რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
ავტარკია (ბერძნ. - თვითდაკმაყოფილებულობა) - თვითკმარობა, სულის გარემო პირობებისგან დამოუკიდებლობა; მაგალითად, სტოიკური თვალსაზრისით, იდეალურ ბრძენს ავტარკიული თვისებები უნდა ჰქონოდა. III საუკუნეში მიმდინარე ავტონომიზირებული სიბრძნის ძიებამ, რაც თავისთავად ავტარკიის იდეალი იყო, "ერთიანის" (ნეოპლატონიზმი) ასკეტური გზების მოკვლევასთან მიმართებით მეორე პლანზე გადაინაცვლა. თანამედროვე სოციალურ ფილოსოფიაში ავტარკიას საზოგადოების დესპოტურად მართვის შინაარსი ენიჭება.

ავტონომიურობა (ბერძ. აუტოს - თვითონ და ნომოს - კანონი; თავისი კანონით მმართველობა) - თომიზმისტური მეტაფიზიკის მიხედვით, ღმერთი იმას ქმნის, რასაც ავტონომიურად არსებობა, გარკვეული თვალსაზრისით დამოუკიდებლად მოქმედება და თვითუზრუნველყოფა შეუძლია; საკუთარი ქმნილებისგან უფალი სიყვარულს არ მოითხოვს, მაგრამ მის მიერ გამოვლენილ სიყვარულზე გამოხმაურებას მოელის. უფალს თავისი ქმნილება ყოველგვარი წინაპირობების გარეშე უყვარს, აძლევს მას საშუალებას თავისი გზით ვითარდებოდეს და ქმნილების სრულფასოვნებაც თვითგანვითარების ამ უნარში ვლინდება; თუ ქმნილება შემოქმედთან თანაქმედებისკენ სიყვარულით მიილტვის, უფალი მზად არის მის მიერ ქმნილი ცხოვრების უმაღლეს სუსრულემდე აიყვანოს. ამ თვალსაზრისით ავტონომიურსა და უმაღლესს შორის, ანუ შემოქმედსა და ქმნილებას შორის რელიგიურ განვითარებულობასა და მოწიფულობაში სიყვარულზე აგებული გონივრული ბალანსი იგულისხმება.

ავტორიტარიზმი (ავტორიტარულობა, ლათ. აუცტორიტას - ძალაუფლება ან ზეგავლენა), - რწმენა, რომ სულიერ ცხოვრებაში ყველა საკითხი ყოველგვარი დავისა და პროტესტის გარეშე მხოლოდ ავტორიტეტისადმი მორჩილებით უნდა გადაწყდეს. ავტორიტარიზმში, დროთა მანძილზე, ავტორიტეტი შეიძლება კერპად იქცეს. ალექსანდრე მენი წერდა: "ქრისტიანო, ერიდე ავტორიტარიზმს და პატერნალიზმს, რაც მორწმუნისათვის კი არა, ცოდვით დაცემული ადამიანის ბუნებისთვისაა დამახასიათებელი". ზოგიერთ შემთხვევაში ოპონენტები ავტორიტარიზმს ავტორიტეტთან სრულიად გაუმართლებლად აიგივებენ: ნ. ბერდიაევის მიხედვით, სულის რელიგიებისთვის, სადაც მთავარი მისტიკური გამოცდილება და პიროვნების თავისუფლებაა, ყოველგვარი ავტორიტეტი მიუღებელია. ეკლესია კი სულიწმინდის მადლით იქმნებოდა და ეს ყველას თავისი სინდისის შესაბამისად შეუძლია აღიაროს. შესაბამისი დისციპლინა და წესრიგი ყოველგვარ საზოგადოებას, მათ შორის ეკლესიასაც, ესაჭიროება. როდესაც სულის რელიგიების მომხრეები ავტორიტეტულად ორგანიზებულ სივრცეში მოქმედებენ, ისინი იძულებულნი ხდებიან უარი თქვან მხოლოდ შინაგან სულიერ ურთიერთობებზე და წესრიგისა და კანონიერების საჭიროების გამო ავტორიტეტის აუცილებლობა აღიარონ. სწორედ ამაშია სამყაროს დაცემულობის მთელი დრამატიზმი: "იმისათვის, რომ თავი დაიცვან, (სულის რელიგიები) იძულებულნი ხდებიან საკუთარი ბუნების საწინააღმდეგოდ იმოქმედონ და მოწინააღმდეგის პოზიციიდან ილაპარაკონ. ახლა ჩვენ სწორედ ამ კრიტიკული მომენტის მოწმეები ვართ" (პ. ტილიხი).

ავტორიტარული რელიგიები
- ე. ფრომთან: რელიგიის ტიპი, რომელშიც ადამიანი გარე ძალაუფლებას, როგორც უმაღლესს, ყოვლადძლიერს და ყოვლისმცოდნეს, ემორGილება და იცის, რომ მისგან უპირობო დამჯერობა და თაყვანისცემა მოითხოვება; აქ ადამიანი არარაობაა და საწყისშივე დამნაშავეა, მას სძულს საკუთარი თავი და ყველაფერი კარგი, რაც ბუნებით აქვს მინიჭებული. ადამიანი ცდილობს "პატიება დაიმსახუროს და თავის პიროვნულ უსუსურობასთან ერთად რელიგიური ერთგულებაც გამოავლინოს", გამოხატოს თავისი არაპატივმოყვარეობა, უსიყვარულობა და უგუნურობა. "საზოგადოებები, რომლებშიც ხალხთა მასები ძლევამოსილი უმცირესობებით იმართება, ინდივიდი იმდენად არის დაშინებული, რომ მისი რელიგიური გამოცდილება საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ავტორიტარულად გადაგვარდეს. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანი შურისმგებელ ღმერთს თუ გაღმერთებულ ბელადს ემორჩილება".

ბეჭდვა
1კ1