რელიგიურ-ფილოსოფიური ტერმინები
რელიგიურ-ფილოსოფიური ტერმინები
რელიგიური გამოცდილების გადაგვარება - ი. ილინთან იგულისხმება: რელიგიის უმთავრესი შინაარსის - ადამიანის მიერ წმიდათა წმიდისა და ღმერთთან ურთიერთობის უნარის დაკარგვა. ასეთი მდგომარეობა ვლინდება: ცრუ რწმენაში; შიშის ფსიქოზში; გაუგვანოებასა და გაუხამსებაში - მომაკვდინებელ ეგოიზმში; ეჭვნეულობაში ან "ბნელმხედაობაში" - "ადამიანებში ბოროტის ხილვის მოთხოვნილება და ამ შეთხზული ბოროტების არსებითად მიჩნევა"; დარდიანობაში - "ცხოვრებაში უმთავრესის არარსებობის გამო მუდმივი წუხილი და ჭმუნვა"; აუტიზმში - ავადმყოფური კონცენტრაცია საკუთარ პიროვნებაზე, ასეთი ადამიანი ცხოვრობს მის მიერვე შექმნილ სრულიად უსაფუძვლო რელიგიურ სამყაროში; ეგოიზმსა და ვნებათა სხვადასხვა სახეობაში, მათ შორის ინტელექტუალიზაციასა და სხვა. გადაგვარებისგან ადამიანის გამოხსნა შესაძლებელია სამშვინველის განწმენდით, ღმრთის მიმართ სიმდაბლის, სასოების, სიყვარულის გამოვლინებით და მსახურებით.

უმაღლესი სიკეთე (ლათ. summum bonum) - პლატონიზმში: ყველა სიკეთის პირველწყარო, რომლის სიმბოლოსაც, ყოველგვარ არსებაზე ზენა სამყაროს მადლის სხივების დამაფრქვეველი მზე წარმოადგენს. ეთიკაში: ჩვენი ძალისხმევის უმაღლესი მიზანი, ის, რისთვისაც ჩვენ ვარსებობთ და რის გარეშეც ადამიანისათვის სრულფასოვანი ცხოვრება შეუძლებელია. ბუნებრივად, ანუ აუცილებლობიდან გამომდინარე - "მადლი მთელს ბუნებაზე გადმოდის" (პლოტინი). ქრისტიანულ აზროვნებაში ძალიან ხშირად უმაღლეს სიკეთეს (ან პირველ სიკეთეს) სამყაროს შემოქმედს უწოდებენ, რომლისთვისაც შემოქმედებითი პროცესი სრულიად თავისუფლად, ბრძნულად და სიყვარულით მიმდინარეობს, ჩვენთვის სწორედ ამაში ვლინდება მისი სრულყოფილება.



ბეჭდვა
1კ1