რელიგიურ-ფილოსოფიური ტერმინები
რელიგიურ-ფილოსოფიური ტერმინები
ღვთივგამორჩეული ხალხი - წმინდა წერილის მიხედვით, იმისათვის, რათა ქვეყანაზე ერთი ცოცხალი ღმერთისა და მისი კანონის არსებობა დამოწმებული ყოფილიყო , კაცობრიობა ახალი და მარადიული აღთქმის მისაღებად განმზადებულიყო, ღმერთის მიერ სპეციალურად გამოირჩა ისრაელი. ეს მისია თავიდანვე არა მხოლოდ პრივილეგია, არამედ დიდი პასუხისმგებლობაც აღმოჩნდა. მისიის განხორციელება ისეთ საცთურებთან არის დაკავშირებული, როგორიც თვითგანდიდება და ღვთის მსახურების გზიდან გადახვევაა. ერთშიც და მეორეშიც ისრაელს წინასწარმეტყველები ადანაშაულებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ხალხმა მრავალგზის შესცოდა, იესო ისრაელთან ახალი აღთქმის დასადებად მოევლინა კაცობრიობას და ამით ისრაელის გამორჩეულობაც დაადასტურა. იუდევლებმა იესო, როგორც აღთქმული გამომხსნელი მესია არ მიიღეს და საერთოდ უარყვეს იგი. მოციქული პავლე წერს: ქრისტემ და მოციქულებმა ეკლესიის სახით ღმერთის ახალი ხალხი შექმნეს, ამავე დროს, მამა-პაპათა დამსახურების გამო, ქრისტეს სახარების მტრებად ქცეული ებრაელი ხალხის გამორჩეულობაც არ შეწყვეტილა: "რჩეულებისა მისგან (უფლისა) - საყუარელ მამათათვის" (ებრ. 11:28), რუსულ რელიგიურ ფილოსოფიაში ამ თვალსაზრისით შვიდი ძირითადი მომენტი გამოიყოფა:

1) მიუხედავად იმისა, რომ ქრისტე, როგორც მესია ისრაელმა უარყო, ღმერთის მიერ ისრაელის ხალხის ამორჩევასთან დაკავშირებული საიდუმლო კვლავაც მოქმედებს.

2) ქრისტიანობასა და იუდაიზმს შორის ტრაგიზმი ძირითადად ებრაელთა სულში სავლესა და პავლეს შორის ბრძოლის ხასიათს ატარებს და ეს ბრძოლა ჯერ კიდევ შორსაა დასრულებისგან.

3) ჩვენ ყველას, მათ შორის იუდეველთა მიმართაც, უნდა ვავლენდეთ ქრისტიანულ შემწყნარებლობას და იმისათვის, რათა იუდეველთათვის და ზოგადად არაქრისტიანთათვის ჩვენი ცხოვრება დამაჯერებელ არგუმენტად გადაიქცეს, როგორც ქრისტიანები, თავადაც სამაგალითოდ უნდა ვცხოვრობდეთ.

4) ის, ვისაც მსოფლიოში ებრაელთა ზეგავლენის გაძლიერება აწუხებს, წინა პლანზე წყენა და პრეტენზიები გამოაქვს, თავისდაუნებურად სიძულვილს უხსნის გზას. ამიტომ, საჭიროა ამ ადამიანებმა საკუთარ ცოდვიანობაზე იფიქრონ და მეტი ყურადღბა იმაზე გაამახვილონ, რომ ქრისტიანული ყოფიერების, ეკონომიკისა და სოციალური პრაქტიკის ძირითად მოტივად ანგარების ცოდვა გადაიქცა: "განათლებულმა ევროპამ სოციალურ ეკონომიკაში უღმერთობა და არაადამიანური პრინციპები დაამკვიდრა და ებრაელებს ადანაშულებენ იმის გამო, რომ მათაც ამ პრინციპებით დაიწყეს ცხოვრება" (ვლ. სოლოვიოვი).

5) უღმერთო ბოლშევიკების ელიტაში მყოფი ებრაელების მიერ ეკლესიის წინააღმდეგ ჩადენილი მძიმე ცოდვები, უნდა განვიხილოთ, როგორც ჭეშმარიტი ისრაელის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები (ს. ბულგაკოვი).

6) ანტისემიტიზმი ანტიქრისტიანობასთან მჭიდრო კავშირშია; მაშინ, როდესაც ქრისტიანებმა ჩადენილი ცოდვებით ქრისტე მრავალჯერ აცვეს ჯვარს, არ შეიძლება იესო ქრისტეს ჯვარცმაში მხოლოდ ებრაელ ხალხს ვადანაშაულებდეთ.

7) უნდა გვახსოვდეს მოციქული პავლეს სიტყვები, რომ, ბოლოს და ბოლოს, მთელი ისრაელი გადარჩება (რომ. 11:26). თუმცა არ უნდა მოგვეჩვენოს, რომ სამყაროს გადარჩენის ღვთაებრივი ჩანაფიქრი მხოლოდ ებრაელ ხალხზეა კონცენტრირებული.

ღვთის შემეცნება - ღმერთის არსებობის შემეცნება, სამყაროსა და ისტორიაში მისი მოქმედების მტკიცებულებათა გააზრება. აქ არ არის იმაზე საუბარი, რომ უფლის არსი გონებით უნდა შევიცნოთ. კაპადოკიელების კლასიკური ფორმულა ასეთია: ღმერთი არსობრივად მიუწვდომელია, მაგრამ ის შეცნობადია სამყაროში მოქმედ მის ენერგიებში. თომიზმის მიხედვით ღმერთს გონი ანალოგიების საშუალებით წვდება. ღმერთის შესახებ სრული ცოდნის მოპოვება შეუძლებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს მის არარსებობას. ღვთის შემეცნებისათვის იყენებენ შემდეგ წყაროებს:

1) სამყაროს გონივრულად მოწყობის, სრულყოფილების, მშვენიერების, სიდიადისა და მადლიანობის შესწავლა;

2) თვითშემეცნება, რადგან კაცი ღვთის ხატებისაებრ და მსგავსებისაებრ არის შექმნილი; ეს კი ნიშნავს, რომ ღმერთი საკუთარ თავს არა მხოლოდ კოსმოსში, არამედ ადამიანის სულის სიღრმეებშიც წარმოაჩენს;

3) წმინდა წერილის მიხედვით, ისტორიის გადამწყვეტ მომენტებში სამყაროს ცხოვრებაში ღმერთის შემოჭრის არაერთი ფაქტია ცნობილი: "ღვთის შემეცნება, თავისი არსით, ღვთაებრივი ისტორიის შეცნობაა და არა რაიმე განყენებული აზროვნებითი პროცესი" (კ. ბარტი);

4) წმინდა წერილში მოცემული გამოცხადების შესწავლის პროცესში მიმდინარეობს ღვთის შემეცნება;

5) ღმერთთან სულიერად მიახლოებაში, მასთან პირად შეხვედრებში და მისი სწავლების შესაბამისად ცხოვრების პროცესში მიმდინარეობს ღვთის შემეცნება;

6) ახალ აღთქმაში იესო ქრისტეს სახით, ადამიანისათვის მისაწვდომობის თვალსაზრისით, ღმერთი სრულად გამოგვეცხადა; ზნეობრივი სიწმინდისაკენ მიმავალ გზაზე, ღვთის ჭეშმარიტი შემეცნება ღვთის ნებასთან თანხვედრაში ქრისტეს სამართლის ერთგულებით და ღვთისა და მოყვასის ჭეშმარიტი სიყვარულით მიიღწევა. ასევე ხშირად არის საუბარი ღვთის შემეცნების საეკლესიო-მისტერიალურ მხარეზე.

ღვთისმეტყველური სათნოებები
- მადლმოსილი სათნოებანი, რომლის ჩამოყალიბებაც მორწმუნე ადამიანის სულში სიტყვითა და სულით მიმდინარეობს. ესენია: რწმენა, იმედი და სიყვარული (ცარიტას), სადაც სიყვარული უმაღლესია. ხანდახან ამ სამს, როგორც უმაღლეს წვდომას, ემატება ღვთისმოსაობა და ქრისტიანული სიბრძნე.

ღვთაებრივი ცნობიერება:

1) ძველ სწავლებებში და ხანდახან თანამედროვე ავტორების ნაშრომებში იგულისხმება ადამიანის მიერ საკუთარი ღვთაებრივი ღირსების გაცნობიერება, რაც მხოლოდ თვითშემეცნების უმაღლეს დონეზე მიიღწევა.

2) ქრისტიანი მოაზროვნეები საუბრის დროს ღვთაებრივ ცნობიერებაზე უფრო ფასეულად იმის გაცნობიერებას მიიჩნევენ, რომ პიროვნებაში მკვიდრობს ცოცხალი ღმერთი: "ჩვენს არსში "ცოცხალ ღმერთს" მართლაც შევიგრძნობთ, მაგრამ არა მაშინ, როდესაც ღმერთის შესახებ ვფიქრობთ, არამედ, ძირითადად მაშინ, როდესაც საკუთარი სიცოცხლისათვის თავდადებული ბრძოლა მიმდინარეობს, როდესაც ჩვენს წინაშე აშკარად იხსნება ჩვენი ყოფიერების უსაზღვრო სიღრმე და აბსოლუტური მნიშვნელობა" (ს. ფრანკი). ადამიანის გულში ღმერთის ცენტრალური ადგილი ნიშნავს, რომ "ადამიანში ყველაფერი ღვთაებრივი, ყოველი ახალი ქვემდებარის მხოლოდ შემასმენელია" (მამა პავლე ფლორენსკი).

3) ს. ტრუბეცკოი გამოტყდა და აღიარა: რომ "იესო ქრისტეს ღმერთების აბსოლუტურად ჭეშმარიტად ან აბსოლუტურად უტყუარად შეცნობა, უეჭველად დაკავშირებულია მის პიროვნულ თვითცნობიერებასთან (თვითშეგნებასთან): სახარების საფუძველზე ქრისტეს ღვთაებრივი ცნობიერება აღიარებულია ღვთაებრივად და ამით არის განსაზღვრული ღმერთის მიერ საკუთარი პიროვნების შეცნობა და ღვთაებრივი ლოგოსის შინაარსი". "იესოში თვითშემეცნებისა და ღვთაებრივი ცნობიერების ერთნაირობის შესახებ" წერდა მღვდელი პავლე ფლორენსკი, მაგრამ თანამედროვე დასავლელი ავტორები ქრისტეს თვითშემეცნებაში ღვთაებრივი ცნობიერების არა თავიდანვე ერთიანად და სრულად გამოვლინებას, არამედ მისი მიწიერი ცხოვრების პროცესში ღვთაებრიობის თანდათანობით გახსნას უჭერენ მხარს.

ბეჭდვა
1კ1