"მოდით და ჩემს მკერდზე დააგეთ პური და ღვინო, ის იქნება ჩვენთვის საყდრად"
"მოდით და ჩემს მკერდზე დააგეთ პური და ღვინო, ის იქნება ჩვენთვის საყდრად"
ისტორიები, რომლების ნაწილიც ძველი გადმოცემებიდან ან წიგნებიდან მოვიდა ჩვენამდე, ზოგი - თანადროულობამ წარმოშვა და ზოგიც - გულით დაგვაქვს, ხშირად ქმნის ისეთ კალეიდოსკოპს, რომელსაც შობისეული სიხარული ახლავს ხოლმე.

პირველი მათგანი ერთ მორწმუნე ქალბატონს უამბო არქიმანდრიტ პართენ აფციაურის სულიერმა შვილმა, აწ გარდაცვლილმა ნინო იორაშვილმა, სხვა დანარჩენთ კი ძველი დროების ტკბილი და სიხარულნარევი სურნელი ასდით და, ვიმედოვნებთ, თქვენც გაგამხნევებთ და იმ განწყობისათვის შეგამზადებთ, რაც შობას მართლაც რომ უხდება.

***
ჩამოსულა ერთი ვინმე მეცხვარე მთის საძოვრიდან მცხეთას და მოკრძალებით ხლებია ჩვენს დედატაძარში იმ დროს მოღვაწე დიდ ბერს, არქიმანდრიტ პართენს (აფციაურს) - მამაო, გთხოვთ, მაზიარეთო.

აღსარება რა იყო, სეფისკვერი, მარხვა თუ ზიარებისწინა სამზადისი, როგორც ჩანს, არა გაეგონა რა, მაგრამ არავინ უწყის, რა მოხდა მის სულში იმ დროს, ან რა გარემოებამ უბიძგა ამ საქციელისკენ. ფაქტია, რომ მისი სურვილი წრფელი იყო, თანაც ძლიერი.

პართენ ბერის ერთ მხლებელთაგანს უჩურჩულია: - მამაო, მაგის ზიარება როგორ იქნება, არც აღსარება უთქვამს და არც უმარხულია, ადექით და, ამხელა გზაზე ფეხით ჩამოსული რომ არ გაწბილდეს, სეფისკვერი გაატანეთო.

არავინ უწყის, ეს რჩევა იყო მიზეზი თუ თავადაც ამას გულისხმაჰყოფდა, მაგრამ ამდგარა მამა პართენი და მართლაც გამოუტანია საკურთხევლიდან მოზრდილი სეფისკვერი და სტუმრისთვის უთქვამს: ხვალ, უზმოზე, ეს მიიღეო.

სიხარულით ფრთაშესხმული მწყემსი - მცხეთას პირველად მაზიარესო, - მალევე სამწყემსურს დაბრუნებია, მაგრამ არ გასულა დიდი დრო, რომ უკან მოსულს მთის კაცის პირდაპირობით მიუხლია პართენ ბერისთვის: - მამაო, რატომ მომატყუეთ და ზიარების ნაცვლად სეფისკვერი რად გამატანეთო?!

გაოცებულ დამხვდურთ ერთურთისათვის გადაუხედავთ და ერთხმად უკითხავთ: - საიდან იცი, რომ არ გაზიარეთ, ან სეფისკვერი რა არის, ეგ ვიღამ გითხრაო?!@

საიდან ვიცი და, მთას რომ ავედი, სიზმრად უცხო კაცი ვიხილე, რომელმაც მითხრა: მწყემსო, შენ მცხეთას არ ზიარებულხარ, რაც გაგატანეს, მაგას სეფისკვერი ჰქვია, მაგრამ შენში ისეთ გულსა და სურვილს ვჭვრეტ, ეგ სეფისკვერი სწორედაც რომ ზიარებად შემიწირავსო.

გაოგნებულ მამა პართენს პირჯვარი გამოუსახავს და უდიდებია ამხელა სასწაულის აღმსრულებელი უფალი, რომელმაც ყოველი არსების გული უწყის.

***
ეს ისტორიაც წმინდა ზიარებას უკავშირდება და შობისეულ სიხარულს ატარებს:

წმინდა ღირსმოწამე ლუკიანე (312წ.) მრავალი სატანჯველის შემდგომ წარმართმა მტარვალებმა შებოჭილი შთააგდეს საპყრობილეში, სადაც წვეტიან ქვებზე გდებით ორმოცი დღე ევნებოდა... და როდესაც ნათლისღების დღე გაბრწყინდა, მასაც და საპყრობილეს შთენილ სხვა ქრისტიანებსაც წმინდა ზიარება ძალზე მოსწყურდათ.

ლუკიანე მხურვალედ ევედრა უფალს - შენი წმინდა ნაწილების მიღების ღირსნი გაგვხადეო და მოწყალე ღმერთმაც მალე შეისმინა მისი ლოცვა. გარეთ მყოფმა ქრისტიანებმა ტუსაღებისთვის პურისა და ღვინის ფარულად შეგზავნა როგორღაც მოახერხეს და მაშინ ლუკიანემ უხმო მასთან ერთად პყრობილთ: "მოდით, ჩემს გარშემო დადექით და ცოცხალი ეკლესია იყავითო!" და როცა ყველამ მის გარშემო მოიყარა თავი, წმინდანმა აღმოთქვა: - აღვასრულოთ საღვთო ლიტურგია და ვეზიაროთ წმინდა ნაწილებს!

- კი მაგრამ, სად დავაგოთ პური და ღვინო, აქ ხომ არ გვაქვს წმინდა საყდარი (ტრაპეზი)? - იკითხეს ტუსაღებმა.

- მოდით და ჩემს მკერდზე დააგეთ პური და ღვინო, ის იქნება ჩვენთვის საყდრადო, - მიუგო ლუკიანემ და ამ მდგომარეობაში - ხელფეხშეკრულმა და წვეტიან ქვებზე მწოლიარემ აღასრულა საღვთო ლიტურგია ყველა საჭირო ლოცვითა და საგალობლებითურთ და ყველანი უფლის წმინდა საიდუმლოს ეზიარნენ, რის შემდეგაც წმინდა მოწამე მალევე აღესრულა.

***
ერთხელ მოძღვარმა ბერმა აპოლონიოსმა, შეიტყო რა, რომ წარმართთ ერთი ბერთაგანი შეეპყროთ და საპყრობილეს შთაეგდოთ, ძმებით - სხვა ბერებითურთ მივიდა საპყრობილეში მის სანუგეშებლად და განსამტკიცებლად. იმ დროს იულიანე განდგომილის მიერ ჭეშმარიტი მორწმუნენი იდევნებოდნენ. - ბრძოლის დრო დადგა, - ეუბნებოდა იგი პყრობილ ბერს, - და ერთგულ მორწმუნეთა სულები განსაცდელს უნდა ეწიონ, რათა თითოეულის სიმტკიცე გაცხადდესო. სხვებიც მსგავსი სიტყვებით განამხნევებდნენ ჭაბუკ თანამოძმეს. ამასობაში მოულოდნელად ასისთავი მოვიდა საპყრობილეში და ძალზე განრისხდა იმის გამო, რომ თანამოძმის გასამხნევებლად მოსული მამები იხილა, შემდეგ მცველებს უბრძანა, კარი ჩაერაზათ და აპოლონიუსიც და მისი მხლებელი ბერებიც პყრობილნი აღმოჩნდნენ.

ასისთავმა საპყრობილე მრავალრიცხოვან მცველებს ჩააბარა და თავად შინ გაბრუნდა. ბერებმა მორჩილად მიიღეს თავიანთი ხვედრი და ლოცვად დადგნენ. შუაღამისას ანაზდად მათ უფლის ანგელოზი მოევლინათ სხივმფინარე ნათლით და საპყრობილის კარნი განუხვნა... შეძრწუნებული მცველები ბერებს ფეხებში ჩაუვარდნენ და ევედრებოდნენ - წადითო. გვიჯობს, ჩვენ დავიხოცოთ თქვენი გულისთვის, ვიდრე თქვენზე მზრუნველ ღმერთს შევეწინააღმდეგოთო.

უთენია კი საპყრობილეში ასისთავი მოვარდა სხვა უფროსობასთან ერთად და ისიც იმავეს ევედრა ბერებს: - წადით, ღამით ჩემი სახლი მიწისძვრისაგან დაიქცა, ჩემი საუკეთესო მსახურნი კი დაიხოცნენო...

წმინდა მამებმა გალობით დატოვეს საპყრობილე და უდაბნოს შეუერთდნენ, ჰქონდათ რა, მოციქულთა დარად, "გული და გონებაი ერთ" (საქმე მოციქ. 4,32).

***
ორ სოფელს შორის საზღვრების გამო ერთხელ თურმე მტრობა ჩამოვარდნილა. როდესაც ამის შესახებ ღვთის კაცმა, აპოლონიოსმა შეიტყო, დასაშოშმინებლად ამ სოფლებისაკენ გამოსწია, მაგრამ გადამტერებულები იმდენად იყვნენ განხურვებულნი, რომ შერიგებას არ აპირებდნენ, განსაკუთრებით კი - ერთ-ერთი მხარე, რადგან ვიღაც ავაზაკის დახმარების იმედი ჰქონდა. სწორედ იგი გახლდათ ამ დაპირისპირების წამქეზებელი.

შეიტყო თუ არა აპოლონიოსმა ამის შესახებ და ავაზაკსაც დააკვირდა, მიხვდა, რომ თუ მას დაარწმუნებდა, საქმეც მშვიდობით დასრულდებოდა, ამიტომ ავაზაკი გაიხმო და სიყვარულით უთხრა: - მეგობარო, თუ დამეხმარები და ამ ორ სოფელს შორის მშვიდობას ჩამომაგდებინებ, უფალს შევევედრები და ის ყველა ცოდვას შეგინდობსო.

წმინდა კაცის სიტყვა იმდენად ძალმოსილი იყო, რომ ავაზაკმა უმალ ირწმუნა მისი და გულშეძრული ფერხთ შეუვრდა აპოლონიუსს, შემდეგ ხალხს მიმართა და უბრძანა, მშვიდობიანად დაშლილიყვნენ.

მალე ყველა დაიშალა, თავად ავაზაკი კი აპოლონიუსთან დარჩა და ევედრებოდა, - დანაპირები შემისრულეო.

ღირსმა მამამ იგი თავის სამყოფელში წარიყვანა და გზაში ამგვარად დამოძღვრა: - უპირველესად, ცხოვრება ძირეულად უნდა შეიცვალო, შემდეგ კი მოთმინედ ევედრო ღმერთს წყალობის მომადლება და რწმენით ელოდო დაპირების აღსრულებას, რადგან თვით უფალი გეუბნება: "უკეთუ ძალ-გიც რწმუნებად, ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა" (მარკ. 9, 23).

სავანეში მისულებმა დაიძინეს და აი, ორივე ერთ სიზმარს ხედავს: ისინი ცათა შინა არიან და უფლის საყდრის წინაშე დგანან... გარშემო ანგელოზები და წმინდანები არიან, რომელნიც ლოცვებს აღუვლენენ უფალს და თავადაც ლოცვად დგებიან... მაგრამ აი, ღვთის სიტყვამ იქუხა მათზე: "არა არს ზიარება ნათლისა და ბნელისა! ურწმუნოს არა აქვს ნაწილი მართალთან! მაგრამ შენი ლოცვებისათვის, აპოლონიოს, მოეცემა მაგას ხსნა!"

რაც მათ ამ სიზმრისეულ ჩვენებაში იხილეს, იმის გადმოცემა არც ენას ძალუძს და არც ყურს - სმენა, ძილისაგან აღდგომილებმა კი ყოველივე მონასტრის ძმობას აუწყეს...

დიდი იყო მათი გაოცება, როცა ორივე ერთსა და იმავე ჩვენებაზე ლაპარაკობდა... მოქცეულმა ავაზაკმა ღრმად შეინანა თვისი ცოდვები, სრულიად შეიცვალა ცხოვრება, სიწმინდესა და კეთილმსახურებას ეზიარა და უწინდელი მძვინვარე მგელი - უმანკო კრავად გარდაისახა.
ბეჭდვა
1კ1