ტკბილსა თუ მწარეს მხიარულად ვიღებ, როგორც კეთილი მამის ხელიდან ბოძებულს
ტკბილსა თუ მწარეს მხიარულად ვიღებ, როგორც კეთილი მამის ხელიდან ბოძებულს
ცოდნით განთქმული ერთი მოძღვარი დიდად გულმოდგინედ ევედრა უფალს, ისეთი კაცი ეჩვენებინა, რომელიც ზეცად აღმყვან უმოკლეს გზას მიუთითებდა.

ერთხელ, როდესაც ამ სურვილით გამსჭვალული, ჩვეულებისამებრ, გულმოდგინედ აღავლენდა ლოცვას, ზეცით ხმა ესმა: კელია დაუტევე, ტაძრის სტოასთან მიდი და იქ იხილავ კაცს, რომელსაც ეძებო. მოძღვარი ხმას დაემორჩილა, მითითებულ ადგილას მივიდა და ტაძრის კართან მართლაც ნახა წყლულებითა და იარებით მთლად დაფარული ღატაკი მოხუცი, მართლაც ძალზე საბრალო სახილველი...

გვერდით ჩავლისას მოძღვარი, ჩვეულებისამებრ, მიესალმა მას: მშვიდობის დღე გქონდესო. ღატაკმა კი ასე უპასუხა: არ მახსოვს, ჩემთვის რომელიმე დღე მშვიდობისა არ ყოფილიყოო... მოძღვარი შეყოვნდა და, თითქოს პირველი მისალმება შეასწორაო, ასე წარმოთქვა: გისურვებ, უფალს ბედნიერება მოეცესო... მოხუცმა კი მიუგო: უბედური აროდეს ვყოფილვარო... მოძღვარი გაოცდა და კვლავ იფიქრა, სათქმელს ისევ ვერ მიმიხვდაო და დაუმატა: რას ამბობ, მე შენი კეთილდღეობა მსურსო...

- მე კი გიპასუხებ, რომ არც ბედშავი ვყოფილვარო, - უთხრა მოხუცმა.

მაშინ მოძღვარმა მოხუცი მრავლისმეტყველ კაცად მიიღო, მისი გონების გამოცდა ისურვა და უთხრა: იმას გისურვებ, რასაც საკუთარ თავს თავადვე უსურვებდიო.

- არაფერს ვსაჭიროებ და ყოველი მაქვს, რაც მსურს, თუმცა დროებით ბედნიერებას არ ვეძიებ.

- დაე, ღმერთმა გაცხოვნოს, თუ ქვეყნიურ სიკეთეს არად აგდებ, - უპასუხა მოძღვარმა, - მაგრამ მითხარი, ნუთუ კაცთა შორის შენღა ხარ ბედნიერი? მაშ, უსამართლო ყოფილა მართალი იობის სიტყვანი: "კაცი ნაშობი დედათაი მცირედ ცხოვრებული" (იობი 114,1) და ცხოვრება მისი სავსეა ჭირით. ვერ გამიგია, როგორ შეძელი, უბედურებას გაქცეოდი?!

- სწორედ ისე, როგორც მოგახსენე, როდესაც ბედნიერი და მშვიდობიანი დღე მისურვე, - მიუგო მოხუცმა, - არასოდეს ვყოფილვარ უბედური და ბედკრული, რადგან რაც მაბადია, უფალმა მომცა, რისთვისაც ვმადლობ. ჩემი ბედნიერება იმაშია, რომ იგი არ მსურს - შიში ბედნიერებისა და უბედურებისა მხოლოდ მათთვისაა საბედისწერო, ვინც უფრთხის მათ, მაგრამ ამისთვის აროდეს ვზრუნავ და ამრიგად უბედურიც არასდროს ვყოფილვარ, მსგავსად იმისა, ვისი სურვილიც მუდამ სრულდება. მშიერი ვარ? უფალს ვმადლობ, როგორც მამას, "რომელმაც იცის, რაი-იგი ხამს" (მათე 6,8). მცივა და ვიტანჯები? ისევ ღმერთს ვაქებ... ყველა დამცინის. ღმერთს განვადიდებ, რადგან ვიცი, რომ ყოველივეს იგი იქმს და შეუძლებელია, რასაც სჩადის, ცუდი იყოს. ამგვარად, ყოველივე სასიამოვნოს და უსიამოვნოს, ტკბილსა თუ მწარეს მხიარულად ვიღებ, როგორც კეთილი მამის ხელიდან ბოძებულს, და ის მსურს, რაც მას ესათნოება. ამიტომ ყოველი ჩემს სურვილებს ეთანადება... ბედშავია ის, ვინც ბედნიერებას ამქვეყნად ეძებს, რადგან აქ მხოლოდ ერთი ბედნიერებაა - მთლიანად უფლის ნებას მივენდოთ, სრულიად კეთილსა და სრულიად მართლმსაჯულს, რომელიც, შეუძლებელია, ცუდი იყოს. იგი ყველას განსჯის, მას კი ვერვინ განსჯის... ვცდილობ, მას მივდიო და მხოლოდ იმაზე ვიზრუნო, ის მსურდეს, რაც უფალს ესათნოება და მისთვის მიუღებელი აროდეს ვინატრო. სწორედ ამიტომ არ ვთვლი თავს უბედურად, როდესაც ჩემი ნება უზენაესის ნებასთან სრულიად შერწყმული და თანხმიერია. ასე რომ, ერთადერთი სწრაფვა მამოძრავებს - ჩემი სურვილები ღვთისას ემთხვეოდეს.

- ამას დარწმუნებით ამბობ? - შეეპასუხა მოძღვარი, - მითხარი, ასევე იფიქრებდი, თუ ღვთისთვის შენი ჯოჯოხეთში გაშვება იქნებოდა სასურველი?

- ღმერთმა ჯოჯოხეთში გამიშვას? - წამოიძახა მოხუცმა, - მაგრამ იცოდე, რომ საოცარი ძალის ორ ღვედს ვფლობ, რომლებითაც განუშორებლად ვეჭიდები შემოქმედს: ერთი - ჩემი ღრმა სიმდაბლეა, მეორე კი - ღვთის პირუთვნელი სიყვარული. ამ ღვედებით ისე ძლიერ ვარ უფალს მიბმული, სადაც უნდა გამგზავნოს, მასაც იქვე მივიზიდავ... რა თქმა უნდა, მეტად სასიამოვნოა სასუფევლის გარეთ უფალთან ყოფნა, ვიდრე სასუფეველში - მის გარეშე...

მოხუცის პასუხმა მოძღვარი გააოცა და მიახვედრა, რომ ღვთისკენ უმოკლესი გზა - ყოველივეში მის ნებასთან თანხმობაა... სურდა, მეტად გამოეძიებინა მის გალეულ სხეულში ესოდენ დაფარული სიბრძნე და ჰკითხა:

- საიდან მოხვედიო?

- ღვთისგანო, - მიუგო მოხუცმა.

- უფალი სად იხილეო?

- იქ, სადაც ქვეყნიური დავუტევეო.

- ღმერთი სად დატოვეო?

- წმინდა აზრებსა და წრფელ სინდისშიო.

- თავად ვინღა ხარო? - ჰკითხა მოძღვარმა.

- ვინც უნდა ვიყო, - უპასუხა მოხუცმა, - ისე მაკმაყოფილებს ჩემი მდგომარეობა, რომ მას არც ერთი მიწიერი მეფის სიმდიდრეზე არ გავცვლიდი. ყოველი, ვინც საკუთარ თავს ფლობს და აზრებს განაგებს, მეფეა.

- გამოდის, მეფე ყოფილხარ და შენი სამეფო სადღააო, - დაეკითხა ისევ მოძღვარი.

- იქ, - მიუგო მოხუცმა და ზეცად მიანიშნა, - არის ის მეფე, ვისთვისაც ეს სამეფო უეჭველად აღთქმულია.

- ვინ მოგცა ეგ სიბრძნე? - საბოლოოდ ჰკითხა მოძღვარმა.

- მთელ დღეებს მდუმარებასა და ლოცვაში ვატარებ. თუUღვთისმოსავ ზრახვებს ვარ შექცეული, მუდამ ერთზე ვზრუნავ - მტკიცე ერთობა მქონდეს უფალთან, ხოლო შერწყმა და თანხმობა ყოველივეს გვასწავლისო.

მოძღვარმა ღმერთი ადიდა, რომელმაც დაუფარა ეს ყოველივე ბრძენთ და მეცნიერთ და ღატაკ მოხუცს გამოუცხადა...
ბეჭდვა
1კ1