რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
აბსურდი (ლათ. absurdus - ის, რასაც დაკარგული აქვს წყობითობა და შინაარსი) - XX საუკუნის ეგზისტენციალიზმში ადამიანის არსებობის შლა, უაზრობა და უიმედობა. ვასაბუთებთ რა სიცოცხლის უაზრობას - ვგულისხმობთ, რომ მასში არ იპოვება აბსოლუტური სიკეთე და ამოტომ შეუძლებელია სიკეთით აღივსოს ჩვენი ცხოვრება, უარვყოფთ ღმერთის არსებობას და ადამიანის ღვთაებრიობას (სემიონ ფრანკი). ფილოსოფიის ამოცანაა - იპოვოს, გამოხატოს და დაასაბუთოს ცხოვრების არსი, რომელიც აბსურდის საპირისპირო იქნება. 1) ანტიკური ფილოსოფია (ნეოპლატონიზმი და სტოიციზმი) ორიენტირებული იყო სამყაროს ლოგოსურობაზე და შესაბამისად, იმას, რაც აბსურდულია, "უძველესი უტიფრობიდან" გამომდინარე ქაოსურობით ხსნიდა; მთლიანობაში მყარ საფუძველზე აგებული სამყაროს სისტემაში აბსურდს მხოლოდ შეზღუდული სივრცე გააჩნია: ბრძენს ესმის, რომ ბოროტება, ქაოსი და აბსურდი ბედით წინასწარ არის განსაზღვრული, ბრძენი მისგან სარგებელს იღებს და მათ არსებობას სულაც არ აპროტესტებს, მით უმეტეს, რომ შეუძლებელია ცხოვრების არსში ჩაწვდომის წყურვილი მხოლოდ კოსმოსური წესრიგის განცდით იქნეს დაკმაყოფილებული. 2) ლ. შესტოვის ირაციონალიზმი ქაოსსა და აბსურდში ეძებს ყოფიერების არსს, ის გონის წინააღმდეგია და მიიჩნევს, რომ მისი გამოყენებით აღნიშნულ საკითხში ვერ გაერკვევა. ამ მოსაზრებას შეესაბამება ღვთის ხატის უდიდეს აბსურდში - უსამართლობაში, არაადამიანობაში, სიძულვილში, საკუთარ თავთან მუდმივ წინააღმდეგობაში, ულოგოსო ღვთაებრიობაში დანახვა. შესტოვის აზრით, ვინც ასეთი ღმერთის ხილვას შეძლებს, გადარჩენილია. მაგრამ ეს თვალსაზრისი აბსოლუტურად არადამაჯერებელია. 3) ათეისტური ეგზისტენციალიზმისთვის "სამყარო არც ძალიან რაციონალურია და არც ზედმეტად ირაციონალური. ის უბრალოდ უგუნურებაა" (ა. კამიუ). მეტაფიზიკური ბუნტი აბსურდის წინააღმდეგ გაჩენილი პასუხია. პიროვნებაში ის ზემოდან დახმარების სრული უიმედობის გამო ვლინდება. მაგრამ, ამავე დროს, ეს არ არის სასოწარკვეთა. ეს პერმანენტული ბუნტია, რომლითაც, ერთი მხრივ, პიროვნება მუდმივად უპირისპირდება აბსურდს და მეორე მხრივ, აბსურდი მუდმივად მის თვალსაწიერშია. ეს დაპირისპირება აბსურდის სიცოცხლის წყაროა, რადგანაც "თუ აბსურდს ზურგი შეაქციე, ის კვდება". ეს ბუნტი ასევე აბსურდული ბედის საწინააღმდეგო გამოვლინებაა. 4) ის, ვინც ყოფიერებას აბსურდად მიიჩნევს, ცხოვრების აზრს სადღაც გულის სიღრმეში, ინტუიციურად მაინც აღიარებს. ქრისტიანული საზრისი აბსურდთან და ბოროტებასთან კომპრომისზე არ მიდის. აბსურდი იქ მთავრდება, სადაც ღმერთთან კონსოლიდირების პროცესი იწყება; სადაც ჩნდება უფალი-სიტყვა, რომელიც ნათელყოფს ყველა მოვლენის შინაარსს. ნათლისღებითა და ჯვარცმის შედეგად ქრისტეს გამარჯვებით ყოველგვარი აბსურდი გადაილახა.

ავგუსტინიზმი (ავგუსტინიანობა) - სულიერი ტრადიცია, რომელიც V საუკუნეში ავრელიუს ავგუსტინემ დააარსა; თავისი ხასიათით, როგორც პატრისტიკული მოვლენა, ავგუსტინიზმი სქოლასტიკობაზე ადრე გაჩნდა და მის შემდეგაც არ შეუწყვეტია არსებობა. ავგუსტინეს სულიერი გამოცდილებისა და საეკლესიო რწმენის გათვალისწინებით, ღრმად იქნა გადამუშავებული ნეოპლატონისტური იდეები. ავგუსტინიზმი ორიენტირებულია ღვთის შემეცნებისა და თვითშემეცნების ერთიანობაზე; ის შინაგანი მასწავლებლისა და მისტიკური ზეციური ნათლის საშუალებით ღმერთთან სულიერი მიახლოებისკენ, სიბრძნის, რწმენისა და სიყვარულის ერთიანობისაკენ არის მოწოდებული; ავგუსტინიზმს ისტორია ესმის, როგორც შეუქცეველი პროცესი, რომლის დროსაც მიმდინარეობს სამყაროს გაყოფა ამქვეყნიურობად და ღვთის ქალაქად. გარდა ამისა, ავგუსტინიზმის მიხედვით: "ყოველგვარი ადამიანური ცოდნის წყაროს უშუალო ღვთაებრივი გასხივოსნებები (ილუმინაციები) წარმოადგენს; შესაქმის პროცესში სამყაროს საფუძველში "ჩანერგილი" იყო გარკვეული "თესლი" (Rationes seminales - გონივრული სათესლე საწყისები), რომელთაც თავად გააჩნიათ განვითარების უნარი; ადამიანში ერთ სუბსტანციურზე მეტი ფორმა (ილურალიზმი) მოქმედებს; ნება (სიყვარული) პირველადია და გონზე უპირატესია" (კ. რანერი და გ. ფორგრიმლერი).

ბეჭდვა
1კ1