ღირსი მამა გაბრიელი და ბატონი ზურაბ ვარაზაშვილი
ღირსი მამა გაბრიელი და ბატონი ზურაბ ვარაზაშვილი
ბატონი ზურაბ ვარაზაშვილის გარაცვალებამ თითოეულ ჩვენგანს დაწყვიტა გული. როგორც გამორჩეულმა პიროვნებამ და თავისი საქმის პროფესიონალმა თავისი კეთილი ნაყოფი დაგვიტოვა. ყოველთვის დიდი სიხარულით გვესაუბრებონდა წმინდა მამა გაბრიელზე. წმინდა მამის სასწაულებზე და მასთან ურთიერთობაზე. მოდით გავიხსენოთ რამდენიმე მათგანი.
ბატონი ზურაბი ექიმი, საპატრიარქოს სოციალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახლდათ.

- მამა გაბრიელი მოფერებით ხანდახან მხარზე ხელს მომითათუნებდა და მეტყოდა: - მიდი, ძველო, დაიწყე, გამიკეთე, (სამედიცინო პროცედურას გულისხმობდა). ხომ არ გეტკინა მამა გაბრიელ, ვეუბნებოდი, - არა, შვილოო, მეტყოდა. მუცელზე რომ ვუსვავდი ხელს, მეუბნებოდა, რას ბუტბუტებო. ლოცვას ვამბობ-მეთქი. რა ლოცვას ამბობო. ოპერაციის წინ ყოველთვის ვამბობ, "მამაო ჩვენოს" ლოცვას და მერე ავადმყოფს იოდს ჯვარივით ვუსვავ-მეთქი. მოვუყევი რასაც ვაკეთებ ხოლმე ოპერაციის დროს. შემომხედა და გამიცინა, მამაო ჩვენო თქვიო. ახლა ოთხმოცდამეათეცა, - მომოგო. ვთქვი 90-ე ფსალმუნი და მითხრა, მიდი ძველო გაჭერი ახლაო. ღვთის ნებით, მადლობელი იყო, რომ მე შევხვდი მას და კმაყოფილი იყო, ჯერ ღმერთს რომ ვახსენებდი და მერე საქმეს ვაკეთებდი.

ვერც კი წარმომედგინა, რომ მამა გაბრიელისგან საჩუქარი ან გასამრჯელო ამეღო. ერთხელაც მამა გაბრიელმა დედა პარასკევას უთხრა: პარასკევა, აიღე ახლა ფული და მიეცი ექიმს გასამრჯელო. ვიუარე: ფულს როგორ გამოგართმევთ-მეთქი. - აქ მე ვარ უფროსი და მე როგორც ვიტყვი, ისე უნდა იყოსო. „რომელნიც არა ჰმადლობენ ექიმსა, არა მადლობენ უფალსა“. ექიმი ღვთის საქმეს აკეთებს შენი ხელითო. ღვთისგან დადგენილი საქმე კეთდებაო. უფალი კურნებს ადამიანს შენი ხელით და ვინაც ამას არ ჰმადლობს ის, ღმეთის მადლიერი არ არისო.

გავიდა ცოტა ხანი და ამბობს, აქ ცხვარი მოიყვანეს მონასტერშიო. რათ გვინდა ჩვენ ცხვარი, ხორცს მაინც არ ვჭამთო. შენ წაიყვანე ეგ ცხვარი და მშვიდობაში მოიხმარეო. უარი ვუთხარი. მონასტერს ცხვარი შემოსწირეს და მე როგორ წავიღო-მეთქი. - კაცოო, შენ რატომ გავიწყდება, მე ვარ აქ უფროსი. რასაც ვიტყვი, ისე უნდა იყოს, ნუ მეწინააღმდეგებიო.
გამაჩუმა.

გამოვედით გარეთ და დედა პარასკევას ვეკითხები, მართლა ხომ არ წავიყვან ამ ცხვარს? სად უნდა წავიყვანო, მანქანა მე არ მყავს და თოკით მობმული ქალაქში ხომ არ ვივლი-მეთქი. არ შევუსრულე კურთხევა. მეორე დღეს ჩავედი და მეუბნება, - მოხვედი, მოყვასო? რათ არ შეასრულე ჩემი ლოცვა-კურთხევა. შენ წახვედი თუ არა, ცხვარს სული ამოაძრო ღმერთმა, უსულოდ დაეცა და მოკვდა იქვეო. სად გაგონილა მონასტერში ცხვარი მოკვდესო. ახლა მეორე ცხვარია მოყვანილი და აიღე, თუ გინდა ზურგზე მაიკიდე და ისე წაიყვანეო. ჩემივე სიტყვები დააბრუნა ამ კაცმა.

ძალიან გაოცებული ვიყავი, ცხვარს რა ვუყო, სად წავიყვანო-მეთქი. მოვკიდე ხელი თოკით და მიმყავს. რითი წავიყვანო, სად წავიყვანო ისიც არ ვიცოდი, იატაკზე ხომ არ ვატარებდი სახლში. სოფელში როგორ წავიყვანო ღამეა-მეთქი, ვფიქრობდი. უეცრად მონასტერში ვიღაც მანქანით მოვიდა და მომიკითხა, მე თქვენი პაციენტი ვიყავიო. მკითხა სად მიმყავდა ცხვარი. თოხლიაურში, ვერ წავალ ამის გამო მეთქი. მამა გაბრიელმა მომცა კურთხევა თან წამომეყვანა. - მე წაგაყვანინებ თოხლიაურშიო. საბარგულში ჩასვა ცხვარი, ჩავჯექი და წავედით თოხლიაურში აგარაკზე. ცხვარი იქ დავტოვე. მეორე დღეს უკან წამოვედით. ასეთი რამ მოახდინა მამა გაბრიელმა.

***
ერთ დღეს მამა გაბრიელთან ერთად ვსაუბრობდი და მოულოდნელად მამა გაბრიელს სახე შეეცვალა და ხელები აღაპყრო, იქვე მაცხოვრის ხატი ჰქონდა, შეხედა მაცხოვრის ხატს და გაირინდა. ეს გარინდება დაახლოებით 15 წუთი გაგრძელდა. დედა პარასკევას ვანიშნე თვალებით რა მოუვიდა-მეთქი, მანიშნა, ცოტახანი დაიცადეო და ვიყავით ასე მდუმარებაში. უცბათ ჩამოუშვა ხელები მამა გაბრიელმა, შემომხედა და ასეთი სახით მითხრა, უფალი მოდის. მთელი კოსმოსი ძრწის მის წინაშე, მატერიალური არსებობა მთავრდებაო. ამ ხალხს ასე ჰგონია, ტაშბაირამი რომ აქვთ ახლა, სულ ასე იცხოვრებენო. ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს. მალე ყველაფერი დამთავრდება. თქვენ ყველა მოესწრებით ამასო,- იქ მჯდომთ სათითაოდ გვითხრა.

***
მამა გაბრიელმა სასწაული მოახდინა მამაჩემზეც, ამის მოწმეა ჩემი მასწალებელი, პროფესორი შოთა მირაშვილი. მამას ნაწლავთა გაუვალობა ჰქონდა და ბატონმა შოთამ ოპერაცია გაუკეთა.

ოპერციიდან მეხუთე დღეს განმეორებით მუცლის გახსნა სჭირდებოდა. დაგვრჩება შვილო მაგიდაზე მამაშენიო, მითხრა. სხვა გზა არ იყო, მეორე ოპერაცია აუცილებლად სჭირდებოდა. მამა გაბიელის ზეთი დავისხი ხელის გულზე და მუცელზე წავუსვი. მამა გაბრიელს შევთხოვე, მამა გაბრიელ, იქნებ გახსნა-მეთქი. დაახლოებით 30 წუთის შემდეგ დამიძახა მამამ და მითხრა, დამისველდა ნახვევიო, ვნახე და განთავისუფლებული იყო - აღარ დასჭირდა მეორე ოპერაცია. რწმენით წავუსვი. პატარა სასწაულები მუდმივად ხდება ჩვენს ცხოვრებაში. უბრალოდ უნდა ვისწავლთ ამ სასწაულების დანახვა.

განსაკუთრებული შეგრძნებაა, როცა პირადად სიცოცხლეში იცნობდი წმინდანს. მაშინაც სასწაულმოქმედებდა და ახლაც, გარდაცვალების შემდეგაც სასწაულმოქმედებს წმიდა მამა გაბრიელი.

წმიდა მამა გაბრიელის ლოცვა შეეწიოს სრულიად საქართველოს. ღმერთს ვებარებოდეთ და მოვემზადოთ ქართველნო ერთად ღვთისაკენ. უწმინდესი გვეუბნება ამ სიტყვებს და უწმინდესიც ეტყობა ამზადებს საქართველოს ამ მოვლენისათვის. გულისხმავყოთ, ბევრს არ ითხოვს ღმერთი. უნდა მიბრუნდე ღვთისკენ, გწამდეს და იცხოვრო ეკლესიურად. მადლი ღვთისგან კი თვითონ მოვა.

ბეჭდვა
1კ1