დედა თავად აღწერს, თუ როგორ გადაარჩინა წმინდა დიმიტრიმ მისი გოგონა ავტოავარიისგან
დედა თავად აღწერს, თუ როგორ გადაარჩინა წმინდა დიმიტრიმ მისი გოგონა ავტოავარიისგან
ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე თქვენთვისაც მომეყოლა იმ სასწაულის შესახებ, რომელიც წმინდა დიმიტრიმ მოახდინა მისივე ხსენების დღეს. ჩემი ქალიშვილი, რომელიც დღეს 29 წლისაა, რამდენიმე წლის წინ უმუშევარი დარჩა. შემდეგ იღუმენიცაში შესთავაზეს სამუშაო. არც დაფიქრებულა ისე დათანხმდა. არც ჩვენ გაგვიწევია წინააღმდეგობა, რადგან გვინდოდა, რომ დაკავებული ყოფილიყო და მარტო სეირნობისთვის არ ჰქონოდა დრო. თვითონ კმაყოფილი იყო სამსახურით. ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს სახლიდან გადიოდა დილის 10 საათზე და ბრუნდებოდა საღამოს, 5 საათზე. თუ რაიმე მიზეზით აგვიანდებოდა აუცილებლად გვირეკავდა და გვაფრთხილებდა, რადგან იცოდა, რომ ვნერვიულობდით.

ერთ დღეს, წმინდა დიმიტრის ხსენების დღე იყო, მოულოდნეად დაიბარეს სამსახურში, კონკურსი უნდა ჩატარებულიყო და მისი დასწრება აუცილებელი იყო. არ ვიცი რატომ, რატომღაც ავტომანქანამდე მივაცილე, ჯვარი გადავსახე და მიმავალს რომ ვუყურებდი ცრემლები მომაწვა. შევშფოთდი და სახლში შესულმა მაშინვე ღვთისმშობლის ხატთან ლოცვა დავიწყე, რაღაც უცნაურ შფოთს ვგრძნობდი. სახლში დაბრუნებულმა ჩემმა მეუღლემ მნახა, რომ ცუდ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ვიყავი. გულიც აჩქარებული მქონდა. მიზეზი რომ ვუთხარი მისაყვედურა. მართალი იყო, მასე არ უნდა ვყოფილიყავი აფორიაქებული უმიზეზოდ, მაგრამ გადიოდა საათები და ჩემი ქალიშვილი არ ჩანდა. დავურეკე მობილურ ტელეფონზე და არ მიპასუხა. დაღამდა და ნერვიულობა შიშში გადამეზარდა. ჩემი მეუღლეც ანერვიულდა. შუაღამეს უკვე ვეღარ გავუძელით ლოდინს. ჩემი მეუღლის ბიძაშვილი დავიმგზავრეთ და წავედით იღუმენიცაში. ბიძაშვილი მანქანას მართავდა, ჩვენ გზას ვაკვირდებოდით, მე მარცხენა მხარეს, ჩემი მეუღლე კი მარჯვენა მხარეს. რაღაც შინაგანი ხმა მეუბნებოდა, რომ ჩემს შვილს რაღაც შეემთხვა, მაგრამ არა გამოუსწორებელი. არ ვიცი რატომ, მაგრამ იმ წუთებში ეგ შეგრძნება მქონდა. გზადაგზა ვჩერდებოდით, რომ სიბნელეში ადგილებს კარგად დავკვირვებოდით. როგორც კი მივუახლოვდით მთას, საიდანაც მოჩანს დაბლობი და გადაშლილია იღუმენიცა, ყელში რაღაც მომაწვა. "აქ"-შევძახე უცებ, "აქ". პატარა ეკლესია შევნიშნე, არ ვიცოდი, რომ წმინდა დიმიტრის იყო. მეორე დღეს შევიტყვე, დიდება მის სახელს. დავიჩოქე, რომ მელოცა. ვტიროდი, რადგან თითქოს მთელი გზა გავიარეთ და ჩემი შვილი არსად ჩანდა. ჩემმა ქმარმა ვეღარ აიტანა ჩემი ასეთი ყოფის ყურება და გზის ნაპირისკენ წავიდა. უცებ მისი ყვირილის ხმა მოგვესმა, გავიქეცით. სიბნელეში ვერ შევნიშნეთ, რომ ბორდიულს იყო შეჯახებული ჩემი შვილის მანქანა. ხელის ფარნით დავათვალიერეთ სისხლის კვალი არსად ჩანდა და ცოტა დავწყნარდით. მაშინვე დავრეკეთ პოლიციაში და გვითხრეს, რომ ჩემი შვილი გადაიყვანეს საავადმყოფოში ძლიერი შოკის დიაგნოზით, საკუთარი სახელიც კი არ ახსოვდა. ნახევარი საათის შემდეგ საავადმყოფოში ვიყავი და ატირებული ვიხუტებდი გულში. ბორდიურს დასჯახებია და უცხო გამვლელებს წაუღიათ. მონაცემები არ ჰქონდათ, რადგან ჩანთა მოეპარათ. ერთი წელი დასჭირდა რომ ემკურნალა და მეხსიერება დაბრუნებოდა.

წმინდა დიმიტრის ხსენების დღეს წმინდა დიმიტრის ეკლესიასთან შეემთხვა ჩემს შვილს ავტოკატასტროფა და წმინდანმა დაიფარა სიკვდილისაგან.
ბეჭდვა
1კ1