ვისი გორისა ხარ?
ვისი გორისა ხარ?
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.

მომდევნო ნომრებისთვის გვარების შერჩევა თქვენი თხოვნის გათვალისწინებით მოხდება (ანბანურ თანმიმდევრობას ყურადღება არ მიექცევა).

ყურაშვილთა გვარი
ყურაშვილი ეპონიმური ტიპის გვარსახელია. ქართველურ საკუთარ სახელებში გვხვდება კაცის მეტსახელი "ყურა". ამ ფუძიდან რამდენიმე ქართული გვარსახელია ნაწარმოები: ყურუა, ყურავა, ყურაული, ყურაშიძე, ყურაძე და ყურაშვილი. ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ "ყურა" საკმაოდ გავრცელებული მეტსახელი ყოფილა საქართველოში.

სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ლეჩხუმელი ყურაშვილები და ყრუაშვილები საერთო წარმომავლობის ხალხია და ისინი ლეჩხუმში XVI საუკუნიდან მოსახლეობდნენ. საკმაოდ დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო ლეჩხუმელი ყურაშვილების გადასახლება სამგრელოში, სადაც მათი ნაწილი ყურუას გვარით აგრძელებდა ცხოვრებას. ბოლო ხანებში ყურუათა ნაწილი ისევ ყურაშვილად დაეწერა - საკუთარი გვარის ძველი ფორმა აღიდგინა.

ძველი დროიდან ჩანან ყურაშვილები ქვემო და შიდა ქართლში, აგრეთვე შიგნით კახეთში. ქვემო ქართლის ყურაშვილების ნაწილი გრიგორიანთა სარწმუნოებაზე გადასულა და ნასყიდიანცებად დაწერილა, ხოლო შიგნით კახეთიდან საინგილოში გადასახლებული ყურაშვილები გამაჰმადიანებულან და ამჟამად ყურბანოვებად იწერებიან. ისინი ზაქათალის რაიონის სოფელ ალიაბადში ცხოვრობენ.

სოციალური მდგომაროების მიხედვით ყურაშვილები ყოფილან: საბატონო, საეკლესიო, სახასო და ბოგანო გლეხები. ყურაშვილების გვარში იყვნენ სასულიერონიც და აზნაურებიც. ჩვენს ხელთ არსებული ქართული წერილობითი წყაროების მიხედვით, ყურაშვილების გვარი XVIII საუკუნის I ნახევრიდან იხსენიება. ეს არის 1721 წლის "აღწერა მეწინავე დროშისა", სადაც ქვემო ქართლის სოფელ ქვემო ფოცხვერიანში წერია ერთი კომლი ბოგანო გლეხი ყურაშვილი, ხოლო სოფელ მუსიკალაში წერია ერთი კომლი საბატონო გლეხი გოგია ყურაშვილისა, "კომლი ა, თავი ბ", ანუ ამ ოჯხიდან ორი მეომარი გადიოდა ლაშქარში.

1736-37 წლების წყალობის სიგელში, რომლითაც ოდიშის მთავარმა ოტია დადიანმა ლეჩხუმელ თავად ხახუტა ასათიანს ყმა და მამული უბოძა, სოფელ ცხრუკურეთში მოწმეებად იხსენიებიან: "ჩიქოვანი გიორგი და მისი ძმა კაცია, ასათიანი მამუკა და მისი შვილი ბერი, ყურაშვილი მიქელ, ნემსაძე ბესი". ასეთ საზოგადოებაში ყურაშვილის გვარის მოხსენიება გვაფიქრებინებს, რომ XVIII საუკუნის I ნახევარში ლეჩხუმელი ყურაშვილი სოციალური კიბის გარკვეულ საფეხურზე იდგა. შესაძლებელია საბუთში მოხსენიებული მიქელ ყურაშვილი სასულიერო პირი იყო ან აზნაური ან ორივე ერთად.

1774 წლის "ჭალიდან მორიგეთა ნუსხაში" ღვინობის თვეში მორიგე ჯარში გამსვლელთა შორის იხსენიება გლეხი მახარე ყურაშვილი. ეს ის დრო იყო, როდესაც ქართლ-კახეთის სამეფო ცდილობდა შეექმნა მორიგე ჯარი, რომელსაც ხალხში "მუდმივ ლაშქარს" ეძახდნენ, როდესაც ყველა ქართველი წელიწადში ერთი თვით მორიგე ჯარში გადიოდა თავისი იარაღითა და საკვებით. იგივე გლეხი მახარე ყურაშვილი ქრისტეშობის თვეში მორიგედ გამსვლელად იხსენიება 1774 წლის შემდგომი რომელიღაც წლის "მორიგეთა ნუსხაში", სადაც მისი გვარის გასწვრივ მიწერილია სიტყვა "საბატონიშვილო". XVIII საუკუნის II ნახევარში საამილახვროს სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ყურაშვილი და მისი შთამომავალნი სახასო გლეხები ყოფილან.

სამეგრელოში ხობის ღვთისმშობლის მონასტრის ყმებად იხსენიებიან ხობის მხარეში მცხოვრები ყურაშვილების ნაწილი. XVIII-XIX საუკუნეებში ისინი საეკლესიო გლეხები ყოფილან.

1844 წლის მზითვის წიგნში, რომელიც თავადმა ისლამ დადეშქელიანმა თავის შვილობილს ტატიანა ჭიჭინაძის ასულს მოახლე გოგოს გატანების შესახებ მისცა, მოწმეებად იხსენიებიან დადეშქელიანის "ხელოსნები" (ანუ მოხელეები) დათიკა ყურაშვილი, გოგიელა ყურაშვილი და მამუკელა ყურაშვილი.

ამავე 1844 წლის ლეჩხუმის მაზრის პრივილეგირებული წოდების გვარეულობათა სიაში 112 სული ყურაშვილი წერია. უნდა ვივარუდოთ, რომ იმხანად ლეჩხუმში აზნაურ ყურაშვილთა ოცზე მეტი ოჯახი ცხოვრობდა.

1904 წლის ლეჩხუმის მოსახლეობის აღწერაში ყურაშვილები ჩანან შემდეგ სოფლებში: ნაკურალეშში, ღვირიშში, ოფიტარაში, ოყურეშში, უსახელოში და ლასხანაში. ამ აღწერის მიხედვით, მხოლოდ ლასხანაში მცხოვრები ყურაშვილების ერთადერთი ოჯახი ყოფილა აზნაური. აქედანაც ჩანს, როგორ ხელოვნურად მცირდებოდა ქართველ თავადაზნაურთა რიცხვი რუსული მმართველობის პერიოდში.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ყურაშვილთა გვარის მეომრები გლეხნი - კომლზე კაცად და აზნაურნი - ქუდზე კაცად გამოდიოდნენ ცალკე იმერეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ სადროშოში და ცალკე ქართლის სამეფო ლაშქრის მოწინავე და მემარჯვენე სადროშოში. ამასთან, ლეჩხუმელ აზნაურებს იმერთა მეფეების დაცვაში სამსახური მოუდიოდათ.

საქართველოში ზოგ ადგილს სახელად შემორჩა ყურაშვილთა გვარის სახელი: "ყურაშვილები" - უბანი სოფელ გორდში (წყალტუბოს რაიონი), "ყურაშვილების ნადუქნარი" - საკარმიდამო ადგილი სოფელ ქვედა გორაში (ვანის რაიონი), "ეყურასქუე" - ყურაშვილებით გასახლებული უბანი სოფელ ჯოლევში (მარტვილის რაიონი), "საყურაშვილო" - უბანი სოფელ ფოცხოში (სენაკის რაიონი), "საყურასქუო" - უბანი სოფელ ძველ ხიბულაში (ხობის რაიონი) და სხვა.

ერისა და მამულის სამსახურში გამოჩნდნენ ყურაშვილთა გვარისანი: მღვდელი გრიგოლ ყურაშვილი, მღვდელი იაკობ ყურაშვილი, მღვდელი დავით ყურაშვილი, არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი, ქართველობისა და სარწმუნოებისთვის ახალმოწამე მღვდელმონაზონი ანდრია ყურაშვილი, მღვდელი იოანე ყურაშვილი, ბერდიაკონი ელიზბარ ყურაშვილი, მონაზონი ეკატერინე ყურაშვილი, მონაზონი შუშანიკ ყურაშვილი, პროფესორი ბორის ყურაშვილი, პროფესორი რამაზ ყურაშვილი, პროფესორი ფილიმონ ყურაშვილი, პროფესორი თენგიზ ყურაშვილი, პროფესორი მელენტი ყურაშვილი, მწერალი თამარ ყურაშვილი, პოეტი ავთანდილ ყურაშვილი, მუსიკათმცოდნე რუსუდან ყურაშვილი, მუსიკოსი თამაზ ყურაშვილი, რეჟისორი ბექა ყურაშვილი, მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი, მსახიობი გიორგი ყურაშვილი და სხვანი.

ამჟამად ყურაშვილები ცხოვრობენ ლეჩხუმში, იმერეთში, სამეგრელოში, გურიაში, შიდა და ქვემო ქართლში და შიგნით კახეთში.

საქართველოში ყურაშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო ოდენობა 5000 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ყურაშვილთა!

ქუშაშვილთა გვარი
ქუშაშვილი ეპონიმური ტიპის გვარსახელია. ქუშა - კაცის საკუთარი სახელია. ქუშაშვილთა გვარის ფუძეში დევს წინაპრის სახელი, ისევე როგორც ქართული გვარების უმრავლესობაში. ქუშაშვილი ერთძირიანი გვარია ანუ ყველა ქუშაშვილი ერთი წინაპრის შთამომავალი და ერთმანეთის ნათესავია. ერთძირიან გვარს ბუდე-პირველსაცხოვრისიც ერთი უნდა ჰქონდეს. ქუშაშვილთა გვარის დაბადების ადგილია აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი, თერგის ხეობა, ხევი.

სოციალური მდგომარეობით მოხევე ქუშაშვილები თავისუფალი მთიელი მეთემეები იყვნენ.

არსებობს ზეპირი გადმოცემა, რომ ქუშაშვილები ადრე ზედგინიძეები ყოფილან: "ჩუენი გორი ჯავახეთის ახალქალაქჩიგით არიან გადმოსულები. ძირით ჩუენ ზედგინიძეები ვართ... მამრე ჩუენი გორი გაწყდა, ეხლა ჩუენ ქუშაშვილებზე მოვდივართ". ამ გადმოცემის მიხედვით, ქუშაშვილთა წინაპარი ზედგინიძე ჯავახეთიდან გადასულა ხევში, მაგრამ მოხევეებმა იციან მეორე გადმოცემაც, რომლის მიხედვითაც სამი ძმა ზეგინიძე დასავლეთ საქართველოდან ყოფილა და არა ჯავახეთიდან. ამ სამი ძმიდან ორი ხევის სოფელ ყანობში დასახლებულა, მესამე კი სათარგმნოში გადასულა. ორი ძმისგან ყანობში ვარდიშვილების და კურკუმულების გვარები წარმოშობილა, მესამე ძმისგან კი ქუშაშვილები მოდიან. შემდგომში ვარდიშვილების გვარს გამოეყო ჭიალაშვილების გვარი, ხოლო კურკუმულების გვარიდან ზილინაშვილების გვარი განშტოვდა. არის ვარაუდი, რომ ვარდიშვილთა გვარიც კურკუმულის გვარის გვიანდელი განაყარია. ყველა შემთხვევაში მოხევე ქუშაშვილებს ენათესავებიან მოხევე კურკუმულების, ვარდიშვილების, ჭიალაშვილების და ზილინაშვილების გვარები და ყველანი ისინი ძირად ზედგინიძეები არიან.

ზედგინიძე ერთ-ერთი უძველესი აზნაურული გვარია საქართველოში. ცნობილია, რომ ზედგინიძეთა გვარიდან მომდინარეობს თავად ამილახვართა და თავად ხიდირბეგიშვილთა გვარები ქართლის სამეფოში და თავად გურამიშვილთა და თავად ტუსიშვილთა გვარები კახეთის სამეფოში.

ისევ ზეპირი გადმოცემით, ხევში დამკვიდრებულ ზედგინიძეთა ერთ შტოს მეზობელი გადამტერებული გვარი დასცემია და სრულად ამოუწყვეტია. გადარჩენილა ზედგინიძეთა ერთი ორსული რძალი, რომელიც თავდასხმის დროს მამის სახლში ყოფილა ქისტეთში, ჯაირახის ხეობაში. ქალს ბიჭი გაუჩენია. ის ბიჭი ქისტეთში გაზრდილა, დედულეთში. უკვე დავაჟკაცებული ხევში მობრუნებულა და თავისი მამა-ბიძების სისხლიც აუღია. მოხევე ქუშაშვილები იმ ბიჭზე მოდიანო.

ქუშაშვილთა წინაპრები ქუშაიშვილის გვარით იხსენიებიან 1774 წლის არაგვის ხეობის აღწერის დავთარში. იმხანად ამ გვარის ერთადერთი კომლი ცხოვრობდა ხევის სოფელ სტეფანწმინდაში: "აქავ ქუშაისშვილი ვარძუკა, ხაბაჭა, შოან და მამაი. კომლი ა, თავი დ". ქუშაშვილთა ამ ერთი ოჯახიდან მეფე ერეკლეს მორიგე ჯარში 4 მეომარი გამოდიოდა.

როგორც ჩანს, ქუშაშვილთა გვარის საწყისი დროში XVIII საუკუნეზე შორს არ მიდის. ამითაც აიხსნება ამ გვარის სიმცირე ჩვენს დროში.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ქუშაშვილთა გვარის მეორმები ქუდზე კაცად გამოდიოდნენ ქართლის სამეფო ლაშქრის მემარცხენე სადროშოში, არაგველთა შორის.

ამჟამად ქუშაშვილები ცხოვრობენ ისევ სტეფანწმინდაში დაახლოებით 60 კომლი და თბილისში დაახლოებით 30 კომლი. არიან მცირე რაოდენობით ჩრდილო კავკასიაშიც.

საქართველოში ქუშაშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 360 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ქუშაშვილთა!

მოამზადეს ალექსანდრე და ნიკოლოზ ნაზღაიძეებმა
ბეჭდვა
1კ1