სწორედ ამ განცდით უნდა ვეზიარებოდეთ
სწორედ ამ განცდით უნდა ვეზიარებოდეთ
წმინდა ზიარება ანუ ევქარისტია მადლიერებას ნიშნავს (ბერძნ. ევქარისტოს - სამადლობელი, მადლობა). ასე უნდა გვესმდეს, ვაცნობიერებდეთ და შევიგრძნობდეთ ამ უდიდეს საიდუმლოს, რომელიც ჩვენ, ადამიანებს, მოგვეცა უფლის უსაზღვრო სიყვარულის გამო. როცა ვეზიარებით, უპირველესად უფლის მიმართ ნდობა უნდა გაგვაჩნდეს. ეს მის მიერ დაწესებული საიდუმლოა, მისი უკანასკნელი ანდერძი. უფალმა განსაკუთრებულად აკურთხა პური და ღვინო, აჭამა მოციქულებს და უთხრა, ჩემს მოსახსენებლად ეს ყოველთვის გააკეთეთო. ამ ანდერძს უტოვებს უფალი გეთსემანიის ბაღში გასვლამდე თავის უახლოეს, ერთგულ მეგობრებს, ხოლო მათი სახით - თითოეულ ჩვენგანს. თუ ამას არ შევასრულებთ, უფლება არ გვექნება ვთქვათ, რომ უფალი გვიყვარს ან მისი მადლიერნი ვართ, არადა უფალს ყველაფრისთვის უნდა ვმადლობდეთ, მით უმეტეს, როდესაც თვითონ უფალი თავისი სისხლით და ხორცით შემოდის თითოეულ ჩვენგანში, როცა ვეზიარებით.

ზიარების საიდუმლო იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ უფალი უცილობელ პირობად დებს მასში მონაწილეობას, რათა ის ჩვენთან იყოს და ჩვენ - მასთან. მართალია, ღმერთი ყველგანმყოფი, დროსა და სივრცეში შემოუსაზღვრავი არსებაა, მაგრამ მასთან ყოფნისთვის ეს გარეგნული, მაგრამ აუცილებელი მხარე სავალდებულოა. უფალი ამბობს, რომ ზიარების გარეშე სიყვარული, მადლიერება, სინანული და, შესაბამისად, ცხონება შეუძლებელია. თუ ადამიანი შეგნებულად უარყოფს ამ საიდუმლოს, ვერ გადარჩება. ამასვე მოწმობს პავლე მოციქულის სიტყვები: გამოვიძიოთ საკუთარი თავი და ისე მივიღოთ წმინდა ზიარება, რამეთუ მათგან, ვინც უღირსად ან უმადურად მიიღებს, ზოგიერთი ავადდება, ზოგი კი კვდება კიდეც. იგი ხაზს უსვამს, რომ ზიარება სიმბოლო კი არა, რეალური ურთიერთობაა ღმერთთან, რომლის საშუალებითაც უფალი ჩვენში შემოდის. ზოგიერთი წმინდა მამა კითხულობს, - მოციქულებს შიშით გული როგორ არ უსკდებოდათ, როცა სამყაროს შემოქმედს ეხებოდნენო. ეს ვერც მათ გააცნობიერეს. როცა ვეზიარებით, არათუ ვეხებით, არამედ ჩვენს წიაღში ვიღებთ მას, ვინც მთელი ქვეყნიერება შექმნა. ეს დიდი და შემაძრწუნებელი საიდუმლოა. ფაქტობრივად, ევქარისტიის დროს იმავე პატივში ვიმყოფებით, რაც მოციქულებს ჰქონდათ. ხშირად იტყვიან, ნეტავ იმ დროს გვეცხოვრა, როცა უფალი ხორციელად იყო მოსულიო. რა განსხვავებაა, ჩვენც მასთან შეხების იგივე პატივი გვაქვს, ჩვენც საიდუმლო სერობაზე ვიმყოფებით, მოციქულებთან ერთად მას კვლავ ვეზიარებით. მთავარი ამ უდიდესი პატივის დანახვა და მადლიერებით მიღებაა. უფალი მოციქულებს ჯვარცმამდე აზიარებს. ამით მიგვანიშნებს, რომ საკუთარი ნებით ავიდა ჯვარზე. ეს წინასწარმეტყველება იყო, მოციქულებს ამცნო, რომ იგი მათთვის დაიკვლებოდა, რითაც წინასწარ დაუწესა ევქარისტიის საიდუმლო.

ადამიანი ყოველთვის პასუხისმგებელია ღვთის წინაშე, მაგრამ როცა იგი მონაწილეობს ევქარისტიის საიდუმლოში და ეზიარება, მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება. ყოველი მაზიარებელი ქრისტეს ნაწილი ხდება. ხშირად ტაძარში შესვლა ეკლესიაში შესვლასთანაა გაიგივებული, მაგრამ ასე არ არის. ეკლესიაში შესვლა მხოლოდ წმინდა ზიარებითაა შესაძლებელი, მხოლოდ ასე ხდება ადამიანის ეკლესიის ცოცხალი ნაწილი. წმინდა პავლე მოციქული ეკლესიას ქრისტეს ცოცხალ ორგანიზმად მოიაზრებს, სადაც ადამიანები ქრისტეს სისხლითა და ხორცით ვუკავშირდებით უფალსა და ერთმანეთს. ადამიანის მიერ ჩადენილი ცოდვა ქრისტეს უშუალო შეურაცხყოფაა და მას უფრო ამძიმებს უმადურობა. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. ყოველი მაზიარებელი ადამიანი გოლგოთაზეა, უფლის ჯვარცმასთან, და არჩევანს აკეთებს: ან უფალთანაა, მის ტკივილებს იზიარებს, მზადაა, თვითონაც თავი გაწიროს უფლისთვის, ან იუდასთან, ჯვარმცმელებთან და გულგრილებთან იმყოფება; უმადურობით ამ ადამიანთა რიგში ანუ ქრისტეს უარმყოფელთა შორის დგება. იუდასთან ყოფნა იმას ნიშნავს, რომ ადამიანი უფალთან მიწიერი მიზნების გამო მიდის, ანგარებით იწყებს ქრისტიანულ ცხოვრებას - ან ჯანმრთელობას ელის, ან კეთილდღეობას, ან სამსახურს, ან ხელის მომართვას, ან ბედის გაღიმებას. შეურაცხყოფს უფალს ცხოვრების წესით, რომელიც უმადურებითაა აღსავსე, მით უარესი, თუ გარეგნულად ქრისტიანულად ცხოვრობს. გულგრილი ადამიანი კი საიდუმლოს რიტუალად გადააქცევს, მასში ღვთის სიყვარული და მადლიერება არ ანთია.

ჩვენ გულმხურვალენი უნდა ვიყოთ, ვტიროდეთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან, იოანე მახარებელთან ერთად, რომლებიც უფლის ჯვარცმასთან იდგნენ და, რაც მთავარია, მადლიერებით აღვსილნი, რომ უფალთან ზიარების ღირსნი შევიქმენით. სწორედ ამ განცდით უნდა ვეზიარებოდეთ. ევქარისტიულ საიდუმლოში მონაწილეობა ყოველთვის გოლგოთის მსხვერპლის წინაშე დგომაა, უდიდესი პასუხისმგებლობაა, იღებ ქრისტეს ხორცსა და სისხლს და თავადაც მზად უნდა იყო, უფლისთვის, მისი მცნების აღსრულებისა და ადამიანის სიყვარულისთვის სისხლი დაღვარო. თუკი შეძლებისდაგვარად გავიაზრებთ და გავაცნობიერებთ ევქარისტიის მიუწვდომელ საიდუმლოებებს და უფლის მცნებათაებრ მოვიქცევით, თუკი, უფლის სიყვარულით, ცხოვლად გამოვავლენთ მადლიერების გრძნობას, ეს ნიშნავს, რომ ქრისტიანული წესით ვცხოვრობთ და ვადგავართ იმ გზას, რომელსაც საუკუნო სიცოცხლეში შევყავართ.

მოამზადა დიაკონმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1