"სწორედ მათმა სულიერებამ დამანახვა, რომ ქრისტიანობა მხოლოდ ლამაზი რიტუალი ან აღმოსავლური ტრადიცია კი არა, ცოცხალი და ჭეშმარიტი სარწმუნოებაა..."
"სწორედ მათმა სულიერებამ დამანახვა, რომ ქრისტიანობა მხოლოდ ლამაზი რიტუალი ან აღმოსავლური ტრადიცია კი არა, ცოცხალი და ჭეშმარიტი სარწმუნოებაა..."
საოცარი რამ ხდება, როდესაც ღვთისა და ადამიანის ნება ერთმანეთს ერწყმის და გული ახალ, ჭეშმარიტ სიცოცხლეს პოვებს. ამ წამებს დიდხანს ელის ზეცა და გამოუთქმელი სიხარულით ხარობს მარადისობისთვის ნაშობი ჩვენი სულის გამო. მისთვის ხომ მთელი სამყაროს საუნჯეც კი არაფერია ერთ, თუნდ დაცემული ადამიანის სულთან შედარებით.

მაინც როგორ ხდებიან ადამიანები უფლის მართლად მადიდებელნი? თითოეულის გამოცდილება ამ გზაზე მართლაც განუმეორებელი და საინტერესოა და იმ წვალებით გაკვალულ ბილიკს წააგავს, სხვებს წინსვლას რომ უადვილებს.

***
ამ ადამიანს უილიამი ჰქვია, მაგრამ ასე თითქმის არავინ იცნობს - იქ, სადაც მოინათლა, მართლმადიდებლური სახელი - ვასილი დაარქვეს და მგონი, თავადაც დაავიწყდა, რა ერქვა მანამდე.

ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს - ვინ არ დაუახლოვდება გულღია, კეთილ და მხიარულ კაცს, რომელსაც ხუმრობაც ეხერხება და ღრმა და ძალიან სერიოზულ თემებზე ფიქრი და საუბარიც.

ვასილი თან ამერიკელია, თან იაპონელი. აღნაგობა, თვალისმომჭრელი "ჰოლივუდური" ღიმილი და ახოვანება ამერიკელი მამისგან იმემკვიდრევა, წვრილი თვალები და სახის ნაკვთები კი იაპონელი დედისგან, ხოლო როდესაც ეკითხებიან, სადაური ხარო, დაუყოვნებლივ პასუხობს: მართლმადიდებელიო.

ათ წელზე მეტი იქნება, რაც მოექცა და ეს გადაწყვეტილება არცთუ იოლად მიიღო: როგორც ყოველ მაძიებელ სულს სჩვევია, მანაც დიდხანს ეძება საკუთარი თავი, მერე ოჯახშიც აიშალა ყველაფერი: დედა ალთას წავიდა, მამა - ბალთას და თვითონ, ამ ოჯახის ერთადერთმა შვილმა, გადაწყვიტა, ყველაფერი გამოეცადა...

მოკლედ, ხან სახლიდან გარბოდა, ხან სასმელს ეძალებოდა, ეწეოდა, ხანაც კაზინოში თამაშობდა... ბოლოს ამ თამაშ-თამაშში ისე ჩავარდა უზარმაზარ ვალებში, გონს მოსვლაც ვეღარ მოასწრო... შემთხვევითი სამუშაოებით გაჰქონდა თავი და სწორედ ამ დროს გაიცნო ერთი პატარა, გაძვალტყავებული ჩინელი მისთვის ძალიან უცნაური და არაჩინური სახელით "მიხაილა". უილიამის ახალი ნაცნობი მართლმადიდებელი აღმოჩნდა და პირველად მისგან გაიგო ის, რამაც მართლმადიდებლობამდე მიიყვანა. პირველად მიხაილა მიჰყვა კალიფორნიის ბერძნულ მართლმადიდებლურ ტაძარში, შემდეგ თავად გაუჩნდა იქ სიარულის სურვილი - საეკლესიო გალობას უსმენდა, მლოცველებს აკვირდებოდა... მერე, დიდი მარხვისას, მოინათლა კიდეც - ერთმა ბერძენმა გოგონამ მონათლა.

ცხოვრება ისე აეწყო, რომ ნათლობიდან ცოტა ხანში იაპონიაში, დედასთან მოუხდა გამგზავრება, სადაც ერთი პატარა ქალაქის მახლობლად მართლმადიდებლური ტაძარი აღმოაჩინა და იქ დაიწყო სიარული. მართალია, ტაძრამდე დიდი გზა ჰქონდა, - ჯერ ველოსიპედით მიდიოდა, შემდეგ მატარებლით, მერე კი ავტობუსით, - მაგრამ ღვთისმსახურებას მაინც ესწრებოდა. ცოტა ხანში სტიქაროსნადაც გაამწესეს.

იაპონიაში დიდხანს არ დარჩენილა - განათლების მისაღებად ისევ ამერიკაში დაბრუნდა. იქაურ მართლმადიდებლურ ტაძართა შორის ყველაზე მეტად სან-ფრანცისკო-ნიკოლსკი შეუყვარდა, სადაც მედავითნეობდა, გალობდა და ძველ სლავურსაც დაეუფლა.

ვასილს, საერთოდ, ასეთი ბუნება აქვს - ყველაფერს ადვილად და სიღრმისეულად ითვისებს. ჰოდა, ერთ დღესაც ხელში ფერადი ბროშურა "წმინდა სამების სერგის ლავრა" ჩაუვარდა.

- სული შემეხუთა ტაძრის სილამაზით და ჯერაც გაუაზრებელი სურვილით... რუსეთში მომინდა წასვლა, მაგრამ ამის თქმა ადვილი იყო, გაკეთება კი ძალიან ძნელი... დედაჩემი კატეგორიულად შემეწინააღმდეგა - თვითონ ადრე პროტესტანტი იყო, მერე - ბუდისტი. მამაჩემი, მართალია, მხარს მიჭერდა, მაგრამ არც ისე აქტიურად...

ერთ საღამოსაც ძალიან დიდხანს ვიხეტიალე, დიდხანს ვიფიქრე. დროა, საბოლოოდ გავერკვე, რა უნდა ვაკეთო-მეთქი. იმ დროს მღვდლობა უკვე მინდოდა, მაგრამ სად უნდა მესწავლა? იაპონიაში კი არსებობს სასულიერო სემინარია, მაგრამ იქ ძალიან ცოტა მართლმადიდებელია; ამერიკაში ბევრი რუსი მართლმადიდებელი ემიგრანტი ცხოვრობს, მაგრამ ისინი პროტესტანტების დიდ ზეწოლას განიცდიან... მოკლედ, როგორმე სასწავლებლად რუსეთში უნდა წავსულიყავი და ასეც მოხდა - სასულიერო აკადემია იქ დავამთავრე.

თავიდან ენა საერთოდ არ ვიცოდი, მაგრამ მალე შევისწავლე - ძალიან ჯიუტი და მიზანდასახული ვარ. იქაური მეგობრებიც დამეხმარნენ. თავი რომ მერჩინა, ხან ექსკურსიამძღოლად ვმუშაობდი, ხან სასადილოში, თან გამუდმებით ვკითხულობდი სასულიერო ლიტერატურას...

ძალიან კი გამიჭირდა იქაურ უმზეო და ცივ კლიმატში ცხოვრება...

ერთ წელიწადში რუსულს სრულყოფილად დავეუფლე, მერე ბერძნულის სწავლაც დავიწყე, ახლა კი, როდესაც თქვენს ულამაზეს მიწაზე მოვხვდი, ქართულის სწავლის დიდი სურვილიც გამიჩნდა. ის კი არა, შეიძლება, სულაც თქვენთან დავრჩე...

- რამდენი ხნით ჩამოხვედი?

- სამწუხაროდ, სულ ორი დღით, მაგრამ თბილისში რამდენიმე ტაძრის ნახვა მაინც მოვასწარი. იცით, რომ ძალიან მადლიანი ქვეყანა გაქვთ? უცხოელისთვის, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის, ეს თვალშისაცემია - სიძველის, მადლისა და დიდი წარსულის სუნს მაშინვე იგრძნობ. საოცარი განცდაა...

ისე, ქუჩაში ბევრი მიყურებდა გაოცებით, ალბათ, ვეღარ გაეგოთ, ამერიკელი ვიყავი თუ იაპონელი...

- ისე, შენ როგორ გგონია, რომელი ხარ?

- მართლმადიდებელი, რომელიც, იმედია, მალე გაქართველდება...

***
ამ ამბის გმირმა ახალგაზრდა კაცმა ფსიქოლოგიური დახმარების კურსი გაიარა, რისი მიზეზიც, მისივე განმარტებით, "ანგი-იოგა" გახდა. ამ ვარჯიშების შემდეგ უძილობა დაეწყო და გუნება-განწყობილება დაუქვეითდა.

"15 წლისას დედა გარდამეცვალა, რამაც დიდი დაღი დაასვა ჩემს ფსიქიკას... 28 წლისა კი ინფექციური სენით დავავადდი.

იმ პერიოდში მეგობრის დედას შევხვდი, რომელმაც თამაზ თავაძის შესახებ მიამბო და მითხრა, - ვარჯიშების მეშვეობით ყველანაირ სენს წამლების გარეშე კურნავს, თანაც ხელმისაწვდომ ფასადო.

მეორე დღესვე მივედი. მასწავლებელმა ვარჯიშები იგავების თხრობით დაიწყო. შემდეგ ხალხი დაწვა, თვალები დახუჭა, მოდუნდა და მის ბრძანებებს ასრულებდა. ეს ყოველივე დაახლოებით 30-40 წუთს გაგრძელდა. მერე თითოეული იმას იხსენებდა, რა შეიგრძნო ამ ვარჯიშისას.

ასე გრძელდებოდა ყოველდღე.

ვარჯიშების ჩაწერა და შინ შესრულება ვიწყე, მაგრამ ტკივილები დროდადრო მაინც მახსენებდა თავს.

ვარჯიშებს კონსულტაციის გარეშე ვაკეთებდი. ყოველი მათგანი გალობით სრულდებოდა, რომელსაც სასიმღერო ენერგია ერქვა.

ანგი-იოგას სახელმძღვანელო შევიძინე და ვარჯიში დამოუკიდებლად გავაგრძელე. ამასთან, მასწავლებელმა მთელ ჯგუფს საჩუქრად ორი გაზეთი გადმოგვცა, საიდანაც ერთ ნაწყვეტს მოგიყვანთ: "ფილოსოფოსნი ქრისტიანულ ქვეყნებში იძულებულნი არიან, იესო ქრისტე ახსენონ, რათა მათ სხვაგვარად არ გაუგონ. მასონიზმი საზოგადოებამ სხვაგვარად გაიგო. მასონები მშვიდობისა და ხალხის განათლებისთვის იბრძვიან და მათი მიზანი ადამიანთა გონებრივი განვითარებაა.

ადამიანის შესაქმნელად ღმერთმა დედამიწაზე ექვსი ანგელოსი წარმოგზავნა, მათ შორის - მახა (სატანად წოდებული), რომელმაც დანარჩენ ხუთს ადამიანის ტვინის სრულყოფის უფლება არ მისცა და თქვა: "დაე, ადამიანმა თავად იზრუნოს საკუთარი განვითარებისთვისო". კოსმოსური კანონების გამოყენებით იოგები გონებრივი განვითარების მაქსიმუმს აღწევენ".

მეორე ჟურნალში კი თამაზ თავაძის ტიბეტში, ლამებთან მოგზაურობის შესახებ და იმ ვარჯიშზე ეწერა, რომელიც მას ლამამ ჩაუტარა. მისი შესრულების შემდეგ საშინელი გრძნობა დამეუფლა: თითქოს მკვდარი ვიყავი, კუბოში ვიწექი და პანაშვიდზე ხალხი გარს მივლიდა...

ნევროზის მოშვების ვარჯიში შევარჩიე და ორი თვე ვაკეთებდი. შემდეგ ფიზიკურ, ემოციურ, ფსიქიკურ მოშვებაზე გადავედი. სხეულის ყველა ნაწილით სითბო შევიგრძენი, მაგრამ გონება დავკარგე და ვარჯიში შევწყვიტე. ამან მდგომარეობა კიდევ უფრო გამიუარესა - კიდურებში სიცივეს ვგრძნობდი, ოფლიანობა დამეწყო და პირიდან უსიამოვნო სუნი მდიოდა. თავაძეს დავუკავშირდი და ყველაფერი ვუამბე. მითხრა, პირიდან ორგანიზმში დაგროვილი სიბინძურე ამოგდისო, ხოლო ის, რომ ყოველ ღამე მეღვიძებოდა, ასე ახსნა: ყველა იოგა ღამის 3 საათზე იღვიძებს და ვარჯიშს აგრძელებსო.

თავს აღარ შეგაწყენთ და გეტყვით, თვალი მეგობარმა ამიხილა და მითხრა, რომ, ნებით თუ უნებლიეთ, სატანის მიმდევარი გავხდი.

გონება ჩემგან დამოუკიდებლად, ქვეცნობიერად იწყებდა ვარჯიშს, თავს ვეღარ ვთოკავდი, ღამის სამ საათზე გაურკვეველ ბგერათა ამოძახილი ეშმაკს უხმობდა და ისიც სხეულში მისახლდებოდა...

ამ კოშმარში ჩავარდნილსა და ვარჯიშით დაღლილს ჩამეძინა და მესიზმრა: ღამეულ ქალაქში ფრინველივით ვტრიალებდი. მინდორი კოცონს გაენათებინა, რომლის ირგვლივაც შავ ტანსაცმელში გამოწყობილი, ადამიანის მსგავსი, უსახური არსებები როკავდნენ, ხელში კი ალესილი ხმლები ეჭირათ. შემნიშნეს, რიტუალი შეწყვიტეს და კივილი იწყეს...

შიშისგან გამომეღვიძა. პირჯვარი გამოვისახე, "მამაო ჩვენო" წავიკითხე და ცოტა დავმშვიდდი.

სიზმრის შემდეგ მტკიცედ გადავწყვიტე, ანგი-იოგასთვის სამუდამოდ დამენებებინა თავი..."

***
ამ ძალზე სასიამოვნო ახალგაზრდა გერმანელი მამაკაცის გარეგნობამაც, ბუნებამაც და სულმაც ბევრს მოაგონა ცნობილი ამერიკელი მართლმადიდებელი სასულიერო პირი სერაფიმ როუზი.

ამ საოცარ ყმაწვილზე მართლაც ბევრი რამის თქმა შეგვიძლია: ძველი რუსულით ჩინებულად მეტყველებს და ქართულსაც წარმატებით სწავლობს. ამბობს, - გერმანიაში მიწიერი სამოთხეა, იქ გაჩერება ძალიან მიჭირსო.

მოდით, თავად მას მოვუსმინოთ: "რამდენიმე წელიწადი რუსეთში ვცხოვრობდი და იქაურ ტაძრებშიც ხშირად დავდიოდი.

ყოველი ღვთისმსახურებისას ჩემი სული დიდ ნათელსა და სიხარულს შეიგრძნობდა, რაც გერმანიაში ვერც ერთ ტაძარში ვერ ვიპოვე. მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი, რომ დასავლურ ტაძრებში ღვთის მადლი არ ივანებს, თუმცა, შესაძლოა, ხალხი იქაც თავისებურად კარგია. აქ ცხოვლად ვგრძნობდი, რომ დასავლეთში ეკლესიას ადამიანები ქმნიან და არა ღმერთი. სწორედ ეს გახლავთ მიზეზი, რომ დასავლური ეკლესიები მადლისგან განძარცვულია... იქაურები რატომღაც წყლიდან ამოყრილ თევზებს მაგონებენ, ამაოებაში რომ ჰგიებენ.

რუსულ ეკლესიაში სიარული გერმანიაშიც გავაგრძელე და მართლმადიდებლად მონათვლაც გადავწყვიტე, მაგრამ ბევრმა რამემ შემიშალა ხელი - ბოროტისგან აღძრული ნაირ-ნაირი დაბრკოლება არ დამკლებია... მადლობა უფალს, რომელმაც ნათელი სულის ადამიანები გამომიგზავნა, რომლებიც ცდილობდნენ, ქრისტიანულად ეცხოვრათ. სწორედ მათმა სულიერებამ დამანახვა, რომ ქრისტიანობა მხოლოდ ლამაზი რიტუალი ან აღმოსავლური ტრადიცია კი არა, ცოცხალი და ჭეშმარიტი სარწმუნოებაა.

მალე მართლაც მოვინათლე და ამაში ჩემი მართლმადიდებელი მეგობრები და მათი ლოცვა დამეხმარა. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, სამუდამოდ დავმკვიდრდე საქართველოში.

ჩვენი გონება იმ ავადმყოფს წააგავს, თავი ჯანმრთელი რომ ჰგონია. შესაძლოა, მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებაში დასარწმუნებლად ის ახალ-ახალ მტკიცებულებას ეძიებს, მაგრამ გული მაშინვე გრძნობს მართლმადიდებლობის სიმართლესა და უტყუარობას.

როგორც ჩანს, სწორედ ამის დასტურად გამხადა უფალმა ღირსი, აღდგომა ღამეს ქაშვეთის ტაძრის თავზე მბრწყინავი ჯვარი მეხილა..."
ბეჭდვა
1კ1