რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
აბსოლუტი (ლათ. აბსოლუტუმ - უპირობო; თავისთავადი; უთუო) - 1) ის, რაც ყოველგვარ შეზღუდვასა და ხარისხობრივ მსაზღვრელზე მაღლა დგას, რაც შეუდარებელია, ყველაფრისგან გამორჩეული და დამოუკიდებელია, რაც მარადიული და უცვლელია. 2) დასრულებული, დამთავრებული, აღვსილი, ყველაფრის გამაერთიანებელი, სრულიად მთლიანი, ანუ საკუთარი მთლიანობიდან არაფრის მომკლები, ვლ. სოლოვიოვის მიხედვით, საყოველთაოდ ერთიანი. 3) ტერმინი "აბსოლუტი" ხშირად გულისხმობს ღმერთს ან ბუნებას მის უმაღლესად სრულ ყოფიერებაში. თეისტური თვალსაზრისით ბუნება არ შეიძლება იყოს აბსოლუტი. 4) "აბსოლუტი თავის თავში" ზოგჯერ ისეთ აბსოლუტთან არის დაკავშირებული, რომელიც სამყაროს წინაშე გამოვლინდა. ადრექრისტიანული თვალსაზრისით ასეთია აბსოლუტი მოქმედებაში, ანუ ლოგოსი. ფ. შელინგი და ვლ. სოლოვიოვი განასხვავებენ აბსოლუტს თავის თავში და აბსოლუტს ფორმირების პროცესში, ღმერთის მარტივობის გამო ამ უკანასკნელის კანონიერება სადავოა. 5) "აბსოლუტური საიდუმლოება თავისი სიღრმით ისეთივე საიდუმლოებითაა მოცული, როგორც თავად მე და მიუხედავად ამისა ის მაინც აშკარად არის" (ბ. ვიშესლავცევი). 6) "აბსოლუტის წინაშე მეტაფიზიკური და ზნეობრივი ცნობიერება კვდება" (მ. მერლო-პონტი). ქრისტიანული გონი ამ გამოწვევას პასუხობს და განმარტავს: ასეთ მიმართებაში აზრი უმაღლეს სიმწიფესა და სიცხადეს აღწევს. 7) XX საუკუნეში ღმერთის აბსოლუტად წარმოდგენას ქრისტიანები კრიტიკულად აფასებენ: რადგან აბსოლუტში არ ჩანს ცოცხალი ბიბლიური ღმერთი, შეუძლებელია გქონდეს აბსოლუტის იმედი. თუ ის არავითარ ურთიერთობაში არ შემოდის, თუ მას არავინ უყვარს, მის მიმართ სასოება არ გექნება. თუმცა ეს არ ქმნის წინააღმდეგობას ღმერთში ჭვრეტდე აბსოლუტურ სიყვარულს და აბსოლუტურ სიბრძნეს, ხოლო ადამიანში ხედავდე არსებას, რომელიც ღიაა აბსოლუტისთვის.

აბსოლუტიზმი ეთიკაში - ყოველთვის და ყველა გარემოებაში ყველა ადამიანისადმი ერთ და იმავე პრინციპებითა და სრულყოფილი ზნეობრივი წესებით მოქმედებდების მოთხოვნა. მაგალითად: "არა კაც-ჰკლა", "არა იმრუშო", "არა იპარო", "არა ცილი-სწამო..." და ა. შ. იმანუელ კანტის კატეგორიული იმპერატივი გვავალებს, რომ ადამიანი წეს-ჩვეულებების, კულტურული და სოციალური მოთხოვნების მიუხედავად ყველგან, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე უნდა ასრულებდეს თავის ზნეობრივ მოვალეობას. თავის მხრივ, ეთიკური აბსოლუტიზმი არის რეაქცია ზნეობრივ რელატივიზმზე (ლათ. რელატივუს - შედარებით), რომელიც თანამედროვე საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკმაოდ პრიორიტეტულია და რის მიხედვითაც ადამიანი უნდა მოქმედებდეს გარემოებების, დროის, არსებული ცრურწმენების, სახელმწიფოებრივი და ამა ქვეყნის ძლიერთა მოთხოვნების შესაბამისად. აბსოლუტიზმის გადაულახავი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ როგორც მოქმედების მეთოდი, მისი თანმიმდევრული განხორციელება და რეალურ ცხოვრებისეულ პრაქტიკაში გამოყენება ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია. მაგალითად: ცხოვრების წესი, რომელიც მკაცრად დაიცავს მცნებას "არ მოიტყუო", შეუსაბამო აღმოჩნდება მცნებასთან "არა კაც-ჰკლა", თუ სამართლიანობის გამო ერთი ადამიანის აღიარება მეორის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის. ასეთ შემთხვევაში ერთი მცნების მოქმედება მეორის გამო უნდა შეჩერდეს და შესაბამისად დაირღვევა ზნეობრივი აბსოლუტიზმის მოთხოვნა. ქრისტიანული ეთიკა არც რელატივისტურია და არც მკაცრად აბსოლუტისტური. იმისათვის, რომ ადამიანმა საკუთარი გონისა და სინდისის შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს, უფლისგან მას მიცემული აქვს ღმერთის და ადამიანის სიყვარულის ორი მცნება: "გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი სულით და მთელი შენი გულით და მთელი შენი გონებით. ეს არის პირველი და მთავარი მცნება. და მეორე, ამის მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი" (მათ. 22:37-39). ამავე დროს გასათვალისწინებელია, რომ ეთიკის აბსოლუტისტური გაგება ზნეობრივი მოთხოვნების ტრანსცენდენტური პირველწყაროს შესახებ, თავისი შინაარსით, მნიშვნელოვანი სიმართლის მატარებელია.
ბეჭდვა
1კ1