წმინდა პანტელეიმონის სასწაულები
წმინდა პანტელეიმონის სასწაულები
დღეს წმინდა პანტელეიმონის ხსენების დღეა. გილოცავთ კიდევ ერთხელ და წმინდანის მეოხებით, სულიერ და ხორციელ სნეულებათაგან განკურნებას გისურვებთ, როგორც თქვენ ისე საკუთარ თავსაც. გვინდა მოგითხროთ მის მიერ მოხდენილ სასწაულებზე, რათა უფრო გაგვიძლიერდეს მისადმი რწმენა და სიყვარული
† ათონის წმინდა პანტელეიმონის მონასტრის იღუმენმა მამა საბამ დიდმოწამე პანტელეიმონის პატიოსანი თავი კონსტანტინეპოლში ჩააბრძანა იქაურ ქრისტიანთა თხოვნით. იმ დროს სულთნის მთავარ ექიმს, აღმსარებლობით კათოლიკეს, ერთადერთი ქალიშვილი ეშმაკეული ჰყავდა, რომელიც ვერანაირი საშუალებით ვერ განკურნა. როცა წმინდა პანტელეიმონის სასწაულების ამბავი შეიტყო, მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას არ ეკუთვნოდა, იღუმენი საბა თავისთან სახლში მიიწვია. ბერს უარი არ უთქვამს, ავადმყოფ გოგონასთვის ილოცა. მერე კი კედელზე ჯაჭვებით მიბმულ გოგონას ამთხვევინა წმინდა ნაწილისთვის. მამამისის თხოვნით იღუმენმა ლარნაკში ჩასვენებული სინზე დაასვენა და გოგონას ოთახში დატოვა. თვითონაც იქვე დარჩა მეზობელ ოთახში და ქალიშვილის განკურნებისთვის ევედრებოდა წმინდანს. მეორე დღეს, როცა ოთახში შევიდნენ, საოცარი რამ იხილეს. სინი, რომელზეც წმინდა პანტელეიმონის თავი გახლდათ დასვენებული, სავსე იყო მირონით, რომელიც წმინდა ნაწილისგან მოწვეთავდა. ხოლო ეშმაკეული გოგონა სრულიად იყო განკურნებული. წმინდა საბამ კათოლიკე ოჯახი მართლმადიდებელ ეკლესიას შეუერთა. წმინდა მირონი კი განკურნებულ ქალიშვილს დაუტოვა, რადგანაც წმინდა პანტელეიმონმა სწორდ მის გამო ინება მისი წარმოდენა.
†  1830 წელს წმინდა პანტელეიმონის მონასტრის კუთვნილი ნავი, რომელსაც ბერძენი მამა ნ-ი მეთაურობდა, ერთკვირიან ნაოსნობაში გაემგზავრა, მათ მონასტრისთვის საჭირო ნივთები უნდა ჩამოეტანათ. უეცრად ამინდი შეიცვალა და ქარიშხალმა ნავი ზღვაში შეიტანა. სიკვდილი გარდაუვალი ჩანდა. მამა ნ-მა ძმებს ურჩია შეწევნისთვის მონასტრის მფარველ წმინდა პანტელეიმონისთვის მოეხმოთ და დიდმოწამემაც არ დააყოვნა.
ლოცვის დროს ბერმა დაინახა, რომ მონაზონ ლოცმანთან ერთად საჭესთან მიმჯდარიყო ვიღაც ახალგაზრდა კაცი, იმგვარადვე შემოსილი, როგორადაც სამონასტრო სამუშაოებზე მუშაობენ მონაზვნები. ნანახით გაოცებულმა ბერმა გადაწყვიტა ნანახის სინამდვილეში დარწმუნებულიყო და საჭესთან მივიდა. მაგრამ იქ, ლოცმანის გარდა ვერავინ ნახა. ბერმა მესაჭეს დაუწყო მოთხრობა თუ რა ნახა და ამ დროს ორივემ ეს ყმაწვილი ნავის კიჩოსთან დაინახეს. სიხარულის თრთოლამ აიტანა ორივე. კაპიტანმა მესაჭე დატოვა და კიჩოსთან გადავიდა, მაგრამ ეს ყმაწვილი კვლავ მესაჭეს გვერდით იხილა და ამის თვითმხილველი სხვა მამებიც შეიქნენ. მამა ნ-მა წამოიძახა: "გავმხნევდეთ ძმებო! ჩვენთან დიდმოწამე პანტელეიმონია! ის თვითონ მართავს ჩვენს ნავს _ და ჩვენ გადავრჩით!" ყველამ ერთობით დაიწყეს ლოცვა და განადიდეს წმინდა პანტელეიმონი, ვიდრე ისინი ლოცულობდნენ, ქარიშხალი დაცხრა, დაუბერა ზურგი ქარმა და ძმებმა მალე მიარწიეს იმ ადგილს, სადაც მიდიოდნენ.

KARIBCHE

წმინდა პანტელეიმონის პატიოსანი თავი.

†  სულთანი მურადი (XVს.) ბაღდადის დასალაშქრად მიდიოდა. გზად ნიკომიდიაზე გაიარა, როცა გაუსწორდა წმინდა პანტელეიმონის მონასტერს, იკითხა: ეს რა არისო? უპასუხეს: "ქეშიშ-ხანე" (ბერების ეზო), სულთანს კი მოესმა: "ხარსის ხანე" (რაც "ავაზაკთა ეზოს" ნიშნავს). მოკლედ, სულთანმა მონასტერი ავაზაკთა ბუდედ მიიჩნია და სასწრაფოდ მისი დანგრევა ბრძანა, რაც მაშინათვე აასრულეს. მონასტრის შენობიდან მხოლოდ ერთი პარაკლისი (მცირე ეკვდერი) და წმინდანის კუბო გადაურჩა დანგრევას. შემორჩა აგრეთვე ტაძრის რამოდენიმე სვეტი, რომელსაც გუმბათი ედგა. მონასტრის დანგრევის მერე სულთანმა ქალაქი დატოვა და გარეთ დაბანაკდა. ღამე ძილში მას გამოეცხადა წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონი და მრისხანედ უთხრა: "რატომ დაანგრიეთ ჩემი სახლი? თუ მას კვლავ არ ააშენებ, შენი ჯარი დაიღუპება!" სულთანმა ეს ზმანებად ჩათვალა, მაგრამ წმინდანი მეორე და მესამე ღამესაც გამოეცხადა. შეშინებული სულთანი საწოლიდან წამოხტა თითქოს ჯერ კიდევ ხედავდა ამ ახალგაზრდას. სულთანმა იკითხა: "ის რა სახლი იყო, რომ დავანგრიეთო?" _ უთხრეს "მონაზვნების ეზოაო". სულთანი მიხვდა თავის შეცდომას და ბრძანა სამ დღეში აღედგინათ, ამგვარი გადაწყვეტილება მას შვილის უეცარმა ავადმყოფობამაც აიძულა, რომელიც მონასტრის დანგრევის დღეს ავად გახდა და სიკვდილის პირას მივიდა. აშენებულ მონასტერს განსაკუთრებული უფლებები მისცა და ეს ფირმანით დაამტკიცა.
† 1833-1834 წლებში თურქებს ეგვიპტესთან ომი ჰქონდათ. თურქეთის ჯარების გასაძლიერებლად გაგზავნილი ჯარი ემინ ფაშას მეთაურობით ნიკომიდიაში შევიდა ჯარის ნაწილმა ბანაკი მონასტრის კუთვნილ მიწაზე გაშალა, მეორე ნაწილმა კი ეკლესიის სიახლოვეს. ჯარი ხელისუფლების განკარგულებას ელოდა. დრო გადიოდა, მოახლოვდა წმინდა პანტელეიმონის დღესასწაული. წმინდა დიდმოწამემ თვითონვე იზრუნა თავის დღესასწაულისთვის, რომ ხელი არავის შეეშალა მოზეიმე ხალხისთვის. დღესასწაულამდე ათი დღით ადრე წმინდანი ფაშას გამოეცხადა და უთხრა:
- ჩემი დღესასწაული ახლოვდება, აქ ზეიმი უნდა გაიმართოს, ამიტომაც აშალე ჯარი და წადი.
ფაშამ სიზმრის არ დაიჯერა, წმინდანი მეორე ღამესაც გამოეცხადა ფაშას და უთხრა:
-მოხსენი ჯარი და წადით აქიდან, თორემ მწარედ დაისჯები!
არ უსმინა ფაშამ გაფრთხილებას. ამასობაში თურქის ჯარში ჭირი გავრცელდა და უამრავი მათგანი მოწყვიტა. მაშინ წმინდანი უკვე ცხადში და თანაც დღისით გამოეცხადა. წმინდა პანტელეიმონი ელინურ სამოსით მოსილი, თურქ ჯარისკაცებს შორის მიდიოდა და ფაშას კარვისკენ მიემართებოდა. თურქები ეცნენ შესაპყრობად, მაგრამ ვინც კი მიუახლოვდა ხელ-ფეხი წაერთვა. წმინდა პანტელეიმონი ფაშას კარავში შევიდა და მრისხანედ უთხრა:
-რატომ არ მიგყავს ჯარი, მე ხომ გითხარი ჩემი დღესასწაული უნდა იზეიმონ! ამის გამო შენ და შენს რაზმს აქვე ამოგხოცავთ.
ის ვინც ძილში ნახა, ეხლა ცხადში იხილა ფაშამ და შეშინებული პირქვე დაემხო, წმინდა დიდმოწამე კი უჩინო შეიქმნა. ფაშამ მაშინვე აჰყარა ჯარი და წმინდა პანტელეიონის ტაძრიდან ერთი საათის სავალზე დაბანაკდა. როცა მონასტერს სტოვებდნენ, ფაშას ჯარისკაცები ყველანი განიკურნენ. ქრისტიანებმა კი თავისუფლად იდღესასწაულეს წმინდა პანტელეიმონის ხსენება. თუმცა თურქის ჯარში კვლავ სიკვდილიანობა გავრცელდა, ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ჯარისკაცება წმინდა პანტელეიმონის ტაძრიდან ზოგიერთი საეკლესიო ნივთი მოიპარესო.
†  ტუზლეში (ქალკედონიაში) მშობლებს ერთი ცოლიანი ვაჟი ჰყავდათ ოცდაორი წლის, სახელად ქრისტოდულე, რომელიც ძლიერი სნეულების მერე დამუნჯდა და ოთხი წელი ასეთ მდგომარეობაში დაჰყო. გაეგონათ რა წმინდა პანტელეიმონის საწაულებისა, მშობლებმა ვაჟი სამჯერ ჩაიყვანეს ნიკომიდიაში, გადაუხადეს პარაკლისი, ასვეს წმინდა პანტელეიმონის წყაროს წყალი, მაგრამ ახალგაზრდა არ განიკურნა. ბოლო ჯერზე მშობლები ძალზე დამწუხრებულები ბრუნდებოდნენ უკან სოფელში. ისინი ნავით მიცურავდნენ შორიდან ჯერ კიდევ მოჩნადა წმინდა პანტელეიონის მონასტერი. მუნჯი ეკლესიას თვალს არ აშორებდა. უეცრად ვიღაცამ მისი სახელი დაიძახა: "ქრისტოდულე!" მან მოიხედა და დაიყვირა
: "`შეხედეთ ზევით, ჩიტი, ჩიტი და წმინდა პანთელეიმონი!" იმავე წუთიდან განეხსნა მას ენა. ეს სასწაული 1837 წელს მოხდა. ჩიტი და წმინდა პანტელეიმონი მუნჯის გარდა არავის დაუნახია და არც ქრისტოდულოს სახელის დაძახება გაუგია ვინმეს. ვაჟმა სთხოვა მშობლებს, უკანვე დაბრუნდა მონასტერში, ორმოცი დღე იქ დარჩა და წმინდანისადმი სამადლობელო ლოცვაში გაატარა.


KARIBCHE


†  როგორც ვთქვით ნიკომოდიაში მონასტრის გარშემო თურქები ცხოვრობდნენ, მათ ბევრჯერ სცადეს მონასტრის გაძარცვა მაგრამ ყოველთვის თავზარი დასცა მათ წმინდა პანტელეიმონის გამოჩენამ, რომელიც მახვილითაც კი დასჭრიდა ავაზაკთ. ერთი ადგილობრივი თურქი კი წმინდა პანტელეიმონმა მონასტრის საკუთრების მიტაცებისთვის დასაჯა. საქმე იმაშია, რომ ამ თურქს არენდით ჰქონდა აღებული მონასტრის კუთვნილი მიწა, რომელსაც ქრისტიანები ვერ ამუშავებდნენ და ყოველწლიურად ქირის სახით მოსავლის მეათედით უნდა გადაეხადა. თუმცა რამდენიმე წელი ისე გავიდა მას ქირის გადახდა არ გახსენებია. ამ სიცრუისთვის კაცს მარჯვენა გაუხმა და თესვა ვეღარ შესძლო და მერე თავს დატეხილი სნეულების მიზეზს თვითონვე აღიარებდა.
რაც მთავარია მრავალი თურქი იხსენებდა, რომ მონასტრის გვერდით ჩავლისას ხშირად უნახავთ სავანის სიახლოვეს მდებარე ყანასთან მჯდარი, ძველებურ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდა კაცი. საგულისხმოა, რომ სწორედ ამ ადგილას აწამეს დიდმოწამე და უფალმა მას პანტელეონის ნაცვლად პანტელეიმონი უწოდა.
† ერთი ათონელი მონაზონი ყვებოდა წმინდა პანტელეიმონის გამოცხადებაზე: 1879 წლის 1 სექტემბერს: მარჯვენა ფეხი ამტკივდა, კელიაში შინაურული საშუალებებით ვწამლოდი, რვა დღის მანძილზე, მაგრამ არაფერმა მიშველა, მასზე დაყრდნობა აღარ შემეძლო. ავიღე ჯოხი და მონასტრის საავადმყოფოში წავედი. ფეხი ამასობაში გამისივდა. ექიმმა გამსინჯა და მითხრა: "თქვენ რევმატიზმი გაქვთ, რამდენიმე თვე გარეთ არ უნდა გახვიდეთ და სიცივეს აარიდოთ თავი".
ძალზე შევწუხდი, რადგან სუფთა ჰაერზე სიარულს ვიყავი მიჩვეული, მთელი ათი დღე ყავარჯნებით დავდიოდი. მალამოს ვისვამდი, წამალს ვსვამდი, მაგრამ არაფერს მშველოდა. ვხედავდი, რომ შველა არსაიდან იყო და წმინდა პანტელეიმონისადმი ლოცვა დავიწყე სამი დღის მერე, პირველ სექტემბერს, ღამის სამ საათზე, სრულიად ცხადში ვიხილე ახალგაზრდა კაცი, რომელმაც სამჯერ გვერდში ხელი წამკრა და მითხრა: "შენ გძინავს, მე კი მოვედი". მე ეშმაკის ზმანებად ჩავთვალე და ჯვრის ნიში გამოვისახე. ახალგაზრდა კი, თვრამეტი წლის ბრწყინვალე სამოსით მოსილი მეუბნება: "უკვე სამი დღეა რაც შენ მიხმობ და მეც მოვედი". ამასთან წამლის მინაში ჩასხმული ზეთი მაჩვენა და მითხრა: "მე აქედან გადმოგისხამდი, მაგრამ მჭირდება, შორი გზა მიდევს, სადაც ძალზე მძიმე ავადმყოფები მელოდებიან, შენ კი ზემოთა ტაძარში, ჩემი ხატიდან ზეთი აიღე და სნეული ფეხი დაიზილე დღეში ორჯერ და მხოლოდ თბილი სუფთა წყლით ჩაიძინე~. მეორე დღეს იღუმენს ამის კურთხევა ვთხოვო, მან ნებართვა მომცა. იმავე დღესვე ჩემი თხოვნით წმინდა პანტელეიმონს ხატის კანდელის ზეთი მომიტანეს და ექიმს კი თბილი წყლით დაბანვის ნებართვა ვთხოვე, რაზეც მან მითხრა: "როგორც ინებებთ, ოღონდ, ნახეთ, რომ უფრო უარესად არ გახდე". დავიბანე ფეხი, ზეთს დღეში ორჯერ ვიცხებდი. 4 სექტმბერს გამითავდა ზეთი და მე კი უკვე ყავარჯნების გარეშე სევძელი სიარული. ფეხი სრულიად განმეკურნა.
ყვება მხევალი ღვთისა ნინა ლოგინოვა: 1927 წელს მე სამი წლის გოგონა დიფტერიის მძიმე ფორმით ვიყავი ავად. მე და დედა საავადმყოფოში ვიწექით. ექიმებმა მას უთხრეს საკუბოვე კაბა და საავადმყოფოში მომიტანეს. მაგრამ, დედაჩემი ძალზე მორწმუნე ევედრებოდა ღმერთს და მტკიცედ სწამლდა, წმინდა პანტელეიმონის შუამდგომლობისა წმიდანის ხატი თან ჰქონდა და გულმოდგინედ ევედრებოდა.
იმავე ღამეს ძალზე ცუდად გავხდი. სუნთქვა შემიწყდა, ფეხები შემილურჯდა. დედამ ტუჩები ნაკურთხი წყლით დამისველა და მკერდზე წმინდა პანტელეიმონის ხატი დამისვენა. მე გავყუჩდი. დედამ იფიქრა, რომ გარდაიცვალაო და ამ დროს ჩურჩული მოესმა. მე თურმე მას მოვუხმე და ჩურჩულით ვუთხარი: "დედიკო სად არის წითელხალათიანი ექიმი, რომელმაც ყელი დამიზილა, უთხარი აქ მოვიდე~. ოთახში არავინ ყოფილა. სუნთქვა აღმიდგა, ლოყები შემიწითლდა, მე გავცოცხლდი. ოთახში შემოსულმა ექიმმა საწოლში წამომჯდარი რომ მიხილა, თქვა: `ეს განკურნების არნახული შემთხვევააო".

KARIBCHE


ბეჭდვა
1კ1