რელიგიურ-ფილოსოფიური ტერმინები
რელიგიურ-ფილოსოფიური ტერმინები
მრავალწლიანი (მრავალდროული) ფილოსოფია (ლათ. philosophia perennis) - 1) ეს არის თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც ფილოსოფია ყოველთვის იყო: ჯერ არაფილოსოფიური აზროვნების ფორმების სახით, ხოლო შემდეგ, ეს ფორმები ჩამოყალიბებულ კონცეფციებად მოგვევლინა. "მრავალწლიანი (მრავალდროული) ფილოსოფიის" არსებობის იდეის მომხრეები ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ქრისტიანობამდელ და ქრისტიანულ აზროვნებას შორის აშკარა მემკვიდრეობითობა, თანმიმდევრულობა და უწყვეტობაა; ასევე მიაჩნდათ, რომ ერთიანი "ჭეშმარიტი" საფუძვლის გარშემო შეიძლება თავი მოვუყაროთ სხვადასხვა ფილოსოფიურ კონცეფციას, გადავამუშაოთ და მივიღოთ შედარებით სრულფასოვანი სისტემატიზებული სინთეზი. 2) შუა საუკუნეებში გაჩნდა "მრავალწლიანი (მრავალდროული) ფილოსოფიის" უფრო ვიწრო გაგებები, რომლებიც უკავშირდებოდა ჯერ არისტოტელესეულ ანტიკურ ტრადიციებს, ხოლო შემდეგ თომიზმის იდეებს. "მრავალწლიანი (მრავალდროული) ფილოსოფიის" მომხრეებისათვის ბევრი რამ გაურკვეველ და გადაუჭრელ საკითხად დარჩა, მათ შორის იყო, ფილოსოფიური პლურალიზმის საკითხი კათოლიკური თვალსაზრისითაც. ამ საკითხის მოგვარება შესაძლებელი რომ ყოფილიყო, დასავლეთი თომისტურ ტრადიციას, ერთადერთ კანონიზებულ რწმენად გამოაცხადებდა.

სარწმუნოება - 1) ნებისმიერი რელიგიური გაერთიანება თავისი სპეციფიკური სარწმუნოებრივი მოძღვრებით, წეს-ჩვეულებით, ორგანიზაციით და სხვა. 2) კ. იუნგი მიიჩნევდა, რომ "სარწმუნოება არის გაკვეული კოლექტიური რწმენის აღმსარებლობა, მაშინ, როდესაც რელიგია გამოხატავს მეტაფიზიკურ, ანუ მსოფლიო ფაქტორებისადმი პიროვნულ დამოკიდებულებას". თუ რელიგიაში მთავარი ადამიანის ღმერთისადმი დამოკიდებულება და ღმერთის მიმართ პიროვნების პასუხისმგებლობაა, სარწმუნოების, როგორც საზოგადოებრივი ინსტიტუტისადმი ან სახელმწიფო დაწესებულების მიმართ უფრო კონფორმისტული დამოკიდებულებაა დამახასიათებელი. სარწმუნოებრივი ჯგუფის წარმომადგენელი ადვილად შეიძლება შეუერთდეს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, არაპიროვნულ რელიგიურ დაჯგუფებას.

რწმენა და გონება (შუა საუკუნეებში) - სქოლასტიკური ფილოსოფიის გაჩენა დაკავშირებული იყო რწმენისა და გონის გაორებასთან. ამან გონთან, თეოლოგიასთან და ფილოსოფიასთან მიმართებაში რწმენის ავტორიტეტის მიმართ კითხვები გააGინა. იოან სკოტ ერიუგენა (IX ს.) ამტკიცებდა, რომ ჭეშმარიტების მაძიებელ გონსა და რწმენას შორის "კათოლიკურ აღმსარებლობაში" არ შეიძლება დაპირისპირებულობა იყოს: ჭეშმარიტება ერთია და ის - ღმერთისგან გვეძლევა. პ. აბელარმა (XII ს.) ეკლესიური რწმენის კრიტერიუმებს გვერდი აუარა და განაცხადა, როდესაც ავტორიტეტები ვერ თანხმდებიან საკითხს გონება აგვარებს. ანსელმ კენტერბერიელმა (XI - XII ს.) თავისი თეორიის დასაბუთებისათვის ნეტარი ავგუსტინეს, "შეცნობის მაძიებელი რწმენის" გონებაში გამოვლინებადი იდეალი გამოიყენა. პეტრე ლომბარდიელი (XII ს.) ფილოსოფიას თეოლოგიის დამხმარე მეცნიერებად განიხილავდა. ალბერტ დიდმა და უფრო თომა აკვინელმა (XIII ს.) სქოლასტიკური აზროვნებისათვის კლასიკური გადაწყვეტილება მონახეს, მათ განაცხადეს: ფილოსოფოსის აზროვნება გონიერების ბუნებრივი მდგომარეობაა და აზროვნება თავის ბუნებრივ პროცესში ბუნების განწესრიგებას შეისწავლის; რწმენით აღჭურვილი თეოლოგი კი ისეთ ზებუნებრივ სივრცეებს წვდება, სადაც წესრიგი მადლმოსილების მოქმედებით მკვიდრობს. ფილოსოფიისა და თეოლოგიის კომპეტენციები ერთმანეთისგან გამიჯნულია. მაგრამ ის, რაც რწმენით არის მიკვლეული, ღვთივგანცხადებული გამომხსნელი ჭეშმარიტებებია, ამიტომ გამართლებულია თეოლოგიის მიმართ ფილოსოფიის სუბორდინაცია. თომა აკვინელის შემდეგ თომიზმში ეს ბალანსი მოქმედებდა, მაგრამ თომიზმის მიღმა იგი სადაოდ რGებოდა: აკვინელის ოპონენტები იყვნენ - ბონავენტურა, იოან დუნს სკოტი და სხვები - ისინი ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ბუნებრივ გონს ღვთაებრივი და ამქვეყნიური ჭეშმარიტების მოკვლევა დამოუკიდებლად არ შეუძლია და მიიჩნევდნენ, რომ იმისათვის, რათა ადამიანის უმაღლესი შემეცნებითი უნარები ამოქმედდეს საჭიროა მიზანმიმართული ღვთაებრივი მადლი. სხვაგვარად ფიქრობდა უილიამ ოკამა (დაახლ. 1285-1349), მისთვის ყველაფერი რაც მეცნიერებასთან და ჩვეულებრივ გონთან იყო დაკავშირებული, ყოველგვარი რწმენისაგან თავისუფალი იყო: გონი ისე შეიმეცნებს ბუნებას, რომ რწმენას არც კი ეხება, რწმენის საქმე მხოლოდ გამოცხადებაა, - წერდა იგი. შუა საუკუნეებში, მრავალი დათმობის ხარჯზე თითქოს შესაძლებელი გახდა ქრისტიანული რწმენა ანტიკურ ფილოსოფიასთან შეჯერებულიყო, მაგრამ ეს მხოლოდ ცოტა ხნით, რადგან მათთვის: ღმერთი ისეთ უმაღლეს ძალად მოიაზრებოდა, რომელიც სამყაროზე გაცილებით მაღლა დგას და ისტორიისგან სრულიად განყენებულია.

ბეჭდვა
1კ1