მღვდელი სნეულის სარეცელთან
მღვდელი სნეულის სარეცელთან
არქიმანდრიტ კვიპრიანე კერნის
სნეულის სარეცელთან ნათქვამი აღსარება, როგორც წესი, ყოველთვის მძაფრია ხოლმე, ვიდრე ჩვეულ გარემოში აღმოთქმული. ავადმყოფობა ხშირად მოალბობს კაცის გულს და ამდაბლებს მის სიამაყესა და თავდაჯერებულობას, რის შედეგადაც ავადმყოფი ადვილად შეისმენს მოძღვრის რჩევა-დარიგებას...

ხშირად ადამიანი სარეცელზეღა, მიწიერი ცხოვრების უკანასკნელ დღეებში ფიქრდება სერიოზულად სარწმუნოებაზე, სინდისი ქენჯნის და ნაგვიანევი სინანული იპყრობს ამაოდ წასული ცხოვრების გამო...

თუმცა ზოგჯერ სხვაგვარადაც ხდება - ავადმყოფობას კაცი უბრალოებით იღებს და თავმდაბლად აცნობიერებს, რომ, ალბათ, ასეა საჭირო, სინანული იპყრობს და ცდილობს, უკანასკნელ წუთებსა თუ დღეებში მაინც განიწმინდოს მშფოთვარე სინდისი... დახმარებას ითხოვს, მოძღვრის თითოეულ სიტყვას ისე იჭერს, როგორც ზეგარდამო მოვლენილს, რჩევა-დარიგებას ელის და სიკვდილის საშინელი ჟამისთვის მზადება სურს და თუ კაცს სიკვდილი მდაბალს, მოკრძალებულსა და გულგახსნილს მოუსწრებს, ამგვარ მომაკვდავს მოძღვარი, შესაძლოა, გამოკვეთილადაც ესაუბროს მომავალ ცხოვრებაზე და არც მისი დამშვიდება სცადოს სწრაფად გამოჯანსაღების იმედით.

სნეულთან შესაძლებელია და საჭიროც კი სიკვდილისათვის მოსამზადებელი საუბარი. მოძღვარმა იგი იმედითა და რწმენით უნდა აღავსოს, შეახსენოს ღვთის გულმოწყალება, რომელიც ყოველივეს გადაფარავს და შთააგონოს, რომ შორეულ და უცხო ქვეყანაში კი არა, მოყვარულ მამასთან ზეციურ სამშობლოში ელის დაბრუნება. ასეთ ჟამს ნაკლებად უნდა წარმოითქვას უსიამო სიტყვები მარადიული ტანჯვის, საშინელი სამსჯავროსა და გარდაუვალ საზვერეთა შესახებ. სიკვდილისწინა მძიმე წუთებში მეტი ნუგეშია საჭირო სნეულისა. ასეთ დროს კარგი იქნება, თუ მოძღვარი სნეულს კეთილზნეობრივ მოღვაწეთა შესახებ მოუთხრობს, ადვილად და უშფოთველად რომ მიიცვალნენ.

მღვდელმსახური მოწოდებულია, მომაკვდავს ყველანაირად შეუმსუბუქოს მწუხარება და იმედი მისცეს, იმის მიუხედავად, თუ რაოდენ მძიმე იყო მისი უკანასკნელი აღსარება. ძალზე კარგია, თუ მღვდელმსახური იმგვარად შეძლებს სნეულის გულის მოლბობას, რომ ეს უკანასკნელი ავადმყოფობის ჟამს რამდენიმეგზის ეზიარება.

თუმცა, სამწუხაროდ, ხანდახან საპირისპირო სურათის მოწმენიც ვხდებით და მღვდელმსახური ავადმყოფის სრულ სულიერ სიყრუეს აწყდება... ახალგაზრდობისდროინდელი მავნე ზეგავლენა, ლიბერალიზმითა და მატერიალიზმით გატაცება (ზოგჯერ - ოკულტიზმითა და თეოსოფიური დოქტრინებითაც კი), არაეკლესიურობა, გარყვნილი ცხოვრება და ცოდვები იმდენად ლახავს ადამიანში ღვთის ხატებას, რომ სიკვდილისწინა სნეულება მისთვის მხოლოდ უაზრო სატანჯველად იქცევა, თავად სიკვდილი კი - ოდენ ფიზიკურ მოვლენად. ხშირად ამგვარ ადამიანებში სხვების მიმართ თავშეუკავებელი გაბოროტება იღვიძებს, - გარდაუვალი აღსასრული მათ უსუსურ მრისხანებაში აგდებს და ჯანმრთელი ადამიანებისადმი შურსა და სიძულვილს აგრძნობინებს. წლების მანძილზე ჩაწიხლული სინდისი სულიერს ვეღარაფერს შეიგრძნობს და ვეღარც სასულიერო პირის ხმა აღწევს მის გულამდე. ამგვარ სულიერ მდგომარეობაში მყოფთ სურვილი უჩნდებათ, მღვდელმსახურს რაიმე შეურაცხმყოფელი უთხრან, ან, უკეთეს შემთხვევაში, სარკასტულად ჩაიქირქილონ, რომ სულიერი ნუგეში, ზიარება და აღსარება მის საზრუნავთა შორის უკანასკნელ ადგილს იკავებს და რომ დიდი ხანია, აღარაფერი ესაქმება ღმერთთან, ეკლესიასა და მოძღვრებთან... ასეთ უბედურ ადამიანებზე სასულიერო პირმა განსაკუთრებულად უნდა ილოცოს და უფალს მათი სასწაულებრივი მოქცევა უკანასკნელ წუთს მაინც შეჰვედროს, იმედი არ დაკარგოს და ასეთი ავადმყოფები ხშირად მოინახულოს, მაგრამ ერთი პირობით: განსაკუთრებულად უნდა გაფრთხილდეს და თავი არ მოაბეზროს, რათა კიდევ ერთი საბაბი არ მისცეს სიწმინდეთა შეურაცხოფისა და გაბოროტებისა.

ზოგადად, მღვდელმსახური ავადმყოფთან განსაკუთრებულად ტაქტიანი უნდა იყოს, გაესაუბროს ავადმყოფობის, საერთო განწყობის, ამა თუ იმ საყოფაცხოვრებო საკითხების შესახებ და ჰკითხოს, ხომ არ საჭიროებს იგი მატერიალურ დახმარებას, შემდეგ დაეკითხოს, ხომ არ სურს ლოცვა, აღსარება და ზიარება.

ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მოძღვარს სიბრძნე და ტაქტი მართებს. სნეულნი ხშირად ეჭვიანნი არიან და ეშინიათ, რადგან ჰგონიათ, რომ ზიარება მოახლოებული სიკვდილის ნიშანია, რასაც მოძღვარმა ანგარიში უცილობლად უნდა გაუწიოს. რელიგიური ცხოვრება ვინმეზე ძალდატანებას გამორიცხავს, თუმცა შეგონებები შესაფერის დროს აუცილებელია.

სასულიერო პირს დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება, თუკი ვინმე მისი სამწყსოდან აღსარების გარეშე, უზიარებელი გავა ამ სოფლიდან. ამიტომაც მოძღვარი ფრთხილად, დელიკატურად და დაშინების გარეშე უნდა ეცადოს, რომ ავადმყოფებმა თავად მიმართონ დახმარების სათხოვნელად, იყოს სახარებისეული სიხარულისა და ნათლის მღაღადებელი, ელტვოდეს ინკვიზიტორულ სისასტიკეს, ცოდვას იურიდიულად არ მიუდგეს და ადამიანთა უძლურებისადმი მამხილებელი არ იყოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს იგი, უკანასკნელი წუთები შეუმსუბუქოს მომაკვდავს და ქრისტეს ნათელს აზიაროს.

არქიმანდრიტ კვიპრიანე კერნის მიხედვით მოამზადა
მანანა ტუაევამ
ბეჭდვა
1კ1