მადლის სისავსით, წმინდა ზიარებას ვერაფერი შეედრება
მადლის სისავსით, წმინდა ზიარებას ვერაფერი შეედრება
საიდუმლო უფალთან თანაზიარებისა
(დასაწყისი "კარიბჭე" #18-19)
ერთი ბერი, რომელიც ძალიან მშვიდად და უბიწოდ ცხოვრობდა , ლიტურგიის აღსრულების დროს ტრაპეზის მარჯვენა და მარცხენა მხარეს ანგელოზებს ხედავდა. ღვთისმსახურების წესი მან მწვალებლებისგან შეითვისა. თვითონ ის საღმრთო დოგმატებში ვერ ერკვეოდა, ამიტომაც არა ბოროტგანზრახულად, არამედ თავისი უბრალოების გამო ლიტურგიის ლოცვებს შეცდომით ამბობდა. ერთხელ ღვთის განგებით მასთან ერთი ძმა მოვიდა: იგი დიაკვანი იყო და დოგმატებშიც კარგად ერკვეოდა. როდესაც ბერი მასთან ერთად წირავდა, დიაკვანმა უთხრა:

- მამაო, რასაც შენ ამბობ, ჭეშმარიტ სწავლებას ეწინააღმდეგება, მწვალებლებისგან არის აღებული.

ამ დროს ბერი, როგორც ყოველთვის, ანგელოზებს ხედავდა, ამიტომაც არავითარი ყურადღება არ მიუქცევია დიაკვნის სიტყვებისათვის. დიაკვანი კი განუწყვეტლივ უმეორებდა:

- სცდებით მამაო, ეს მიუღებელია ეკლესიისათვის.

ამ საყვედურებისა და მხილების დროს ბერმა ანგელოზებს ჰკითხა:

- აი, რას მეუბნება დიაკვანი, ეს სიმართლეა?

- დაუჯერე მას, ის მართალს ამბობს, - უპასუხეს ანგელოზებმა.

- მაგრამ თქვენ რატომ დუმდით აქამდე?

- ღმერთმა ისე მოაწყო, რომ ადამიანები თვით ადამიანების მიერ უნდა გამოსწორდნენ, - უპასუხეს ანგელოზებმა.

იმ დღიდან ბერმა გამოასწორა თავისი შეცდომა და ღმერთსაც მადლობას სწირავდა და მასაც.

მე-12 საუკუნის დიოსპოლისში კი ასეთი სასწაული მოხდა: სარკინოზთა მეფის ძმისწულმა ნუნერამ, შეიარაღებული მხედრობით წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას ალყა შემოარტყა. წმინდა ჟამისწირვის დროს სარკინოზთა მეთაურმა იხილა, როგორ დაკლა მღვდელმა ყრმა, მისი სისხლი ბარძიმში ჩაასხა, ხორცი კი ფეშხუმზე გაანაწილა.

- უბადრუკნო, - შესძახა ნუნერამ, - ასე ემსახურებით ღმერთს - ყრმა დაკალით, ხორცი ფეშხუმზე დააწყვეთ და მერე შეჭამეთ?!

მღვდელმა მუხლმოდრეკით შეჰღაღადა ღმერთს:

- დიდ ხარ შენ, უფალო, კაცთა შორის, დიდება შენდა, რომ ამ კაცს გამოუცხადე შენი საიდუმლო, რომელიც მე ვერ ვიხილე და მხოლოდ დიდი წმინდანები - ბასილი, გრიგოლი და იოანე ხედავდნენ!

ამის შემდგომ მღვდელმა სარკინოზს ყოველივე განუმარტა. იგი ღვთის შიშით განიმსჭვალა, დაუტევა ისლამი, იერუსალიმის პატრიარქისგან მოინათლა და სინას მთაზე აღიკვეცა.

***
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს არაერთხელ გამოუთქვამს მრევლთან თავისი მოსაზრება ხშირად ზიარების აუცილებლობაზე.

"აი, ვდგავართ ლოცვაზე ტაძარში და ცოდვა ტრიალებს ჩვენს გულსა და გონებაში. ასეთი სუსტია ადამიანი. ამიტომ, რაც შეიძლება ხშირად უნდა ვთქვათ აღსარება და მივიღოთ წმიდა ზიარება.

ამ მადლს, ამ წყალობას საუკუნეების განმავლობაში ელოდა კაცობრიობა. იგი ახლა ჩვენ წინაშეა და მის გარეშე არ უნდა დარჩეს არავინ, რადგან ეს ფაქტობრივად უარყოფაა ღვთისა (თუნდაც ადამიანს თავი მორწმუნედ მიაჩნდეს).

გულწრფელი აღსარებითა და სინანულით მიღებული ზიარება სულისა და ხორცის საკურნებელია, რაც ადამიანის ცოდვითი მიდრეკილებებისგან თანდათანობით გათავისუფლებაში, მის სულიერ ფერისცვალებაში ვლინდება.

მადლის სისავსით, წმინდა ზიარებას ვერაფერი შეედრება.

ზიარებაა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არსობრივი სიახლე, რაც კი კაცობრიობის ცხოვრებაში ოდესმე მოხდა, ან მოხდება მეორედ მოსვლამდე.

ზიარებაა უპირველესი და უდიდესი საიდუმლო ქრისტეს ეკლესიისა!

ზიარებისას თვით იესო ქრისტე შემოდის ჩვენში, რომ განგვამტკიცოს, განგვაძლიეროს და ახალ სულიერ სიმაღლეზე აგვიყვანოს, სულიერი და ხორციელი კურნება მოგვანიჭოს და ჭეშმარიტი სიბრძნე მოგვმადლოს. ამას ეწოდება სინერგია - ადამიანური და ღვთაებრივი ნების გაერთიანება.

ზოგიერთს ჰგონია, რომ წმინდა ზიარების პური და ღვინო მხოლოდ სიმბოლურად მიგვანიშნებს მაცხოვრის ხორცსა და სისხლზე, რაც უდიდესი მკრეხელობა და მწვალებლობაა.

ვისაც საკუთარი ცოდვის განცდა და ღვთის სასოება აქვს, ის უნდა მივიდეს წმინდა ზიარებასთან.

მისთვის, ვინც ურწმუნოდ და ეჭვით ეზიარება, ანუ არ სწამს იმისა, რომ უფლის ხორცსა და სისხლს იღებს, წმინდა ზიარება შეიძლება დამსჯელი აღმოჩნდეს. მძიმე სასჯელს იმსახურებენ უღირსად მზიარებელნი, რაც სნეულების ან მათი სხვა სახით დასჯის მიზეზი ხდება.

წმინდა ზიარებით უნდა მივეახლოთ უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს.

ხშირ ზიარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგიერთნი, მიაჩნიათ რა თავი უღირსად, წელიწადში ერთხელ ან რამდენიმე წელიწადში ერთხელ ეზიარებიან. ეს მიუტევებელი შეცდომა და ბოროტებაა საკუთარი თავის მიმართ.

როგორც არ უნდა მოვემზადოთ, განა ოდესმე ვიქნებით ღირსნი, მივიღოთ ხორცი და სისხლი უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტესი?! ჩვენი ცოდვების სიმძიმის შეგნებითა და უფლის მოწყალების იმედით უნდა მივეახლოთ ამ უდიდეს საიდუმლოს.

ზიარებით, ისევე როგორც აღსარებით, მივეახლებით ცოდვასა და სიკვდილზე უძლიერესს - მარადიულ და ყოვლისმომცველ სიყვარულს ღვთისას", - შენიშნავს უწმინდესი ილია მეორე.

***
"განა შეუძლია მღვდელს უარი მითხრას პურზე მშიერს?" - კითხულობს არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) და ისეთ განმარტებას გვაძლევს, რომელიც ძალზე წაადგება მრევლსაც და სასულიერო პირებსაც.

"მღვდელი აღსარების მიღებისას წყვეტს, დაუშვას თუ არა მორწმუნე ზიარებაზე. როცა ადამიანს ისეთი ცოდვები აქვს, რომ მოსანანიებლად დრო სჭირდება, მას ეპიტიმიას ადებენ. თუ მორწმუნეს ადევს ამგვარი ეპიტიმია, ანდა თუ იგი სათანადოდ არ მომზადებულა ზიარებისთვის, მას არ აზიარებენ - არ არსებობს წმინდა ბარძიმისაგან განყენების სხვა მიზეზი. ეკლესიის ყოველ წევრს თავისი ვალდებულება და უფლებები აქვს. წმინდა საიდუმლოებებში მონაწილეობა ერისკაცის უფლებაა, თუ, რაღა თქმა უნდა, ამას ხელს არ უშლის რაიმე მიზეზი, რომლის გამოც ეკლესიის კანონების მიხედვით, დაუშვებელია ზიარება. მღვდელი სულაც არ არის ადამიანთა სულების ერთპიროვნული განმგებელი, მისი ქმედება კანონიკის ფარგლებს არ უნდა სცდებოდეს. ჯერ კიდევ გრიგოლ ღვთისმეტყველი აღნიშნავდა, რომ მღვდლობა არ არის თვითნებური მაგისტრატურა, რომელიც თავის ყოველ სიტყვას კანონად მიიჩნევს.

ზიარებას პური ცხოვრებისა ჰქვია - განა შეუძლია მღვდელს უარი უთხრას პურზე მშიერს? ზიარება ჩვენი სულების ზეციური წამლობაა - განა შეუძლია მწყემსს, უთხრას სნეულს: - იმის გამო, რომ ავად ხარ, წამალს არ მოგცემო?

იოანე ოქროპირი ამბობს, თუ მღვდლის მიზეზით ვინმე უზიარებლად გარდაიცვალა, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მღვდელმა თავი წარიწყმიდაო. ე.ი. ეს ერთი ცოდვა მთელს მის სათნოებებს აღემატება და იცის, იქნებ უკანასკნელიც კი იყოს ადამიანისთვის ის დღე, როცა ზიარება სურდა, მაგრამ წმინდა ბარძიმთან არ მიუშვეს. იქნებ, სწორედ ამის გამო საუკუნოდ განეშოროს ეს კაცი ქრისტეს. წმინდა იოანე კრონშტადტელი წერს, რომ იმის მიხედვით, თუ რა ხალისითა და მოშურნეობით მიდის მღვდელი სნეულთა საზიარებლად, მის რწმენასა და სულიერებაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ.

ადამიანის ზიარებისაგან განშორებით მღვდელი თავის სულიერების უქონლობას და, სათქმელადაც საზარელია, თავის ურწმუნოებას გვიჩვენებს. რა თქმა უნდა, ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა ცოდვილის დროებით განყენება ზიარებისაგან და მისი ეპიტიმიით დასჯა (თუმცა ზიარებისაგან განყენება უკვე ეპიტიმიაა), მაგრამ კაცმა ყოველთვის უნდა იცოდეს, რისთვის დასაჯეს, რას ითხოვენ მისგან და რა უნდა გამოასწოროს.

სამწუხაროდ, ზიარება, ეს უმნიშვნელოვანესი მხარე ეკლესიის ცხოვრებისა, თითქოსდა აღარ ექვემდებარება ერთიან კონტროლს და ათასგვარი ურთიერთსაპირისპირო მოსაზრების საგანი გამხდარა. ყოველი მღვდელი თავისებურად იქცევა და თავისებურად, ეკლესიის კანონების სრულიად შეუსაბამოდ, საკუთარი წარმოდგენების მიხედვით წყვეტს საკითხს. ყოველივე ეს მხოლოდ იმით კი არ ვნებს ეკლესიას, რომ ქაოსი შეაქვს ლიტურგიულ პრაქტიკაში, არამედ იმითაც, რომ ევქარისტიის სფეროში დაშვებული შეცდომები საუკუნო ცხონებასაც უქმნის საფრთხეს".
(გაგრძელება იქნება)

ბეჭდვა
1კ1