მოშურნეობა საღვთო სიმართლისათვის
მოშურნეობა საღვთო სიმართლისათვის
დეკანოზი ვალენტინ ბირიუკოვი - მოგონებები
ათეისტის ამბავი. ჩემი თანაკლასელი და მეგობარი გახლდათ მიხეილ ბირიუკოვი. ჩვენი პაპები ბიძაშვილები იყვნენ. ის სოფელ კოლპაშევოს სკოლაში ისტორიას ასწავლიდა, მერე პროპაგანდისტად აიყვანეს. ათეისტად მუშაობდა, - დადიოდა სოფლებში, სკოლებში, რაონებში და ყველგან ანტირელიგიურ ლექციებს კითხულობდა. ეკლესიის წინააღმდეგ ქადაგებდა. დედამისი ანა და მამა ნიკოლოზი კი ტაძარში დადიოდნენ. მისი ხელმძღვანელობა ამით უკმაყოფილო იყო: - მოწინავე კაცი ხარ, ღმერთის წინააღმდეგ ლექციებს კითხულობ, შენი ჩამორჩენილი მშობლები კი ეკლესიაში დადიან და აუკრძალე. ნუ გარცხვენენ, თორემ მოგვიწევს საქმეს ჩამოგაშოროთ.

მიხეილმა მშობლებს უსაყვედურა: - გთხოვთ, ეკლესიაში ნუ დადიხართ. თქვენს გამო შეიძლება სამსახურიდან მომხსნანო.

- შენ სამუშაო გაქვს, - მიუგო მამამ, - დაბრუნდი სკოლაში, რატომ დათანხმდი ღვთის წინააღმდეგ ლექციების კითხვას?

მიხეილი ჯიუტობდა: - ამ ძვირფას სამუშაოს ვერ შეველევი, მანქანით დავყავარ, დიდ პატივში ვარ, მხოლოდ "ჩამორჩენილი" მშობლები მიშლიან ხელს უფრო წინ წაწევაშიო.

- შვილო, - უპასუხა დედამ, - შენი საქმეა, გწამს თუ არა. მე კი, როგორც დავდიოდი ეკლესიაში, ისევ ისე ვივლიო.

ბევრი ეცადა, მაგრამ მშობლების დაყოლიება ვერ შეძლო. კარგა ხნის მერე მამა მოუკვდა. მიხეილმა სცადა, დედა ეშმაკობით ჩამოეცილებინა ეკლესიისთვის. თავის სახლში წაიყვანა და უთხრა: - აი, დედა, შენი ოთახი. ყველაფერი მოგიმზადე. ჩემთან კარგად იქნებიო.

დედამ იუარა, - შენთან არ ვიცხოვრებ! ხატების ჩამოკიდების ნებას არ მომცემ და სანთელს არ დამანთებინებო.

- არა, ამის ნებას არ მოგცემ...

- მაშინ მარტო ვიცხოვრებ ჩემს სახლში.

- კარგი, დედა, იცხოვრე. ოღონდ გთხოვ, ტაძარში ნუ ივლი.

- ნუ მთხოვ, როგორც დავდიოდი, ისევ ისე ვივლი!

გავიდა დრო და დედაც გარდაიცვალა. მიხეილს შეატყობინეს. მაშინვე მივიდა. მოხუცი ხატების ქვეშ ესვენა. გაიფიქრა, - მოვლენ ახლა ანთებულსანთლებიანი დედაბრები, მღვდელს დაუძახებენო. ხელში აიყვანა განსვენებული და მანქანისკენ წაიყვანა, - ჩემებურად დავკრძალავო. კარებთან რომ მივიდა, ვეღარაფერი დაინახა!

- სად არის სინათლე? რატომ დაბნელდა? - შეშფოთდა.

როგორ დაეხმარები? ეს ხომ ნათურის ანთება არ არის. შეამოწმეს - მართლაც ვერაფერს ხედავდა. სასწრაფოდ ტომსკის საავადმყოფოში, თვალის განყოფილებაში წაიყვანეს. პროფესორებმა ვერაფერი გააწყვეს, არაფერი შველოდა. მხედველობა მიხეილს მხოლოდ დედის ორმოცის მერე დაუბრუნდა. მაშინღა დაინახა ნორმალურად და განთავისუფლდა თავისი "უცნაური" სნეულებისგან. საავადმყოფოდან გამოსულმა თქვა: - ახლა ჩემი მშობლებივით ეკლესიაში ვივლიო.

ხელისუფლებამ ხმა გაავრცელა, - გაგიჟდაო. სინამდვილეში კი მას მეტად აღარ შეეძლო ღვთის წინააღმდეგ ქადაგება. დუმდა. სიჩუმე საჭიროა - ასეთი გულისხმისყოფის შემდეგ რაღას იტყვი!

ეს სრული სიმართლეა! მიხეილი დღემდე ტომსკის ოლქის სოფელ კოლპაშევოში ცხოვრობს.

"ადიდეთ ძე ჩემი".
მე მაშინ ნოვოსიბირსკის გარეუბანში, პირველი მაისის რაიონში, წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ვმუშაობდი. ძილში ვიხილე ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატი - მივუახლოვდი მას და ზეციურმა დედოფალმა მითხრა:

- ადიდეთ ძე ჩემი.

როცა მღვდელი გავხდი, როგორც შემეძლო, ყველგან ვადიდებდი უფალს. ამ სიზმრის მერე საოცარი მოშურნეობის გრძნობა გამიჩნდა: გაჩუმების თავი არ მქონდა, მსურდა ყველასთან ღმერთზე მესაუბრა. ისეთი ენერგია გამიჩნდა, რომ მეგონა, ყველას ღმერთისკენ მოვაქცევდი!

დღესაც, როცა ამ სიზმარს ვიხსენებ, უჩვეულო კეთილკრძალულებით ვივსები და ვფიქრობ: როგორი მოშურნეობა მოგვეთხოვება ყველას, მოშურნეობა საღვთო სიმართლისათვის, სიწმინდისათვის, ზეციური სიყვარულისთვის, რომელიც მთელ ჩვენს ცხოვრებას განწმენდს.

ბეჭდვა
1კ1