მკვდარი გამაცოცხლა
მკვდარი გამაცოცხლა
ეს წერილი ჩემმა ფეისბუქელმა მეგობარმა მომწერა სამი წლის წინ, 26 აგვისტოს, მამა გაბრიელის დაბადების დღეს, და მისი ნებართვით მსურს თქვენც გაგაცნოთ:
"კახა, გამარჯობა, გილოცავ დღევანდელ დღეს. ვიფიქრე, შენც უნდა გცოდნოდა ამბავი, რომელიც მე შემემთხვა და თითქმის მთელმა საბურთალომ იცის, რომელსაც ათეულობით თვითმხილველი ჰყავს. მეღიმება ხოლმე, როდესაც გავიგებ ნაამბობს იმაზე, თუ როგორ განიკურნა ვინმე მამა გაბრიელის ზეთით თუ საფლავზე ლოცვით არასასურველი მეჭეჭისა თუ წელის ტკივილისგან, და აი, რატომ:
ეს მოხდა 1998 წლის 14 ოქტომბერს (სვეტიცხოვლობას). მაშინ მე ბ-ის ქუჩაზე ვცხოვრობდი. კარგად მოგეხსენებათ 90-იანელთა მძიმე და სამწუხარო მდგომარეობა. გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ, ყველა "სიკეთესთან" ერთად ნარკომანიც ვიყავი, და არც ისე დაბალი "რანგის". მეგობარმა ცოლ-შვილთან ერთად გამომიარა და წავედით მცხეთობაზე (მაშინ ჩვენთვის სვეტიცხოვლობა არ არსებობდა), რომ იტყვიან, კაი "გაჩხერილები" (ჰეროინი). იქ კონცერტი, სახინკლე... წამოსვლისას თამრიკომ, მეგობრის მეუღლემ - აქ ერთი ბერის საფლავია და იქნებ ჩვენც შეგვევლოო. ძალისძალად წავყევით, მაგრამ გარეთ დაველოდეთ. ერთი კი მივაძახე ირონიულად, - ჩემთვის სანთელი დაანთე და სთხოვე, გადამარჩინოს-მეთქი.
საღამოს შინ ჩაის ვსვამდი, მოვიდა ერთი უბნელი ბიჭი, ორჯონიკიძეში დადიოდა ხოლმე რაღაც საქონელზე. აი, რა დავითრიეო და მომიტანა, როგორც "სპეციალისტს", უმაღლესი ხარისხის ჰეროინი. ისედაც მაგრად ვიყავი, მაგრამ ხომ უნდა გამესინჯა... აღარაფერი მახსოვს, როგორ გამომათრიეს სამზარეულოდან.... შინ მხოლოდ ჩემი დედ-მამა იყო. დაურეკეს ერთ სასწრაფოს, ვერაფერი გააწყვეს. მოვიდა მეორე, მესამე, სულ ოთხი ბრიგადა. სახლთან ესკორტი დადგა. მოვარდა ჩემი ძმაც, ნათესავები. იყო ერთი წივილ-კივილი. თან საქმე ისაა, რომ ყოველი სასწრაფოს ბრიგადა მოსვლისთანავე 5 მილიგრამიან 'ნარკანს მიკეთებდა (სულ 20 გამიკეთეს!). ვისაც მედიცინა ესმის, იცის, ეს მკვდარსაც გააცოცხლებდა. შემდეგ - ადრენალინი გულში, დენი, მაგრამ არაფერი. 45 წუთის "გარდაცვლილი" ვიყავი. 4 ბრიგადა დამტრიალებდა თავს ნახევარი საათი. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ იყო ასეთი სურათი: მე გაშავებული, ბინტით ხელებგაკრული და თეთრ ზეწარგადაფარებული იატაკზე ვესვენე. დედაჩემი -გულწასულია... მამაჩემს მაშინ თვალთ დააკლდა. კარი ღიაა, მეზობლები - სართულის ბაქანზე უკვე დამონტაჟებულ საფერფლესთან, ქალები მოთქვამენ, სასწრაფოს ექიმები გარდაცვალების აქტს წერენ სიტყვებით: - ეს მერამდენე ახალგაზრდა შეეწირა ამ უბედურებას, ამათ არ გაიხარონ და ა.შ. როგორც უკლებლივ ყველა მეზობელი, ერთი მორწმუნე ქალიც ამოვიდა III სართულიდან, მანანა დ-ელიძე. სამთავროს მრევლი იყო. მაშინ, ეტყობა, ახალი დაწყებული იყო მამა გაბრიელის საფლავზე აღსრულებული სასწაულები. ამოვიდა, ღია კარებში უხმოდ შემოვიდა ამ წივილ-კივილში. დაიხარა, გადამხადა თურმე სახეზე და შუბლზე მამა გაბრიელის ზეთი მცხო - იქ ცოტა შეეწევაო. ეგ იყო და, წამოვხტი ხელებშეკრული. ის ახალგაზრდა ექიმი, რომელიც ჩემს "გვამთან" ჩაცუცქული გარდაცვალების აქტს ავსებდა, გულწასული დაცემულა და იქით გამხდარა მოსასულიერებელი. იქ ამბავი ატყდა... სავადმყოფოში გამაქანეს, სამი დღე მიკვლევდნენ. ის სანახევროდ შევსებული აქტი ახლაც მაქვს.
მოკლედ, კახა, თავი შეგაწყინე, მაგრამ მინდოდა, შენც გცოდნოდა. გილოცავ კიდევ ერთხელ. ავად ვარ, თორემ მეც აუცილებლად ვიქნებოდი მცხეთაში დღეს. გაიხარე!"
ბეჭდვა
1კ1