წმინდა რომანოზი ამბიონზე ავიდა და ყველას გასაგონად საოცრად ტკბილი ხმით დაიწყო გალობა
წმინდა რომანოზი ამბიონზე ავიდა და ყველას გასაგონად საოცრად ტკბილი ხმით დაიწყო გალობა
კონსტანტინოპოლში, წმინდა სოფიას ტაძარში, მსახურობდა ერთი ღვთისმოშიში და სათნო კაცი, სახელად რომანოზი. იგი ღრმად მორწმუნე და კეთილმსახური ადამიანი იყო, თუმცა კი სრულიად გაუნათლებელი. წერა-კითხვაც არ იცოდა. ამის გამო მას მხოლოდ მარტივი საქმეები ჰქონდა დავალებული: ასუფთავებდა და განამზადებდა ღვთისმსახურებისათვის აუცილებელ საგნებს, ანთებდა სანთლებს და კანდელებს, ალაგებდა ტაძარს, წმენდდა ნივთებს, - ღამღამობით კი განმარტოებით ლოცვისთვის ქალაქგარეთ, ვლაქერნის ტაძარში მიდიოდა. ღვთისმსახურების აღსრულება არ შეეძლო და არც ჰქონდა სამღვდელო წოდება. მიუხედავად ამისა, პატრიარქი ექვთიმე, რომელსაც გულმოდგინების, მორჩილებისა და დაუღალაობის გამო ძლიერ უყვარდა რომანოზი, სხვა სამღვდელოთა თანაბარ პატივს მიაგებდა და გასამრჯელოსაც სხვებისოდენს აძლევდა. ამით ბევრი უკმაყოფილო იყო, ზოგს კი შურდა ამ პატიოსანი მუშაკისა და პატრიარქზე დრტვინავდა, რატომ გაგვითანაბრა ესოდენ უბრალო და გაუნათლებელი კაციო.

ერთხელ, შობის მიწურულს, როცა ღვთისმსახურებას ტაძარში თვით ხელმწიფე ესწრებოდა, რომანოზი კი, ჩვეულებრივ, სანთლებს ანთებდა, მგალობლებმა მუჯლუგუნის კვრა დაუწყეს და ყვედრებით უთხრეს:

- შენ ჩვენოდენ გასამრჯელოს იღებ და ჩვენდარი პატივით სარგებლობ! მაშ, მოდი ამბიონთან და ჩვენთან ერთად იგალობე ღვთის სადიდებელი!

ასე მთელი მორწმუნე ერის გასაგონად შეარცხვინეს წმინდა რომანოზი.

რომანოზს ცრემლი წასკდა. ღვთისმსახურების შემდეგ, ტაძარი რომ დაიცალა, გულმოკლული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატთან დაემხო და ზეციურ დედოფალს შეწევნა სთხოვა. შინ დაბრუნებულს ლუკმა არ ჩაუდია პირში, ისე დაიძინა. ღამით კი, სიზმარეულ ხილვაში, თვით დედა ღვთისა გამოეცხადა, რომელსაც ხელთ რაღაც გრაგნილი ეპყრა და უთხრა:

- განაღე პირი და ჭამე ესე!

რომანოზმა შეჭამა გრაგნილი და მყისვე გამოეღვიძა. გული საოცარი სიხარულით ჰქონდა სავსე, რადგან ღვთისმშობლისგან დიდი ნუგეში მიიღო და გონებაშიც უჩვეულო გაცისკროვნებას შეიგრძნობდა.

დედა ღვთისმშობლისგან შთაგონებული წმინდა რომანოზი ტაძრისკენ გაეშურა და ღამისთევის ლოცვაზე სწორედ მაშინ მივიდა, როცა კონდაკი უნდა ეგალობათ. მაშინდელი ჩვეულების თანახმად, იგი პირდაპირ ამბიონზე ავიდა და ყველას გასაკვირად საოცრად ტკბილი ხმით იწყო გალობა: "ქალწული შობს დღეს ზეაღმატებულად", - შემდგომ კი იქ მყოფთ ხილვის შესახებ მოუთხრო. ყველამ ერთხმად განადიდა უფალი და მისი ხორციელად მშობელი დედა.

გულმოდგინე მსახურებისთვის პატრიარქმა დიაკვნად აკურთხა წმინდა რომანოზი. აქედან მოყოლებული, მას არ შეუწყვეტია ღვთისაგან მიღებული ნიჭის ეკლესიის საკეთილდღეოდ გამოყენება: სიცოცხლის ბოლომდე ქმნიდა საგალობლებს და ერთგულად ემსახურებოდა ქრისტეს ეკლესიას.

"დედა ღვთისმშობლის სასწაულები",
კრებული "მართლმადიდებლობა
XX საუკუნეში"
ბეჭდვა
1კ1