"ჭეშმარიტი მშვიდობა - თავად უფალია"
"ჭეშმარიტი მშვიდობა - თავად უფალია"
კვირა - მარადისობის მოლოდინი და დიდი მშვიდობის წინასახეა, მზიანი ღამის კარიბჭე და ჟამი უცვალებელი ნათლისა, დღეთადღე, როდესაც კაცნი, მცნებისამებრ, ამა სოფლის ზრუნვას დაუტევებენ და უფალთან შეხვედრის სიხარულით აღივსებიან. კვირა - კაცთათვის იმის სახებაა, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი მშვიდობა. მის მნიშვნელობაზე არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) გვესაუბრება:

***
"ზოგიერთი სექტა, კერძოდ, ადვენტისტები, ეკლესიას იმაში ადანაშაულებენ, რომ მან სინაის მთის ათი მცნების მეოთხე ნაკვეთი შეცვალა – ძველ და ახალ აღთქმათა დოგმატიკისა და ზნეობრიობის ონთოლოგიური, უცვალებელი საფუძველი, ბიბლია "მარადიულ კანონად" რომ მოიხსენიებს. სექტანტთა აზრით, მეშვიდის ნაცვლად პირველი დღის უქმედ გამოცხადება უკანონო და გაუმართლებელი დარღვევაა უფლის იმ ნებისა, რომელიც რაიმე უკან დახევასა და ცვალებადობას არასდროს დაუშვებს.

ჩვენ ვიცით, რომ ძველი აღთქმისეული წინასწარმეტყველებანი ახალ აღთქმაში კი არ გაუქმდა, არამედ ახდა. არ განადგურებულა არც ძველი სიმბოლიკა. მან გაცილებით ღრმა შინაარსი შეიძინა და ახალი აღთქმისეული ეკლესიის წესებში, წმიდა სიმბოლოებსა და საიდუმლოებებში შეისხა ხორცი.

ერთი სიტყვით, ძველი აღთქმა ახალში გაიხსნა.

სიტყვა "შაბათი" - სიმშვიდეს აღნიშნავს. შესაქმის ციკლის დამასრულებელი ეს დღე სიმბოლურად მარადისობას გულისხმობდა, მაგრამ რამდენადაც ჭეშმარიტი მშვიდობა მხოლოდ უფალთან თანაყოფნით მიიღწევა, ძველი აღთქმისეული შაბათი მხოლოდ სანუკველი ზეციური განსასვენებლის პირველსახე შეიძლებოდა ყოფილიყო. თვით გარდაცვალებულ მართალთა სულებიც კი ელოდნენ ცოდვათა გამოსყიდვასა და ცხონებას. მათი სიმშვიდე - ტანჯვათა განტევების სიმშვიდე იყო, მაგრამ არა სიმშვიდე უფალთან შეხვედრისა, როდესაც სული სამოთხეში ისე მშვიდდება, როგორც დედის ხელებზე მონანავე ყრმა. ეს იყო შესვენება ხანგრძლივი შრომის შემდგომ. ძველი აღთქმისდროინდელი მართალნი საკუთარი სინდისისა და კანონის წინაშე არ განისჯებოდნენ, მაგრამ შეზღუდული ყოფიერებიდან ღვთაებრივ ცხოვრებასთან ზიარების შემდგომ მეტაფიზიკურ თავისუფლებაში გადასვლა არ შეეძლოთ. ძველი აღთქმა ცოდვისა და ბოროტების ქმნას კი კრძალავდა, მაგრამ ადამიანებს ჭეშმარიტი სიკეთის კეთების ძალას ვერ აძლევდა, ამიტომ იმდროინდელი შაბათი ყოველგვარი საქმისაგან თავშეკავებას მოითხოვდა. რამდენადაც ჭეშმარიტი მშვიდობა თავად უფალია, ნამდვილი შაბათიც მხოლოდ გოლგოთის მსხვერპლის, უფლის ჯოჯოხეთში შთასვლისა და მკვდრეთით აღდგომის შემდგომ შეიძლებოდა დამდგარიყო.

ასე რომ, შაბათი სიმშვიდის ფორმას წარმოადგენდა, რომელსაც შინაარსი არ გააჩნდა. ეს იყო ჯერაც აღუვსებელი, ცარიელი ჭურჭელი.

პასექის ტანჯვა და თავად პასექი ახალი აღთქმის დასაწყისად, წმიდა ისტორიის ცენტრად და ეკლესიის საფუძვლად იქცა. შაბათის მშვიდობას კვირადღემ მიანიჭა შინაარსი, რომელშიც უფალთან განსვენება, ადამიანში უფლის მსგავსებისა და ხატების აღდგენა, უზენაესთან თანაზიარობა და სულიწმიდაში დავანება იგულისხმებოდა. ასე რომ, შაბათი - კვირადღის, სიმშვიდის წინასწარმეტყველება იყო და ამ მნიშვნელობით - მარადისობის სახე. კვირადღე მიწაზე მარადიული ცხოვრების საწყისია. ძველებრაული პასექი ახალაღთქმისეულ პასექად გარდაისახა, შაბათი კი კვირადღედ.

ქრისტეს აღდგომის შემდგომ ძველი აღთქმისეული პასექი იუდეველების გახდა, ანუ იმათი, ვინაც ქრისტე მესიად და მხსნელად არ მიიღო.

ძველიუდეურ აზროვნებაში შაბათი მესიის მოლოდინს ნიშნავდა. ახლა შაბათის აღნიშვნა, ისევე როგორც ძველი აღთქმისეული პასექისა, ქრისტეს უარყოფასა და სხვა მესიის მოლოდინს მოასწავებს. დიდ შაბათს, მაშინ, როდესაც უფალი სამარხში განისვენებდა, განსრულდა ძველი აღთქმა, ქრისტეს მკვდრეთით აღდგომით კი ახალ სიცოცხლეს - ახალ აღთქმას დაედო დასაბამი. ძველ აღთქმაში კვირადღე შაბათით მთავრდებოდა, ახალში კი იგი კვირადღით იწყება. შაბათის დღესასწაული მესიის მოლოდინი, მარადისობისათვის მზადება და უფლისადმი აღვლენილი სამადლობელი იყო. ქრისტეს აღდგომა ხომ საყოველთაო აღდგომის წინაპირობაა. კვირადღეს ჩვენ უფალს მარადიული სიცოცხლისათვის ვუხდით მადლობას.

სამყაროს შესაქმნელად საკმარისი იყო უფლის ნება, ადამიანის გამოსასყიდად და გადასარჩენად კი უზენაესის მხოლოდშობილი ძის ტანჯვა და სისხლი გახდა საჭირო. თუ მიწაში ჩაგდებული მარცვალი არ აღმოცენდა და თუ შაბათი კვირადღეზე მეტია, მაშინ არც მისი გარდამსახველი აზრი და წინასწარმეტყველება ახდენილა და არც ძველი აღთქმის ეპოქა დასრულებულა. ჭეშმარიტი სიმშვიდე არ არის სიმშვიდე სიცარიელისა, უქმობისა და უსიცოცხლო სხეულისა, არამედ ცოდვათაგან, ვნებათა და დემონურ ძალთაგან განტევების შედეგია. ზოგიერთი მამა კვირადღეს კვირის მერვე და არა პირველ დღედ მიიჩნევს. რვიანი ხომ მარადისობის გამოსახულებაა. არ შეცვლილა არც კვირის რიტმი: 6 და 1. სიმბოლურად ერთიანი - საწყისი, მარადისობა და აბსოლუტია, ექვსიანი - წონასწორობა, სიმეტრია და ჰარმონია სულიერსა და მატერიალურს შორის, შვიდიანი - სამყაროში ღვთაებრივ ძალთა მოქმედება, ხოლო რვიანი - მარადიული სიცოცხლე.

შაბათი მარადიულ აღთქმად მოინათლა, მაგრამ რამდენადაც გოლგოთის მსხვერპლს წინასწარმეტყველებდა, ძველაღთქმისეულ ტაძარში მსხვერპლშეწირვაც "მარადიულად" მოიხსენიება. მსხვერპლშეწირვის იდუმალი შინაარსი ჯვაცმულ ქრისტეში - მარადიულ ზვარაკში - გაიხსნა".

***
უფლისმიერი სიმშვიდის შესახებ გვმოძღვრავს წმინდა იოანე ოქროპირიც:

"...ვეცადოთ, თავი დავიმდაბლოთ სიტყვებშიც და ქცევებშიც და ნუ მოვეკიდებით მტრად იმათ, ვინაც შეურაცხგვყოფს, თუნდაც მათ მიმართ განსაკუთრებული ამაგი გვქონდეს. უსამართლობით ნუკი გავღიზიანდებით, რისხვა სიმდაბლითა და სიმშვიდით მოვიზღუდოთ და ვემსგავსოთ უფალს, რომელიც ბრძანებს: ,,მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა" (მთ. 11,29).

ჭეშმარიტად, ისე არაფერი ამშვიდებს სულს, როგორც სიმდაბლე. ხოლო ეს სათნოება უფრო ძვირფასია, ვიდრე რაიმე სამკაული ანდა დიდება და ბრწყინვალება, რამეთუ, ვინ შეიძლება იყოს იმაზე ნეტარი, ვინც შინაგანი ბრძოლისაგან თავისუფლდება?!.

ვემსგავსოთ უფალს, რომელიც ბრძანებს: ,,მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა". მაგრამ მზად კი ვართ საამისოდ? ვინმე რომ აგვიმხედრდეს, ძალგვიძს კი მორჩილად დავუთმოთ მას? მავანი რომ უტიფრად მოგვექცეს, ნუთუ ავიტანთ ამას და არ შევეპასუხებით, როდესაც გვლანძღავენ და დაგვცინიან, რომ შურისძიებისაგან დავიცვათ და არ დავაზიანოთ საკუთარი სული?!

მრისხანება - სასტიკი და ულმობელი მხეცია. განა არსებობს მრისხანე სახეზე შეუხედავი რამ, მით უფრო, მრისხანე სულზე უარესი?! წმინდა წერილი გვამცნობს: ,,ხოლო მე გეტყვით თქუენ: რომელი განურისხდეს ძმასა თვისსა ცუდად, თანამდებ არს სასჯელისა; და რომელმან ჰრქუას ძმასა თვისსა: რაკა, თანამდებ არს იგი კრებულისაგან განსვლად; და რომელმან ჰრქუას ძმასა თვისსა: ცოფ, თანამდებ არს იგი გეჰენიასა მას ცეცხლისასა" (მთ. 5, 22).

განრისხებული ადამიანის ლანძღვას არ უნდა ვუპასუხოთ. მეტყვით, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მავანი დამნაშავედ მიგიჩნევთ, ან სულაც მხდალი ეგონებით, არადა, ასე არ არის. თქვენ მშვიდობისმოყვარე ადამიანად მიგიჩნევენ და თუკი ასე არ მოიქცევით და შეეპასუხებით, იფიქრებენ, რომ თავს იმართლებთ, ე.ი. რაც თქვენ შესახებ ითქვა, სიმართლეა. მდიდარ კაცზე რომ თქვან, ღატაკიაო, განა რაიმეს უპასუხებს? მხოლოდ გაეცინება, რადგან კარგად უწყის, რა სიმდიდრის პატრონია. ან რატომ უნდა გვეშინოდეს კაცთა სამსჯავროსი? მთავარია, ზეციური მამის წინაშე ვიყოთ უდანაშაულონი. მრისხანებასა და შეპყრობილობას შორის განსხვავება არ არის, მრისხანება იგივე შეპყრობილობაა, მხოლოდ - დროებითი. ამ მდგომარეობას რომ განვეშოროთ, მშვიდნი, დამთმობნი და მდაბალნი უნდა ვიყოთ და შედეგად ამ წუთისოფელში სიმშვიდეს ვპოვებთ, იმქვეყნად კი სასუფეველს".

***
ცნობილი რუმინელი მართლმადიდებელი მღვდელი გიორგი კალციუსი კომუნისტურ რეპრესიებს სასწაულებრივად გადაურჩა და ამ რეპრესიათა მსხვერპლ არაერთ მართლმადიდებელ მოწამეს იცნობდა, რომლებიც, გაუსაძლისი ტანჯვის პირობებში, ნამდვილ მშვიდობისმყოფელებად ექცნენ გარშემომყოფთ.

მამა გიორგი: "1947 წელს რუსულმა არმიამ მეფე აიძულა, რუმინეთი დაეტოვებინა, რის შემდეგაც კომუნისტებმა ძალაუფლება სრულად იგდეს ხელში.

რუმინეთში რწმენა ძალიან ძლიერი იყო, მაგრამ ისე მოხდა, რომ ინტელიგენციამ, რომელიც მოიხიბლა სექსუალური თავისუფლებით და მასონობით, უღალატა ეკლესიას.

პიტესტის ციხე მაკარენკოს ექსპერიმენტის ასლი გახლდათ. ხომ მოგეხსენებათ, რა მიზანსაც ემსახურებოდა ხსენებული ექსპერიმენტი? - ის ახალგაზრდები უნდა გადაეგვარებინა, ვინც კომუნიზმს შეეწინააღმდეგა.

- რა ასაკის სრუდენტებს ეხებოდა ეს ყველაფერი?

- თვრამეტიდან ოცდახუთ წლამდე. მათ სურდათ, თაობებს შორის უფსკრული გაეჩინათ. რუმინეთი სულაც არ გახლავთ პრიმიტიული ქვეყანა. ჩვენთვის ყოველთვის ძვირფასი იყო ქრისტიანული სული და ღირებულებები...

პიტესტის ციხეში კოშმარი ტრიალებდა, უამრავი საუკეთესო ახალგაზრდის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიწირა ამ წლებმა...

მე ძალიან გამიმართლა, რადგან იმ თექვსმეტ ადამიანს შორის მოვხვდი, რომლებიც უშიშროებამ ჯილევის ციხეში გადაიყვანა (ეს ციხე მთლიანად მიწის ქვეშაა)... სწორედ მის კედლებში დაიწყო ჩემი სულიერი გამოფხიზლება...

ჯილევის ციხეს ჰქონდა სპეციალური საკანი, რომელიც შუაზე გაჭრილ ცილინდრს წააგავდა... ჩვენ მიწის ქვეშ ვიმყოფებოდით... ამ ცილინდრში ოთხი უფანჯრო საკანი ააშენეს, რომელთა თავზეც შვიდი მეტრი მიწა იყო. დღის სინათლეს, ბუნებრივია, ვერ ვხედავდით, მხოლოდ ერთი ელექტრონათურა გვქონდა.

ჩვენს საკანში ერთი მძიმედ სნეული, კონსტანტინე ოპრისანი მოიყვანეს, რომელიც დღეში ორჯერ ფილტვებიდან სისხლს ამოახველებდა ხოლმე... რადგან სამედიცინო კოლეჯში ვსწავლობდი, მასზე ზრუნვა გადავწყვიტე. კონსტანტინეს მოძრაობა არ შეეძლო და ყველაფერს მე ვუკეთებდი... ის წმინდანივით იყო, მტრედივით მშვიდი... მსგავსი ადამიანი მანამდე არ მენახა... პიტესტში სამ წელიწადს აწამებდნენ, - იმდენი სცემეს, სანამ ფილტვები არ გაუნადგურეს... მთელ დღეებს ლოცვაში ატარებდა და საყვედურიც კი არ დასცდენია მტანჯველების მიმართ.

გამუდმებით იესოზე გვესაუბრებოდა და ყველანი ვგრძნობდით, თუ რა გამორჩეული ადამიანი გამოგვიგზავნა ამ ჯოჯოხეთში ღმერთმა... იმ საშინელ საკანში კონსტანტინე ჩვენი გამართლება იყო...

როდესაც გარდაცვალების ჟამი დაუდგა, ყველანი მორიგეობით ვდარაჯობდით, თვალს არ ვაშორებდით არც დღით, არც ღამით... მალე ერთ-ერთმა შეამჩნია, რომ იგი მიდიოდა... სახე სრულიად შეეცვალა და თვალებზე ბინდი გადაეკრა, შეშინებულმა ხელზე ხელი მოვკიდე და განწირულმა ჩავძახე: "კონსტანტინე, არ მოკვდე, არა!" და ის მართლაც გამობრუნდა, თვალები დაეწმინდა... არ ვიცი, რა ხდებოდა მის სულში, მაგრამ რომ შემომხედა, თვალები შიშით აევსო და ტირილი იწყო... მივხვდი, მზად იყო წასასვლელად, მე კი ისევ ამ საშინელ სამყაროში დავაბრუნე... საოცარია, მაგრამ ახალშობილს დაემსგავსა... ასე მტირალი ორიოდ წუთში მიიცვალა...

დაახლოებით ერთ წელიწადს ვიყავით ერთად... მისი სიკვდილის შემდეგ ყველამ ვიგრძენით, რაღაც როგორ განადგურდა ჩვენში. იცით, რა აღმოვაჩინეთ? ასე ავადმყოფი ადამიანი, რომელსაც გადაადგილებაც კი არ შეეძლო, ჩვენი სიცოცხლის ნიშატად და მშვიდობისმყოფელად ქცეულიყო... საშინელი მარტოობა შევიგრძენით მაშინ...

ცხედარი განვბანეთ, შემდეგ დაცვას შევატყობინეთ მისი გარდაცვალების შესახებ... სამ საათში მოგვაკითხეს და ნება მოგვცეს, გარდაცვლილი გარეთ გაგვესვენებინა...

ამდენი ხნის განმავლობაში მზე არ გვენახა, ნესტიან საკანში დამპალი ჩალის ლეიბებზე ვიწექით და თითქმის დაგვავიწყდა, რომ მბჟუტავი ელექტრონათურის გარდა სინათლეს მზეც გამოსცემდა... რომ არსებობდა ცა და ყვავილები, დღე და ღამე...

მზე ჩადიოდა და ყველაფერს ოქროსფერი ნათელი ადგა... ცხედარი მიწაზე დავასვენეთ, სრულიად შიშველი იყო, რადგან მისი უბადრუკი ტანსაცმელი სხვა პატიმრისთვის უნდა ჩაეცმიათ... ის ძონძებიც კი დაენანათ... მის გალეულ სხეულს რომ ვუყურებდით, არ გვჯეროდა, რომ ეს ადამიანის სხეული იყო, იმ ადამიანისა, რომელმაც ამხელა სიწმინდე დაიტია...

ჩემმა მეგობარმა აიღო და გარდაცვლილს გულზე ლურჯი ყვავილი დაადო... რომ ვბრუნდებოდით, უკან მოვიხედე და ეს ყველაფერი სამუდამოდ დავიმახსოვრე...

ჩვენს საკანს სიკვდილის გემი დავარქვი, რადგან მისი ბინადარნი სასიკვდილოდ იყვნენ განწირულნი.

იმ ციხეში იყვნენ ქალები, მათ შორის - მონაზვნებიც, რომლებმაც მამაკაცებზე მეტი სიმტკიცე გამოიჩინეს. ერთ-ერთი, დედა მიქაელა, ციხეში 40 წლის ასაკში წამებით აღესრულა. დიდი სულიერების ადამიანი იყო, სამი თვის განმავლობაში მხოლოდ წმინდა ზიარებით ცოცხლობდა... როგორც ჩანს, უშიშროებას მისი არსებობა განსაკუთრებულად აღიზიანებდა, რადგან საგულდაგულოდ იზოლირებულს გამორჩევით ტანჯავდნენ...

რაც შეეხება კონსტანტინე ოპრისანს, იგი ცოტას ლაპარაკობდა, დღეში მხოლოდ ერთ ან ორ საათს - საამისოდ ძალა არ ჰყოფნიდა, მაგრამ მის ბაგეთაგან გამომავალი ყოველი სიტყვა წმინდა იყო, უდიდეს სიმშვიდეს აფრქვევდა... მხოლოდ იესოზე, სიყვარულსა და მიტევებაზე გვესაუბრებოდა, მის ლოცვებს დიდი ძალა ჰქონდა და ამ დროს გრძნობდი, რაოდენ ნატანჯი კაცი აღმოთქვამდა ამ ლოცვებს... გგონიათ, ეს ადვილი იყო? მას ჩვენი დაცვა სურდა, ცდილობდა, ბევრი არ ეხველებინა, რომ ჰაერში ბაქტერიები არ გაევრცელებინა... კონსტანტინე ჩვენს საკანში წმინდანივით იყო... უკანასკნელ დღეებში, როდესაც უკვე ლაპარაკიც აღარ შეეძლო, მაინც ძველებური სიყვარულით გვეპყრობოდა. მისი თვალები დიდ შინაგან ნათელს, სიმშვიდესა და სიყვარულს გამოსცემდა. ადამიანებისთვის სიცოცხლის მსხვერპლად გაღება შეეძლო. გასაოცრად ჭკვიანი იყო. როგორც გითხარით, გამუდმებით ლოცულობდა... თუ ჩვენ შორის ურთიერთობა იძაბებოდა, მაშინვე ლოცვას იწყებდა და ეს ლოცვა ყოველთვის ნაყოფიერი იყო... ხმამაღლა არ ლოცულობდა, მაგრამ ამ დროს სახე სრულიად გარდაექმნებოდა ხოლმე...

რაც შეეხება გაფენსუს, იგი პიტესტში 1949 წელს გარდაიცვალა. ღმერთი გამორჩეულად მფარველობდა... ორჯერ თუ სამჯერ შევხვდი, ძალიან ავად იყო... საკმარისი იყო, შეგეხედათ ან, უბრალოდ, მის გვერდით ჩაგევლოთ, მაშინვე იგრძნობდით მის გავლენას. საოცარი მშვიდობა დაჰქონდა სულით... ვინც კი მის საკანში მოხვდებოდა, იმწამსვე ივიწყებდა ღვთისმგმობ და ცუდ აზრს. გაფენსუს, დიდი სულიერებისა და რწმენის წყალობით, ადამიანთა სულისა და გონების შეცვლა შეეძლო.

რაღა თქმა უნდა, იყვნენ სხვებიც, რომელნიც ამ საშინელ წლებს შეეწირნენ, მაგრამMმათი წმინდა სახელები მხოლოდ უფალმა უწყის.
ბეჭდვა
1კ1