რელიგიურ-ფილოსოფიური ტერმინები
რელიგიურ-ფილოსოფიური ტერმინები
ვიტალიზმი (ლათ. - vita - ცხოვრება) - სწავლება იმის შესახებ, რომ უსიცოცხლო ნივთიერების გამორჩეულად აქტიურ პირველწყაროს ცხოვრების პროცესებში თავისი "ცხოვრების პრინციპი" გააჩნია. "ვიტალისტებს" ამ საკითხების ჭეშმარიტი არსი გასაგებად არა აქვთ განმარტებული: ერთ შემთხვევაში ნივთთა საწყისად "სულები" ითვლებოდა, სხვაგან ეს იყო, რაღაც ზებუნებრივთან ასოცირებული გამორჩეული ენერგია, ხოლო სხვა მკვლევარები ამ გამორჩეულ პრინციპად სამყაროს უმაღლესი დამბადებელი ძალის აღორძინებას მიიჩნევდნენ - "ეს ის მაგიური ძალაა, რომელიც მარადიულად ქმნის, აშენებს და სამყაროში თავის შვილებს განასახლებს. ბუნებას ყველაფერი ძალუძს, რადგან ის არის ყველა და ყველაფერი რაც ხდება და იქმნება დედამიწაზე, - თავად ეს ბუნებაც ბუნების პროდუქტია. ბუნება ადამიანის იმ შინაგან წყაროს ემსგავსება, რომელიც ჩვენს სამშვინველში აზრებს, სურვილებსა და ხატებებს ამოქმედებს" (ა. კოირე). ვიტალიზმი ხშირად პანფსიქიზმსა და ანიმიზმს უერთდება და ვიტალურ სულიერს უპირისპირდება. ეს მოძრაობა გავრცელდა რენესანსული ეპოქის ინტელექტუალურ წრეებში, შემდეგ მეცნიერული კულტურის განვითარების პერიოდში დაიშრიტა და XX საუკუნეში, როდესაც მეცნიერულმა რაციონალიზმმა საკუთარი პოზიციები დათმო, კვლავ გამოცოცხლება დაიწყო. პიროვნული ცხოვრების სპეციფიკა ვიტალიზმისათვის გაუგებარია.

ლიბერტინიზმი, "ვოლნოდუმსტვო" (Libertinism) - ძირითადად XVIII საუკუნის ფრანგული განმანათლებლობისათვის დამახასიათებელი რელიგიური რწმენისადმი, ზნეობრიობისადმი და ასევე ეკლესიური ცხოვრებისადმი ირონიულ-სკეპტიკური დამოკიდებულება. ეს იყო პერიოდი როდესაც ყველაფერი რელიგიური ცრურწმენად მიიჩნეოდა და ისე აიხსნებოდა, როგორც ინტელექტუალური უმწიფრობისა და ობსკურანტიზმის (განათლებისადმი უკიდურესად მტრული დამოკიდებულება, ბნელეთის მოციქულობა) შედეგი. ძირითადი წარმომადგენლები არიან "მოცინარი ფილოსოფოსი" ვოლტერი, დიდრო და სხვები. გერმანიასა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში ლიბერტინისტების რიცხვში ეკლესიის მიღმა დარჩენილი ზოგიერთი რელიგიური მოაზროვნეც იყო.

აღორძინება - შუა საუკუნეების მომდევნო პერიოდი, XIV-XVI საუკუნეები, ევროპული კულტურის ინტენსიური განვითარება ანტიკური კულტურული მემკვიდრეობის ათვისების ნიშნით. ეს პერიოდი ხასიათდება მრავალფეროვანი რელიგიური აზრების ისეთი ექსტენსიური განვითარებით, რომლებშიც ეკლესიური დოგმატიკის გასათვალისწინებლად ადგილი სრულიად არ რGება. საბოლოოდ, მთელი ეს ძიებანი სკეპტიციზმით დასრულდა, რადგან ორიგინალურმა მაგრამ ურთიერთშეუთანხმებელმა კონცეფციებმა აზროვნება ჭეშმარიტებამდე ვერ მიიყვანა. ამ პერიოდში რელიგიური აზროვნება რენესანსის კვალს არ გაჰყვა, მაგრამ "აღორძინება შუა საუკუნეებისაგან სიჭარბით კი არა, უკმარისობით გამოირჩევა, ანუ არა იმით, რომ რენესანსის პერიოდში რაღაცა ჭარბად იყო, არამედ იმით, რომ რაღაცის ნაკლულება შეიგრძნობოდა. რენესანსი არ არის შუა საუკუნეებს პლუს ადამიანი, არამედ ეს არის შუა საუკუნეებს მინუს ღმერთი. და აი, ტრაგედიაც სახეზეა: აღორძინება კარგავდა ღმერთს და იქით მიდიოდა, რომ დაეკარგა ადამიანიც" (ე. ჟილსონი). "აღორძინების საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ იგი ვერ განხორციელდა... წარმართობის აღორძინება შეუძლებელია ქრისტიანულ სამყაროში და ეს შეუძლებელია უკუნისამდე" (ნ. ბერდიაევი).

ვოლუნტარიზმი (ლათ. Voluntas - ნება) - 1) შეხედულება, რომლის მიხედვითაც ნება განაგებს გონს, ეს შეიძლება, როგორც ადამიანს, ისე ღმერთებს ეხებოდეს. 2) რწმენა, რომ სარწმუნოებას ადამიანი თავისუფალი ნებით ეზიარება: როდესაც აღარ არსებობს გონიერი არგუმენტები და ადამიანს აღარ შეუძლია ღმერთის არსებობის შესახებ გონივრული დასკვნის გაკეთება, მაშინ მოქმედებას "რწმენის ნებელობა" იწყებს (უ. ჯემსი), ანუ უმაღლესი ცხოვრების არჩევის ნება. დეკარტი რწმენას ნების და არა გონის საკითხად მიიჩნევდა. ამგვარ გააზრებაში ღიად რჩება ნებით გაკეთებულ არჩევანსა და ჭეშმარიტებას შორის ურთიერთდამოკიდებულების საკითხი და ასევე გაუგებარია რამდენად მტკიცეა ნება, რომლის მიხედვითაც არჩევანი ღმერთზე გაკეთდა. ვოლუნტარიზმის ერთ-ერთი მაკორექტირებელი ის არის, რომ ღმერთის სიყვარული ნებას აიძულებს მიიღოს ღმერთი და იყოს ღმერთის ერთგული. 3) თეოლოგიაში: თუ მივიGნიეთ, რომ ღვთის ნება აბსოლუტურია, მაშინ ცუდად დამშვრალა ადამიანი, და გაუფასურებულა მისი შრომა, რადგან სამყაროსა და ადამიანის შესახებ ღვთის ნებისა და გამოხსნის ისტორიის კვლევას ყოველგვარი აზრი ეკარგება. ასეთ შემთხვევაში ღვთაებრივ სიბრძნეს აზრი ეკარგება და ნებაყოფილი ღმერთი ლოგოსის გარეშე წარმოგვიდგება. 4) ზნეობრივ თეოლოგიაში ვოლუნტარიზმი ნიშნავს, რომ არსებები თავისთავად კი არ ფასდებიან ცუდებად და კარგებად, იმის მიხედვით, თუ როგორ განისჯებიან ღვთაებრივი ნების მიხედვით.

ნება - ადამიანის უნარი სურდეს ან ერთ რამეს მეორეს ამჯობინებდეს; ეს არის ჩვენს მოქმედებასთან დაკავშირებული აქტიური საწყისი, რომელიც შეიძლება ჩვენთვის ყველაფერზე მნიშვნელოვან მიღწევად მივიჩნიოთ. სოკრატედან მოყოლებული, მრავალი ფიქრობდა, რომ ადამიანის ნებას მისი გონება აყალიბებს. ავგუსტინეს და მის თანამოაზრეებს მიაჩნდათ, რომ ნება არაფერთან არის თავსებადი და ნება მიილტვის სიკეთისკენ. ეთიკაში ადამიანს ზნეობრივი პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში ეკისრება, როდესაც მისი ქმედება თავისუფალი ნებით, სიტუაციისა და მასში პიროვნების როლის გააზრებით ხორციელდება. ეს შეესაბამება ამჟამად მიღებულ თვალსაზრისს, რომლის მიხედვითაც, ადამიანის ნება და გონება ერთმანეთს არ განსაზღვრავენ. აღორძინების ეპოქიდან დასავლეთ ევროპულ ფილოსოფიაში მიიჩნევა, რომ ნებას ფლობს ადამიანის ავტონომიური "მე" ("მე მსურს", "მე ვისწრაფი" და სხვა). ქრისტიანული აზროვნება ინარჩუნებს ძველ წარმოდგენას და მიიჩნევს, რომ ნება ადამიანის "მეს" არ ეკუთვნის და ის თანხვედრაშია სიტყვებთან "იყავნ ნებაი შენი". ცოდვით დაცემა - ნების დაცემაა, ადამიანის ნების ღმერთის ნებისგან მოწყვეტაა. დაცემული ადამიანის თვითდამკვიდრებადი "მე" ცდილობს მთლიანად დაიპყროს ყველაფერი რაც ადამიანის ბუნებას შეესაბამება, მათ შორის მისი გონება და ნებაც, სწორედ აქედან გამომდინარეობს ("მე მსურს" და სხვა). გამოხსნა ადამიანის ბუნების დამმონებელი "მეს" ტყვეობიდან გათავისუფლებას და მის გაჯანსაღებას ნიშნავს (მაქსიმე აღმსარებელი, ავგუსტინე). ავგუსტინეს მიხედვით, ნების გაჯანსაღება მადლით არის შესაძლებელი, ამასთან, ხდება ძალდაუტანებლად.

ხორცშესხმა - ქრისტიანული სარწმუნოების ძირითადი ჭეშმარიტება, რომელიც ღმრთისა და ადამიანის იესო ქრისტეში შეერთებას უკავშირდება. დოგმატურად ითქმის, როგორც ქალკედონური დოგმატი. ვლ. სოლოვიოვი ხორცშესხმას ღმერთკაცობად მოიაზრებდა. დასავლეთის რელიგიურ აზროვნებაში ეს თემა ყოველგვარი ეკლესიური სწავლების გარეშე განიხილებოდა. მაგალითად, გ. ჯოუნსი მიიჩნევდა, რომ ხორცშესხმა არის ღმერთის იმანენტურობა ყოველ ადამიანთან მიმართებით და ამ მოვლენას დოგმატად კი არა, ისეთ გონივრულ ჰიპოთეზად უნდა განვიხილავდეთ, რომელმაც თავისი მტკიცებულება აბსოლუტური მეტაფიზიკის იდეალიზმში ნახა. რ. კემპბელი კაცობრიობის მთელ ისტორიას ღმერთის ხორცშესხმად მიიჩნევს, ხოლო იესო ქრისტემ, მისი აზრით, მხოლოდ ადამიანში საწყისებიდან მინავლული ღვთაებრივი საწყისი გამოავლინა. მთელ ამ მცდელობებში მოჩანს საეჭვო ტენდეცია, გამარტივდეს და ადამიანისთვის ადვილად გასაგები გახდეს, ანუ ზედაპირულად მოაზროვნე ადამიანის აზროვნებას მოერგოს რწმენის ზერაციონალური დოგმატი.

ბეჭდვა
1კ1