ვისი გორისა ხარ?
ვისი გორისა ხარ?
თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.

მომდევნო ნომრებისთვის გვარების შერჩევა თქვენი თხოვნის გათვალისწინებით მოხდება (ანბანურ თანმიმდევრობას ყურადღება არ მიექცევა).

ქურდაძეთა გვარი

"ქურდ"-ფუძიანი გვარსახელების (ქურდაძე, ქურდიანი, ქურდოვანიძე, ქურდევანიძე, ქურდაგია, ქურდობაძე, ქურდაშვილი, ქურდიკაშვილი და სხვა) ეტიმოლოგიის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა. ერთი ვერსიით, ისინი ეთნონიმური ტიპის გვარსახელებია, ხოლო სხვა ვერსიით, ეპონიმური ტიპის გვარსახელებს მიეკუთვნებიან.

"შეგვიძლია გავედევნოთ, თვალი მივადევნოთ ქურდების მოძრაობას (ქურდ-ვაჭრის ხევი, ქურდევანები - შაქი-შამახიის რაიონებში, "ქურდნი-ლეკნი და თარსანნი" - დავითის ისტორიკოსთან, ქურდოვანიძე, ქურდიანი, ქურდთა, ნაქურდევი) და ჩვენ მივიღებთ საკმაოდ დამაჯერებელ სურათს იმისას, რომ ეს ქურდნი ერთ-ერთი ტომი იყო (იბერიულ-კავკასიური) და ისტორიულ ხანაში (ჩვენს თვალწინ) დებედას ხევიდან შაქი-შამახიის მიდამოებში გადიან" (ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები).

დებედას ხევს (ქვემო ქართლში) VIII საუკუნეში, ჯუანშერის მიხედვით, "ქურდის ხევი" ერქვა. არჩილ მეფემ ვარზმან ერისთავს უბოძა ქვეყანა "კოტმანითგან ქურდის ხევამდე".

იმავე ხევს XII საუკუნეში თამარის ისტორიკოსთან უკვე "ქურდვაჭრის ხევი" ჰქვია: "შეიწყალა ზაქარია ვარამის ძე და უბოძა გაგი ქურდვაჭრითა განძამდის".

საუკუნეების განმავლობაში დებედას ანუ ქურდის ანუ ქურდვაჭრის ხევზე მნიშვნელოვანი საქარავნო გზა მიემართებოდა თბილისიდან სამხრეთის ქვეყნებისაკენ. სავსებით შესაძლებელია ამ ადგილებში მობინადრე ქურდთა ტომს ქარავნების ძარცვა ჩვეულ საქმედ გადაქცეოდა, ხოლო მათი სატომო სახელი "ქურდი" ქართულ ენაში სიტყვა "მპარავ"-თან გაიგივებულიყო (ისევე, როგორც სიტყვა "ყაჩაღი" დაკავშირებულია სატომო სახელთან "ყივჩაღი").

ერთი სიტყვით, სიტყვა "ქურდი" თავდაპირველად სულაც არ ნიშნავდა მპარავს, არამედ წარმოადგენდა სატომო სახელს იმ ერთ-ერთი იბერიულ-კავკასიური ტომისა, რომელიც "ქურდის ხევში" ბინადრობდა (VIIIს.) და რომელმაც აღმოსავლეთით "ქურდევანში" გადაინაცვლა (XIIს.). ეს ტომი საბოლოოდ გაქრა (ასიმილაცია განიცადა), მაგრამ მისი არსებობის კვალი შემორჩენილია ტოპონიმებსა და ანთროპონიმებში.

არსებობის უფლება აქვს "ქურდ"-ფუძიანი გვარების ეტიმოლოგიის მეორე ვერსიასაც. საქმე ისაა, რომ ქართველურ ანთროპონიმიკაში ფიქსირებულია მამაკაცის არაქრისტიანული საკუთარი სახელები: "ქურდი" და "ქურდან". აქედან გამომდინარე, სავსებით შესაძლებელია, რომ ამ ჯგუფის გვარები (ნაწილი მაინც) ეპონიმური წარმომავლობის იყოს ანუ წინაპრის საკუთარი ან შერქმეული სახელიდან იყოს ნაწარმოები.

საკუთრივ ქურდაძეთა გვარის შესახებ არსებობს "ხალხური ეტიმოლოგიაც", რომლის მიხედვით, სადღაც დასავლეთ საქართველოში რატომღაც რომელიღაც გვარი ამოწყვეტილა თუ ამოუწყვეტიათ. თითქოს იქ ერთი ფეხმძიმე ქალი გადარჩენილა. ეს ქალი ქართლისკენ წამოსულა. გზაში ვაჟი შესძენია, ეს ბავშვი ქურდულად მოიყვანაო და ამიტომ ქურდაძე დაერქვაო. სხვა გადმოცემით, ქურდაძეთა პირველსაცხოვრისად ასახელებენ იმერეთის სოფელ წიფას (ხარაგაულის რაიონი), საიდანაც ქურდაძეები პირველად ლიხის ქედს გადმოღმა სოფელ იტრიაში გადმოსულან. ასახელებენ იმერეთის სოფელ კაკალათხევსაც (ლოკალიზაცია გაურკვეველია).

ქურდაძეთა განსახლების არეალის და თავმოყრის ადგილების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მათი გვარ-მოდენილობის ბუდე მართლაც ზემო იმერეთისა და შიდა ქართლის მიჯნაზე უნდა ვივარაუდოთ.

ქართულ წერილობით წყაროებში ქურდაძეთა გვარი XVI საუკუნიდან იხსენიება. ისინი ეკუთვნოდნენ: სახასო, საეკლესიო, საბატონო, ნასყიდ და თავდახსნილ გლეხთა კატეგორიებს.

1588 წელს ქართლის მეფემ სვიმონ I-მა იტრიის სიონის ეკლესიას სახასო ყმა და მამული შესწირა. ეკლესიისადმი შეწირულ გლეხთა შორის იხსენიებიან იმერეთის სოფელ წიფაში მცხოვრები ქურდაძეები. ამ შეწირულობით წიფელი ქურდაძეები საეკლესიო გლეხები გახდნენ.

1589-1600 წლებში იტრიისადმი სვიმონ მეფის შეწირულობა განაახლა სურამის პატრონმა, ბატონიშვილმა გიორგიმ. ამ სიგელშიც სხვა გლეხებთან ერთად იხსენიებიან წიფელი ქურდაძეები და ცალკე მოხსენიებულია ვინმე ინდუა ქურდაძე.

საინტერესო ცნობებს შეიცავს 1692 წლის თავნასყიდობის წიგნი, მიცემული ივანა ქურდაძის მიერ მაჭავარიანებისათვის:

"...ესე ნასყიდობის წიგნი და სიგელი მოგართვით ჩვენ - ქურდაძემ ივანამ და შვილმან და მამავალმან სახლისა ჩემისამან თქვენ - ბატონს ჩვენს მაჭავარიანს როსაბს, შვილსა თქვენსა ინანასა და თამაზს, ასე რომე, ჩხეიძემ ქაიხოსრომ და თეიმურაზ სურამის ციხე თათრებს ეჭირათ და მეციხოვნათ იდგნენ. იმ ციხის თათრებს ერთი თავისი ყმის შვილი მისცეს. ყვანდათ. ის ტყვე გამოპაროდათ. ჩემ სახლში მოსულიყო. მოვედი და ვნახე, ვეღარ უღალატე, მეორეთ ვეღარ გავყიდე. ნათესავიც იყო, დავმალე და ჯავახეთს წავიყვანე. მეხუთეს წელიწადს მთხრობელი მოსლოდათ: ივანამ და პაპუნამ ქურდაძეებმა მოიყვანესო. გამამაჩნდა ის ტყვე. ვეღარსად დავიმალე. ამიყვანეს ცოლით, შვილით ორნი ძმანი მამულით და ალაგით... საზღაური რომ ვერ შევიძელით, ციხეში ვყვანდით დატყვევებული. წავედით ისევ ჩვენს ბატონს შევეხვეწენით როსაბ მაჭავარიანს... ჩემი თავი თქვენ გამოიხსენით..." ამ შემთხვევის შემდეგ საბატონო გლეხები ივანა და პაპუნა ქურდაძეები და მათი შთამომავლები ნასყიდი საბატონო გლეხები გახდნენ. განსაცდელში ჩავარდნილ გლეხს ისევ თავისმა ბატონმა უშველა და უპატრონა (სიტყვა ბატონი ხომ პატრონისგან არის ნაწარმოები).

ამ ივანა და პაპუნა ქურდაძეთა შთამომავალი უნდა იყოს ბერუა ქურდაძე, რომელიც 1785 წელს არზით მიმართავს მეფე ერეკლეს: "ღმერთმან ბედნიერის ხელმწიფის ჭირი მომცეს თქვენს მონას, მაჭავარიანის კაცს ბერუა ქურდაძეს.

ამას მოვახსენებ ბედნიერს ხელმწიფეს. ჩემო ხელმწიფევ, მე ბერი მაჭავარიანის ნასყიდი კაცი ვიყავი. ერთი შვილი მიუციათ თათართათვის ჩემის მამისა და ბიძის გამოსასხნელათ. მანამ საჩხეიძეოში შენობა იყო, ის მაჭავარიანიც იქ ესახლა და მეც იმას ვემსახურებოდი. როდესაც აირია ქვეყანა, მაჭავარიანი იმერეთს წავიდა. მე სურამს დავრჩი და ჩხეიძეები მიმსახურებდნენ, რაც შემეძლო.

ამიღეს და ხიდირბეგისშვილზე დამაგირავეს. იმას ექვსი წელი ვემსახურე. იმათ ხომ ვეღარ დამიხსნეს. ავიღე ურიის ვალი და ჩემი თავი მე დავიხსენ. ახლა მეორეთ კიდევ ამიღეს და რაც ჩემი ნასყიდი და უსყიდი მამული მქონდა, ოცდაათ თუმნად აბაშიძე გოგიაზედ დამიგირავეს მამული.

შარშან რომ ვახანს ჯარი შემოადგა (1784 წელს ლეკებმა ვახანის ციხე აიღეს - ა.ნ.), თქვენი ბრძანებაც იყო, დავიხიზნენით. მე ქართლში ჩამოველ. იმათ ორმოცი კოდი პური წამართვეს, იქ დამრჩა და შეჭამეს. თორმეტი კოკა ღვინო წამართვეს და ცხრა კოდი ქერი. მე ცოლი და შვილი მშიერი ქართლში მიყრია და მამულს ასე უყვეს. და რაც რამ მქონდა, წამართვეს სულადი. რა ვქნა, შენი ქვეყანა ეს არის, ან ქართლში უნდა ვიყო, ან კახეთში, მაშ, სად წავიდე?

ღმერთი გაგიმარჯვებს. ნასყიდი მამული მაქვს. არავის დაჰკარგვია ნასყიდობა, ნურც მე დამეკარგება, სამართალი მაღირსეთ, ჩემო ხელმწიფევ. ნოემბრის კგ. წელსა ჩღპე".

ეს ბერუა ქურდაძე უკვე თავდახსნილი გლეხია, რადგან ურიის ვალი აუღია და თავისი ბატონის ჩხეიძის ვალი თავად გადაუხდია ხიდირბეგიშვილთან. ამ თავდახსნილ გლეხს მამულიც ნასყიდი ჰქონია და გლეხის ნასყიდ მამულთან არც ერთ ბატონს ხელი არ ჰქონდა ქართული სამართლით. უფლებრივად შევიწროებული და ქონებრივად გაჩანაგებული გლეხი ქურდაძე ამიტომაც მიმართავს ასე გაბედულად მეფეს: "შენი ქვეყანა ეს არის... მაშ, სად წავიდეო". ქართველ გლეხს მეფე ყოველთვის მფარველად ეგულებოდა, "შენობით" მიმართავდა.

ამ არზის დაწერიდან მეორე დღეს მეფე ერეკლემ ბატონიშვილ ალმასხანს უბრძანა: "ჩვენო ღვთის წყალობავ, შვილო ბატონო ალმასხან! მსაჯულნიც შენთან დაისწარ, ამ არზის პატრონი ამ არზით რომ ჩივის, ამას სამართალი უსაჯეთ. აღიწერა ნოემბერს კდ. ქორონიკონს უოდ" (იმავე არზის ოქმი).

ჩხეიძის ყმა გლეხის ქურდაძის მამული იხსენიება 1794 წლის ქაიხოსრო აბაშიძის ანდერძში: "ცხრამუხის სამზღვარი სამზიარო და საბადური რომ წერია, მთელმა სოფელმა იცის. იმასთან ძველი ნაწისქვილარი არის. ომარხანის მოსვლამდინ ჩემმა ბიძაშვილმა გიორგიმ ჩხეიძის კაცის ქურდაძისაგან მიწა იყიდა. იმის ზევით საცხრამუხო არის, ქვემოთ - საჩხეიძო". სოფელ ცხრამუხაში ქურდაძის მიერ აბაშიძისათვის მიყიდული მიწა გამხდარა საზღვარი ქართლის საჩხეიძო და სააბაშიო მამულებს შორის.

ეთნოგრაფიული მონაცემებით, სოფელ ცხრამუხაში (ხაშურის რაიონი) ამჟამად მცხოვრები ჩოჩაშვილების გვარი ქურდაძეთაგან შტონაყარ გვარად ითვლება.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ქურდაძეთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ ქართლის სამეფო ლაშქრის მემარჯვენედ მიმსვლელ-მცემელთა სადროშოში თავად ამილახვართა დროშის ქვეშ.

ამჟამად ქურდაძეები ცხოვრობენ შიდა ქართლში, განსაკუთრებით - ხაშურისა და ქარელის რაიონებში, სამცხეში - ახალციხისა და ბორჯომის რაიონებში, აგრეთვე შედარებით მცირე რაოდენობით - ზემო იმერეთში, გურიაში, კახეთსა და ჰერეთში.

საქართველოში ქურდაძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რაოდენობა 2100 სულს აჭარბებს. ღმერთმა ამრავლოს გვარი ქურდაძეთა.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ქურდაძეთა!


ალადაშვილთა საგვარეულო
გვარსახელი "ალადაშვილი" ფუძეში შეიცავს წინაპრის საკუთარ სახელს "ალადა". ოდესღაც ვინმე ქიზიყელი ალადას შთამომავლებს ალადაშვილობა გაუგვარდათ.

KARIBCHE

ჩვენამდე მოღწეული პირველი წერილობითი წყარო, რომელშიც ალადაშვილთა გვარი იხსენიება, XVIII საუკუნის მიწურულით თარიღდება. ეს არის კახთბატონის ერეკლე I-ის (1683-1703წ.წ.) მიერ ბოძებული სითარხნის და აზატობის წიგნი, რომელიც ქიზიყელ ალადაშვილებს: გიორგის, პაპუნას, რამაზს, გურგენს, ზუბიტას, პეტრეს, გურასპის, მამუკას, სოზიას, ელიოზს, შერმაზანს, ბეჟანს, ონანს, შიოშს ეკუთვნით.

"...აზატობას დაგვეაჯენით და მოკითხული ვქენით და ძველთაცა აზატი ყოფილიყვენით და წიგნები დაგკარგვოდათ და საფულით გამოგეტანათ და ჩვენც წყალობა გიყავით და ხელახლა სიგელი გაგიახლეთ და ასე გათარხნეთ და გააზატეთ, რომ არაფრისთან საჩვენო სათხოვარი და გამოსაღები არა გეთხოვებოდესთ რა: არა კოდისპური, არა საბალახე, არა ნახშირისთავი, არა პირისთავი, არა საური, არა ულუფა..."

აზატი - სპარსულად, ხოლო თარხანი არაბულად თავისუფალს ნიშნავს. როგორც საბუთიდან ჩანს, ეს ქიზიყელი ალადაშვილები ძველადაც აზატ-თარხანნი, ესე იგი თავისუფალნი ყოფილან.

"საფულით გამოგიტანიათო" - როგორც ჩანს, ისინი "თავდახსნილი", ესე იგი შეძლებული გლეხები ყოფილან. მერე, რახან აზატობის წიგნები დაჰკარგვიათ, მეფეს "აზატობას დაეაჯნენ" - შეეხვეწნენ, რომ დაკარგული აზატობა აღედგინათ. მეფეს ალადაშვილთა თხოვნა მაშინვე არ დაუკმაყოფილებია, ჯერ საქმე გამოიძია - "მოკითხული ვქენითო" და როდესაც დარწმუნდა მათი თხოვნის საფუძვლიანობაში, მერე დაუწერა აზატობის და თარხნობის წყალობის წიგნი.

ჩვენ არ ვიცით, ეს 14 კაცი გაუყრელ სახლად ცხოვრობდა თუ ცალ-ცალკე. ამ შემთხვევაში მეფის სიგელით აზატობა ერთდროულად ებოძებოდა ალადაშვილთა 14 ოჯახს. ერთი რამ ცხადია: XVII საუკუნის მიწურულს და უფრო ადრეც ქიზიყელი ალადაშვილების ერთი ნაწილი აზატი ანუ თარხანი იყო და გადასახადებს არ იხდიდა. ერეკლე I-ის გამეფებამდე კახეთში არჩილ II მეფობდა. 1675 წელს მან კახეთის ტახტი დაკარგა და იმერეთში სამგზის სცადა გამეფება. შემდეგ 1698 წელს იმერეთის ტახტიც დაკარგა და საბოლოოდ რუსეთში გადაიხვეწა. ერთი კახელი გლეხი ალადაშვილი თავისი ერთგულებით კახეთიდან იმერეთში, იმერეთიდან რუსეთში გადაჰყოლია უბედური ბედის მეფე-პოეტს და იქ მოსკოვის მახლობლად, ვსესვიატსკოეს ქართულ კოლონიაში დასახლებულა.

1748 წელს ქართლის მეფემ თეიმურაზ II-მ ერთგულებისთვის აზატობის წყალობის სიგელი უბოძა: პაატა, პაპუნა, რევაზ, მუსა და ლუარსაბ ალადაშვილებს: "ნებითა და შეწევნითა ღუთისათა ჩვენ, იესიან-დავითიან-სოლომონიან-პანკრატიონმა მეფეთ-მეფემან და თვით ხელმწიფემან, საქართველოს მპყრობელმან, პატრონმა თეიმურაზ და თანამეცხედრემან ჩვენმან დედოფალმან ანახუმ, პირმშომან და სასურველმან ძემან ჩვენმან მეფემან კახეთისამან ერეკლემ და ძმისწულმა ჩვენმა ასან-მირზამან და შვილმან ჩვენმან სოლომონ და ვახტანგ ესე ამიერითგან უკუნისამდე ჟამთა და ხანთა გასათავებელი, მტკიცე და უცვალებელი წყალობის წიგნი შეგიწყალეთ და გიბოძეთ შენ, ჩვენსა ერთგულსა და თავდადებით ნამსახურსა ალადაშვილს ფარეშს პატას, ძმასა პაპუას, ძმისწულსა შენსა რევაზს და მუსას, ლუარსაბს, შვილთა და მომავალთა სახლისა შენისათა, ასე რომე, ბედნიერის შან-შაას ბრძანებით, ერანში წამოვედით და თან გარდმოგვყევ და მრავალგვარად გვემსახურეთ და ამაში ყოჩანს ხელმწიფეს უღალატეს და მოკლეს. მას უკან ადალშა გახელმწიფდა. იმისი ბრძანება და რაყამი მოგვივიდა და ხელმწიფესთან წავედით. ყოჩანის ციხეს შემოადგა და აიღო და დაიმონა. ახლა ხელმწიფე ადრიბეჟანისაკენ წამობრძანდა და მასცა ძმამ უღალატა და დაუმარცხეს. ამაში ჩვენც განვიბნივენით და შენ ჩვენ გარდაგვსხლტი, ჩვენ მაზანდარას წავედით და დიდის ჭირითა და ხრმლით ქაჯურის ციხეში მივედით და იქ შევმაგრდით. ახლა ბედნიერის შასულთან იბრეიმის რაყამი და ბრძანება მოგვივიდა და წამოვედით და სონბულახს ხელმწიფესთან მივედით და შენ გილანს მისულიყავ. მერე ჩვენის სიცოცხლის ამბავი რომ შეგეტყო, იმავწამ ხომალდში ჩამჯდარიყავ და ჩვენის სამსახურისა და ერთგულებისათვის მოგესწრაფა. ამაში ხომალდი დაგცევიყო და მრავლის ჭირით ძლივ ჩვენთან სული მოაწიე და ჩვენც რა ვნახეთ ესეთი სამსახური და ერთგულობა, ამის ნაცვლად შეგიწყალეთ და გიბოძეთ წიგნი ესე აზატობისა, რომელ არა გეთხოვებოდეს ჩვენგან არა საჩვენო სათხოვარი, არა კულუხი, არა კოდისპური, არა ბეგარი, არა სამასპინძლო, არა სააღაპო, არა სათათრო, არა ტიკი, არა ტომარა, არა სამოურაო, არა სანაცვლო, არა გეთხოვებოდეს რა ლაშქარ-ნადირობის მეტი, შემაწუხებელი შენ კარზე სხვა არა მოდგეს რა. გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩვენსა ერთგულობასა და სამსახურსა შინა. არა მოგეშალოს რა და არცა სხვათა შემდგომთა მეფეთა და მეპატრონეთაგან. აწი გიბრძანებთ, კარისა ჩვენისა გამრიგენო და ვეზირ-ვექილნო, თქვენც ასე დაუმტკიცეთ ბრძანება ჩვენი და ნუ მოუშლით, თვინიერ შეწევნისა და თანადგომისა".

ამავე სიგელს მეფე ერეკლეს ხელით აწერია: "ჩვენ, საქართველოს მეფეთ ცხებულის ძე მეფე ერეკლე, ვამტკიცებთ წიგნსა ამას, რაგვარადაც ბატონს მამაჩვენს წყალობა უქნია, ჩვენც ამრიგათ წყალობა გვიქნია და დაგვიმტკიცებია. ინდიქტიონსა მეფობისა ჩვენისასა წელსა მეშვიდესა თვესა აპრილისა კა. ქორონიკონსა ულზ". ამრიგად, აქ ნახსენები ალადაშვილები XVII-XVIII საუკუნეებში გლეხები ყოფილან, მაგრამ თავდახსნილობით თუ მეფეთა სამსახურში გამოჩენილი განსაკუთრებული ერთგულებით აზატობა ჰქონდათ ნაბოძები და მათ საპატიო სამსახურს ლაშქარ-ნადირობა წარმოადგენდა. გარდა ამისა, ალადაშვილთა გვარის წარმომადგენლები ინიშნებოდნენ ქართული სამოხელეო აპარატის ზოგიერთ თანამდებობაზე. საისტორიო საბუთებში გვხვდება ჯუგაანის ქევხა (1799 წლის ალადაშვილის საჩივარი) და ახადელის ნაცვალი (1801 წლის კახეთის აღწერა) ალადაშვილები.

ზემოთ ნახსენებ პაატა ალადაშვილზე ნაკლები სახელი და პატივი არ ჰქონია მეფის კარზე დავით ალადაშვილს, რომლის შვილიშვილს გლახას 1799 წლის 21 სექტემბერს მეფესთან უჩივლია: "მათის უმაღლესობის ბედნიერის ხელმწიფის წინაშე მოხსენიებული მათის მონის ჯუგაანთ ქევხის შვილის გლახასი.

თქვენი მონა და მოსამსახურე გახლავართ. შინ იასაულნი მისხედან, კოდის პურსა და საჯაროსა მთხოვენ.

გევედრებით, მოწყალება მოიღოთ. წლევანდელი გასაღები, რაც ჩემთვის შემოუწერიათ, მაპატიოთ. სეკტემბრის კა. ქორონიკონს უპზ".

ამ საჩივარს ქართლ-კახეთის მეფემ გიორგი XII-მ იმავე დღეს შემდეგი სიტყვები მიაწერა: "ჩვენი ბრძანება არის, ვინცავინ კოდის პურის და საჯაროს პურის შემწესნი და მოასილნი ხართ! ამაზე ეხლავ ხელი აიღეთ. დავით ალადაშვილისა და ამის შვილიშვილისა სურსათისა და საჯაროს პურის შეწერა რა ეშმაკმა მოგაგონათ. ხელი უნდა აიღოთ და არც საიასაულო უნდა გამოართოთ. სეკტემბრის კა. ქორონიკონს უპზ".

ქევხა - ქიზიყში სოფლის მამასახლისს ერქვა. ამ საბუთში ნახსენები ქევხიშვილი გლახა ქევხის ანუ მამასახლისის შვილია და გვარად ალადაშვილია. კახეთ-ქიზიყში მრავლად მცხოვრები ქევხიშვილები სხვადასხვა ქევხების შთამომავლები არიან. არ არის გამორიცხული, რომ მათში ქევხის შვილი გლახა ალადაშვილის შთამომავლებიც ერიონ.

საქართველოში რუსთა ბატონობის დამყარებას ბატონიშვილთა დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა, რომელთაც მრავალი მხარდამჭერი ჰყავდათ როგორც ერთგულ თავად-აზნაურთა, ისე ერთგულ გლეხკაცთა შორის.

1803 წლის გენერალ გულიაკოვის დასმენაში მეფისნაცვლის მიმართ სწერია, რომ კახეთის სოფელ გავაზში თავად ბებურიშვილსა და ვაჩნაძესთან ერთად გავაზელ გლეხებს: ალადაშვილს, ხუციშვილს, რევაზაშვილს, ვაზიკოშვილს, მინაშვილს, მინდიაშვილს და მღვდელ მამულაშვილს რუსების დაუძინებელი მტრის, ალექსანდრე ბატონიშვილის ერთგულებაზე დაუფიციათ.

ჩვენს ხელთ არსებულ საბუთებში კიდევ ერთი "ერთგული" ალადაშვილი გვხვდება. ეს არის კონდოლელი გლეხი გოგია ალადაშვილი, რომელიც 1807 წელს რუსეთის შორეულ გუბერნიაში, კალუგაში გადასახლებულ მთიულეთის აჯანყების მონაწილეთა შორის იხსენიება. გოგია ალადაშვილი აჯანყებაში არ მონაწილეობდა, მაგრამ თავის ბატონს, თავად სვიმონ ქობულაშვილს (აჯანყების მონაწილეს) თავისი ნებით გადაჰყოლია გადასახლებაში.

როგორც ჩანს, ერთგულება ჯიშად მოუდით ალადაშვილებს.

XVIII საუკუნის II ნახევარში ალადაშვილთა ერთი შტო შიდა ქართლშიც ჩანს. ქართლელი ალადაშვილები აზნაურები ყოფილან. 1782 წლის 5 სექტემბრით დათარიღებულ ერთ საბუთში იხსენიება მანუჩარ ციციშვილის აზნაურიშვილი ალადაშვილი გოგია.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ალადაშვილთა გვარის მეომრები გამოდიოდნენ კახეთის სამეფო ლაშქრის მოწინავე სადროშოში ბოდბელ ეპისკოპოსთა დროშის ქვეშ.

ამჟამად ალადაშვილები ცხოვრობენ ქიზიყის სოფლებში: ჯუგაანში, ბოდბეში, ბოდბისხევში, ანაგაში, ვაქირში, საქობოში, ხირსაში, წნორში, ნუკრიანში, არბოშიკში, მაჩხაანში, ტიბაანში, ოზაანში... აგრეთვე ჰერეთის, შიგნით კახეთის, გაღმამხრის, ერწო-თიანეთის, გარე კახეთის, ქვემო და შიდა ქართლის ზოგიერთ სოფელში. განსაკუთრებით მრავლად არიან სიღნაღის, დედოფლისწყაროს და ლაგოდეხის რაიონებში.

საქართველოში ალადაშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რაოდენობა 2380 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ალადაშვილთა!

მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ
ბეჭდვა
1კ1