება, ტაძარში მიდის და სულზე უსწრებს კანდელს - ზეთი თითქმის ამომშრალია.

არაერთხელ გაგვიგონია, ხმები როგორ აღვიძებდნენ და სალოცავად მოუწოდებდნენ ადამიანებს, ან მათ, რომელთაც ადრე ადგომა და გამგზავრება სჭირდებოდათ. ესაა ხმა მფარველი ანგელოზისა, რომელიც ზრუნავს მათზე, ვისი მსახურებისთვისაც დაიდგინა.

ამბავი ზეციური ხმისა. ეს დაახლოებით თორმეტი წლის წინ მოხდა.

რუსეთში, ოპტის უდაბნოს ახლოს, შამორდინოს დედათა მონასტერში, გარდაიცვალა იღუმენია. მონაზვნებმა იღუმენიად სხვა და აირჩიეს. ამის მერე ერთი მონაზონი მივიდა ცნობილ ოპტელ ბერთან, მამა იოსებთან, უამბო ყოველივე და დასძინა, - განსწავლულობით და სიმარჯვით გამორჩეული მონაზონიაო. ბერმა უთხრა, - კი არ უნდა აგერჩიათ, ღვთისთვის უნდა მიგენდოთ, რომ მას მიეთითებინა, ვინ ყოფილიყო იღუმენიაო. ბერი ევედრა უფალს, გაემჟღავნებინა მისთვის მონაზონთაგან ვინ იყო იღუმენიად შესაფერისი. ლოცვისას მოესმა სახელი: "ვალენტინა". ამ სახელის მქონე დედას ის არ იცნობდა, მაგრამ მონაზვნებს უბრძანა, იღუმენიად ვალენტინა დაედგინათ. არც დედები იცნობდნენ ვალენტინას. დაიწყეს გამოკითხვა, ძებნა და იპოვეს - მორჩილებით მონასტრის საავადმყოფოში მუშაობდა. იღუმენიად დაადგინეს. ვალენტინა სამჯერ ევედრა მამა იოსებს, უბრალო, უსწავლელი ვარ და იღუმენიად სხვა დაადგინეთო. ბერს, ღვთის შიშით, არაფრის გაგონებაც არ უნდოდა. მაშინ ვალენტინა ტირილით დაბრუნდა სავანეში, გახდა იღუმენია და სიცოცხლის ბოლომდე ჩინებულად უძღვებოდა საქმეს.

ამბავი შინაგანი ხმისა. ილიას სკიტელი მამა იესე მოჰყვა, თუ რა შეემთხვა ერთხელ.

"ათონის მთის გაუვალ ბილიკებს მივუყვები. უეცრად გზად დიდი ბუჩქი გადამეღობა. შევჩერდი და ჩავფიქრდი - უკან დავბრუნებულიყავი თუ გზა განმეგრძო. ამ დროს მესმის შინაგანი ხმა: "წადი!" მაშინვე მესმის მეორე ხმაც: "დაბრუნდი". დიდხანს ვყოყმანობდი, ბოლოს, წინ წავედი. როგორც კი ვცადე ბუჩქს გავცდენოდი, ქვემოთ, ქვის სამტეხლოს ხრამისკენ გავფრინდი, რომელიც ბუჩქებიდან არ ჩანდა. გონება დავკარგე. გონს რომ მოვედი, მიმოვიხედე - წაქცეული ხის მრუდე ტოტზე დავცემულვარ, მიწიდან ორი მეტრის სიმაღლეზე. უცნაურია, ასე როგორ დავეცი - ერთი ხელი და ფეხი ხეზე მედო, მეორე - ხის ქვეშ მომქცეოდა და აკანკალებული ვეჭიდებოდი. რომ არ ჩავბღაუჭებოდი, ალბათ ძირს ჩავვარდებოდი და სასიკვდილოდ დავიმსხვრეოდი. ძალა მოვიკრიბე, ხრამის პირისკენ გავცოცდი, იმავე ბუჩქს მოვეჭიდე, ავძვერი და შინ დავბრუნდი. ამ შემთხვევით ტკივილი განვიცადე და შეუდარებლად უმეტესი - სიყვარული ღვთისა. ვფიქრობ, რომ ორივე ხმა ანგელოზს ეკუთვნოდა. მე მეთქვა, რომ უკან დავბრუნებულიყავი, რადგან წინ საფრთხე მელოდა. ხოლო გზის გაგრძელება იმიტომ მებრძანა, რომ გამოცდილებით შემეტყო, როგორ იხსნის ღმერთი ადამიანს. არჩევანი მომეცა, მე კი პირველ ხმას დავუჯერე".

ამბავი რავანიცაში სრემის მონასტერში მომხდარი სასწაულისა. სამი წლის წინ ძმა პეტრე კოზლიჩის წერილი მივიღეთ. გვწერდა:

"მაშინდელი მიწათმოქმედი იოვან პოპოვიჩი 1917 წელს ფრონტზე დაყრუვდა. მარცხენა ყურში არაფერი ესმოდა, მარჯვენაში კი მხოლოდ მაშინ გაიგონებდა, თუ ყურში ჩასძახებდი. ამიტომ ჯარიდან, როგორც უვარგისი, გამოუშვეს. დაბრუნდა შინ. დაიწყო ექიმებთან სიარული, მაგრამ არაფერი შველოდა. ექიმები ამბობდნენ, ყურის დაფები აქვს გახეთქილი და ნერვები - გაციებულიო.

შეუძლებელი კაცთაგან ღვთის მიერ შესაძლებელია. თუმცა, სამწუხაროდ, ადამიანები განსაცდელის ჟამს უფალს არ მიმართავენ და მისგან შეწევნას არ ელიან.

ამგვარად, პოპოვიჩს გამოჯანმრთელების იმედი გადაუწყდა და მორჩილად ზიდავდა თავის ჯვარს. მაგრამ ყოვლისშემძლე ღმერთმა მოხედა მის მოთმინებას და მოუწოდა, განკურნებისთვის ცოდვები შეენანა და უპირველესად სულიერი სმენა შესძინა, შემდეგ კი ხორციელი.

ორი წლის წინ იოვანმა გულწრფელად დაიწყო სინანული. არ ესმოდა, მაგრამ მაინც ესწრებოდა ღვთისმსახურებას და ძმათა შეკრებებს, ცდილობდა, არაფერში ჩამორჩენილიყო. ყოველთვის პირველი მიდიოდა ეკლესიაში ლოცვაზე, ამიტომაც უფლისგან დიდი ჯილდო მიიღო. ერთხელ ეკლესიის საძმოს შეუთანხმდა, რავენიცის მონასტერი ერთად მოენახულებინათ. წასვლამდე ორი დღით ადრე ავად გახდა და გადაწყვიტა, აღარ წასულიყო. წინა დღეს, შებინდებისას მასთან შინ მივიდა ვიღაც კაცი, სახელით მიმართა და ხმამაღლა უთხრა: "იოვან, თუ რავენიცაში წახვალ, ყველაფერი კარგად იქნება, თუ არ წახვალ, არ იქნება". თქვა ეს უცნობმა და წავიდა. იოვანი ჩააფიქრა ნათქვამმა და რავენიცაში წავიდა. გზაში ძალიან გაუჭირდა, მაგრამ მაინც მიაღწია ეკლესიას, შეევედრა ღმერთსა და წმინდა ლაზარეს, რომ ცოტათი მაინც შემსუბუქებოდა ტანჯვა. ტაძრიდან გამოსულმა შვება იგრძნო, ავადმყოფობამ გაუარა, გაუხარდა სნეულს.

...დაახლოებით საღამოს ათ საათზე მონასტრის ჭასთან მივიდა წყლის დასალევად. უკნიდან ქალის ხმა მოესმა: "იოვან, სახე დაიბანე, თითები ყურებში გაიკეთე და გაიგონებო". ასეც მოხდა. ყურებში უეცრად საშინელი გრუხუნი მოესმა. ამასობაში ის ქალი გაშორდა, იოვანი მას გაჰყვა. ქალმა კარი გააღო და ეკლესიაში შევიდა. იოვანიც შეჰყვა. უეცრად ქალი გაქრა. ამ ამბების მერე იოვანს ყურებში მარტო გრუხუნი ესმოდა. მეორე დღეს, ზიარების შემდეგ სმენა დაუბრუნდა. მას მერე ოთხი თვე გავიდა. იოვანი 55 წლისაა.

რადგან მას წერა არ შეუძლია, მთხოვა, როგორც თავის ქრისტესმიერ ძმას, ეს ამბავი შემეტყობინებინა კრაგუვეს ქრისტიანული საძმოსთვის და გაზეთის საშუალებით ყველა ჩვენი დისა და ძმისთვის, რათა განმტკიცდნენ ქრისტეს გზაზე და სწამდეთ, რომ მხოლოდ ეს გზაა ჭეშმარიტი.

მოუყევით, ძმებო, ყველა ურწმუნოს, რომელთაც ღვთის ძის სასწაულებისა არ სჯერათ. დაე, ირწმუნონ ის სასწაულები და საქმეები, რომელთაც ღმერთი დღესაც მოიმოქმედებს მათთვის, ვისაც მისი სწამთ".

ვიღაცამ დაიყვირა. ბატონმა საბა პ-მ მოგვითხრო: "ჯერ კიდევ პატარა, სკოლიდან შინ ვბრუნდებოდი. ძალზე ცხელოდა და ხის ჩრდილში ჩამოვჯექი დასასვენებლად. ჩამეძინა. უეცრად ვიღაცამ დამიძახა: "საბა! საბა!" გამომეღვიძა და შევეპასუხე: "რა ხდება? ვინ მეძახის?" მიმოვიხედე. გარშემო არავინ ჭაჭანებდა. ჩემს გვერდით გველი დაგრაგნილიყო, თავი აემართა და ენას ჩემკენ ასავსავებდა. შიშით გავიყინე. მერე ადგილიდან მოვწყდი და შინისკენ მოვკურცხლე. არ ვიცი, ვინ დამიძახა მაშინ, მაგრამ მჯერა, რომ ამ ხმამ ჩემამდე იმ ქვეყნიდან მოაღწია".

ბატონი საბასთვის მოგვიანებითაც რამდენჯერმე დაუძახიათ სახელით და გაუღვიძებიათ. ეს იმ დროს ხდებოდა, როცა საფრთხე ემუქრებოდა.

ანგელოზის ხმა მოესმა. ნიუ-იორკში გამოცემული რუსული ჟურნალი "მართლმადიდებლობა" გვამცნობს სასწაულებრივ შემთხვევას, რომელიც 1935 წელს მოხდა: ალასკელი ეპისკოპოსის, ანტონის გემი ბერინგის ყურეში, კუნძულთან დაიმსხვრა. მეუფემ ოთხ სხვა გადარჩენილთან ერთად ნაპირამდე მიაღწია. თუმცა ეს ოთხი მალევე დაიხოცა. მეუფემ კი თოვლში ცამეტი დღე გაატარა. განუწყვეტლივ ევედრებოდა ღმერთს და ერთხელ დილით ანგელოსის ხმა მოესმა: "კიდევ სამი დღე და გადარჩები". მართლაც, სამი დღის შემდეგ კუნძულზე ამავე გემიდან გადარჩენილი ალეუტის კუნძულების სამი მკვიდრი მოვიდა. მათ გემის ჩაძირვისას თავისიანებამდე მიაღწიეს და აუწყეს, ეპისკოპოსი დაიღუპაო და მისი ნეშტის მოსაძებნად მოტორიანი ნავით გამოემართნენ. ამასობაში ალასკაზე და კუნძულებზეც, სადაც კი ეპისკოპოსის დაღუპვის ამბავმა მიაღწია, უკვე სულის განსვენებისთვის ატარებდნენ წირვა-ლოცვებს. რაოდენ გაიოცეს ალეუტელებმა, როცა ცოცხალი ნახეს მეუფე! მათ თითქმის გაყინული მღვდელმთავარი ნავში ჩააწვინეს, გაათბეს. თუმცა ეგონათ, მეუფეს ხელ-ფეხი მოეყინა და მის გარეშე დარჩებაო, მაგრამ მღვდლემთავარი სრულიად გამოჯანმრთელდა. დაუბრუნდა თავის სამწყსოს და განუწყვეტლივ მადლობდა ღმერთს.

ამბავი სამებობას ბალახის თიბვისა. დალიელი ძმა მიტა ორსიჩი გვიყვებოდა: "1931 წელს ერთმა კაცმა, რომელსაც ღვთისა არ ეშინოდა და კაცისა არ რცხვენოდა, სამებობას ცელი აიღო და სათიბად წავიდა. მარტო თიბავდა, მეტი არსად არავინ მუშაობდა. უეცრად ბავშვის ხმა მოესმა. დაიწყო აქეთ-იქით ყურება. ვერავინ დაინახა და თიბვა განაგრძო. კვლავ მოესმა ბავშვის ხმა, თითქოს ტირისო. ხმა ეცნო - მისი უმცროსი ვაჟისას ჰგავდა. მახლობლად მისი ძმის სიმინდის ყანა იყო. თიბვას თავი ანება, შევიდა ყანაში, მაგრამ იქაც ვერავინ იპოვა. ისევ მოესმა ბავშვის ტირილი, ახლა კი ნამდვილად მისი ვაჟი ტიროდა. მუშაობას თავი ანება და შინ დაბრუნდა. ეზოში შესულსაც ჩაესმა შვილის ხმა. კაცმა პატარა დილით ჯანმრთელი და მხიარული დატოვა, ახლა სიცხით გათანგულიყო. იმავე ღამეს ბავშვმა სული განუტევა".

ამბავი ტაძარში გაგონილი ხმისა. თურმე როცა წმინდა სპირიდონი ლიტურგიას მსახურებდა, ტაძარში ანგელოზთა გალობა ისმოდა. ტაძრის გარეთ მყოფნი გაკვირვებულნი ეკითხებოდნენ წმინდანს, ასე საკვირველად ვინ გალობდაო. ის კი პასუხობდა, - გუნდი მე არა მყავს და ალბათ ანგელოზები გალობენო.

მღვდელმონაზონი დომენიანტე საზეიმო წირვას აღავლენდა მონასტერს მიწერილ დივოსტინის ეკლესიაში, რომელიც კრაგუევაცისკენ გზის პირას - მთიან მილანოვაცში მდებარეობდა.

"ტაძარში კაცის ჭაჭანება არ იყო. შეწუხებული ვფიქრობდი: "ღმერთო ჩემო, "ამინის" მთქმელიც არავინ მყავს, საღმრთო მსახურებას რომ დავიწყებო!" ჩავატარე პროსკომიდია. მერე წარმოვთქვი: "კურთხეულ არს მეუფება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა..." უეცრად, ჩემთვის დიდად გასაოცრად, ტაძრიდან ხმამაღალი და მრავალხმოვანი "ამინ!" მომესმა. მოვიხედე უკან და ტაძარი ძველებურად ცარიელი იყო. შიშით და თრთოლით გავაგრძელე კმევა. მაგრამ მეტად აღარ უპასუხიათ (კვერექსის წარმოთქმისას). ამის მერე უკვე აღარასოდეს დავეჭვებულვარ, რომ ზეციური ძალები ტაძარში იმყოფებიან, როცა მღვდელი ლიტურგიას ატარებს.

ამბავი საიდუმლო და გადამრჩენელი ხმისა. პარაჩინელი ძმა ნიკოდიმოსი მოგვიყვა, თუ როგორ მოიქცა ღვთის რწმენაში და უფლისადმი მლოცველი გახდა... მან იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე საზამთრო დათესა. როცა საზამთრო მოიწია, ნაკვეთში ქოხი ჩადგა და ყოველღამე იქ თოფით მიდიოდა სადარაჯოდ. ერთხელ ბაღჩაში ქურდები შესულიყვნენ და მოწეულ საზამთროს წყვეტდნენ. გაბრაზებული ნიკოდიმოსი თოფს ეცა, ის იყო, უნდა ესროლა, რომ ხმამაღალი შეძახილი მოესმა: "ნიკოდიმოს, შენს თოფს შეხედე, რა სჭირსო!" ნიკოდიმოსმა თოფი დაუშვა, მიმოიხედა, მაგრამ არავინ იყო. გაუკვირდა, ნეტავ ვინ დამიძახაო. გახედა ბაღჩას: ქურდები თავხედურად ქურდობდნენ. "ალბათ მომესმაო", - გაიფიქრა და თოფის სროლა დააპირა, რომ ისევ ჩაესმა: "ნიკოდიმოს, თოფს შეხედეო". ყურადღებით დაათვალიერა იქაურობა და ამჯერადაც ვერავინ ნახა. ამასობაში ქურდები უფრო გათავხედდნენ. ნიკოდიმოსს სისხლი მოაწვა და გადაწყვიტა, ესროლა. მტკიცედ მიიბჯინა თოფი მხარზე და დაუმიზნა. მაგრამ კვლავ შეაჩერა ხმამ: "ნიკოდიმოს, თოფს შეხედე, რა სჭირსო!" შიშმა მთელ სხეულში დაუარა და ააძაგძაგა. ნიკოდიმოსმა აიღო ზუმბა და ლულაში ჩაყო, მაგრამ არ წავიდა. თურმე ლულა მიწითა და ქვებით გაეტენათ ქურდებს. ეტყობა, დღისით მოვიდნენ და გააფუჭეს იარაღი. მაშინ მიხვდა, რომ ეს ხმა ღვთისგან იყო. თოფი რომ გაესროლა, ტყვია ლულაში აფეთქდებოდა და ნიკოდიმოსს მოკლავდა. ამას რომ მიხვდა, თოფი გვერდზე გადადო და თავი ანება ქურდებს, რომლებმაც ნაქურდალი აკრიფეს და წავიდნენ. მთელი ღამე ტიროდა ნიკოდიმოსი. გაახსენდა თავისი ცოდვები, ფიქრობდა ღვთის მოწყალებაზე და ტიროდა. მას შემდეგ რეგულარულად იწყო ტაძარში სიარული და მართლმადიდებელ ძმობაშიც შევიდა.
ბეჭდვა
1კ1