ტაძარი, მისი აგებულება და სიმბოლიკა
ტაძარი, მისი აგებულება და სიმბოლიკა
დედაეკლესიის კარიბჭესთან ახალმისულ ქრისტიანს, რომელიც ახლა იწყებს მართლმადიდებლობის ანბანის შესწავლას, ხშირად უჩნდება კითხვა - რომელი უფრო აღმატებულია - საეკლესიო ღვთისმსახურებაზე დასწრება თუ შინ აღსრულებული პირადი ლოცვები? ამ კითხვას წმინდა მამა ანტონ ოპტელი ასე პასუხობს: "ხილული წმინდა ეკლესიის გარეშე არ იქნებოდა ქრისტეს წმინდა საიდუმლო, ურომლისოდაც ადამიანი ვერ დაიმკვიდრებს საუკუნო ცხოვრებას. საეკლესიო ლოცვას ისეთი ძალა და მნიშვნელობა აქვს, რომ ეკლესიაში წარმოთქმული ერთი "უფალონ შემიწყალე" აღემატება პირად ან სენაკში აღსრულებულ ყველა სულიერ ვარჯიშს, სწორედ ამიტომ წმინდა მამები ეკლესიაში იდგნენ ისე, როგორც უფლის წმინდა ტახტის წინ წარდგომილნი".

ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანის უმთავრესი მისია ამ მსგავსების მიღწევაა. მსგავსება კი მხოლოდ ღვთის შემეცნებით მიიღწევა. თავად ღვთის შემეცნება შესაძლებელია იმდენად, რამდენადაც ღმერთი უცხადებს ადამიანს თავის თავს და, ამავე დროს, ისაა უფლისადმი კაცის შინაგანი თაყვანისცემის გამოხატულება. სამოთხეში ეს ღმერთთან პირად ურთიერთობაში ვლინდებოდა. ცოდვით დაცემისა და სამოთხიდან გამოდევნის შემდეგ კი ეს კავშირი სხვაგვარად ხორციელდებოდა. ადამიანი განიცდიდა დაშორებას ღვთისაგან, ითხოვდა ცოდვათა მიტევებას და ელოდა ხსნას. მაგრამ რაკი კაცი სულისა და ხორცისაგან შედგება, ეს სულიერი მიმართება ხილული ნიშნებითაც უნდა გამჟღავნებულიყო. ხილული ნიშნებიდან ყველაზე გავრცელებული და ღვთისგან დადგენილი ფორმა თაყვანისცემისა იყო მსხვერპლშეწირვა. პირველად მსხვერპლს ღია ცის ქვეშ, შემდეგ კი საგანგებოდ აშენებულ ნაგებობებში სწირავდნენ (აბელი და კაენი, ნოე, აბრაამი).

როგორც "გამოსლვათა" წიგნი გვამცნობს, პირველი ტაძრის აგება უფალმა დაავალა წინასწარმეტყველ მოსეს სინას მთაზე, სადაც უჩვენა მომავალი ტაძრის ფორმა მისი ყოველი დეტალის ჩათვლით. ეს მოძრავი ტაძარი ("კარავი საწამებელისა") სამი ნაწილისგან შედგებოდა: წმიდათა წმიდა ("წმიდა წმიდათა"), წმიდათა და ეზო. წმიდათა წმიდაში, რომელიც ფარდით იყო გამოყოფილი, იდგა აღთქმის კიდობანი. აღთქმის კიდობნის სახურავზე ქერუბინთა ორი ოქროს ქანდაკება იყო. კიდობანში იდო ორი ქვის ფიცარი ათი მცნებით, ტაკუკი და მანანა, რომლითაც უფალი უდაბნოში ასაზრდოებდა ებრაელებს, და აარონის კვერთხი, რომელიც უფლის ნებით განედლდა აარონის სამღვდელო ღირსების დასამოწმებლად. წმიდათა წმიდაში მღვდელმთავარი წელიწადში ერთხელ შედიოდა და სამსხვერპლო სისხლს აპკურებდა იმის ნიშნად, რომ ადამიანის ხსნა ერთხელ - იესო ქრისტეს მოსვლით აღესრულებოდა. ამიტომაც ქრისტეს ჯვარცმისას კრეტსაბმელიც ორად გაირღვა: მაშინ განიხვნა სასუფევლის კარი ყოველი მორწმუნისათვის. მეორე ნაწილშიც მარტო მღვდლებს შეეძლოთ შესვლა. აქ იყო ამაღლებული სამსხვერპლო საკმევლისთვის, ტაბლა 12 პურით და შვიდტოტა შანდალი. მესამე ნაწილში, ეზოში, ხალხი ლოცულობდა და მსხვერპლს სწირავდა.

ახალი აღთქმის მართლმადიდებლური ტაძარი მსგავსია ძველაღთქმისეული ტაძრისა. ახალი აღთქმის მართლმადიდებლური ტაძარიც იყოფა სამ ნაწილად:

1) საკურთხეველი

2) ტაძრის შუა ნაწილი

3) სტოა (კარიბჭე)

ისევე როგორც ძველ ტაძარში წმიდა წმიდათა, ახალ ტაძარშიც საკურთხეველი სასუფევლის გამომხატველია. საკურთხეველში მხოლოდ ღვთისმსახურნი დაიშვებიან და აღესრულება წირვა-ლოცვის ყველაზე იდუმალი ნაწილი.

მართლმადიდებლურ ტაძარში წმიდას შეესატყვისება შუა ნაწილი. ძველაღთქმისეული ტაძრის წმიდაში შესვლის უფლება მხოლოდ ღვთისმსახურთ ჰქონდათ. ახალ ეკლესიაში კი ლოცულობს ყოველი ქრისტიანი, რამეთუ ყველასათვის ღიაა სასუფეველი.

ძველი აღთქმის ტაძრის ეზოს, სადაც ლოცულობდა ერი, შეესატყვისება ახალი ტაძრის სტოა (იგივე კარიბჭე); ეს ადგილი კათაკმეველთა, მონანულთა და ზიარებისაგან განყენებულთათვის არის განკუთვნილი.

მართლმადიდებლური ტაძრის საკურთხეველი იგება აღმოსავლეთის მხარეს, საიდანაც ამოდის მზე. უფალი იესო ქრისტეა ჩვენი აღმოსავალი, საიდანაც აშუქებს ღვთიური ნათელი. საეკლესიო ლოცვებში ქრისტეს ვუხმობთ "მზედ სიმართლისა" (ანდა "აღმოსავალ არს სახელი მისი").Gგარდა ამისა, არსებობს ასეთი ქრისტიანული ტრადიცია, რომ როდესაც მორწმუნე უფლისადმი ლოცვებს აღავლენს, პირს აღმოსავლეთის მხარეს იბრუნებს - წმინდა ქალაქ იერუსალიმისკენ.

უფლის ტაძარი გარეგნულად არ ჰგავს სხვა ნაგებობებს. უმეტესად ტაძარი ჯვრის ფორმისაა, რაც მოგვაგონებს, რომ ჯვარზე წამებით გვიხსნა ჩვენ უფალმა იესო ქრისტემ ეშმაკის მეუფებისაგან. ხშირად ეკლესია ნავისებურია, რაც ნიშნავს იმას, რომ ტაძარი, მსგავსად ნოეს კიდობნისა, მიგვაცურებს ცხოვრების ოკეანეში სასუფევლის მყუდრო ნავსაყუდელისკენ. ზოგჯერ ტაძარი წრიული ფორმისაა, რაც ქრისტეს ეკლესიის მარადიულობის სიმბოლოდ აღიქმება. შეიძლება ტაძარი აიგოს რვაკუთხედად, ვარსკვლავისებურად, ნიშნად იმისა, რომ ეკლესია გზის მაჩვენებელი მნათობია წუთისოფელში.

ჩვეულებრივ, ტაძარს აგვირგვინებს გუმბათი, რომელიც ზეცის სიმბოლოა; გუმბათზე ჯვარია აღმართული - ეკლესიის თავის - იესო ქრისტეს სადიდებლად. ხშირად ტაძარს რამდენიმე გუმბათი აქვს (მრავალგუმბათიანობა უმთავრესად რუსული მართლმადიდებლური ტაძრის არქიტექტურას ახასიათებს და საქართველოში გამონაკლისის გარდა თითქმის არ გვხვდება). ორი გუმბათი მიანიშნებს ქრისტეს ორბუნებოვნებას (ღვთაებრივსა და კაცობრივს); 3 გუმბათი - წმინდა სამების სამსახოვნების მაჩვენებელია; 5 - იესო ქრისტესი და ოთხი მახარებლისა, 7 გუმბათი - 7 საიდუმლოსი და 7 მსოფლიო კრებისა, 9 გუმბათი - ანგელოსთა 9 დასისა, 13 - იესო ქრისტესი და 12 მოციქულის სიმბოლოა. ზოგჯერ კი უფრო მეტგუმბათოვანი ტაძრებიც გვხვდება.

ტაძრის შესასვლელთან, ზოგჯერ კი მის გასწვრივ, სამრეკლოს აღმართავენ ზარებისათვის, რომელთა რეკვით მორწმუნეებს უხმობენ სალოცავად, ღვთისმსახურებაზე, ანდა რეკავენ ღვთისმსახურების უმთავრესი მომენტების დროს. ცალი ზარის რეკვას "მწუხრი" ეწოდება (ეს არის ნიშანი ღვთისმსახურების დაწყებისა). ყველა ზარის ერთდროული ახმიანებით გამოხატავენ საერთოქრისტიანულ სიხარულს, დაკავშირებულს რომელიმე დღესასწაულთან, გლოვის დროს ზარების რეკვას კი თავისი წესი აქვს. ზარი მოგვაგონებს უმაღლეს, ზეციურ სამყაროს.

ტაძრის უმთავრესი ნაწილია საკურთხეველი. მასში აღესრულება მღვდელმსახურება. საკურთხეველი შემაღლებულია, რათა ყველამ იხილოს მოქმედება, რომელიც იქ ხდება. საკურთხეველში ოთხი მნიშვნელოვანი ადგილია:

1) წმიდა ტრაპეზი

2) მღვდელმთავრის მაღალი დასაჯდომელი - ტრაპეზის უკან

3) სამკვეთლო

4) სადიაკვნო (სამღვდელო შესამოსლის შესანახი)

1) ტრაპეზი ეწოდება ყველაზე მეტად განათებულ ოთხკუთხა მაგიდას (ქვის ან ხისა), რომელიც მოთავსებულია საკურთხევლის შუაგულში და რომელსაც ორგვარი - თეთრი ტილოთი და ძვირფასი ქსოვილით (უმეტესად ფარჩისა) მოსავენ. ტრაპეზზე საიდუმლოდ, უხილავად სუფევს თვით უფალი, როგორც მეუფე და მბრძანებელი ტაძრისა. მასთან მიახლება და ამბორი მხოლოდ ღვთისმსახურებისთვისაა დასაშვები. ტრაპეზზე სრულდება ზიარების საიდუმლო. მასზე აწყვია: ოდიკი, სახარება, წმინდა ჯვარი და სანაწილე.

ოდიკი სელის ან აბრეშუმის ქსოვილია, რომელზეც კუბოში მწოლიარე მაცხოვარია გამოხატული, აგრეთვე ოთხი მახარებელი და წამების იარაღები. ოდიკში წმინდანთა ნაწილებია. ოდიკის გარეშე, რომელიც მღვდელმთავრის მიერ უნდა იყოს ნაკურთხი, წირვის შესრულება არ შეიძლება. წმინდა ნაწილის ჩადება ოდიკში გვახსენებს იმას, რომ პირველი ქრისტიანები შეგროვდებოდნენ მოწამეების საფლავზე და ეზიარებოდნენ (წირვასაც ასრულებდნენ). ოდიკის შესახვეველი გვახსენებს იმ სუდარას, რომელშიც თვით იესო ქრისტე იყო შეხვეული დასაფლავების დროს.

სახარება ტრაპეზზე ნიშნავს თვითონ იესო ქრისტეს, როგორც ჭეშმარიტების მასწავლებელს.

ჯვარი ტრაპეზზე ასევე ნიშნავს ჯვარცმულ და ვნებულ იესო ქრისტეს.

სანაწილე არის ოქროს ან ვერცხლის ჭურჭელი - წმინდა ნაწილების შესანახად, რომელიც გამოიყენება სნეულთა საზიარებლად და პირველშეწირულის წირვისათვის. ის გვახსენებს იესო ქრისტეს საფლავსაც და ძველი აღთქმის კოლოფსაც, რომელშიც ზეციური მანანა ინახებოდა.

2) საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელთან არის ამაღლებული ადგილი, რომელსაც მაღალდასაჯდომელი ეწოდება. სიმბოლურად იგი ტაძარში იესო ქრისტეს სამყოფელს განასახიერებს.

3) სამკვეთლო საკურთხევლის ჩრდილოეთ ნაწილშია მოთავსებული. სამკვეთლო ეწოდება შესაფერისი სამოსლით შემკობილ მაგიდას, რომელზეც მზადდება პური და ღვინო ზიარებისთვის. სამკვეთლო ერთდროულად იმ გამოკვეთილ კლდესაც გვაგონებს, სადაც მაცხოვარი იშვა და იმ მთასაც (გოლგოთას), სადაც ევნო და ჯვარს ეცვა იგი.

4) სადიაკონო - საკურთხევლის სამხრეთ ნაწილშია მოთავსებული. აქ ინახავენ სამღვდელო შესამოსელს, საეკლესიო ჭურჭელსა და წიგნებს.

საკურთხეველი შუა ტაძრიდან კანკელითაა გამოყოფილი. კანკელის წინა, ამაღლებულ მხარეს ამბიონი ეწოდება. იგი შუა ტაძარზე რამდენიმე საფეხურითაა ამაღლებული. კანკელზე, წესისამებრ, სულ 4 ხატია დაბრძანებული: მარჯვენა მხარეს - მაცხოვრის, ხოლო მარცხენა მხარეს - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის. მაცხოვრის ხატის გვერდით დაბრძანებულია ხოლმე იმ წმინდანის ხატი, რომლის სახელზეცაა აგებული ტაძარი. ღვთისმშობლის ხატის გვერდით კი რომელიმე დიდი წმინდანის ხატს გამოსახავენ. კანკელის შუაში არის კარები, რომელსაც სამეუფო კარი ეწოდება. ამ კარით საკურთხეველში შესვლა მხოლოდ სასულიერო პირებს შეუძლიათ და ისიც მხოლოდ ღვთისმსახურების დროს.

სტოა ანუ კარიბჭე ტაძრის დასავლეთ ნაწილს ეწოდება. აქ წინათ დგებოდნენ ცოდვილნი და კათაკმეველნი (პირნი, რომლებიც მოსანათლად ემზადებოდნენ). აქ სრულდება ლიტია, ანუ პურის კურთხევის ლოცვა.
ბეჭდვა
1კ1