რატომ ეძებთ ბედნიერებას გარე სამყაროში?
რატომ ეძებთ ბედნიერებას გარე სამყაროში?
ერთი მოხუცი თავისი სახლის წინ რაღაცას ეძებდა. გამვლელებმა ჰკითხეს:
– რა დაგკარგვია ძიაკაცო?
– ერთადერთი მონეტა დამივარდა და ვერ ვპოულობ, – უპასუხა მოხუცმა.
გამვლელებმაც დაიწყეს მონეტის ძებნა. მათ თანდათანობით სხვებიც შეუერთდნენ, მთლიანად გადაქექეს სახლის მიმდებარე ტერიტორია, მაგრამ ვერაფერი იპოვეს.
– მოხუცო, დარწმუნებული ხარ, რომ აქ დაგივარდა? – ჰკითხეს მას ბოლოს.
– არა, მონეტა შიგნით, სახლში დამივარდა.
– შენ რა, გაგიჟდი? მონეტა სახლში დაგივარდა და გარეთ გვაძებნინე? – აღშფოთდნენ გამვლელები.
– კი მაგრამ სინათლე ხომ აქ არის, სახლში კი ბნელა…
აღშფოთება მხიარულებამ შეცვალა, რომელიც შემდეგ თანაგრძნობაში გადაიზარდა და ბოლოს ერთმა დაყვავებით უთხრა მოხუცს:
– იმისთვის, რომ დაკარგული გეპოვა, შენ კი არ უნდა გამოსულიყავი სინათლეზე, სინათლე უნდა შეგეტანა შიგნით. როგორ იპოვი გარეთ იმას რაც შიგნით დაკარგე?
– თუ ამდენი იცით თქვე დალოცვილებო, რატომ არ იყენებთ ამ ცოდნას თქვენს პირად ცხოვრებაში? რატომ არ იხედებით ხოლმე საკუთარ თავში და რატომ ხართ გადაყოლილი ყოველდღიურ გარეგან წვრილმანებს? რატომ ეძებთ ბედნიერებას გარე სამყაროში? თქვენ რა, ის იქ დაკარგეთ?
ბეჭდვა
1კ1