მომდევნო ნომრებისთვის გვარების შერჩევა თქვენი თხოვნის გათვალისწინებით მოხდება (ანბანურ თანმიმდევრობას ყურადღება არ მიექცევა).
ბერიშვილთა გვარი
ბერიშვილი ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მის ფუძეში წინაპრის საკუთარი სახელი "ბერი" დევს. საქართველოში ბერი ფართოდ გავრცელებული სახელი იყო. აქედან გამომდინარე, ბერიშვილის დერივატული გვარიც მრავლადაა: ბერიძე, ბერია, ბერიტაშვილი, ბერიანიძე, ბერიკაშვილი, ბერუაშვილი და სხვა. ეს ზემოთ ხსენებული გვარები ერთმანეთის ნათესავები არ არიან, მათ მხოლოდ გვარის ფუძე აქვთ საერთო.
ბერიშვილთა გვარი მრავალძირიანი გვარია. შესაბამისად, მათ ბუდე ანუ პირველსაცხოვრისიც რამდენიმე აქვთ.
ჩვენს ხელთ არსებული ისტორიული მასალებიდან ჩანს, რომ ერთი ბუდე მთის რაჭაში, გლოლას თემშია, მეორე - უკან ფშავში გოდერძაულთ თემში. ძველი დროიდან ბერიშვილები ჩანან: გურიაშიც, სამეგრელოშიც, იმერეთშიც და შიდა ქართლშიც. არსებობს ზეპირი გადმოცემა, რომ ბერიშვილებს ენათესავებიან მთის რაჭაში ბიჭაშვილები და იმერეთში შეყლაშვილები, ხოლო ფშაველ ბერიშვილებს საერთო ხატის ყმობა აქვთ გოდერძაულებთან, ბეროშვილებთან, ბობღაშვილებთან, გორელაშვილებთან, ლომნიაშვილებთან, ხელაშვილებთან და ჭარელაშვილებთან.
ინფორმაცია ფშაველ ბერიშვილებზე და მათ მოძმე გვარებზე არა მარტო ზეპირი გადმოცემით, არამედ მეცნიერულადაც დასტურდება. ამ გვარებს დღესაც ახსოვთ ეს ყოველივე და მათ შორის ქალი არ თხოვდება ანუ ქორწინება ყოვლად დაუშვებელია.
ჩვენამდე მოღწეულ საისტორიო წყაროებში ბერიშვილის ყველაზე ძველი ხსენება XVII საუკუნის პირველ ნახევარში ჩანს: ბერიშვილი დათუნა - მოწამე პაატა ჯომარდიძის მიერ გოგია ბითაძისთვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა (1622წ.).
მეორედ იხსენიება ასევე XVII საუკუნის საბუთში: ვინმე ბერიშვილი გიორგი - მოწამე ზაქარია ამბრიაშვილის მიერ თავის ბიძაშვილ იოანესთვის მიცემული მამულის დანებების წიგნისა (1625 წ.).
ბერიშვილი ლაზარე - ატენს მცხოვრები. ჰყავს ძმები: ნონია, ზაზუტა, ქიტია, თამაზა, ბერუა, ეზია. მისცა სასისხლო საქმეზე უდავობოს წიგნი ზურაბ, სულხან და ყალანდარ თუმანიშვილებს (1676 წ.).
ბერიშვილი ბერა - გორს მცხოვრები. ჰყავს სახლიკაცები ნასყიდა, მახარია. ისინი მამულით გიორგი ერისთავმა უბოძა საამ კობიაშვილს (1693 წ.).
XVII საუკუნის მეორე ნახევრის საამილახვროს დავთრის მიხედვით, სოფ. ჯიჯიკურში მცხოვრები ივანე ბერიშვილის ოჯახიდან ორი მეომარი უნდა გამოსულიყო მშვილდით. შევნიშნავთ, რომ მშვილდითა და შუბით გლეხთა ყველაზე უქონელი ფენა გამოდიოდა ლაშქარში.
1716-1750 წლის პირობის წიგნში მოხსენიებულია ბერიშვილი ირემა მოწამედ აზნაურ ესიტაშვილებისთვის დურმიშხან ჯავახის მიერ მიცემული პირობის წიგნისა:
"ეს წიგნი მოგეც მე, დურმიშხან ჯავახმა, შენ, ესიტაშვილებსა დათუნასა, ზაალსა, ესიტასა და პაატასა, - ასრე რომე შენი ნასყიდი მუახლე მოვაპარვინე და თათარს მივყიდევ. ახლა ის მსყიდველი თათარი ხელში გეჭირა, ჯინჯილი ჩემის ხელით ამიღია იმ თათრისაგან და გამიშვია, ი(ს) შენი მუახლე თავს მე დამიდვია. თუ ემ სამშაბათს არ მოგ(გ)ვარო, პასუხის მომცემი მე ვიყო. ამაში აშა აღარ იქნების. ამის მოწამე გარ(ა)ყანიძე დათუნა, ბერიშვილი ირემა, მორბედაძე სუხიტა. დაიწერა შაბათს, ნათლისმცემლობასა".
1742 წელს თავშეწირულობის სიგელში წერია:
"მე ბერიშვილს დემეტრეს შემიწირავს ჩემი თავი წმინდის დავითისათვის ყოვლის კაცის მოუდევრად და უცილობლად, რომ არას ადამიანის მონათესავეს კაცს ჩემთან ხელი არა ქონდეს, ან მანამდის მე ვიყო, ან ჩემი შვილი, ან შვილიშვილი, წმიდის დავითის საფლავის იქით არა ვიცი რა, ამისათვის, რომ ერთი პატარა ობოლი მოველ თქვენს ხელში, ანუ თუ რამ მოვიგე და მაქვს, სულ თქვენის მონასტრის ყმობაში მოვიგე და სულ თქვენთვის შემომიწირავს ჩემი თავიცა და ჩემი მონაგებიცა".
ამ სიგელში ნახსნებ "წმინდა დავითში" იგულისხმება დავითგარეჯის მონასტერი.
XIX საუკუნის აღსარების მთქმელთა სიების მიხედვით, ბერიშვილები ცხოვრობენ: რაჭაში: სოფელ გლოლაში - საბატონო გლეხები, სოფელ სორში - ჯაფარიძის საბატონო გლეხები, სოფელ ძეგლევში - ასევე ჯაფარიძის საბატონო გლეხები; იმერეთში: სოფელ დედალაურში - ხიზნები, სოფელ ვანში - საბატონო გლეხები და სოფელ ჩუნიშში - საბატონო გლეხები.
ქრისტიანობისა და ქართველობისთვის ბერიშვილთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ ცალკე იმერეთის სამეფო ლაშქრის მემარცხენე და მემარჯვენე სადროშოებში, აგრეთვე დადიანთა და გურიელთა დროშებქვეშ, ცალკე ქართლის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე სადროშოში და ცალკე კახეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ სადროშოში.
დღეისთვის ბერიშვილთა გვარი რამდენიმე ტოპონიმურ სახელად არის შემორჩენილი: "ბერიშვილის უბანი" - სოფელ ნავარძეთში, "ბერიშვილის ტყე" - სოფელ მილუშვეთში, "ბერიშვილის ღელე" - სოფელ ბახიოთში, "ბერიშვილის წყარო" - სოფელ სისვაძეებში, "ბერიშვილის უბანი" - სოფელ საკრაულაში და ასევე უბანი სოფელ ზვანში.
ბერიშვილებმა ღირსეული შვილები აღუზარდეს საქართველოს, რომლებმაც შემდგომში კეთილად წარმოაჩინეს ბერიშვილთა გვარი და არაერთი კარგი საქმე გაუკეთეს სამშობლოს. ესენი არიან: ზაქარია ბერიშვილი - რეჟისორი, ერთ-ერთი ფუძემდებელი ქართული კინოსი (1887-1965 წ.წ.), იური ბერიშვილი - მხატვარი, აკაკი ბერიშვილი - არქიტექტორი და სხვანი.
ამჟამად ბერიშვილები ცხოვრობენ: სამეგრელოში, გურიაში, იმერეთში, რაჭაში, შიდა ქართლში, შიგნით კახეთში და ჰერეთში. არიან აგრეთვე საფრანგეთის ძველი ტალღის ქართულ ემიგრაციაში.
საქართველოში ბერიშვილთა საერთო ოდენობა 2400 სულს აჭარბებს.
ღმერთმა ამრავლოს გვარი ბერიშვილთა!
მეფარიძეთა გვარი
"მეფარიძე" ხელობა-საქმიანობის აღმნიშვნელი გვარსახელების ტიპს მიეკუთვნება. საფიქრებელია, რომ გვარსახელი მეფარიძე რამდენიმე გვარმოდენილობას აერთიანებს, როგორც, მაგალითად: მჭედლიშვილები, მენაბდიშვილები, მესტვირიშვილები, მექვაბიშვილები, მეცხვარიშვილები, მეშვილდიშვილები და სხვანი მრავალი მჭედლის, მენაბდის, მეცხვარისა და მემშვილდის შთამომავლები არიან. სხვადასხვა დროს სხვადასხვა მხარეში სხვადასხვა მეფარის - ფარის მკეთებელი ოსტატის შვილებს მეფარიძეობა გაუგვარდათ, თანაც ეს ალბათ მანამდე მოხდა, სანამ ჩვენში თოფ-დამბაჩა ფართოდ გავრცელდებოდა და ქართული ფარი თავის მნიშვნელობას დაკარგავდა. მეფარიძეები საკმაოდ ძველი დროიდან ჩანან რაჭაში, იმერეთში, ქართლსა და კახეთში.
სოციალური მდგომარეობით მეფარიძე გლეხური გვარია. მეფარიძეები ყოფილან საეკლესიო გლეხებიც, საბატონო გლეხებიც (წერეთლების, აბაშიძეების, იაშვილების, ფერაძეების, ტატიშვილების, ყანჩაელების ყმები), სახელმწიფო გლეხებიც. გვხვდება მეფარიძე ბოგანო გლეხადაც (ბოგანობა დროებითია, აკი "ჭირვეულობა რიგით არის").
თავიდანვე უნდა ითქვას, რომ მეფარიძეთა ძველი გვარის შთამომავალთა უმრავლესობა დღეს ნეფარიძის გვარს ატარებს და მცირე ნაწილია მეფარიძის გვარზე დარჩენილი. "მ" და "ნ" ასოთა მონაცვლეობა დამახასიათებელია ქართული ენისათვის (მეფე - ნეფე). მეფარიძე რომ ძველი ფორმაა და ნეფარიძე - ახალი, ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ საისტორიო საბუთებში "მეფარიძე" მრავალჯერ გვხვდება, "ნეფარიძე" კი თითქმის არა. ძველ საბუთებში მხოლოდ XIX საუკუნიდან იხსენიება. ნეფარიძეთა ერთი შტო აზნაურიც ყოფილა.
ჩვენს ხელთ არსებული წერილობითი წყაროების მიხედვით, მეფარიძეთა გვარი XVI საუკუნიდან ჩანს.
1578 წლის ქუთაისის საყდრის მებეგრეთა დავთარში იხსენიებიან როკითს მცხოვრები გლეხები: გოგიჩა, დავით და ხუჩუტა მეფარიძეები, სამ კომლად. ისინი საეკლესიო გლეხები იყვნენ. სოფელი როკითი მდებარეობს იმერეთში, ბაღდათის რაიონში.
XVII საუკუნის II ნახევრის ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში წერია: "ქვემო ძვიმლითს ტატიშვილის ყმა მეფარიძე კაცია, კომლი ერთი, შვილი ამისი სამი ვაჟი". მეფარიძეთა ამ ოჯახიდან სამ კაცს ევალებოდა ლაშქარში გასვლა.
ამავე პერიოდის საამილახვროს დავთარში იხსენიება: "ცხვილოსს მეფარიძე ნასყიდა მშვილდით. კომლი ა, თავი ა". აგრეთვე "წინუბანს მეფარიძე მამუკა თოფით. კომლი ა, თავი ბ". ესე იგი ერთი მშვილდოსანი უნდა გამოსულიყო სხვილოსელი მეფარიძეებიდან და ორი თოფოსანი - წინუბნელი მეფარიძეებიდან. ცნობილია, რომ ლაშქარში მშვილდითა და შუბით გლეხთა ყველაზე ღარიბი ფენის წარმომადგენლები გამოდიოდნენ, ხოლო თოფით გამოსვლა შეშლებული გლეხების ვალდებულება იყო.
1680 წელს ნასყიდა გოშაძემ და დათუნა მეფარიძემ მამული "გრძელას მიწა" მიჰყიდეს ბერინა ზარიძეს. ნასყიდობის წიგნიდან არ ჩანს, სად იყო ეს "გრძელას მიწა". გვარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გოშაძე რაჭა-იმერეთში გავრცელებული გვარია, ზარიძე ჯავახეთში, ქართლსა და ფშავში გვხვდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენთვის საინტერესო მამული ემიჯნებოდა ბახჩიაშვილისა და შავერდაშვილის მამულებს, ეს დათუნა მეფარიძე უფრო ქართლში მცხოვრებ მეფარიძეთა შტოს უნდა მივაკუთვნოთ.
XVII საუკუნის კიდევ ერთ ნასყიდობის წიგნში, რომლითაც კალატოზიშვილმა ინდუაშვილს ვენახი მიჰყიდა, მოწმედ იხსენიება ნიკოლოზა მეფარიძე. ეს მოწმე მეფარიძე ნამდვილად ქართლელია, რადგან ვენახის მყიდველიც და გამყიდველიც ქართლის მკვიდრნი არიან.
1700 წლის კოდისპურის გადამხდელთა სიაში იხსენიება ახრისს მცხოვრები ყანჩაელის ყმა ქიტია მეფარიძე. ყანჩაელები შიდაქართლელი აზნაურები იყვნენ. სოფელი ახრისი გორის რაიონში მდებარეობს.
XVIII საუკუნის I მეოთხედის კახეთის ხალხის აღწერის მიხედვით, სოფელ შიბლიანში უცხოვრია ბოგანო გლეხს ადამ მეფარიძეს. შიბლიანი გარე კახეთის სოფელია.
1788 წლის წყალობის სიგელით, იმერთა მეფემ დავითმა ყმა და მამული უბოძა ნიკოლოზ იაშვილს. სიგელში იხსენიება დავითელა მეფარიძე. იაშვილები რაჭველი თავადები იყვნენ. საფიქრებელია, რომ ეს დავითელა მეფარიძეც რაჭის მკვიდრია.
1791 წელს თავადმა წერეთელმა ჯრუჭის მონასტერს ყმები დაანება - შუქრუთს მცხოვრები გლეხები ხოხონა მეფარიძე და მისი ძმისშვილები პეტრე და კიკოლა. ამ წლიდან ისინი საეკლესიო გლეხების კატეგორიაში გადავიდნენ.
XIX საუკუნის 40-იანი წლების აღსარების მთქმელთა სიების მიხედვით, მეფარიძეებს უცხოვრიათ იმერეთის სოფლებში: ვარდიგორაში (საბატონო გლეხები), საქარაში (საბატონო გლეხები) და ძევრში (სახელმწიფო გლეხები), რაჭის სოფელ სხვავაში უცხოვრიათ ნეფარიძის გვარის სახელმწიფო და საბატონო გლეხებს. სწორედ რაჭის სოფელ სხვავადან მოსულობა ახსოვთ ზემო იმერეთის სოფელ შუქრუთში მცხოვრებ ნეფარიძეებს, რომელთა წინაპრები მეფარიძის გვარით იხსენიებიან 1791 და 1809 წლების ჯრუჭის მონასტრის საბუთებში.
მეფარიძეთა გვარის შთამომავალნი ნეფარიძის გვარით იხსენიებიან ამავე პერიოდის აღსარების მთქმელთა სიებში იმერეთის შემდეგ სოფლებში: ბერეთისაში (საბატონო გლეხები), დუნთაში (საბატონო გლეხები), ვანში (საბატონო გლეხები, აქ მეფარიძეებადაც იწერებოდნენ და ნეფარიძეებადაც), თერჯოლაში (საბატონო გლეხები), კიცხში (საბატონო გლეხები), შუქრუთში (საეკლესიო და საბატონო გლეხები, აგრეთვე სასულიერონი), ცხრაწყაროში (საბატონო გლეხები). სოფელ ბზვანში მცხოვრები ნეფარიძენი იხსენიებიან სათავადო აზნაურებად.
ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის მეფარიძე-ნეფარიძეთა გვარის მეომრები გლეხნი - კომლზე კაცად და აზნაურნი ქუდზე კაცად გამოდიოდნენ ცალკე იმერეთის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე, მემარცხენე და შუაგულ სადროშოებში, ცალკე ქართლის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე სადროშოში და ცალკე კახეთის სამეფო ლაშქრის მემარცხენე სადროშოში.
ადგილს და ადგილს სახელად შემორჩა მეფარიძე-ნეფარიძეთა გვარის სახელი: "მეფარიძეების წყარო" - წყარო სოფ. სეფარეთში (თერჯოლის რ-ნი), "მეფარიძის ჭა" - სოფ. ქვემო ბროლოსანში (ხაშურის რ-ნი), "ნეფარიძეები" - უბანი სოფ. ტყელვანში (ვანის რ-ნი), "ნეფარიძეების ვაცები" - ბუჩქნარი ტყე სოფ. კალაურში (ჭიათურის რ-ნი), "ნეფარიძეები" - უბანი სოფელ შუქრუთში (ჭიათურის რ-ნი), "ნეფარიძეების უბანი" - სოფ. პერევისაში (ჭიათურის რ-ნი), ხრეითში (ჭიათურის რ-ნი) და ქვედა საზანოში (ზესტაფონის რ-ნი), "ნეფარიძის გარემო" - ვენახი ამავე სოფელში, "ნეფარიძისეული ყანა" - სახნავი სოფ. მერევში (ჭიათურის რ-ნი), "ნეფარიძის ყანები" - სახნავი სოფ. ნასრში (ჭიათურის რ-ნი) და სხვა.
ქრისტიანული სულიერებისა და ქართული კულტურის სამსახურში გამოჩნდნენ მეფარიძე-ნეფარიძეთა გვარისშვილი: მღვდელი შიო ნეფარიძე, მღვდელი იოანე მეფარიძე, ბერი სებასტიან ნეფარიძე, მომღერალი აჩიკო მეფარიძე, მომღერალი დათო ნეფარიძე და სხვანი.
ამჟამად მეფარიძე-ნეფარიძენი ცხოვრობენ: ქვემო რაჭაში, ზემო იმერეთში, ოკრიბაში, გურიაში, შიდა ქართლში, გარე კახეთში, შიგნით კახეთსა და ჰერეთში.
საქართველოში დაახლოებით 500 სული მეფარიძე და 2000 სული ნეფარიძე ცხოვრობს.
ღმერთმა ამრავლოს გვარი ნეფარიძეთა!
მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ
ალექსანდრე ნაზღაიძემ