ხსენება სასწაულისა ხატისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ბეირუთში (VII) - 11 (24) ოქტომბერი
ხსენება სასწაულისა ხატისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ბეირუთში (VII) - 11 (24) ოქტომბერი
VII მსოფლიო კრების (787 წ.) IV სხდომაზე ნიკომიდიელმა ეპისკოპოსმა პეტრემ ხატების თაყვანისცემის აუცილებლობის დასამტკიცებლად მოიშველია წმინდა ათანასეს სიტყვა ქალაქ ბერითში (დღევანდელ ბეირუთში) მომხდარი სასწაულის შესახებ.

ქალაქ ბერითში, ებრაელთა სინაგოგის მახლობლად, ერთი ქრისტიანი ცხოვრობდა, რომელსაც ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ხატი ჰქონდა. შემდეგ ის სხვა სახლში გადასახლდა, სადაც ყველა ხატი გადააბრძანა, მაცხოვრის ხატის გარდა, რომელიც ძველ სადგომში ღვთის განსაკუთრებული განგებულებით დარჩა. ქრისტიანის შემდეგ სახლში ებრაელი დასახლდა, რომელმაც ვერ შენიშნა წმინდა ხატი.

ერთხელ მან სადილად მეგობარი დაპატიჟა, ისიც ურია. სტუმარმა ტრაპეზობისას კედელზე დაკიდებულ მაცხოვრის ხატს თვალი მოჰკრა და მასპინძელს ჰკითხა, - შენ, ებრაელს, შინ ეს ხატი რატომ გიკიდიაო?

კაცი იფიცებოდა არ შემიმჩნევიაო. მაგრამ, მეგობარმა არ შეისმინა, წავიდა და სინაგოგაში დაასმინა, - ამ ებრაელ კაცს შინ იესო ნაზარეველის ხატი აქვსო.

სინაგოგაში მყოფნი აღშფოთდნენ, მეორე დილით, ურიანი, თავის უხუცესებით და სამღვდელოებით, იმ სახლისკენ გაემართნენ, სადაც წმინდა ხატი ესვენა.

ხატი ჩამოხსნეს კედლიდან და გმობა დაუწყეს. მერე თქვეს:

- გაგვიგია, რომ ჩვენმა წინაპრებმა ის ხეზე მიალურსმეს; ჩვენც იგივე გავუკეთოთ ამ ხატსო.

თქვეს და საქმით აასრულეს. ანერწყვებდნენ ხატზე გამოსახულ მაცხოვარს, შოლტს სცემდნენ, ლანძღავდნენ. ხელებსა და ფეხებში ლურსმნები ჩააჭედეს, თავში კვერთხი ჩაარტყეს, ძმრით გაჟღენთილი ღრუბელი მიადეს ბაგეებზე.

ბოლოს, ლახვარიც მოიტანეს და ერთ-ერთს უბრძანეს, მაცხოვრისთვის გვერდი განეგმირა. როგორც კი იუდეველმა ლახვარი დასცა ხატს, იქიდან სისხლი და წყალი გადმოდინდა. ამ უდიდესმა სასწაულმა იქ მყოფთ თავზარი დასცა. სისხლი და წყალი ჭურჭელში შეაგროვეს და გადაწყვიტეს, მოეყვანათ სნეულები, ბრმები, კოჭლები, ეშმაკეულნი და მათთვის ხატიდან გადმოდენილი სისხლი ეცხოთ. რაბინებმა თქვეს:

- თუ აქ მოყვანილები განიკურნებიან, მაშინ ყველა ვიწამებთ ჯვარცმულს.

მოიყვანეს შობიდან კოჭლი კაცი, რომელიც სისხლის ცხებისთანავე გამართული დადიოდა. შემდეგ მოიყვანეს ბრმები და ეშმაკეულნი, რომლებიც მაცხოვრის სისხლის ცხებისთანავე განიკურნენ.

ეს ამბავი რომ შეიტყვეს, ბეირუთელები სასწაულის სანახავად მოვიდნენ და თან სხვადასხვა სნეულებით გატანჯული ადამიანები მოიყვანეს. ხატიდან გადმოსული სისხლის ცხებით კი ყველანი განიკურნენ. მაშინ ქალაქში მცხოვრებმა ებრაელობამ იწამა ქრისტე: გაოცებულმა იუდეველმა მღვდელმსახურებმა და მთელმა ხალხმა ირწმუნა ქრისტე, გულშემუსვრილნი დაეცნენ წმინდა ხატის წინ და შეჰღაღადეს:

- დიდება შენდა, ქრისტე, ძეო ღვთისაო, ამგვარი სასწაულების მოქმედო! დიდება შენდა, ქრისტე, ჩვენი მამების მიერ ჯვარცმულო და ჩვენგანაც ჯვარცმულო შენი ხატის სახით. დიდება შენდა, ძეო ღვთისაო, ამდენი საკვირველების შემოქმედო! ჩვენ გვწამს შენი. იყავ მოწყალე და შეგვივედრე შენდა მოლტოლვილნი, მეუფეო!

ამის მერე იმ ქალაქის ებრაელები ბეირუთის ეპისკოპოსთან მივიდნენ, აჩვენეს საკვირველმოქმედი ხატი, მისგან გადმოსული სისხლი და წყალი და თავიანთი დანაშაულიც აღიარეს, თუ როგორ შეურაცხყვეს ხატი. ბოლოს, მონათვლა სთხოვეს. მღვდელმთავარმა მათი გულწრფელი სინანული რომ იხილა, სიხარულით მიიღო ისინი, უქადაგა წმინდა სარწმუნოება და შემდეგ მონათლა ისინი, ხოლო სინაგოგა მაცხოვრის სახელობის ტაძრად გადააქცია. ეს სასწაული მოხდა დაახლოებით 765 წელს.

ბეჭდვა
1კ1