ნუ განიკითხავ.
ნუ განიკითხავ.
ცნობილი საეკლესიო მწერალი სერგი ნილუსი მოგვითხრობს: "დღეს მამა იოსებთან მივედი, მაგრამ არავინ გამომეხმაურა. მამები ისვენებდნენ.

წამოსვლას ვაპირებდი, რომ კედელზე გაფანტულ მამათა შეგონებებს მოვკარი თვალი. დავიწყე კითხვა: "შენი გული დაიფარე საცთურისაგან. შენი მოძღვარი მრუშობაში დაცემულიც რომ დაინახო, ნუ დაუჯერებ თვალებს". ამ წარწერამ ისე დამაბრკოლა და ამაღელვა, რომ ჩემს მოძღვართან მამა ბარსანოფთან დავაპირე შესვლა, მაგრამ მომერიდა, შეიძლება ისიც ისვენებს-მეთქი და არეული ფიქრებით წამოვედი სკიტიდან. თურმე კარგია ის მოძღვარი, რომელსაც თვალნი ჩემნი მრუშობაში იხილავენ! სასურველი ნათქვამია ფარისეველთათვის. მაგრამ როგორ შეიძლება ასეთი რამ მოხდეს ასეთ წმინდა ადგილას, ამ მამათა შორის?

გავმწარდი... მაგრამ უეცრად გამახსენდა... ეს იყო გასულ ოქტომბერს, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველ იოლის ხსენების დღეს, სეხნიისა ოპტის მამათა შორის უხუცესი და პატივცემული ბერისა, მამა იოლისა, რომელიც დიდად დაეხმარა მამა ამბროსის შამორდინოს მონასტრის შენებაში. ჩაიზე მიმიწვიეს ოპტურ გარდამოცემათა შემომნახავ ამ ღირს მამასთან, მის მყუდრო კელიაში შევიკრიბეთ ექვსი მონაზონი და მე - ერისკაცი, მათი მოყვარული და პატივისმცემელი. ვსვამდით ჩაის და ოპტის თაფლს ვაყოლებდით. ჭაღარა, სულიერი გამოცდილებით განბრძნობილმა მამებმა მონაზვნური მშვიდი სიბრძნით ავსებული საუბარი წამოიწყეს. ღმერთო ჩემო, როგორ დაატკბობდა ეს საუბარი მორწმუნის გულს. და ამ დაუვიწყარი საუბრისას მამა იოლემ გაიხსენა ამბავი, რომელიც მას მამა ამბროსის გარდაცვალების მერე შეემთხვა. მაშინ სკიტის წინამძღვარი იყო მამა ანატოლი (ზერცალოვი).

"მამა ანატოლიმ მიმიხმო და მითხრა:

- მამა იოლე, ღვთის წინაშე, ერისკაცთაგან ღამღამობით ხომ არავინ დადის შენთან კელიაში?

- შემიწყალეთ, მამაო, ჩემთან ვინ უნდა იაროს, თანაც ღამით? ანდა როგორ შემოვა? სკიტი დაკეტილია, ყველა გასაღები კი თქვენ გაქვთ კელიაში.

- აღმოსავლეთით, ტყისკენ რომ კუტიკარია, იმისა?

- იმის გასაღებიც თქვენ გაქვთ.

- უბედურებაც ესაა, - გასაღები მე მაქვს, შენთან კი მაინც ვიღაც დედაკაცი დადის.

კინაღამ გონება დავკარგე. მამა ანატოლიმ ეს შეამჩნია და მითხრა:

- კარგი, კარგი! დამშვიდდი. მე შენი მჯერა. ეტყობა, ცილი დაგწამეს. წარვედ ღვთით!

- მამაო, ვინ მოგიტანათ ეს ამბავი?

- იმყოფინე, რომ შენი მჯერა.

წამოვედი განაწყენებული. ამდენი წელი ბერულად მიცხოვრია და რა დავიმსახურე? მამა ამბროსის დროს ხომ ასეთ რამეს ვერავინ მისაყვედურებდა... ცოტა ხნის მერე სკიტის წინამძღვარმა დამიძახა. განრისხებული დამხვდა.

- ამას რას შვრები, რას აკეთებ?!

- რაზე ამბობ, მამაო?

- რასა და... წუხელ საკუთარი თვალით დავინახე, როგორ შემოვიდა კუტიკარიდან შენთან ქალი. არ გესმის, რას აკეთებ?

არადა, ყრმასავით წმინდა ვარ ამ საქმეში. უეცრად თითქოს ვიღაცამ მიჩურჩულა: "ეს ხომ მტერი იყო (კაცთა მოდგმისა) და არა ქალი". მაშინვე გული გამინათდა:

- მამაო, ღვთის წინაშე გეუბნები: უბრალო ვარ!.. ეშმაკს უნდა აგვირ-დაგვირიოს ცხოვრება.

მამა ანატოლიმ დაჟინებით შემომხედა, თითქოს სული შემითვალიერა და დამშვიდდა.

- რახან ასეა, მოდი, ერთად ვევედროთ ღმერთს, რომ სიმართლე გამოააშკარავოს. ღამის თორმეტ საათზე მოდი ჩემთან. ვნახოთ, რას გვეტყვის უფალი.

მთელი დღე გულმოდგინედ ვილოცე. შუაღამისპირს მოძღვართან მივედი. მელოდებოდა. წავიდეთო, - მითხრა.

მივედით იმ კუტიკართან, საიდანაც თითქოსდა ჩემთან ქალი შემოვიდა. გვერდით დავდექით და ველოდებით, ციებიანივით ვცახცახებ და იესოს ლოცვას ვიმეორებ.

აბა, თუ მიხვდებით, რა მოხდა? შუაღამისას კუტიკარით შემოვიდა ქალი და ჩემი კელიისკენ გასწია. გააღო კარი და შევიდა. "ხედავ?" - მეკითხება მოძღვარი. "ვხედავ", - ვპასუხობ ცოცხალმკვდარი.

- ახლა ჩვენ მას დავიჭერთ! - მითხრა.

მივედით კართან. დაკეტილია. არადა ჩვენს თვალწინ ღია იყო!.. ჩემი გასაღებით გავაღე. შევედით. არავინაა!.. დავათვალიერეთ იქაურობა, თაგვის სოროებშიც კი შევიხედეთ. არავინ ჩანს. ჯვარი გამოვისახეთ. მივხდით, ვისგან იყო ის სიცრუე. მას შემდეგ დედაკაცზე აღარც გვისაუბრია.

მამა იოლეს ეს ნათქვამი გამახსენდა და მაშინვე გამშორდა ის დაბრკოლება სულისა, მამა იოსების კელიის შესასვლელთან რომ მივიღე. ჩემთვის ეს გასაგებია, მაგრამ გაიგებენ ისინი, ვისაც თვალში მოხვდება ეს სტრიქონები?"

ბეჭდვა
1კ1