რელიგიურ-ფილოსოფიური ტერმინები
რელიგიურ-ფილოსოფიური ტერმინები
უმიზეზო მიზეზი - არისტოტელეს მეტაფიზიკის თანახმად, მთელ კოსმოსში მიმდინარე პროცესების მიზეზთა ჯაჭვის საწყისი რგოლი ღმერთია.

სულის უკვდავება - პითაგორადან მოყოლებული (ძვ. წ. VI საუკუნე), ამ თემას ფილოსოფოსთა ერთი ჯგუფი ავითარებდა, ხოლო მეორენი უარყოფდნენ. პლატონი მიიჩნევდა, რომ ვინაიდან ადამიანის გონიერი სული, ზეციური იდეების სამყაროს - მარადიული, უცვალებელი, უკვდავი არსების მონათესავეა, მას შემდეგ რაც მისი სამშვინველი მიწიერი სხეულის ტყვეობიდან გათავისუფლდება, იმავე სამყაროს უნდა დაბრუნდეს. დაბრუნების აუცილებელ პირობას - უმწიკვლო ზნეობრიობა წარმოადგენს. ი. კანტის მიხედვით: აზროვნება სულის უკვდავებას, თეორიულად ვერც დაამტკიცებს და ვერც უარყოფს, მაგრამ გონი პრაქტიკულ აღიარებას მოითხოვს, რადგან ზნეობრივი სრულყოფილების მიღწევა, მხოლოდ უკვდავ სულს შეუძლია. ქრისტიანული რწმენა ადამიანის აღდგომას და მის მარადიულ ცხოვრებას ქადაგებს, ხოლო მიწიერი, სიკვდილის შემდეგ სულის უსხეულოდ არსებობას დროებითად და ნაკლოვანად მიიჩნევს. "მერმის მის საუკუნის" იმედი ქრისტეს მიერ სიკვდილზე სიკვდილით გამარჯვების რწმენისაგან განუყოფელია. ქრისტეს აღდგომის შემდეგ უფლის გვერდით ყოფნა გაცილებით უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ადამიანის სულის მიწიერი სხეულისგან განშორების შემდეგ არსებობა. მარადიულ ცხოვრებაში დასამკვიდრებლად, როგორც არაეკლესიური სწავლებები, ისე ქრისტიანული აღმსარებლობა ადამიანისგან ურყევ რწმენას მოითხოვს, აქ, ქრისტიანობაში - მიზანი მიწიერ ცხოვრებაზე უფრო მეტია.

ბეჭდვა
1კ1