რატომ ადგამენ გვირგვინებს ნეფე-პატარძალს ჯვრისწერის საიდუმლოს აღსრულებისას
რატომ ადგამენ გვირგვინებს ნეფე-პატარძალს ჯვრისწერის საიდუმლოს აღსრულებისას
რა უნდა ვიცოდეთ ჯვრისწერის შესახებ?
როცა ქალი და მამაკაცი თანაცხოვრებას გადაწყვეტენ, ვალდებულნი არიან, ჯვარი დაიწერონ - მხოლოდ ასე იქნება ღვთის წინაშე მართალი მათი ცოლქმრობა.

ქალსა და მამაკაცს შორის კავშირი, ქორწინება ჯერ კიდევ პირველ ადამიანთა მიწიერ სამოთხეში ყოფნის ჟამს აკურთხა და დაადგინა უფალმა, როდესაც ადამს ცოლი მიჰგვარა და უთხრა: აღორძინდით, გამრავლდით და აღავსეთ ქვეყანაო. სწორედ შვილთა სხმაა მთავარი მიზანი დაქორწინებისა, რასაც ვერც ქალი და ვერც მამაკაცი ცალ-ცალკე ვერ აღასრულებს.

ქორწინება ახალ აღთქმაში საიდუმლოს სახით დაწესდა. ქორწინების საიდუმლო, რომელსაც ჯვრისწერადაც მოვიხსენიებთ, თავად უფალმა იესო ქრისტემ აკურთხა. ეს უდიდესი საიდუმლოა. მისი აღსრულებისას მომავალ მეუღლეებზე უხილავად გადმოდის სულიწმინდის მადლი, რომლის ძალითაც მათი ოჯახური ცხოვრება იკურთხება და განიწმინდება. მეუღლეებს ეძლევათ ძალა ქრისტეს მცნებებით ცხოვრებისა, გამრავლებისა და შვილების ქრისტიანულად აღზრდისა.

ჯვრისწერის წესის შესახებ გვესაუბრება ურბნისისა და რუისის ეპარქიის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის იღუმენი იოანე (თედეევი).

- ჯვრისწერა, ქორწინება ერთ-ერთი საეკლესიო საიდუმლოა, რომელიც ღმერთმა დაადგინა. სახარებიდან ვიცით, რომ მაცხოვარი გალილეის კანაში ქორწილში მიბრძანდა. ეს იყო ნიშანი ქორწინების ღვთისგან კურთხევისა. ასე დაედო დასაბამი ქორწინების საიდუმლოს ახალი აღთქმის ეკლესიაში, თორემ ცოლქმრული კავშირი ადამიანის შექმნის დროიდანვე აკურთხა და დაადგინა ღმერთმა.

დაოჯახება და გამრავლება უფალმა უნდა აკურთხოს. ქრისტეს ეკლესიაში ეს ჯვრისწერის საიდუმლოს მეშვეობით ხდება. "რომელნი-იგი ღმერთმა შეაუღლნა, კაცნი ნუ განაშორებენო", - ბრძანებს უფალი ჯვარდაწერილ მეუღლეთა შესახებ.

"საიდუმლო ესე დიდ არსო", - გვასწავლის პავლე მოციქული. მართლაც უდიდესია საიდუმლო ქორწინებისა, რადგან მისი მეშვეობით ორი ადამიანი ერთ ხორცად, ერთ სხეულად იქცევა. თუმცა რამდენიც უნდა ვისაუბროთ, საიდუმლოს არსს სრულად მაინც ვერ ჩავწვდებით, მაგრამ რადგან ვიცით, რომ ღმერთმა დაადგინა იგი, ჯვარი აუცილებლად უნდა დავიწეროთ.

- ჯვრისწერას წინ წინდობა უსწრებს. რა მნიშვნელობა აქვს მას?

- წინდობა საეკლესიო წესია, რომელიც ჯვრისწერამდე რამდენიმე დღით ადრე სრულდება. ამ დროს აღევლინება საგანგებო ლოცვები დასაქორწინებელი წყვილის დასალოცად. წინდობის - ნიშნობის შემდგომ ქორწინებამდე დაწინდულნი ცალ-ცალკე, თავ-თავიანთ ოჯახში აგრძელებენ ცხოვრებას.

დაწინდვისას ახლობლებსა და ნათესავებს განეცხადებათ, რომ წყვილს ოჯახის შექმნა აქვს გადაწყვეტილი. ამასთანავე, ეს არის ერთგვარი მოსამზადებელი პერიოდი, რათა დასაქორწინებლებმა კარგად გაიცნონ ერთმანეთი, დაფიქრდნენ და გადაწყვიტონ, სურთ თუ არა ერთად ცხოვრება და შეძლებენ თუ არა ამას. დღეს, იმის გამო, რომ ერი სათანადო სულიერ სიმაღლეზე არ დგას და ბევრმა წყვილმა არც კი იცის წინდობის შესახებ, შესაბამისად, არც წინდობის აღსასრულებლად მიმართავენ მოძღვარს. ამიტომ წინდობა და ჯვრისწერა ძირითადად ერთ დღეს სრულდება - ეს წესი წინ უსწრებს ქორწინების საიდუმლოს.

ძველად კი წინდობა და ჯვრისწერა სხვადასხვა დღეს სრულდებოდა. თუკი დასაქორწინებელ წყვილს დღესაც სურს, ასე მოიქცეს, შეუძლიათ ჯერ დაიწინდონ, ჯვარი კი გარკვეული დროის შემდეგ დაიწერონ.

- დანიშვნა დღეს, ჩვეულებრივ, საერო წესით ხდება.

- ეს ისევ და ისევ სულიერი, საეკლესიო განათლების სიმწირის ბრალია.

წესი საერო ნიშნობისა სწორედ საეკლესიო წინდობის წესიდან მომდინარეობს. ამიტომ მათი არსიც და დანიშნულებაც ერთია, მაგრამ საერო ნიშნობა ყველაზე მთავარს - საეკლესიო ლოცვებსაა მოკლებული.

- აუცილებელია თუ არა მშობლების თანხმობა და კურთხევა ჯვრისწერის აღსასრულებლად?

- ჯვრისწერის მსახურების შესრულებისას საიდუმლო ლოცვებს შორის წარმოითქმის: "მოიხსენე, უფალო, გამზრდელნი ამათნი და მშობელნი, რამეთუ ლოცვითა მშობელთათა დაემტკიცების საფუძველი სახლთა". ეს კი ნიშნავს, რომ მშობლების თანხმობითა და ლოცვა-კურთხევით ოჯახის შექმნას უდიდესი ძალა და მნიშვნელობა აქვს.

ზოგჯერ ურწმუნო მშობელი უარყოფს ღმერთსაც და ეკლესიასაც და ამ მიზეზით ეწინააღმდეგება ჯვრისწერას, ან რაიმე საერო მოსაზრებით არ თანხმდება შვილის დაქორწინებაზე. ასეთ დროს მოძღვარი გადაწყვეტს, უგულებელყოს თუ არა მშობლების კურთხევა.

- როგორ უნდა მოვემზადოთ ჯვრისწერისთვის?

- უპირველესად, უნდა გავაცნობიეროთ, რა მნიშვნელობა აქვს ჯვრისწერას, რაში მდგომარეობს ამ საიდუმლოს არსი. ჯვრისწერამდე ადამიანმა, მოძღვრის კურთხევით, გაძლიერებულად უნდა ილოცოს, წინა დღეს კი აღსარება თქვას და ეზიაროს, - ამას დიდი ძალა აქვს, - მაგრამ თუკი დასაოჯახებელი წყვილი ეკლესიურად არ ცხოვრობს, ეკლესია არც ასეთ შემთხვევაში ამბობს უარს ქორწინების საიდუმლოს აღსრულებაზე. გულმოწყალე უფალი დაელოდება მათ ღვთისა და ეკლესიისკენ შემობრუნებას. მთავარია, ოჯახი ჯვარდაუწერლად არ შეიქმნას.

- როდესაც ჯვრისწერას გადავწყვეტთ, მეჯვარეს ვირჩევთ. რა მოვალეობები აქვს მას?

- მეჯვარე მოწმეა. ის ამოწმებს, რომ წყვილს ნამდვილად ურთიერთსიყვარულის საფუძველზე აქვს გადაწყვეტილი დაქორწინება და მათ დაოჯახებას არც სხვა რამ აბრკოლებს. ამასთანავე, ერთგვარ ვალდებულებასაც იღებს, იზრუნოს ჯვარდაწერილი წყვილის ოჯახური ცხოვრების სწორად წარმართვაზე. თუკი რაიმე პრობლემა გაუჩნდებათ, სერიოზული დაბრკოლება შეხვდებათ, მათი ურთიერთობის მოსაგვარებლად მეჯვარემ სასურველია მოძღვარს მიმართოს რჩევისთვის და მისი კურთხევისაებრ იმოქმედოს. ამდენად, კარგი იქნება, თუ მეჯვარედ ეკლესიურ ადამიანს შევარჩევთ.

- აუცილებელია, მეჯვარე დაუქორწინებელი იყოს?

- პირიქით, ძველი ქრისტიანები მეჯვარედ დაოჯახებულ ადამიანს ირჩევდნენ, რომელსაც ოჯახური ცხოვრების გამოცდილება ჰქონდა.

- არსებობს მოსაზრება, თითქოს მეჯვარეებმა აუცილებლად უნდა მონათლონ იმ წყვილის შვილი, რომლის მეჯვარეებიც იყვნენ...

- თუკი სურვილი გვაქვს, შეგვიძლია, ასეც მოვიქცეთ, მაგრამ ეს აუცილებელი არ არის.

- შეიძლება თუ არა მეჯვარეების დაქორწინება?

- მეჯვარეებს დაქორწინება არ ეკრძალებათ. ცხადია, თუკი მათ შორის ნათესაური კავშირი არ არსებობს ან ერთი და იმავე ბავშვის ნათლიები არ არიან.

- რა მნიშვნელობა აქვს ჯვრისწერის ბეჭედს?

- ბეჭედი ჯვარდაწერილთა შორის განუწყვეტელი კავშირის სიმბოლოა. ბეჭდების გაცვლა კი მეუღლეთა შორის ურთიერთსიყვარულისა და ურთიერთთანადგომის, ჭირსა და ლხინში, წუხარებასა და განსაცდელში თანაზიარების ნიშნად ხდება.

- აუცილებელია თუ არა, საქორწინო ბეჭედი სარძლოს სასიძომ შეუძინოს და პირიქით?

- არ არის აუცილებელი. შეიძლება, ორივე ბეჭედი სასიძომ შეიძინოს.

- რატომ ადგამენ გვირგვინებს ნეფე-პატარძალს ჯვრისწერის საიდუმლოს აღსრულებისას?

- წმინდა წერილიდან ვიცით, რომ შემოქმედმა ადამი და ევა ყოველივეს მეუფედ დაადგინა. ჯვრისწერის გვირგვინებიც მეფობის გვირგვინებია, ადამიანთა მოდგმა, მისი მეუფება ხომ სწორედ ქორწინების შედეგად უნდა გაგრძელდეს.

გვირგვინი ნიშანია ასევე ვნებების ძლევისა, მათზე გამარჯვებისა. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს ცოლ-ქმარი ოჯახური ცხოვრების სიწმინდით გავლას. ამდენად, გვირგვინები ჯვარდაწერილებს ვნებების ძლევასა და ერთობლივი ცხოვრების სიწმინდით, უფლის მცნებათა დაცვა-აღსრულებით გავლასაც შეახსენებს.

- რა დანიშნულება აქვს საერთო თასიდან ღვინის ხმევას და რატომ იკურთხება ღვინო ქორწინების საიდუმლოს აღსრულებისას?

- საერთო თასიდან ღვინის ხმევაც ურთიერთსიყვარულისა და სიხარულსა და მწუხარებაში ურთიერთთანადგომის პირობის დადების სიმბოლოა. ღვინის კურთხევა კი იესო ქრისტეს მიერ ქმნილი პირველი სასწაულის - წყლის ღვინოდ გადაქცევის მოსახსენებლად ხდება, რომელიც მან ქორწილში სტუმრობისას მოახდინა.

- რას მიანიშნებს ანალოღიის ირგვლივ შემოვლა?

- წრიული სიარული მარადიულ ურთიერთთანაცხოვრებით სიარულს აღნიშნავს, რომელსაც ჯვარდაწერილი წყვილი ამ დღეს იწყებს.

- აუცილებელია თუ არა, ჯვრისწერისას საპატარძლოს თეთრი კაბა ემოსოს?

- რადგან თეთრი ფერი სიწმინდის, სისპეტაკისა და მხიარულების სიმბოლოა, საპატარძლო კი წმინდა და სპეტაკი უნდა ჩაბარდეს სასიძოს, ჯვარდაწერილებმაც სიწმინდითა და სისპეტაკით უნდა განვლონ ცხოვრება, ამის ნიშნად ქორწინებისას თეთრით შემოსვა ერთგვარ ტრადიციად იქცა. თანაც ქორწილი ხომ სიხარულის ჟამია.

- შეიძლება თუ არა ქორწინების საიდუმლოს აღსრულება, როდესაც საპატარძლოს ან მეჯვარეს დედათა წესი აქვს?

- ასეთ დროს ქორწინების საიდუმლო არ აღესრულება.

- როდის არ შეიძლება ჯვრისწერა?

- კანონიკური წესის თანახმად, ჯვრისწერა არ სრულდება მარხვებისა და მსგეფსის (ხსნილის) დღეებში, სამშაბათსა და ხუთშაბათს (ოთხშაბათისა და პარასკევის მარხვების წინა დღეებში), ასევე დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე. წესით, ჯვრისწერა არც შაბათს უნდა შესრულდეს.

თუკი ადამიანი სიკვდილის საფრთხის წინაშე დგას და ჯვრისწერას ითხოვს ან უცხოეთში მიემგზავრება და სურს, თავის სამშობლოში მართლმადიდებლური წესით იქორწინოს, ეკლესია ასეთ შემთხვევაშიც უშვებს იკონომიურ წესს, თუნდაც ეს დღე ყველაზე მძიმე მარხვის - დიდმარხვის პერიოდს დაემთხვეს.

- რატომაა აკრძალული ჯვრისწერა მარხვისა და მსგეფსის დღეებში?

- მარხვა გაძლიერებული სინანულის, საკუთარი თავის განჩხრეკის, ცოდვათა გამოკვლევის და მათ გამო გლოვისა და ტირილის დროა. ამ პერიოდში ადამიანმა მომეტებულად უნდა იზრუნოს ცოდვათაგან განწმენდაზე. მსგეფსი - ხსნილი კი წინ უსწრებს ან მოსდევს დიდი მარხვის დღეებს. ამ პერიოდში ადამიანი ან ემზადება გაძლიერებული სინანულისთვის ან ჯერ არ განელებია იგი. ქორწინება კი, მოგეხსენებათ, მხიარულების დროა, რაც მსგეფსს არ შეეფერება. ასეთ დღეებში ადამიანმა პირად, მიწიერ ცხოვრებაზე ფიქრს ნაკლები დრო უნდა დაუთმოს.

- ამბობენ, მაისში ქორწინება დაუშვებელიაო. ზოგი მართლაც ერიდება ამ თვეში ჯვრისწერას...

- ეკლესია არ იცნობს ამ სწავლებას. მაისში ქორწინება მხოლოდ მაშინაა აკრძალული, როცა ეკლესიის მიერ საერთოდ არ სრულდება ჯვრისწერის საიდუმლო.

- შეიძლება თუ არა, მართლმორწმუნე ქრისტიანმა სხვა აღმსარელობის მიმდევართან დაიწეროს ჯვარი?

- ასეთ დროს ჯვრისწერა არ აღესრულება, მაგრამ თუკი ეს ადამიანი მართლმადიდებლური წესით მოინათლება, მათ ჯვრისწერას აღარაფერი შეუშლის ხელს.

- რა ასაკიდან აქვს ადამიანს ჯვრისწერის უფლება?

- მამაკაცს ეს უფლება 18 წლიდან ეძლევა, დედაკაცს კი 16-იდან.

- ითვლება თუ არა ცოდვად ჯვარდაუწერლად თანაცხოვრება?

- ჯვრისწერის გარეშე ოჯახის შექმნა ადამიანის ურწმუნოებაზე მიანიშნებს, ურწმუნოება კი ცოდვაა. ქორწინების საიდუმლოს მეშვეობით ოჯახის შექმნა თავად უფალმა დაგვიწესა და როდესაც მის ნებას ვეწინააღმდეგებით და არ ვასრულებთ, ვცოდავთ. ჩვენს ირგვლივ ბევრი ჯვარდაუწერელი ცოლ-ქმარი ცხოვრობს, ათეისტურ ხანაში ხომ ჯვარს თითქმის არავინ იწერდა. ასეთმა წყვილებმა ახლა მაინც უნდა დაიწერონ ჯვარი, რათა მათი ოჯახური ცხოვრება მართალი იყოს ღვთის წინაშე.

- მეორედ ჯვრისწერა თუ შეიძლება?

- ეკლესია მეორედ და მესამედ ჯვრისწერასაც უშვებს, მაგრამ მას შეიწყნარებს, როგორც სისუსტეს.

- მეორედ ჯვრისწერამდე გვირგვინის აყრა ხდება. რა შეიძლება გახდეს ამის მიზეზი?

- გვირგვინის აყრა ეპისკოპოსის კურთხევით ხდება. მაგრამ ვიდრე ადამიანს ჯვრისწერის გვირგვინისგან გაათავისუფლებენ, ოჯახის დანგრევის მიზეზს გამოიკვლევენ. ვინ იცის, იქნებ წყვილი კიდევ ერთხელ დაფიქრდეს და გამოსავალიც გამოიძებნოს ან მიზეზი, რომლის გამოც ითხოვენ გვირგვინის აყრას, ეკლესიისთვის მიუღებელი აღმოჩნდეს. თუკი ღვთისმსახური ჩათვლის, რომ ცოლ-ქმარი ერთად ცხოვრებას ვეღარ შეძლებს, მათ გვირგვინს აჰყრის.

საერთოდ, გვახსოვდეს, რომ განქორწინება ღვთივსათნო საქმე არ არის და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა მივმართოთ - მეუღლის ღალატის, ნარკომანობის ან სხვა ღვთის ნების საწინააღმდეგო უკიდურესად მძიმე საქმეთა ჩადენისას. თუმცა ასეთ შემთხვევებშიც ჯერ მეუღლის გამოსწორებას, ღვთისკენ შემობრუნებას უნდა შევეცადოთ.

- ითვლება თუ არა ქვრივი გვირგვინაყრილად და აქვს თუ არა მეორედ ჯვრისწერის უფლება?

- მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში გვირგვინის აყრა საჭირო აღარ არის. ასეთ დროს ადამიანს არც მეორედ ჯვრისწერა ეკრძალება.
ბეჭდვა
1კ1