რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
ანიმიზმი (ლათ. Anima - სული) - რწმენა იმის შესახებ, რომ ქვეყანა აღსავსეა უსხეულო არსებებით ("ავი სულებით" და "დემონებით"). ამ რწმენას, როგორც ასეთს, რელიგიას ვერ დავარქმევთ, მაგრამ ხშირად შეცდომას უშვებენ და ე. ტაილორის მსგავსად, მიიჩნევენ, რომ რელიგიის გაჩენის უძველესი წყარო სწორედ ეს არის. პ. ფლორენსკი ანიმიზმის შინაარსს ასე ხსნიდა: "როგორც ერთი მთლიანობა მთელი ბუნებაა სულიერი, ისე მისი ცალკეული ნაწილებია სიცოცხლით აღვსილი. საიდუმლო ძაფებით ყველაფერი ერთმანეთზეა მიბმული. მტრული და კეთილი დამოკიდებულებები ერთმანეთს მუდმივად სცვლიან. უმოქმედოდ არაფერია; მაგრამ ნივთების-არსებების-სულების ყოველგვარი ქმედებისა და ურთიერთქმედების ძალას ერთგვარი ტელეპათია ამოძრავებს, რაც შიგნიდან მომქმედი სიმპათიკური საშუალებაა". "უხილავ სტიქიებთან" დაკავშირებით არსებობს ორი თვალსაზრისი: 1) ესენი არიან დემონები, რომლებიც ღმერთს ეწინააღმდეგებიან და ადამიანისათვის საშიშ არსებებს წარმოადგენენ; 2) ესენი უსხეულო არსებები არიან, რომლებიც პიროვნული მონაცემებით ადამიანებს ჩამორჩებიან; მაგალითად, "ადგილის მცველი" (გენიუს ლოცი), ანდა როგორც ანტიკურ ხანაში იტყოდნენ "სტიქიარები", რომლებიც რაღაც სტიქიასთან კი არა, გეოგრაფიულ ადგილებთან იყვნენ დაკავშირებული და აუცილებელი არ იყო ბოროტი ძალები ყოფილიყვნენ, თუმცა სულიერად მაინც ბნელით იყვნენ მოცულნი. როგორც პ. ფლორენსკი წერდა: "მათ არც ლოცვის ეშინიათ: "ისინი" ხომ არც ეშმაკები არიან და არც ბოროტი ძალები. ლოცვა მათ არ ეხებათ. მათ მხოლოდ საზიზღარი შავი ლანძღვის, წყევლისა და ბინძური გინების შიში აქვთ". დ. ანდრეევას აზრით, ზოგიერთი მათგანი "აქტიურად კეთილია", მაგრამ სხვები - "ჯიუტები, იმპულსურები, შურისმაძიებლები არიან. მათი ნდობა ყოველთვის არ შეიძლება". არსებობენ აშკარად დემონური ბუნების დამთხვეული და ადამიანისათვის საშიში სტიქიალები.

ანტინომია (ბერძ. - კანონსაწინააღმდეგო - იგულისხმება ლოგიკაში დაპირისპირებულობის საწინააღმდეგო კანონის დარღვევა) - ერთი და იგივე საგნის შესახებ ორი ისეთი ურთიერთსაპირისპირო თვალსაზრისების მტკიცება, რომელთაგან ერთიცა და მეორეც თანაბრად სარწმუნოდ გამოიყურება. მაგალითად: "ერთიანად ყველა ქმნილება ღმერთია" და "ერთიანად ყველა ქმნილება არაფერია" (მაისტერ ეკჰარტი). "ღმერთი ისევეა მაქსიმალური ნათელი, როგორც მინიმალური ნათელი" (ნიკოლას კუზანელი). "არ ასებობს არანაირი თავისუფლება, სამყაროში ყველაფერი მისი კანონების შესაბამისად იმართება" და "იმის გამო, რომ არსებობს სპონტანური მიზეზობრიობის თავისუფლება, მოვლენის ასახსნელად მიზეზობრიობის მოძიება საკმარისი არ არის" (იმანუელ კანტი). ანტინომიური გამოთქმების გააზრების პროცესში პ. ფლორენსკი იყენებდა დებულებას, რომლის მიხედვითაც, უმაღლესი ყოფიერება მსჯელობით განსაზღვრებებზე უსასრულოდ სრულყოფილია და მისი სისრულე არანაირ ფორმულას არ შეუძლია დაიტიოს: "თეზისი და ანტითეზისი ჭეშმარიტების გამოხატულებას ერთობლივად ქმნიან. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ჭეშმარიტება ანტინომიაა". კრიტიკოსები ამ თეზისს შემდეგნაირად პასუხობენ: ანტინომიები მხოლოდ რაციონალური აზროვნების უუნარობაზე მიგვითითებენ, "ჰოსა" და "არას" შორის რყევები და არა ჭეშმარიტების გამოკვლევა, რითიც ყოფიერების არსი უნდა აიხსნას, დადებით და არა შინაგან წინააღმდეგობრიობას მოითხოვს; მაგრამ ისიც ნათელია, რომ "უმაღლესი" მიწიერ ყოფით კატეგორიებში შეუძლებელია აიხსნას, და ცალკეულ შემთხვევებში ურთიერთსაწინააღმდეგო დეფინიციებს ვერ გავექცევით.

ანტითეიზმი - პირდაპირი ბუნტი ღმერთის მიმართ, მისი არსებობის აღიარების და მასთან გარკვეული ურთიერთობის დამყარების მცდელობის მიუხედავად, ეს არის დაპირისპირება. ანტითეიზმი უფრო რადიკალურია, ვიდრე ჩვეულებრივი ათეიზმი.

ანტიტრინიტარიანობა - რელიგიურ-ფილოსოფიური და მისტიკური სწავლება, რომელიც უარყოფს დოგმატურ სწავლებას წმინდა სამების შესახებ. ევროპულ კულტურაში ყველაზე ცნობილი ანტიტრინიტარიანები არიან - პანთეისტები (ბ. სპინოზა, XVII ს.) და უნიტარები (ი. ნიუტონი). ადრექრისტიანულ ეპოქაში ანტიტრინიტარიანები, ანუ სამების დოგმატის მოწინააღმდეგეები იყვნენ "მონარქიანელები".

ანთროპოლოგიური არგუმენტი (ბერძ. Anthropos - ადამიანი) - არსებობს ადამიანი, შესაბამისად, სუფევს უფალი: "ადამიანის არსებობა, რომელიც ზედაპირზე კი არა, შესაქმის სიღრმეშია ქმნილი, რადგან ღმერთის ხატება მხოლოდ ადამიანია, ღმერთის მყოფობის ერთადერთი მტკიცებულებაც ის არის. თუმცა ამ ხატს იგი ხშირად არამართებულად წარმოადგენს" (ნ. ბერდიაევი).

ნთროპოლოგო-ეთნოგრაფიული მიდგომა რელიგიისადმი - ერთმანეთს ადარებს ე. წ. "პრიმიტიული ხალხების" და ცივილიზებული საზოგადოებების სარწმუნოებებს, წეს-ჩვეულებებს და სოციალურ ინსტიტუტებს (ე. ტაილორი, ჯ. ფრეზერი, ს. რაინახი და სხვ.). ამ თვალსაზრისით მსოფლიო რელიგიები მომდინარეობენ წინაპრების, ბელადებისა და გმირების, ბუნების ძალებისადმი შიშის, აგრარული კულტების, გრძნეულების, შამანიზმის, პარანორმალური ეროტიზმისა და ოკულტურ-მაგიური პრაქტიკიდან. მაგალითები: "რელიგია, არც მეტი და არც ნაკლები, უბრალოდ ბუნებრივი მოვლენაა" (ს. რეინახი). რელიგია - საწყისში მაგიასა და დასასრულს - თანამედროვე ცივილიზაციისაკენ ისტორიული მსვლელობის პროცესს შორის რაღაც შუალედურია; როგორც რელიგიის, ისევე მაგიის ადგილი თანამედროვე სეკულარულ სივრცეში არ მოიპოვება (ლ. ფრეზერი). "მიცვალებულების პირველყოფილი კულტი სხვა არაფერია, თუ არა სიკვდილის შემდეგ საზოგადოებრივი მოვალეობების გაგრძელება" (მ. ებერტი). ე. ტაილორი კი ამტკიცებდა, რომ "უმაღლესი რელიგიები" და მათი ზნეობრივი კოდექსები პრიმიტიული ანიმიზმისგან წარმოიქმნა და იგი მოითხოვდა, რომ ქრისტიანობა ამ პროცესის გაგრძელებად ყოფილიყო მიჩნეული. ტაილორის მიხედვით ერთადერთი, რაც "უმაღლესმა რელიგიებმა" პრიმიტიულებს შემატეს "სამართლიანობის და სიწმინდის გაგება, აგრეთვე მოვალეობისა და სიყვარულის შეგრძნება" იყო. თუმცა ეს საბოლოო დაზუსტება არ ცვლის ტაილორის თვალსაზრისის ძირითად არსს. მისთვის არ არსებობს სიყვარულისა და სიწმინდის არაამქვეყნიურობა. ამდენად, ეს არის რელიგიაში გამოვლენილი რედუქციონიზმის ერთ-ერთი ინტერპრეტაცია.

ბეჭდვა
1კ1