პირველად წყალი მაშინ იკურთხა, როცა მაცხოვარმა იორდანეში ნათელიღო
პირველად წყალი მაშინ იკურთხა, როცა მაცხოვარმა იორდანეში ნათელიღო
შვიდი მთავარი საეკლესიო საიდუმლოს გარდა არსებობს მცირე საიდუმლოებანიც, თუმცა კი, ღვთის მადლით, არანაკლებ ძალმოსილნი. ასეთი გახლავთ დიდი აიაზმის წესით წყლის კურთხევა, რომელიც დედაეკლესიამ ნათლისღების მწუხრზე დააწესა. ამ დროს უბრალო წყალი მღვდლის ლოცვის მეოხებით განიწმინდება და სასწაულებრივ ძალას იძენს. მისდამი მართლმადიდებლებს განსაკუთრებული სასოება აქვთ. ყოველ დილით, როდესაც უფლის სისხლსა და ხორცს არ ეზიარებიან, დიდი აიაზმის წყალს მოსვამენ, რათა სულიერად არ მოუძლურდნენ.

საერთოდ, პირველად წყალი მაშინ იკურთხა, როდესაც უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ იორდანეში ნათელიღო. წყალმა სულიწმინდის მადლით მიიღო ბუნება სიწმინდისა და მარადიულობისა. თავის დროზე საკვირველი ნათლისღება იესო ქრისტესი საჭირო იყო ადამიანთა განწმენდისა და რწმენაში განმტკიცებისათვის. დღესაც იგივე მნიშვნელობა აქვს მას ჩვენთვის. დღეს ქრისტეს მიერ ისევ იკურთხება წყალი მორწმუნეთათვის, დღეს კვლავ ხდება ჩვენს თვალწინ დიდი სასწაული, უბრალო წყალი გახდება განსაკუთრებული, რომელსაც ვერას დააკლებს დრო და ჟამი. ჩვეულებრივი წყალი რამდენიმე დღითაც ძნელად ინახება, ნაკურთხი წყალი კი შეიძლება შევინახოთ წლობით და ისეთივე კამკამა იქნება. ეს არის ღვთის დიდი წყალობა, რაც უტყვი ნიშანია იმისა, რომ უფალი დღესაც ზრუნავს ჩვენზე.

ნათლობის საიდუმლოს შესასრულებლად აუცილებელია სწორედ წყალი, რომელშიც მოსანათლი სამგზის უნდა შთაფლას სასულიერო პირმა. თავად მაცხოვარი ბრძანებს: ,,უკეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფეველსა ღვთისასა" (იოან. 3,5). ნათლობისას ნაკურთხი წყლით სავსე ემბაზიდან სულიერად იშვება ახალი ადამიანი, რომელიც იღებს შენდობას პირველქმნილი ცოდვისა. სწორედ ამ დროს, ნათლისღებისას, ღმერთი ადამიანს უდგენს მფარველ ანგელოზს.

რატომ ამბობენ, რომ იმ წმინდანის ხსენების დღე, რომლის სახელსაც არქმევენ ახალმონათლულს, მისი მფარველი ანგელოზის დღეც არისო? საერთოდ, ახალმონათლულისათვის სახელის დარქმევას დიდი მნიშვნელობა აქვს. წმინდა მამები ბავშვის აღზრდაში დიდ ყურადღებას ანიჭებენ სახელის დარქმევას. წმინდა იოანე ოქროპირი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ახალმონათლულ ბავშვს რომელიმე ქრისტიანი წმინდანის პატივსაცემად დავარქვათ სახელი. წმინდა მამის თქმით, ბავშვს მუდამ თვალწინ ექნება წმინდანის მაგალითი და იმის სურვილი აღეძვრება, რომ მიბაძოს მას.

წმინდანის სახელის დარქმევის შემდეგ ეს წმინდანი ხდება ახალმონათლულის განსაკუთრებული მფარველი და მეოხი, ანუ ლოცვით შუამდგომელი ღვთის წინაშე. მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნათლისღებისას ყოველ ადამიანს უფალი ანგელოზს მიუჩენს ხოლმე. ამ ანგელოზს მფარველი ანგელოზი ჰქვია.

მაშასადამე, წმინდანიც მფარველია და ანგელოზიც მფარველია ქრისტიანისთვის. ამ მიზეზითაა, რომ წმინდანის ხსენების დღეს, რომლის სახელიც ჰქვია მონათლულს, მფარველი ანგელოზის დღესაც ეძახიან.

კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ მფარველ წმინდანს პირობითად ეწოდება მფარველი ანგელოზი. სინამდვილეში, წმინდანი იმიტომ მფარველობს ქრისტიანს, რომ მას ნათლობით აქვს მინიჭებული ამ წმინდანის სახელი. მონათლული თავისი სულიერი შობის შემდეგ გახდა ამ წმინდანის თანამოსახელე. მფარველი ანგელოზი კი ღვთისაგან დადგენილი ის ანგელოზია, რომელიც ნათლისღების წმინდა საიდუმლოს აღსრულებით მიეკუთვნა მას, რათა ამ ზეციურმა უხორცო არსებამ დღედაღამ დაიფაროს ნათელღებული და დაიცვას ბოროტისგან, განსაცდელისგან, მშვიდობა მისცეს და გააძლიეროს იგი, ნათელი მოჰფინოს მის სულს, გულსა და გონებას. განკითხვის დღესაც მფარველი ანგელოზი გვიცავს და გვაძლიერებს სხვა უხორცო ანგელოზებთან ერთად. ჩვენი მფარველი ანგელოზიც ევედრება ზეციურ მეუფეს, რომ მოწყალე იყოს ჩვენს მიმართ, მოგვიტევოს შეცოდებანი, რათა საუკუნო სატანჯველს ავცდეთ და ვეღირსოთ მარადიულ ნეტარებას - ცათა სასუფეველს.

აი, როგორ მფარველობს და შეეწევა ქრისტიანს ის ანგელოზი, რომელსაც ჩვენი მზრუნველი უფალი ღმერთი ნათლობისას დაუდგენს ხოლმე მას.
ბეჭდვა
1კ1