ვისი გორისა ხარ?
ვისი გორისა ხარ?
როგორც "კარიბჭის" წინა ნომერში დაგპირდით, ვიწყებთ ქართული გვარების ისტორიის ბეჭდვას. მონაცემები თითოეული გვარის წარმომავლობის, განსახლებისა და ისტორიული განვითარების შესახებ სამეცნიერო წყაროებიდანაა მოპოვებული. პირველი პუბლიკაციისთვის გვარები ჩვენ შევარჩიეთ, მაგრამ მომდევნო ნომრებისთვის მათი შერჩევა თქვენი თხოვნის გათვალისწინებით მოხდება (ანბანურ თანმიმდევრობას ყურადღება არ მიექცევა). თუ გსურთ, თქვენი გვარის შესახებ ინფორმაცია იხილოთ ჟურნალის ფურცლებზე, მოგვწერეთ. წერილის გამოგზავნა შეგიძლიათ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით.


აბაიშვილი
ფუძე: წინაპრის სახელი "აბა", "აბაი".

ძირი: აბაიშვილი ერთძირიანი გვარია. აბაიშვილთა გვარიდან განშტოებულა თელავის სოფელ შალაურში მცხოვრები სეხნიაშვილების გვარი. რაჭის სოფელ სევადან კახეთის სოფელ შალაურში გადმოხვეწილი სეხნია აბაიშვილი შალაურელმა პაატაშვილებმა იშვილეს, დაასახლეს თავანთ მამულზე და მისი შთამომავალნი დღეს სეხნიაშვილებად იწერებიან. ეს გადმოცემა ეხება მხოლოდ შალაურელ სეხნიაშვილებს, სეხნია აბაიშვილის შთამომავლებს, და არა ქართლისა და კახეთის სხვა სეხნიაშვილებს, რომელთაც სხვადასხვა წარმომავლობა აქვთ.

ბუდე: აბაიშვილთა ბუდე-პირველსაცხოვრისი ზემო რაჭის სოფელი სევა ჩანს.

შთამომავლობა: აბაიშვილები საბატონო გლეხები იყვნენ.

ხსენება: XIX საუკუნის დასაწყისში, 1804-1818 წლებში, აბაიშვილთა ერთი შტო ზემო რაჭიდან შიდა ქართლში, ფრონეს ხეობის სოფელ ფცაში გადმოსულა. მათი შთამომავალნი დღესაც ცხოვრობენ ფცაში. რაჭაში დარჩენილი აბაიშვილები XIX საუკუნის 40-იან წლებში, აღსარების მთქმელთა სიების მიხედვით, იხსენიებიან სოფელ სევაში - აზნაურ ბაქრაძეთა საბატონო გლეხებად, სოფელ კვაცხუთში - აზნაურ წერეთელთა საბატონო გლეხებად და სოფელ სხიერში - აზნაურ ჯაფარიძეთა საბატონო გლეხებად.

მსახურება: ღვთისა და საქართველოსთვის აბაიშვილთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მემარცხენე სადროშოში.

გვარისშვილნი: 1990 წელს თბილისის ფერისცვალების ეკლესიაში განახლდა ღვთისმსახურება. ლოცვებს აღავლენდა მღვდელი ალექსანდრე აბაიშვილი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ტაძრის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დაბრუნებაში.

განსახლება: ამჟამად აბაიშვილები ცხოვრობენ ონში და ონის რაიონის სოფელ სევაში, ამბროლაურში და ამბროლაურის რაიონის სოფელ კვაცხუთში (დაახლოებით 7 კომლი), ქარელის რაიონის სოფელ ფცასა და აგარაში, ბორჯომის რაიონის სოფელ ბაკურიანში, ბაღდათის რაიონის სოფელ მეორე ობჩაში, სამტრედიის რაიონის სოფელ ნაფაღაურში, ხაშურში, დუშეთში, ქუთაისში (დაახლოებით 10 კომლი), ბათუმში, რუსთავსა და თბილისში (დაახლოებით 80 კომლი).

ოდენობა: საქართველოში აბაიშვილთა საერთო რაოდენობა 500 სულს აჭარბებს.


აბაიძე
ფუძე: წინაპრის სახელი "აბა", "აბაი".

ძირი: აბაიძე ერთძირიანი გვარია.

ბუდე: აბაიძეები ჩაღმათუშები არიან. მათი ბუდე-პირველსაცხოვრისი თუშეთში სოფელი საჩიღოლო ჩანს.

წარმომავლობა: გადმოცემით, აბაიძეთა წინაპარი აბა ხევსურეთიდან გადმოსულა თუშეთის სოფელ საჩიღოლოში.

შთამომავლობა: აბაიძეები თავისუფალი მთიელი მეთემეები იყვნენ.

ხსენება: 1803 წელს არაგვის საუფლისწულოს უკანასკნელი მფლობელი, ვახტანგ ბატონიშვილი ერთგულ აზნაურთა და მსახურთა მცირე ამალით რუსეთში გადაასახლეს. მხლებელთა შორის, ვინც თავისი ნებით გადაჰყვა ბატონიშვილს რუსეთში, იხსენიება თუში დავით აბაიძე.

მსახურება: ღვთისა და საქართველოსთვის აბაიძეთა გვარის მეომრები ქუდზე კაცად გამოდიოდნენ კახეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ, მეფისა ალმის მპყრობელთა სადროშოში.

განსახლება: ამჟამად აბაიძენი ცხოვრობენ: ახმეტაში და ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში (დაახლოებით 12 კომლი), თელავში და თელავის რაიონის სოფელ ლალისყურში (დაახლოებით 4 კომლი), ლაგოდეხში, რუსთავსა და თბილისში (დაახლოებით 7 კომლი).

ოდენობა: საქართველოში აბაიძეთა საერთო რაოდენობა 100 სულს აჭარბებს.


აბალოიძე
ფუძე: წინაპრის საკუთარი სახელი "აბალო".

ძირი: აბალოიძე მრავალძირიანი გვარია.

ბუდე: აბალოიძეთა ბუდე-პირველსაცხოვრისი თუშეთშია, სამციხის თემის სოფელ ჭეშოში.

წარმომავლობა: ერთი გადმოცემით, აბალოიძენი თუშეთში ფშავიდან ან ხევსურეთიდან მოსულან. თითქოს ამასვე ადასტურებს სოფელ ჭეშოში ხევსურთა სალოცავის ხევთხორის არსებობა, სადაც სხვებთან ერთად აბალოიძენიც ლოცულობენ. სხვა გადმოცემით, აბალოიძეთა წინაპარი ქიზიყიდან წამოსულა და ძველი გვარით მირზაშვილი ან მირზიაშვილი ყოფილა.

არსებობს კიდევ ერთი გადმოცემა აბალოიძეთა მესხეთიდან - "არუშეთიდან" (ალბათ ერუშეთიდან) მოსულობის შესახებ. ამ გადმოცემით, აბალოიძეთა ძველი გვარი კანთოიძე ყოფილა. აბალოიძეთა გვარში არსებული რამდენიმე გადმოცემა წინაპართა წარმომავლობის შესახებ გვარის შეყრილობაზე ანუ გვარის მრავალძირიანობაზე უნდა მიგვანიშნებდეს.

შთამომავლობა: აბალოიძენი თავისუფალი მთიელი მეთემეები იყვნენ.

მსახურება: ღვთისა და საქართველოსთვის აბალოიძეთა გვარის მეომრები ქუდზე კაცად გამოდიოდნენ კახეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ სადროშოში.

საკუთვნო: თუშეთის სოფელ ჭეშოში დგას "აბალოანთ ციხე".

განსახლება: ამჟამად აბალოიძენი ცხოვრობენ: ახმეტაში და ახმეტის რაიონის სოფლებში ქვემო ალვანსა და ჭეშოში, თელავსა და თბილისში.

ოდენობა: საქართველოში აბალოიძეთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 50 სულია.


KARIBCHE

აბაიაძე
ფუძე: წინაპრის სახელი "აბა", "აბაი".

ძირი: აბაიაძე ერთძირიანი გვარია.

ბუდე: აბაიაძეთა ბუდე ზემო ქართლშია.

შთამომავლობა: გლეხური გვარი.

ხსენება: აბაიაძე იხსენიება ცხრამუხის ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიის სამშენებლო წარწერაში, ეკლესიის დასავლეთ ფასადზე.

მსახურება: ღვთისა და საქართველოსთვის აბაიაძეთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ ქართლის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე სადროშოში.

საკუთვნო: ხაშურის ერთ უბანს "აბაიაძეების უბანი" ჰქვია, აქვე არის "აბაიაძის ქუჩა". ახალციხის რაიონში არის სოფელი აბათხევი.

განსახლება: ამჟამად აბაიაძეები ცხოვრობენ: ხაშურში და ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხაში, გორში და გორის რაიონის სოფელ ქვემო შავშვებში, ქარელის რაიონის სოფელ არადეთში, ბორჯომში, ბათუმში, რუსთავსა და თბილისში.

ოდენობა: საქართველოში აბაიაძეთა საერთო რიცხვი 160 სულს აჭარბებს.


აბალაშვილი
ფუძე:
წინაპრის საკუთარი სახელი "აბალა".

ძირი: საისტორიო საბუთების მიხედვით, შიდა ქართლში მცხოვრები ერთი გვარმოდენილობის ხალხი ორი გვარსახელით იწოდებოდა - აბალაშვილებად და ებალაშვილებად. ამათი ერთი შტო შიგნით კახეთში გადასულა ხიზნად ებალაშვილის გვარით. დღეს იმ ხიზანი ებალაშვილის შთამომავალნი კახეთში ებელაშვილებად იწოდებიან.

ბუდე: აბალაშვილ-ებალაშვილთა ბუდე შიდა ქართლში ჩანს.

შთამომავლობა: საბატონო და სახასო გლეხთა გვარი.

ხსენება: 1689 წელს ქუბაშვილისა და ვინმე ქიტიას მიწის და წისქვილის ნასყიდობის წიგნში მოწმედ იხსენიება აბალასშვილი ასლამაზ. ქუბაშვილთა გვარი ამ ფორმით აღარ არსებობს, მათი შთამომავალნი დღეს ქუბიაშვილებად იწოდებიან და გორის მხარეში ცხოვრობენ. ეს აბალასშვილიც გორელი უნდა ყოფილიყო.

1803 წლის თავად სულხან თუმანოვის ყმათა სურსათის გამოსაღებ ნუსხაში სხვებს შორის იხსენიება ერთი აბალასშვილიც, რომელსაც ექვსი კოდი პური უნდა გამოეღო. თუმანიშვილების ყმა და მამული გორის მხარეში იყო.

1817 წელს გორის მხარის სოფელ ფხვენისში მცხოვრები გლეხი ებალანთ ნასყიდას შვილი მახარე პირობის წიგნს აძლევს თავის ბატონს ვინმე ანშინოვს: ყოველ წელიწადს ორჯერ ჩამოვალ თქვენთან ტფილისში და ყმობის რიგით გემსახურები ჩემის შეძლებითო. ვინმე გიორგი ალიხანოვს ამ პირობის წიგნზე მიუწერია: "მახარე აბალაშვილის თხოვნით ამ წერილის მოწამე ვარო". ამავ პირობის წიგნში იხსენიებიან მეჯვრისხეველი გლეხები: ებალაანთ აბრამის შვილი ნინია და ებალაანთ დავითას შვილი გიორგი. ესენიც ზემოხსენებული ანშინოვის ყმები არიან. ებალაშვილებს გორის მხარის სოფელ ფხვენისსა და მეჯვრისხევში უცხოვრიათ. ესენი ალბათ ერთი სახლის განაყრები იყვნენ, რახან გვარიც ერთი აქვთ და ბატონიც ერთი ჰყავთ. ამასთან, თუ ფხვენისელი გლეხი მახარე ებალაანთიც არის და იმავდროულად აბალაშვილიც, მაშინ მისი მონათესავე მეჯვრისხეველი ებალაანი ებალაშვილებიც არიან აბალაშვილებიც.

მსახურება: ღვთისა და საქართველოსთვის აბალაშვილთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ ქართლის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე სადროშოში.

განსახლება: საქართველოში აბალაშვილთა გვარი აღარ ჩანს.

მოამზადა
ლექსო ნაზღაიძემ
ბეჭდვა
1კ1