სეფისკვერი - "რჩეული პური"
სეფისკვერი - "რჩეული პური"
უდიდესი საიდუმლო, რაც კი დედამიწის ზურგზე აღესრულება, უფლის წმინდა სისხლთან და ხორცთან ზიარებაა. ევქარისტიის საიდუმლო წირვაზე სრულდება. ტრადიციულად, წირვის დაწყების წინ მართლმადიდებელი ქრისტიანები ტაძარში ვყიდულობთ სეფისკვერს და მოსახსენებელთან ერთად ვაგზავნით საკურთხეველში.

სეფისკვერი ანუ "სეფე კვერი", "რჩეული პური" საფუვრიანი ცომისგან გამომცხვარი ორნაწილიანი მრგვალი კვერია. სეფისკვერის ორი ნაწილი სიმბოლურად მაცხოვრის ორ ბუნებას - ღვთაებრივსა და კაცობრივს გამოხატავს. სეფისკვერის ზედა ნაწილზე გამოისახება ჯვარი წარწერით: "იესო ქრისტე ძლევაი". წარწერა ხუცურად სრულდება. სეფისკვერის სიმრგვალე სიმბოლურად ქრისტეში კაცობრიობის მარადიულობას გამოხატავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი მარადიული ცხოვრებისთვის არის შექმნილი.

სეფისკვერი რამდენიმე სახის არსებობს. წირვის აღსასრულებლად ხუთი დიდი სეფისკვერი მზადდება. თითოეულს თავისი მნიშვნელობა აქვს. წირვის პირველ ნაწილში, იმ დროს, როცა მედავითნე მესამე და მეექვსე ჟამის ლოცვებს კითხულობს, საკურთხეველში მღვდელი კვეთას ასრულებს - ხუთივე სეფისკვერიდან პატარა ნაწილებს ამოჭრის. ნაწილები ამოიღება სეფისკვერიდან, რომელიც სიმბოლურად განასახიერებს უფალ იესო ქრისტეს - ჩვენს გამოსახსნელად ჯვარცმულს, უფლისთვის შეწირულ ტარიგს. სწორედ ამ ნაწილებით ვიღებთ მართლმადიდებელი ქრისტიანები წმინდა ზიარებას ევქარისტიული კანონის აღსრულების შემდეგ. კვეთის დროს სამკვეთლოში, რომელიც საკურთხევლის მარჯვენა მხარეს წარმოადგენს, მღვდელი საგანგებო ლოცვებს აღავლენს. პირველი სეფისკვერის კვეთისას მოიხსენიება მაცხოვრის შობა, ჯვარცმა, ასევე წმინდა წერილის წინასწარმეტყველებანი და სწავლანი მაცხოვრის შესახებ. მეორე სეფისკვერიდან ამოიღება ნაწილები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე, მესამიდან - წინასწარმეტყველთა, მოციქულთა, მღვდელმთავართა, მოწამეთა, აღმსარებელთა და ყოველთა წმინდათა სახელზე, მეოთხიდან - ცოცხალთათვის, ხოლო მეხუთიდან - მიცვალებულთათვის.

ამავე დროს ხდება მორწმუნეთა მიერ შეგზავნილი პატარა სეფისკვერების კვეთა და მოსახსენებელში ჩამოწერილ მონათლულ ქრისტიანთა მოხსენიება. უნდა აღვნიშნოთ, რომ დედაეკლესია არ იხსენიებს მოუნათლავებს, თვითმკვლელებსა და მწვალებლებს. ყოველი სახელის მოხსენიების შემდეგ მღვდელმსახური ამოკვეთს სეფისკვერიდან ნაწილს და წარმოთქვამს შემდეგ სიტყვებს: "მოიხსენე, უფალო, (მიუთითებს ჩვენ მიერ ჩაწერილ სახელს)".

KARIBCHEამოკვეთილ ნაწილებს მღვდელმსახური ფეშხუმზე აწყობს. ასეთი თანმიმდევრობით დაწყობილი სეფისკვერების ნაწილები ქრისტეს ეკლესიის სიმბოლოა. "კვეთაზე ხდება განსახიერება ღვთის ტარიგისა ანუ იესო ქრისტეს გარშემო შეკრებილი მთელი ზეციური და მიწიერი ეკლესიისა. ტარიგისა, რომელმაც ამა სოფლის ცოდვები იტვირთა, - წერს წმინდა იოანე კრონშტადტელი, - რა ახლოს არიან ერთმანეთთან ზეცისა და მიწის მკვიდრნი, ღვთისმშობელი და ყველა წმინდანი, ჩვენ ყველანი, მართლმადიდებელი ქრისტიანები, როდესაც აღესრულება ღვთაებრივი, საყოველთაო ლიტურგია! ღმერთო ჩემო! რა ცხოველმყოფელი ერთობაა!"

სეფისკვერის შეწირვის ტრადიცია უძველესია. პირველ ქრისტიანებს წმინდა ლიტურგიაზე, ჩვეულებისამებრ, მღვდელმსახურთათვის განკუთვნილი პური და ღვინო მიჰქონდათ. წმინდა საიდუმლოთა შესრულებისთვის ერთი პურიც კმაროდა. "რამეთუ ერთ პურ და ერთ ხორც ჩუენ მრავალნი ესე ვართ, - წერს წმინდა პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ მიწერილ ეპისტოლეში, - რამეთუ ყოველთა ერთისა მისგან პურისა მოგუაქუს". რადგან ყველას სურდა, მის მიერ მირთმეული პური არჩეულიყო ტარიგად, ამიტომ დედაეკლესიამ დაადგინა, წმინდა შესაწირავისთვის საუკეთესო პური ამოერჩიათ, დანარჩენებისგან კი ამოეღოთ ნაწილები მათ შემწირველთა სახელების მოხსენიებით. წმინდა ლიტურგიის დასრულების შემდეგ ნაკვეთ პურებს ღვინოსთან ერთად გლახაკთათვის გამართულ საერთო ტრაპეზზე არიგებდნენ.

ამრიგად, პურის შეწირვა, პირველი საუკუნეებიდან მოყოლებული, ერთგვარი გამოხატულება იყო ქრისტესმიერი სიყვარულისა და კეთილმოღვაწეობისა.

დღეს სეფისკვერი შესაწირის სახეა. მას წირვის ბოლოს ურიგებენ მორწმუნეებს, მათ კი შინ მიაქვთ.

სეფისკვერი უზმოზე, დილის ლოცვის აღსრულების შემდეგ უნდა მივიღოთ - ჩვენი სულიერი და ხორციელი ჯანმრთელობისთვის. სეფისკვერისა და ნაკურთხი წყლის მიღებისთვის საგანგებო ლოცვაც არსებობს: "უფალო ღმერთო ჩემო, შენგან ბოძებული სეფისკვერი და წმიდაი წყალი ესე მექმნეს მე საკურნებელად სულისა და ხორცისა, მოსატევებელად ცოდვათა ჩემთა, განსანათლებელად გონებისა და გულისა ჩემისა, აურაცხელითა მოწყალებითა შენითა და ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათა შენთათა. ამინ". ამის შემდეგ მივიღებთ სეფისკვერსა და ნაკურთხ წყალს.

არსებობს სეფისკვერის სხვა სახეობაც - არტოსი. ეს არის დიდი სეფისკვერი, რომელიც მთელი ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში აღსავლის კარებშია დაბრძანებული და უდიდეს მაკურთხებელ ძალას იძენს, თომას კვირას კი წირვის შემდეგ ურიგდება მორწმუნეებს. მისი მიღება შეიძლება ავადმყოფობის ან დიდი სულიერი განსაცდელის ჟამს.

შინ წმინდა სეფისკვერს, არტოსსა და ნაკურთხ წყალს ხატების კუთხესთან ვინახავთ.
ბეჭდვა
1კ1