იბილწავ სხეულს და განარისხებ სულიწმიდას
იბილწავ სხეულს და განარისხებ სულიწმიდას
სახარებიდან გვახსოვს, რომ სინანული პირველად იოანე ნათლისმცემელმა იქადაგა. წმინდა მამების თქმით კი მოვლენათა სახარებისეული თანმიმდევრობა ადამიანის გულშიც უნდა გამეორდეს. ჯერ მოვიდა იოანე ნათლისმცემელი - სინანული, მერე კი უფალი ჩვენი იესო ქრისტე - სიყვარული. მსგავსად ამისა, სანამ ადამიანის გულში სინანული არ შეიჭრება, ვერც ჭეშმარიტი სიყვარული დაისადგურებს. სინანული არის არა მიზანი, არამედ საშუალება წინსვლისა, სრულყოფისა, ღმერთთან მიახლოებისა.

ზოგიერთს ჰგონია, რომ მისი ცოდვების სიმძიმე არაფრით წარიხოცება და ამიტომ სინანულს აყოვნებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ აყოვნებს განწმენდას. ამის თაობაზე, აი, რას ამბობს ესაია წინასწარმეტყველი: "განიბანეთ, განიწმინდეთ, ავი საქმეები თვალთაგან განმარიდეთ, შეწყვიტეთ ბოროტის ქმნა, სიკეთის ქმნა ისწავლეთ, ეძიეთ სამართალი, შეეწიეთ ჩაგრულს, განიკითხეთ ობოლი, ქვრივს გამოესარჩლეთ. მერე მოდით და ცილობა ვყოთ, - იტყვის უფალი. მეწამულიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით განსპეტაკდება; ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლის ფთილასავით გახდება" (ეს. 1:16-18).

მშობელი ვალდებულია, პატარაობიდანვე შეაჩვიოს შვილი ჩადენილი დანაშაულის გამო სინანულს და აუხსნას, რომ რა მძიმეც არ უნდა იყოს დანაშაული, უფალი უთუოდ შეუნდობს მასთან მისულს. თუ ადამიანი ამას ბავშვობიდანვე მიეჩვია, მოწიფულობისას აღარ გაუჭირდება უფალთან მიახლება და ისე მივა მასთან, როგორც მამასთან. გავიხსენოთ სახარებისეული იგავი ძე შეცთომილზე - მან სძლია ამპარტავნებას, დაიმდაბლა თავი და ღორებთან ცხოვრებას მამასთან დაბრუნება ამჯობინა. თუკი სიყვარული და იმედი ღვთისა ბავშვობიდანვე სუფევს ადამიანის გულში, ის, მსგავსად უძღები შვილისა, მუდამ, ყოველგვარი ვითარებიდან მოსიყვარულე მამასთან დასაბრუნებლად იქნება განწყობილი. ბავშვობაში შეთვისებული სწორი განწყობა მთელი სიცოცხლის მანძილზე შეეწევა ადამიანს.

დასასრულ კი გვინდა გავიხსენოთ ერთი საოცარი ამბავი ეთიოპიის წმინდა მეფის ელეზვოის შესახებ.

ახალგაზრდა მონაზონი, რომელსაც მონასტრიდან ხშირად გზავნიდნენ საქმეებზე, სამიკიტნოში შედიოდა, ღვინოს სვამდა და საშინელ ხორციელ ცოდვაში ვარდებოდა.

ერთ-ერთი ასეთი მგზავრობის დროს, როცა, ჩვეულებისამებრ, შესცოდა და უკან ბრუნდებოდა, გზად, უსიერ ტყეში, უზარმაზარი გველი დაესხა თავს. ბერი აქეთ-იქით მიაწყდა, მაგრამ ამაოდ. მაშინ ნეტარი ელეზვოი გაიხსენა და გველს მიმართა: "წმინდა და მართალი ელეზვოის ლოცვით, გამშორდი!" ურჩხულმა, თითქოს ამ სახელისა შერცხვაო, ბერის გადასაყლაპად დაღებული ხახა დახურა და ადამიანის ხმით ალაპარაკდა: "როგორ დაგინდო, როცა უფლის ანგელოზმა მიბრძანა შენი შეჭმა უწმინდურობისა და სისაძაგლის გამო; შენ დაივიწყე აღთქმა, რომ ღმერთს სიწმინდით მომსახურებოდი, იბილწავ სხეულს და განარისხებ სულიწმიდას".

ბერი უსმენდა გველს, მაგრამ სათქმელი არაფერი ჰქონდა. მხოლოდ აფიცებდა და შეწყალებას სთხოვდა. გველმა უთხრა: "მაშ, ჯერ თვითონვე დაიფიცე, რომ მეტად აღარ ჩაიდენ ავხორცობას და მეც თავს დაგანებებ".

ბერმა ზეციერი მამისა და ღირსი მეფე ელეზვოის სახელით დაიფიცა, რომ აღარასოდეს შეურაცხყოფდა უფლის წინაშე დადებულ აღთქმას და აღარ განარისხებდა შემოქმედს თავისი უწმინდურობით. ეს წარმოთქვა თუ არა, ზეციდან ცეცხლი დაეშვა და გველი მოკლა.

შიშითა და ძრწოლით შეპყრობილი ბერი უკანმოუხედავად გაეშურა მონასტრისკენ. მას შემდეგ მრუშობის ცოდვა აღარ ჩაუდენია და მონანული აღესრულა.

"ცოცხალმცა ვარ, - იტყვის უფალი, - ოდეს მინდოდეს ბოროტისეულის სიკვდილი, ოდეს ბოროტისეულის თავისი გზიდან მოქცევა და მისი გადარჩენა არ მსურდეს!" (ეზეკ. 33:11)

საპატრიარქოს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის
ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი

ნინო კანდელაკი
ბეჭდვა
1კ1