რელიგიურ-ფილოსოფიური ტერმინები
რელიგიურ-ფილოსოფიური ტერმინები
ხორცშესხმა - ქრისტიანული სარწმუნოების ძირითადი ჭეშმარიტება, რომელიც ღმრთისა და ადამიანის იესო ქრისტეში შეერთებას უკავშირდება. დოგმატურად ითქმის, როგორც ქალკედონური დოგმატი. ვლ. სოლოვიოვი ხორცშესხმას ღმერთკაცობად მოიაზრებდა. დასავლეთის რელიგიურ აზროვნებაში ეს თემა ყოველგვარი ეკლესიური სწავლების გარეშე განიხილებოდა. მაგალითად, გ. ჯოუნსი მიიჩნევდა, რომ ხორცშესხმა არის ღმერთის იმანენტურობას ყოველ ადამიანთან მიმართებაში და ამ მოვლენას დოგმატად კი არა, ისეთ გონივრულ ჰიპოთეზად უნდა განვიხილავდეთ, რომელმაც თავისი მტკიცებულება აბსოლუტური მეტაფიზიკის იდეალიზმში ნახა. რ. კემპბელი კაცობრიობის მთელ ისტორიას ღმერთის ხორცშესხმად მიიჩნევს, ხოლო იესო ქრისტემ, მისი აზრით, მხოლოდ ადამიანში საწყისებიდან მინავლული ღვთაებრივი საწყისი გამოავლინა. მთელ ამ მცდელობებში მოჩანს საეჭვო ტენდენცია, გამარტივდეს და ადამიანისთვის ადვილად გასაგები გახდეს, ანუ ზედაპირულად მოაზროვნე ადამიანის აზროვნებას მოერგოს რწმენის ზერაციონალური დოგმატი.

ყოვლისმხედობა - როგორც წესი, იგულისხმება, ღმერთის ყოვლისმცოდნეობა ღვთაებრივ მარადიულობაში, ანუ რაც წარსულში მოხდა, აწმყოში ხდება და მომავალში უნდა მოხდეს ღმერთმა ყველაფერი დაწვრილებით იცის. ჩ. ჰარტშორნმა და ა. უაიტჰედმა ამგვარი ხედვის წინაპირობად ქმნილებათა დროებით მყოფობისა და ღმერთის მარადმყოფობის გამიჯვნა მიიჩნიეს. ამას გარდა, მათ ჩათვალეს, რომ დრო შეიძლება ღმერთის არსებობის ასპექტად განვიხილოთ და თუ ეს ასეა, ღმერთმა მომავალი სრულად კი არა, იცის მხოლოდ წინასწარხედვის იმ ფარგლებში, რაც მხოლოდ მის ჩანაფიქრსა და ნებას უკავშირდება. ასეთი თვალსაზრისი ტრადიციულ ქრისტიანულ რწმენას უპირისპირდება, რომლის მიხედვითაც, ქმნილ ცხოვრებაში ღმერთისათვის დაფარული არაფერია. ზოგიერთი ავტორი, მაგალითად, ა. პიკოკი, მიიჩნევს, რომ ღმერთს თავისი ნებით შეუძლია საკუთარი ყოვლისმხედობა შეზღუდოს.

"გამოწვევა და პასუხი" (ინგლ. challenge) - არნოლდ ჯოზეფ ტოინბის მიხედვით: ცივილიზაციებისა და კულტურების განვითარებისა და ფორმირების პროცესები, ბუნებრივი პირობების, საწარმოო შესაძლებლობების ტექნიკური სრულყოფის, სოციალურ-პოლიტიკური ფუნქციების და საზოგადოების, როგორც ზნეობრივ, ასევე რელიგიურ მდგომარეობაში წამოჭრილი ცვლილებებისა და გამოწვევების სერიებზე შემოქმედებითი უმცირესობების დადებითი პასუხების წყალობით მიმდინარეობს. თუ შემოქმედებითი უმცირესობა ვერ უპასუხებს ადეკვატურად, ის კარგავს ინიციატივას და განდევნიან ცხოვრების სცენიდან; მასთან ერთად გადაგვარდება და დაიღუპება ის კულტურა ან სულიერი ტრადიცია, რომლის ფორმულირებაც ელიტამ მანამდე შეძლო. ტოინბის თანახმად, გამოწვევაზე ყოველთვის ადეკვატური პასუხის გაცემა არანაირ ელიტას არ შეუძლია, მაგრამ საკმარისად გონიერმა ელიტამ, თავისი ცხოვრებისუნარიანობის გახანგრძლივების შესაძლებლობები უეჭველად უნდა გამონახოს. ტოინბი თვლიდა, რომ დასავლური ცივილიზაციის შენარჩუნების შესაძლებლობები უკვე ამოწურულია, მაგრამ, მას გააჩნია შესაძლებლობა, თავისი მიღწევები მსოფლიოს მომავლის ცივილიზაციებს გადააბაროს. ის მიიჩნევდა, რომ მატერიალიზმისა და ათეიზმის უნაყოფობის გამო ევროპულ ცივილიზაციას უკვე აღარ შეუძლია იყოს არარელიგიური. მაგრამ, ამავე დროს, ტოინბი უარს ამბობდა რელიგიის ისტორიულ ტრადიციებზე და როგორც დასავლური ცივილიზაციის ნიჰილიზმს უარყოფდა, ისე მიიჩნევდა, რომ ქრისტიანული ტრადიციის სანაცვლოდ საჭიროა აღმოსავლური კოსმოსური სულიერებისკენ მიბრუნება და ამიტომ ახალ თაობას რადიკალური რელიგიური "კონტრრევოლუციისაკენ" მოუწოდებდა. ქრისტიანი მოაზროვნეები ტოინბის ამ მოსაზრებებს უკან, წარმართობისკენ შემობრუნებად მიიჩნევდნენ.

ყოვლისშემძლეობა - ღმერთის ერთ-ერთი ატრიბუტი, რომლის მიხედვითაც ღმერთს სამყაროში ნებისმიერი რამ, რაც თავად მოესურვება, შეუძლია განახორციელოს, მათ შორის იმ გზებისა და საშუალებების შესაბამისად, რაც ღმერთის ნებისათვის იქნება მისაღები, ქმნილი არსებების ქმედებებშიც. აზროვნების ისტორიაში ყოველთვის ჩნდებოდა კითხვა იმის შესახებ, ზღვარდებულია თუ არა ღმერთის შესაძლებლობები?

ამ კითხვას ტრადიციულად უპასუხებენ:

1) ღმერთს არ შეუძლია საკუთარი თავის უარყოფა.

2) ღმერთს არ შეუძლია ის, რაც შეიძლება დაუპირისპირდეს მის ბუნებას, სიბრძნეს და სიყვარულს. ადრეული მამები მიიჩნევდნენ, რომ ღმერთს ყველაფერი შეუძლია, მაგრამ არ შეუძლია აიძულოს ადამიანი, რომ მას უყვარდეს. ზოგიერთი სქოლასტიკოსი წერდა, რომ ღმერთს არ შეუძლია ის, რაც თავად არ სურს, არ შეუძლია ჩაიდინოს არაჯერარსი ქმედება და მისი ჭეშმარიტი ყოვლისშემძლეობა არ გულისხმობს მისი ძალების უკუღმართ სიჯიუტეში ხარჯვას.

3) ღმერთს არ შეუძლია თავისი ქმნილება ბრძანებით გახადოს უფრო სრულყოფილი, ის ელის, რომ ქმნილებამ თავად იპოვოს გზა სრულყოფილებისაკენ, რაც თავისთავად ნაგულისხმები იქნება ღმერთისკენ მის მოძრაობაში. უფრო გაურკვეველია პასუხი კითხვებზე, შეუძლია თუ არა ღმერთს ბოროტებაში სიკეთე გამოარჩიოს, შეუძლია თუ არა მას ბოლომდე სრულყოფილი არსება შექმნას და შეუძლია თუ არა მას ყოფილი ყოფილად არ დატოვოს? ეს დავები ქრისტიანული საწყისებიდან ჩვენ სინამდვილემდე მომდინარეობს. ისტორიაში ბოროტების მოძალება კი ბევრს აიძულებს, ტრადიციული პასუხებით არ დაკმაყოფილდეს.

4) ს. ფრანკუს მიხედვით, მის ყოვლისშემძლეობას ჩვენ უკვე გარეგნულ დამთრგუნველ ძალად კი აღარ აღვიქვამთ, არამედ იმ სიწმინდედ შევიგრძნობთ, რომელიც ჩვენს პიროვნულ ნებაზე ჩვენსავე შიგნით მოქმედებს, როგორც ღმერთის (და მხოლოდ მისი) უნარი, ადამიანის ბოროტი გული კეთილად მოაქციოს. ეს არის დაუძლევლად მიმზიდველი ძალა, რომელიც სიწმინდის, სიმართლისა და სიკეთის გზაზე მდგარი პიროვნება, მისი სრულიად მორწმუნე გულის მეშვეობით, სამყაროს ერთიანობაში იღვრება.

5) ღმერთმა ქმნილ სამყაროსთან მიმართებით თვითონ შეიზღუდა ყოვლისშემძლეობა: "არსებობს გარკვეული არეალები, სადაც ღმერთმა თავისი ძალის გამოვლინებაზე უარი განაცხადა: მაგალითად, საკუთარი ნების გამოხატვაში ადამიანს სრული თავისუფლება მიანიჭა" (ა. პიკოკი).

6) თომიზმში ღმერთის უბრალოების აღიარებას მივყავართ დასკვნამდე, რომ მისი ყოვლისშემძლეობა ყოვლად უეჭველია. ანალოგიური შინაარსის პოზიცია აქვს რ. გაურდინის: ის მიიჩნევს, რომ ღმერთს ვერანაირი თანაბარი ძალა ვერ დაუპირისპირდება.

ბეჭდვა
1კ1