რელიგიურ-ფილოსოფიური ტერმინები
რელიგიურ-ფილოსოფიური ტერმინები
უფსკრული
1) ღმერთის დაუსაბამობა.
2) გნოსტიციზმში - მიუწვდომელი სიღრმე, მყოფის, ანუ მიღმიერი პირველწყაროს ყველაზე უფრო აღმატებული სახელი.

3) დაუსაბამობა (გერმ. Ungrund), როგორც უნიადაგობა: ი. ბიომესთან (XVI-XVII საუკუნე): ღმერთია ყოველი არსის უნიადაგო საფუძველი, "უარსო დუმილი", ყოვლად შეუდარებელი მარადიული სიმშვიდე, ერთიანი, მიღმიერში მყოფი სამი ღვთაებრივი პირი, რომლებიც მიღმიერ სიღრმეებში ჩნდებიან: "ღმერთი თავისთავად არც ბუნებაა, არც ქმნილება, არც ის და ეს, არც სიმაღლეა და არც სიღრმე. ღმერთი თავად უნიადაგოა და ამავდროულად თავადვეა ყოველი არსის ნიადაგი; ღმერთი მარადიული ერთიანობაა, რადგან ის არც ადგილია და არც საფუძველი". ღვთაებაში, როგორც უფსკრულში შეუძლებელია რამის გარჩევა და თუ ჩვენ რაღაც განგვეცხადა, ეს მისი პირადი ცხოვრების თვითგამოვლინებაა. პატრისტიკული თვალსაზრისისგან ბიომეს განსხვავება თვალნათლივია: სამების ერთარსობის შესახებ დოგმატურ სწავლებაში არ არის ცალკეული პირების ზეარსობრიობისადმი არსობრივი დაპირისპირება.

4) იმისათვის, რათა თავისუფლების უქმნელობის შესახებ საკუთარი იდეა დაესაბუთებინა ნ. ბერდიაევმა შემოიღო ე. წ. უნგრუნდ, მაგრამ ამის გაკეთება მხოლოდ ღვთაებრივი ბუნების დაჩრდილვის ხარჯზე შეიძლებოდა მომხდარიყო, მან: "გარდაუვალად აუცილებელი გახადა ღვთაების დემონიზება, რასაც საფუძველშივე, გაუბრწყინებელი თავისუფლების ბნელი საწყისები დაემატა" (ს. ლევიცკი).

ღმერთის უსასრულობა
- ღმერთი არანაირი ზღუდით არ არის შემოსაზღვრული და მისტიკურ გამოცდილებაში, როგორც სიყვარულის უფსკრული აღიქმება. ღმერთის ხმა ადამიანის სულის უსასრულო სიღრმეებისაკენ არის მიმართული.

არაცნობიერი - "ფართე გაგებით - სუბიექტის ცნობიერებაში გამოუვლენელი ფსიქიკური პროცესების, ოპერაციებისა და მდგომარეობების ერთობლიობა. რიგ ფსიქოლოგიურ თეორიებში არაცნობიერი - ფსიქიკურის ან პროცესთა სისტემის ცნობიერებისგან ხარისხობრივად განსხვავებული განსაკუთრებული სფერო. ტერმინი "არაცნობიერი" აგრეთვე, ისეთი ინდივიდუალური და ჯგუფური ქცევის მახასიათებლად გამოიყენება, რომლის მიზანი და შედეგიც წინასწარ არ არის გაცნობიერებული" (დ. ლიალიკოვი). კ. გ. იუნგი ანსხვავებდა როგორც ინდივიდუალურ, ისე უფრო ღმა კოლექტიურ არაცნობიერს. უძველესი რელიგიური სიმბოლოები და მითები იუნგმა შეაფასა, როგორც ინდივიდთან და მასასთან კონტაქტის, მის აზროვნებაზე და ქცევაზე მომქმედი მადეტერმინებელი ზეგავლენის მქონე მნიშვნელოვანი საშუალება. მაგრამ არც ფრეიდს, და არც იუნგს არაცნობიერის უზენაესთან კავშირის შესახებ არაფერი უთქვამთ. სხვა შემთხვევაა ი. ილინთან: იცავდა რა ღრმა რელიგიური გამოცდილების ინდივიდუალურ ხასიათს, ილინი კოლექტიურ ქვეცნობიერს, როგორც "ერთიან, მიყოლებულ, წარმავალ სუბსტანციას" უარყოფდა და პიროვნებებში ასეთი გაგების გაჩენას "მარტოობის გრძნობით გამოწვეულ შიშს" უკავშირებდა. ცხადია, პიროვნების ღირსების დაცვა მნიშვნელოვანია, მაგრამ ასეთი დაუსაბუთებელი უარყოფის მიღება მაინც არასწორია. ქრისტიანული რწმენა, ადამიანის პიროვნული სულის (სამშვინველის) სრულ ცხოვრებას მოიცავს და ამაში თავისთავად მისი ქვეცნობიერი მხარეებიც იგულისხმება; "რწმენის ჩამოყალიბების პროცესში ცნობიერი აქტი და ქვეცნობიერი ელემენტები მხოლოდ იმ შემთხვევაში თანამონაწილეობენ, თუ პიროვნულ ცენტრში არიან მიღებულნი, რადგან სწორედ აქ მიმდინარეობს ყოველი ელემენტის ტრანსცენდირების პროცესი" (პ. ტილიხი). როდესაც ქვეცნობიერი ძალები მშვინვიერ ცხოვრებას გონისა და რწმენის მიღმა განსაზღვრავენ, მაშინ რწმენის ადგილს იძულება იკავებს. გონი და რწმენა - ცნობიერია და მომავალზე - ადამიანის მიერ უზენაესის შეგრძნებით გათავისუფლებულ სულიერ ჩამოყალიბებაზეა ორიენტირებული, ამიტომ გარკვეული თვალსაზრისით "ცნობიერი - ისტორიის, ხოლო არაცნობიერი - ბედის" ადგილს იკავებს, მაგრამ თუ ისეთ "პოზიციას დავადგებით, რომლის დროსაც უმთავრესი სულიერი მოთხოვნები გახდება" და ამავდროულად ქვეცნობიერს მოქმედების ობიექტად განვიხილავთ, მათი ურთიერთდაპირისპირება მათივე ერთიანობად გადაიქცევა (პოლ რიკიორი).

"ბიბლიური აზროვნება"
- კ. ტრესმონტანისა და ზოგიერთი სხვა თანამედროვე ავტორის მიხედვით, ბიბლიურ ტექსტებში ნათლად გამოხატული აზროვნების განსაკუთრებული ტიპი, რომელსაც ფილოსოფიასთან ცოტა საერთო გააჩნია. მისი ნიშნებია:

1) გონით ადამიანის გულის ჭვრეტა, რადგან გულში იბადება აზროვნება;

2) გულის შემუსვრა (აღსარება, მეტანომია-ბერძ. "გონის შეცვლა", "გადააზრება") - ანუ სულიერი გზის დასაწყისი, აზროვნების შეცვლა, გონის მადლით შემოსვა, ღვთისადმი მორჩილება და ღვთის სულისა და დიდებისადმი სასოება;

3) ადამიანის გული ღმერთისადმი სიყვარულისათვის იხსნება და თუ ეს მართლაც ასეა ღმერთი გახსნილ გულში შემოდის და ადამიანის აზროვნებაში მოქმედებას "ქრისტეს გონი" იწყებს";

4) გონება - სულიერი მგრძნობელობა, სიტყვის შინაგანი მიყურადება და მიყურადებულზე პასუხია, ანუ ეს არის, ლოცვაში ღმერთთან დიალოგი და ურთიერთობა;

5) შემეცნება - სიტყვით შეგონება და ცოცხალი სიბრძნის მოპოვება. ამ დროს სიბრძნე "ცხოვრების ხედ" გარდაიქმნება (იგავ, 3:18), ხოლო მარადიული ცხოვრება ჭეშმარიტი ღვთის შემეცნებით მიიღწევა;

6) აზროვნება აღიქმება, როგორც სიკეთისაკენ მიმართული მოქმედება, როგორც სათნოება და სხვა სათნოებათა წყარო, როგორც სიწმინდის გამოხატულება;

7) რწმენა - არის ადამიანის "სულიერი გონი" და "პირველადი იდუმალი არჩევანი", რომლითაც ადამიანი მისი პირველწყაროების არსშივე განისაზღვრება;

8) გონს ღმერთი აიძულებს უწინარეს ყოვლისა იმ რეალობაზე იყოს ორიენტირებული, რომელიც მის (ანუ ღმერთის) მიერ სინამდვილეში ხორციელდება და ნაკლები ყურადღება მიაქციოს უკვე ქმნილ საგნებს; იქ, სადაც სამყაროს განახლების პროცესი მიმდინარეობს - ღვთის ჩანაფიქრთან დამაახლოვებელი იმედიც არის და რწმენაც; "ბიბლიური" გონი - რწმენით აღვსილი გონია. ღმერთი ყოველივეს თავისი სიყვარულით ქმნის, შესაბამისად ადამიანის გონიც ღვთის რწმენით არის განმსჭვალული.

ბეჭდვა
1კ1