შვიდგზის ზეთისცხება შვიდი საიდუმლოდან ერთ-ერთია და ყოველთვის დიდ მარხვაში ტარდება
შვიდგზის ზეთისცხება შვიდი საიდუმლოდან ერთ-ერთია და ყოველთვის დიდ მარხვაში ტარდება

ზეთის კუთხევა დიდ მარხვაში იმიტომ სრულდება, რომ ადამიანი უფრო განწმენდილია, გაძლიერებულია ლოცვაში. წითელ ღვინოში არეულ ზეთს სასულიერო პირი შვიდჯერ სცხებს ტაძარში მისულ მორწმუნეს. მრავალგზის იკითხება სახარება და ლოცვები სნეულთათვის. ეს ყველაფერი ქრისტიანის სულისა და ხორცის განკურნებისთვის სრულდება. ზეთის კურთხევა უკავშირდება სინანულის საიდუმლოს.


საეკლესიო ტიპიკონის მიხედვით ზეთის კურთხევის საიდუმლოს შვიდი მოძღვარი ასრულებს, თუმცა შეიძლება ერთმაც აღასრულოს. იკითხება შვიდი ადგილი სახარებიდან, შვიდი საქმე "წმიდათა მოციქულთა". ამ ტექსტებს შორის ზოგიერთი თემატიკა ზეთს უკავშირდება, ასევე ვისმენთ იმ მონაკვეთებს, სადაც მაცხოვრის მიერ სნეულთა განკურნების ამბებია მოთხრობილი.

 

ყველა წაკითხული სახარების შემდეგ არის ჩამოლოცვა, სადაც მღვდელი ევედრება იმ დღის წმიდანებს. იმავდროულად, იკურთხება ზეთი და ღვინო, რომლებიც ერთმანეთში ირევა და შემდეგ მორწმუნე მრევლს "შვიდგზის აცხებენ შვიდ ალაგას"- შუბლზე, ნიკაპზე, თვალებზე, ყურებზე, ხელებზე, ლოყებსა და ყელზე.


შვიდგზის ზეთისცხება შეიძლება ჩატარდეს მძიმე ავადმყოფთან სახლში, წლის ნებისმიერ დროს, როდესაც ამის აუცილებლობა არსებობს, თუმცა დიდი მარხვის პერიოდში ეკლესიებში აღსრულებულ ამ მსახურებას საზოგადო ხასიათი აქვს და შესაძლებლობა ეძლევა მორწმუნე, მაზიარებელ, აღმსარებელ ადამიანებს იცხონ ზეთი, როგორც ხორციელი, ისე სულიერი სნეულებისაგან განსაკურნებლად და ცოდვათა მისატევებლად. ეკლესიის მიერ არ არის განსაზღვრული კონკრეტული დღე თუ როდის უნდა ჩატარდეს შვიდგზის ზეთისცხება, ამას თითოეული ტაძრის წინამძღვარი თავად წყვეტს.


შვიდი რიცხვი, სანთელთან მიმართებით და თავად შვიდ გზის ზეთისცხებაც სულიწმინდის შვიდ ნიჭზე მიუთითებს. ზეთი - ადამიანთა მადლის მიერ კურნებაზეა აქცენტირებული; წითელი ღვინო - ჯვარცმული ქრისტეს სისხლი გახლავთ; ხორბალი ადამიანის ცხოვრების ცვალებადობას, მის ფერისცვალებას გულისხმობს, რაც მოიაზრებს, რომ პიროვნებამ განახლებული სულიერი და ხორციელი ცხოვრება უნდა დაიწყოს.

 

როდესაც ღვინოსა და ზეთს ურევენ ერთმანეთში ეს მსგავსია იმ მოწყალე სამარიტელისა, რომელმაც გვემულ ადამიანს მიხედა და წყლულებზე ზეთი და ღვინო დაასხა. რაც შეეხება ზეთისცხების ჩხირებს, იგი სიმბოლურად მსგავია იმ რტოსი, რომელიც წარღვნის დასრულების შემდეგ ნოეს მოუტანა მტრედმა.
თეა ცაგურიშვილი

ბეჭდვა
1კ1