რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
ათეიზმი (Atheos - უღმერთო) - ღმერთის არსებობისადმი ურწმუნო დამოკიდებულება ან დარწმუნებულობა, რომ ღმერთი (ან ღმერთები) არ არსებობს და შესაბამისად, იმის რწმენა, რომ შეუძლებელია ღვთის შეცნობა და მისი მყოფობის შესწავლა. ათეიზმი ცდილობდა დაემტკიცებინა: ყველაფერი, რაც ღმერთზე ითქმის, ადამიანის თავისუფლებისა და მისი სრულფასოვანი ცხოვრებისათვის, ადამიანზე უნდა იგულისხმებოდეს. თუმცა პ. იურკევიჩის მიხედვით, "ათეისტები საკუთარი გულის დაჟინებული და უმნიშვნელოვანესი მოთხოვნების მიმართ მუდმივ წინააღმდეგობებში არიან", ხოლო პ. ტილიხმა ათეიზმი დაახასიათა, როგორც "მცდელობა, ადამიანს არ აინტერესებდეს საკუთარი არსებობის შინაარსი". ასხვავებენ: თეორიულ ათეიზმს, რომელიც სრულიად არაკორექტულად ცდილობს დაასაბუთოს, რომ, ვინაიდან არ მტკიცდება ღვთის არსებობა, ღმერთი არ შეიძლება არსებობდეს; პრაქტიკული ათეიზმის ან ღვთისადმი ინდიფერენტული დამოკიდებულების მიხედვითაც "ეს ყველაფერი ჩვენ არ გვესაჭიროება"; მებრძოლი ათეიზმი ადამიანის კეთილდღეობისათვის ყოველგვარი რელიგიისაგან გათავისუფლებას მოითხოვს. ფილოსოფიაში ათეიზმი, ჩვენი სამყაროს შესწავლის მიზნით, ყოველგვარ უზენაესობაზე - ბუნებაზე, ისტორიასა და ადამიანზე უარის თქმას ქადაგებს. ათეისტურია მატერიალიზმი, პოზიტივიზმი, სტრუქტურალიზმი, ნატურალიზმი, სოციალიზმი, ფსიქოანალიზი და ჰუმანიზმის, პრაგმატიზმის, ეგზისტენციალიზმის უამრავი მიმართულება და სხვა. ცნობილია გ. ლაიბნიცის მიერ გამეორებული ფ. ბეკონის სიტყვები: "თუ ფილოსოფიას ოდნავ დააგემოვნებ - ღმერთს ჩამოგაშორებს, თუ დაეწაფები, ღმერთამდე მიგიყვანს". ათეიზმს დამოუკიდებელი მყოფობა არ გააჩნია, მისი არსებობა და მოქმედება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ იგი რწმენის ოპონენტია: რომ არ არსებობდეს რწმენა, ათეიზმი ვერაფერს დაუპირისპირდებოდა და არსებობის მოტივიც აღარ ექნებოდა. კერპების რელიგიურ ობსკურანტიზმთან (ბუნდოვანება) მიმართებით ათეიზმი მართალია, მაგრამ ადამიანის ავტონომიურობასთან მიმართებით თავადაც კერპთაყვანისმცემლობის სახით ვლინდება.

ატარაქსია (ბერძნ. უშფოთველობა, სულის სიმშვიდე, უშიშრობა) - ეპიკურეელი ბრძენის არარელიგიური იდეალი, რომელიც თავის თავში სულიერ სიცხადეს, გონებრივ კმაყოფილებას, სიკვდილისადმი უშიშობას, ზომიერებას, ცხოვრებაში სიმშვიდეს და უბრალოებას, შესაწყნარებელ თვითკონტროლსა და კეთილქმედებას, წინდახედულობას და უზენაესისადმი გულგრილობას გულისხმობს. ატარაქსიისათვის მხოლოდ გარკვეულ პირობას სათნოება წარმოადგენს, მისი ღირებულების განმსაზღვრელი მხოლოდ ის არის, თუ რა წვლილია შეტანილი საერთო კმაყოფილებაში. ატარაქსიის მომხრეებისათვის მიუღებელია მისტიკა, იდეალისტური ძიებები და ღვთისადმი სულიერი სწრაფვა.

ატმანი - ინდურ ფილოსოფიაში წარმოგვიდგება, როგორც ადამიანის თვითშეგნებაში მოქმედი ყველაზე მაღალი დონე. უპანიშადების მიხედვით, "ატმანი ბრაჰმანია", ანუ ადამიანის თვითშემეცნების გულის სიღრმეში მთელი სამყაროს თვითშემეცნებაა.

ატრიბუტი (attribuo - დართვა, შემატება, მინიჭება) - ნივთების ან სუბსტანციის მეტად საჭირო ნიშან-თვისებები; სპინოზასთან სუბსტანციის არსი ატრიბუტშია გამოხატული.

ატრიბუტები ღმერთის
- სქოლასტიკაში: სიკეთე, დიადობა, მარადიულობა, ძლიერება, სიბრძნე, ნებელობა, სამართლიანობა, ჭეშმარიტობა, დიდებულება; ეს ატრიბუტები მოიაზრებოდა, როგორც ერთმანეთისგან განუყოფელი. მაგალითად: დიდება მარადიულია, ძლიერება - სამართლიანი და ა. შ. მოგვიანებით, ქრისტიანულმა ცნობიერებამ დაუმატა ყოვლადძლიერება, ყოვლისმჭვრეტელობა, ერთგულება, სიწმინდე, სამართლიანობა, სიყვარული, ცხოვრება, თავისუფლება, მოთმინება და ა. შ. თომიზმში ყურადღება სამყაროში ღმერთის ყოფნის თავისებურებებზე: უბრალოებაზე, უსასრულობასა და მარადიულობაზეა გამახვილებული. პატრისტიკა ატრიბუტიკის ნაცვლად უპირატესობას სამყაროში მოქმედ ღვთის ძალას (ენერგიებს) ანიჭებს, რეალური უპირატესობის საფუძველი კი ის არის, რომ: ატრიბუტები უდავოდ არსზეა მიბმული, ხოლო ღმერთი თავის მოქმედებაში სრულიად თავისუფალია.

ბეჭდვა
1კ1