წმინდა მამა გაბრიელს განსაკუთრებული სასოება ჰქონდა წმინდა ანტონ მარტმყოფელის მიმართ
წმინდა მამა გაბრიელს განსაკუთრებული სასოება ჰქონდა წმინდა ანტონ მარტმყოფელის მიმართ
იღუმენია ელისაბედი (ზედგინიძე):
-ერთხელაც, მამა გაბრიელმა მარტყოფის მონასტერში მთხოვა წასვლა. სამადლოებელი პარაკლისი უნდა გადავიხადოო. მამა გაბრიელს განსაკუთრებული სასოება ჰქონდა წმინდა ანტონ მარტმყოფელის მიმართ, რადგან მან ჩამოაბრძანა ანჩისხატი.

მამა გაბრიელს ბავშობაში აღთქმა დაუდევს თორმეტი ასურელი მამის მონასტრები უნდა მოვილოცოო და წლების წინანდელი ამბავი გაიხსენა: -ანტონ მარტმყოფელს როგორც კი შევევედრებოდი მაშინვე ყველაფერში მეწეოდაო. ერთხელაც, მარტყოფის მონასტერში წასვლა გადავწყვიტე და შუა გზაში ძალ-ღონე გამომეცალა, ულუკმაპუროდ ვიყავი წასულიო. ვინატრე, ღმერთო, ერთი დოქი წყალი და ნახევარი პური მომეცი მეტი არაფერი მინდათქო. ამის თქმა იყო და გონებადაკარგული მიწაზე დავარდიო. თვალები რომ გავახილე რას ვხედავ, ორი საოცარი გარეგნობის ბერი თავზე მადგას. გამიკვირდა მათი დანახვა, მარტყოფში მონასტრული ცხოვრება არ არის და ეს ბერები საიდან მოვიდნენთქო. საუბარში ერთმა მეორე ბერს უთხრა:-ეს ჩვენი გვარის არისო... ერთმა ბერმა გამომიწოდა წყლით სავსე დოქი, მეორემ კი მთელი პურიო. მაგან ნახევარი პური ითხოვა და ნახევარი მიეციო, -ერთ ბერს უთქვამს. მთელი პური გატეხა, ნახევარი პური მომცა და ნახევარი ისევ უკან წაიღოო. მამა გაბრიელმა მითხრა, ის დოქი ახლაც სახლში მაქვს შენახულიო. მათი მოცემული წყლით და პურით ასე მოვსულიერდიო. მერე ეს ბერები ტყეში შევიდნენ და გაუჩინარდნენო. როგორც იქნა ავაღწიე მონასტერში და წმინდა ანტონ მარტმყოფელის ხატი ვნახე, იმ ბერთაგან ერთ-ერთი წმინდა ანტონი იყოო,-მითხრა მამა გაბრიელმა.

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1