ვისი გორისა ხარ?
ვისი გორისა ხარ?
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.

მომდევნო ნომრებისთვის გვარების შერჩევა თქვენი თხოვნის გათვალისწინებით მოხდება (ანბანურ თანმიმდევრობას ყურადღება არ მიექცევა).

გოგალაძეთა გვარი
გოგა - საკუთარი სახელი კაცისა, ხოლო გოგოლა იგივე სახელია კნინობით თქმული. გოგოლაძე ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მის ფუძეში ფიქსირებულია წინაპრის სახელი. ქართველურ ანთროპონიმიკაში გოგა-გოგალა ფუძის დერივატული გვარსახელებია: გოგაძე, გოგაშვილი, გოგავა, გოგაია, გოგალაშვილი და გოგალაძე. ეს გვარები მხოლოდ ფუძით ემსგავსებიან ერთმანეთს და მათ შორის არავითარი ნათესაობა არ არსებობს.

გვარსახელის ფორმა "გოგალაძე", ძველი ფორმით - "გოგალასძე", ქართულ გვართა შორის ერთ-ერთი უძველესია. ტბეთის სულთა მატიანეში იხსენიებიან გიორგი და მიქაელ გოგალასძენი: "სულსა გოგალასძისა გიორგისა და მისსა მეუღლესა ნათელისა შეუნდვენ ღმერთმან"; "სულისა გოგალაძისა მიქაელისა შეუნდვენ ღმერთმან". მეცნიერები ტბეთის სულთა მატიანის ცალკეულ მოსახსენიებლებს პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით ათარიღებენ. მიჩნეულია, რომ გიორგი გოგალასძისა და მისი მეუღლის ნათელის სულთა მოსახსენებელი XIII საუკუნის ჩანაწერია, ხოლო მიქაელ გოგალასძის სულის მოსახსენებელი უფრო გვიან - XV-XVI საუკუნეთა მიჯნაზე შეუტანიათ სულთა მატიანეში.

ძნელი სათქმელია, უკავშირდებიან თუ არა აქ მოხსენიებული გოგალასძენი დღეს იმერეთ-რაჭაში მცხოვრებ გოგალაძეებს, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ XIII და XV საუკუნეებში საკუთარი სახელი გოგალა შავშეთ-კლარჯეთშიც ყოფილა გავრცელებული და რომელიმე გოგალას შვილებსა და შთამომავლებს გოგალასძეობით იხსენიებდნენ.

XVI საუკუნის შუა ხანებში გოგალასძეები შიდა ქართლში ჩანან.

1569 წელს გოგალაძე ზაქარია, ლიპარიტაი, მამისაი და მახარებელი მოწმეებად იხსენიებიან ნასყიდობის წიგნში, რომლის მიხედვითაც მინიაშვილმა ქურდევანიძეს მამული მიჰყიდა. გაყიდული მამული შიდა ქართლში, საციციანოს სოფელ ყრისისხევში მდებარეობდა. ქურდევანიძეები ციციშვილთა აზნაურები იყვნენ. როგორც ჩანს, იმ დროს გოგალაძეები უკვე შიდა ქართლში ცხოვრობდნენ. ქართლის გოგალაძეებს კარგად ახსოვთ თავიანთ წინაპართა იმერული წარმომავლობა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ლიხთიმერეთში გოგალაძეთა გვარი XVI საუკუნეზე უფრო ადრე ხანებში მკვიდრობდა.

1628 წლის წყალობის სიგელით, იმერეთში, წაქვას და ვერტყვილას ჭალას მცხოვრები გოგალაძენი მეფე თეიმურაზმა ბატონს ლევანს (გვარი გაურკვეველია) უბოძა. ეს გოგალაძენი, როგორც ჩანს, მანამდე სახასო გლეხები ყოფილან და მას უკან საბატონო გლეხები გამხდარან.

1689 წელს ვინმე სულხან გოგალაძემ არდაშელ ბუნიათიშვილს 27 დღიური სამკალი მიწა მიჰყიდა მაზმიშვილების მიწის მიჯნამდე. ირკვევა, რომ ეს სულხან გოგალაძე თავისი მრავალრიცხოვანი ოჯახით (მას შვიდი ძმა ჰყავდა გაუყრელი) შიდა ქართლში, საციციანოში მცხოვრები გლეხია. მიწის მყიდველი ბუნიათიშვილი საციციანოელი აზნაური იყო. აზნაურ ბუნიათიშვილებს თავად ციციშვილთა სახლთუხუცესობა მოუდიოდათ. მამულის მომიჯნავე მაზმიშვილების გვარიც შიდაქართლელთა გვარია.

1721 წლის მოწინავე სადროშოს აღწერაში იხსენიება ქვემო ქართლის სოფელ აბანოში მცხოვრები აზნაური დათუნა გოგალაძე: "აბანოს მსახლობელი აზნაურიშვილი გოგალაძე დათუნა".

XVIII საუკუნის ერთი საინტერესო საბუთიდან ირკვევა, რომ ზემო იმერეთში, საწერეთლოში, გლეხი კაპანაძე დაკარგულა. ოსმალობა-ლეკიანობის დროს ასეთი რამ ჩვეულებრივი ამბავი იყო. უბედურებაში ჩავარდნილ გლეხს მხსნელად თავისივე ბატონი გამოუჩნდებოდა ხოლმე. ქართული სიტყვა "ბატონი" "პატრონიდან" არის ნაწარმოები. ჩვენში ხომ თავიდან პატრონყმობა ყოფილა და არა ბატონყმობა. გლეხი კაპანაძე ტყვეობიდან თავადმა წერეთელმა დაიხსნა. სამშობლოში დაბრუნებული გიორგი კაპანაძე თავად პაპუნა წერეთელს ხელწერილს აძლევს: თეთრი არ მქონდა და ტყვეობიდან დახსნის სანაცვლოდ ჩემს მამულს გაძლევთო. "კაცთაგან ამისი მოწამე ქავთარაძე გიორგი, გოდაბრელიძე ოთია, კურცხალია ფირან, მაჭავარიანი ფირან; მე მდივანს გვარჯასპის დამიწერია და მოწამეცა ვარ ამისი. სარდალი მაჭავარიანი გოგალაძე ხელოსანი, შათირიშვილი შიო". ხელწერილი 1722-1738 წლებით თარიღდება. როგორც ჩანს, ამ დროისთვის ვინმე გოგალაძე მოხელედ მსახურობდა საწერეთლოში. "ხელოსანი" ხელის ანუ უფლების მქონეს ნიშნავდა. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ეს გოგალაძე საწერეთლოელ აზნაურთა გვერდით იხსენიება.

1722-1738 წლების სხვა საბუთის მიხედვით, საწერეთლოს სოფელ მერჯევში მცხოვრები გლეხი გოგალაძე თავისი მამულით თავადმა დავით წერეთელმა თავად პაპუნა წერეთელს დაუთმო. ისინი გაყრილი ძმები იყვნენ.

ზემო იმერეთში გოგალაძეები თავად აბაშიძეთა ყმებიც ყოფილან.

1727 წელს წერეთელი თავისი კაცებით მიხდომია აბაშიძეთა მამულში მცხოვრებ გოგალაძეებს. გაურკვეველია, რას ერჩოდა ან რა ხელი ჰქონდა, მაგრამ გოგალაძეებიდან ორი კაცი დაუჭრიათ და შვიდი კაცი ტყვედ წაუყვანიათ. აბაშიძეებს მეფის სამართალში უჩივლიათ. სამართალმა წერეთელი გაამტყუნა და თეთრის გადახდა დააკისრა. წერეთელმა თეთრი ვერ გადაიხადა და იძულებული გახდა, თავისი გლეხები - კორბოულელი მაჭარაშვილების ორი კომლი აბაშიძისთვის დაეთმო გოგალაძეთა ერთი კომლის აკლების სანაცვლოდ.

1779 წელს შიდაქართლელმა აზნაურმა ზენონ უთნელიშვილმა ყმის ნასყიდობის წიგნი დაუწერა დავითგარეჯის მონასტერს: "ნებითა და შეწევნითა დაუსაბამოისა ღვთისათა ესე ნასყიდობის წიგნი მოგართვით მრავალმთის უდაბნოს ნათლისმცემლის მონასტრის არხიმანდრიტს ევთიმის მე უთნელისშვილმან ზენონმან. ასე რომ, მოგყიდე ჩემი ყმა ფლაველი გოგალაძე გიორგი თავისი ცოლ-შვილით. ავიღე ფასი სრული, რითაც ჩემი გული შეგჯერდა. ეს კაცი ჩემი ბიძაშვილის ყმა არის რევაზის წილი. ამ კაცმა ჩემი მემკვიდრე კაცი მოკლა და გადმოვარდა და იმ ჩემის კაცის სისხლში ავიღე ეს კაცი და წინამძღვარს მივყიდე. მოგახმაროს ღმერთმან წმინდის ნათლისმცემლის მონასტრის სამსახურსა და ერთგულებაში. არავინ იყოს თქვენი მოცილე. თუ ვინმე გედაოს ამ ჩემს მოცემულს კაცს, პასუხის მიმცემი მე ზენონ ვიყო. და თუ ჩემს მოდავეს პასუხი ვერ მივცე, ამის მაგიერ სხვა ამგვარი ცოლშვილიანი კაცი მოგართვა. თუ კაციც ვერ მოგართვა, თორმეტი თუმანი თეთრი მოგართვა. არის ამის მოწამე: ფავლენიშვილი გლახა, ფავლენიშვილი ივანე, ზარდიაშვილი გოგია, იასე მღვდელი თავხელიძე, გიუნაშვილი პეტრე, მარკოზაშვილი ივანე და მე, მეფის კარის ხუცესს იოანე ხირსელს, დამიწერია ამ ზენონის სიტყვით და მოწამეცა ვარ.

ჩვენ, მეფე სრულიად საქართველოისა მეორე ირაკლი, ვამტკიცებ ნასყიდობის სიგელსა ამას. თუ მაზედ ჭეშმარიტი სიტყვა არავის რა ჰქონდეს, ნურავინ ილაპარაკებს, თორემ ჩვენად შეცოდებად მოვკითხავთ.

ჩვენ, ციციშვილი სარდალ-ქალაქის მოურავი დავით, სიგელის მოწამე ვარ ზენონის სიტყვით.

მე, ხერხეულიძე ლაშქარნივისი ომან, ამ ნასყიდობის სიგელის მოწამე ვარ ზენონის სიტყვით.

ამირეჯიბი ხუთასისთავი ზაზა ამ ნასყიდობის წიგნისა ზენონის სიტყვით მოწამე ვარ".

მეფე ერეკლე და ქვეყნის ხალხი ჩარეულა ამ ერთი გაქცეული გლეხი გოგალაძის საქმეში. ფრიად საინტერესო საბუთია. საბატონო გლეხს საბატონო გლეხი მოუკლავს. ქართული სამართალი მკვლელობის შემთხვევაში სისხლის საზღაურს ითვალისწინებდა და არა პატიმრობას. გლეხის სისხლი 12 თუმანი იყო. მკვლელს ეს თანხა მოკლულის ბატონისთვის უნდა გადაეხადა, ხოლო თუ ვერ იხდიდა, თვითონ უნდა გამხდარიყო მისი ყმა. გოგალაძე გიორგი სოფელ ფლავში (დღევანდელი გორის რაიონი) ცხოვრობდა. ვერც სისხლის საზღაურს იხდიდა და არც ახალი ბატონის ყმობა ინდომა, აყრილა ცოლ-შვილით და შიდა ქართლიდან გარე კახეთში გადავარდნილა. როგორც ჩანს, გარეჯის მონასტერს შეაფარა თავი. ახალმა ბატონმა ზენონ უნთელიშვილმაც თავისთვის უმჯობესად მიიჩნია, გაქცეული დამნაშავე, ცოდვიანი და ურჩი გლეხი, სადაც იყო, იქ დაეტოვებინა. რახან მონასტერი გლეხს სისხლის ფასს უხდიდა, დაკმაყოფილებულიყო და თავი გაენებებინა. ამის შემდეგ საბატონო გლეხი გოგალაძე საეკლესიო გლეხი გახდა. დამნაშავეს პასუხი არ მოეკითხა, პირიქით, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. დაზარალებული გამოვიდა მოკლულის ოჯახი, რომელიც მომჩივნად არ ჩანს, და მკვლელის ყოფილი ბატონი, რომელსაც ყმა ჩამოერთვა.

XIX საუკუნის 40-იანი წლების აღსარების მთქმელთა სიების მიხედვით, გოგალაძეებს უცხოვრიათ რაჭის სოფელ კვაცხუთში. აქ საბატონო გლეხები ყოფილან. აგრეთვე უცხოვრიათ იმერეთის რამდენიმე სოფელში: არგვეთში ყოფილან სასულიერო წოდებისანი და საბატონო გლეხები, სოფელ კორბოულში - აქაც სასულიერო წოდებისანი და საბატონო გლეხები, მოძვში - საბატონო გლეხები, რგანში - საბატონო გლეხები, რხერში - საბატონო გლეხები, მანდაეთში - სასულიერო წოდებისანი და საბატონო გლეხები, ნერგეეთში - საბატონო გლეხები და ხარაგაულის მხარის სოფელ ხონში - საბატონო გლეხები.

XIX საუკუნეში უმოღვაწიათ: არგვეთის წმინდა გიოგის ეკლესიის მღვდელს გრიგოლ გოგალაძეს (1809-1859 წ.წ.), კორბოულის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელს ბესარიონ გოგალაძეს (გარდაიცვალა 1822 წელს) და ამავე ეკლესიის მღვდელს გიორგი გოგალაძეს (1810-1842 წ.წ.).

უნდა აღინიშნოს, რომ XIX საუკუნეში დაიწყო გოგალაძეთა მასობრივი გადაწერა გოგოლაძეებად. გოგოლაძეების გვარი ისედაც არსებობდა გურიაში და ისინი იმერელ გოგალაძეებს სულაც არ ენათესავებოდნენ. გვარსახელში "ო" და "ა" ასონიშნების მონაცვლეობის შედეგად დღეს გოგოლაძეთა მრავალათასიან გვარში ნამდვილი გოგოლაძეები მცირედნი არიან, უმრავლესობა კი გვარგადაკეთებული გოგალაძეა. თუმცა არის იშვიათი შემთხვევებიც, როცა პირიქით - ნამდვილმა გოგოლაძემ გადაიკეთა გვარი გოგალაძედ.

გოგალაძეთა გვარისანი ყოფილან სამცხე-ჯავახეთიდან გასახლებულ მაჰმადიან მესხთა შორისაც. მათ მესხეთის სოფელ ქილდაში უცხოვრიათ.

ეთნოგრაფიული მონაცემებით, შიდა ქართლის სოფელ ხოვლეში ამჟამად მცხოვრები ლაბარიშვილები ძირად გოგალაძეები ყოფილან. ისინი ზოგ საბუთში ლაბარებად იხსენიებოდნენ.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის გოგალაძეთა გვარის მეომრები გლეხნი - კომლზე კაცად და აზნაურნი ქუდზე კაცად გამოდიოდნენ ცალკე იმერეთის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე და მემარცხენე სადროშოებში, ცალკე ქართლის სამეფო ლაშქრის მოწინავე და შუაგულ სადროშოებში. უფრო ადრე, "ჟამსა ერთობისასა", შავშეთ-კლარჯეთელი გოგალასძენი ალბათ ერთიანი ქართული ლაშქრის მოწინავე დროშის ქვეშ იდგნენ.

ადგილს და ადგილს საქართველოში სახელად შემორჩა გოგალაძეთა გვარის სახელი. საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულში დგას ეკლესია, რომელსაც ხალხში "გოგალაძეების ძლევის ეკლესიას" უწოდებენ; ამავე კორბოულის საკრებულოში შედის სოფელი სახელწოდებით "გოგალაძეები", საჩხერის რაიონის სოფელ ჯვარში არის "გოგალაძეების უბანი" და "გოგალაძეების წყარო"; "გოგალაძეების წყაროა ქარელის რაიონის სოფელ კოდაშიც, ამავე რაიონის სოფელ ახალსოფელში კი მოედინება "გოგალაძეების რუ".

ამჟამად გოგალაძეები ცხოვრობენ: იმერეთში, რაჭაში, ქართლში, კახეთსა და ჰერეთში. განსაკუთრებით მრავლად არიან: ხაშურის, ქარელის, საჩხერის, ხარაგაულისა და ლაგოდეხის რაიონებში.

საქართველოში გოგალაძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 3000 სულს აჭარბებს. თუ ამას დავუმატებთ თითქმის სამ ამდენ გოგოლაძედ დაწერილ გოგალაძეს, გოგალაძეთა გვარი მრავალრიცხოვან ქართულ გვართა პირველ ათეულში მოექცევა, რაც, გვარის სიძველის გათვალისწინებით, სრულიად ბუნებრივია.

ღმერთმა ამრავლოს გვარი გოგალაძეთა!

მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ
ბეჭდვა
1კ1