ათიოდე წლის შემდეგ სწორედ მე მივიღე პასუხი ამ შეკითხვაზე
ათიოდე წლის შემდეგ სწორედ მე მივიღე პასუხი ამ შეკითხვაზე
(იოასაფ ბელგოროდელის წმინდა ნაწილების შესახებ)
"სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში რომ ვსწავლობდი, სტუდენტებს შორის ერთგვარი ფარული ქიშპი იყო - ვინ უკეთ იქადაგებდა. ლამაზად ვლაპარაკობდით, ერთმანეთზე შთაბეჭდილების მოხდენას ვცდილობდით და თავადაც კმაყოფილნი ვრჩებოდით, მაგრამ ცოცხალი, ნამდვილი რწმენა ჩვენ შორის ერთი-ორს თუ ჰქონდა. ჩვენი სიტყვები ლამაზი, მაგრამ ცივი და მშრალი გახლდათ და რა გასაკვირია, რომ როდესაც წმიდა იოასაფის ნაწილების აღმოყვანებაზე დასწრება შემოგვთავაზეს, გამგზავრების სურვილი არც ერთ ჩვენგანს არ გასჩენია. "რისთვის წავიდეთ, - ვფიქრობდით ჩვენ, - ბნელი, სასწაულს მოწყურებული ხალხის სანახავად? რა სასწაულზე შეიძლება ლაპარაკი ჩვენს დროში?" ბოლოს კენჭი ვყარეთ და წასვლა მე მხვდა წილად.

უხალისოდ, მხოლოდ მორჩილების გამო დავადექი გზას.

ჩავედი თუ არა, ავფორიაქდი. ის, რაც იქ ხდებოდა, ვერავის დატოვებდა აუღელვებელს - ავადმყოფებსა და ხეიბრებს ქვეყნის ოთხივე კუთხიდან მოეყარათ თავი. შეუძლებელი იყო, ამდენი ტანჯვისა და ტკივილისთვის გულგრილად გეცქირა. საერთო განწყობა - დიდი სასწაულის მოლოდინი - უნებლიეთ მეც გადმომედო.

აი, იმპერატორიც მობრძანდა ოჯახთან ერთად და მსვლელობაც დაიწყო. ენა ვერ აღწერს, რაც იქ ხდებოდა - ათასობით, ათიათასობით სნეული, ბრმა, ეშმაკეული, კუზიანი იდგა გზის ორივე მხარეს და წმინდანაწილებიანი ლუსკუმის მოახლოებას ელოდა. მე ძლიერ ავღელდი, არ მწამდა, მაგრამ მაინც რაღაცას ველოდი.

ჩემი ყურადღება ერთმა ხეიბარმა მიიპყრო. სხეულის ყველა ნაკვთი მოგრეხილი ჰქონდა, თითქოს მიწაზე ხორცისა და ძვლების გროვა მიგორავდა. ნეტავ, რას ელის-მეთქი? - ვფიქრობდი სინანულით.

და აი, გამოაბრძანეს ლუსკუმა წმინდა ნაწილებით. ასეთი რამ არასოდეს მინახავს და, ალბათ, ვერც ვნახავ: ბრმები ხედავდნენ, ყრუებს ესმოდათ, მუნჯები ენას იდგამდნენ, ხეიბრები იმართებოდნენ... ყვიროდნენ და სიხარულით ხტოდნენ.

ათრთოლებული და შეძრწუნებული, მოწიწებით ვუცქეროდი ყველაფერს და თან თვალს არ ვაშორებდი იქვე მდგომ ხეიბარს. როდესაც ლუსკუმა გაუსწორდა, მან ხელები აამოძრავა - გაისმა საშინელი ღრჭიალი და ხორცის ეს საბრალო გროვა თანდათან წელში გაიშალა, წამოდგა. შეძრულმა, აცრემლებულმა მივირბინე მასთან, შემდეგ ხელი ვტაცე ერთ-ერთ ჟურნალისტს და ვთხოვე, ყველაფერი ჩაეწერა. პეტერბურგში სრულიად სხვა ადამიანად დავბრუნდი".

ეს არქიმანდრიტ დოსითეოსის მონათხრობი გახლავთ. ამ ამბავმა, რომელიც 1911 წლის 4 სექტემბერს (ძველი სტილით) მოხდა, მისი სულიერი ცხოვრება მთლიანად შეცვალა.

რა ბედი ეწია შემდგომ წმიდა იოასაფის წმინდა ნაწილებს?

მარინა ცვეტაევას დის, ანასტასია ცვეტაევას მოგონებებში ვკითხულობთ: "იმხანად მოსკოვის ცენტრში, ერთ დიდებულ შენობაში, სახალხო კომისართა საერობო მუზეუმი გახლდათ მოწყობილი. მეორე სართულზე, ერთ-ერთ დარბაზში, დიდ ვიტრინაში, თაროზე, წმიდა იოასაფ ბელგოროდელის უხრწნელი ნეშტი ესვენა. მის გვერდით იდო პატარა, დაღმეჭილი გვამი ყალბი ფულის მჭრელისა, რომელიც ფულის დამზადების დროს მოკლეს, შორიახლოს კი - გამომშრალი ვირთხა. ვიტრინის გვერდით, კედელზე, გაკრული იყო ანოტაცია, სადაც ამტიცებდნენ, რომ არავითარი წმინდა ნაწილები არ არსებობს და რომ ეს ყველაფერი გამონაგონია. არსებობს დაბალზამება, რომელიც ერთნაირად მოქმედებს ყველა გვამზე. ასე "ანათლებდა" მუზეუმის დირექცია დამთვალიერებლებს.

მეზობელ დარბაზში გამოფენილი იყო სპირტში ჩადებული ორთავა ახალშობილი და ბუნების სხვა "სასწაულები".

წმიდა იოასაფი ეპისკოპოსი გახლდათ და ეკატერინე დიდის დროს მოღვაწეობდა. ეპისკოპოსებს სადღესასწაულო შესამოსელში კრძალავენ, მაგრამ ვიტრინაში ის შიშველი და წვერგაპარსული იწვა... წელს ქვემოთ მუყაოს ნაჭერი ეფარა. მისი დახუჭული თვალები - მადლობა ღმერთს! - ამას ვერ ხედავდნენ.

მე ჩემს პატარა ბიჭუნასთან ერთად წმინდა ნაწილების თაყვანსაცემად მუზეუმში სიარული დავიწყე, თან ვცდილობდი, ეს ადმინისტრაციას არ შეემჩნია. ვფიქრობ, მხოლოდ ჩვენ არ ვიქცეოდით ასე...

დარბაზის კუთხეში, კედელზე, ეკიდა სტენდი მოსახლეობის შეკითხვებისთვის. შეკითხვის პასუხს რამდენიმე დღეში აკრავდნენ. ერთხელ სტენდზე ასეთი შეკითხვა გაჩნდა: "რატომ ყარს ყალბი ფულის მჭრელის გვამი?"

ჩემს ბიჭუნას თვალები აუციმციმდა და მხიარულად იკითხა: "ნეტავ რას უპასუხებენ?"

სტენდზე პასუხი არ ჩანდა, სამაგიეროდ, რამდენიმე დღეში მინის დიდი ვიტრინა საერთოდ გაქრა.

თითქოს ყველაფერი დასრულდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ ათიოდე წლის შემდეგ სწორედ მე მივიღე პასუხი ამ შეკითხვაზე.

30-იან წლებში მეცნიერ მუშაკთა კურსებზე ინგლისურ ენას ვასწავლიდი. ერთ საღამოს ჯგუფის ხელმძღვანელთან ერთად მეცადინეობიდან ვბრუნდებოდი. საუბარი მუზეუმსაც შეეხო და ჩემი თანამგზავრი გამოცოცხლდა: "იმხანად მე ერთ-ერთ ლაბორატორიაში ვმუშაობდი, - მიამბო მან, - ჩვენთან მოიტანეს ყალბი ფულის მჭრელის დაბალზამებული გვამი. ის თანამოსაქმეებს მოეკლათ... გვამმა ხრწნა დაიწყო. საჭირო გახდა მისი ხელახალი დამუშავება, რათა მუზეუმში დაებრუნებინათ. მთელი ცოდნა, მთელი ენერგია მოვახმარეთ ამ საქმეს, მაგრამ ამაოდ - გვამი თვალსა და ხელს შუა დაიშალა და მყრალი ნარჩენების გროვად იქცა".

მაშინ მე ჩემს თანამგზავრს ამ ამბის დასაწყისი ვუამბე".

ნეტავ, სად არის ახლა წმიდა იოასაფის წმინდა ნაწილები?

მოამზადა
ირინე იაკობიშვილმა
ბეჭდვა
1კ1