იდგა მამა მოსე გაავებული ბრბოსა და მრისხანე ხანის წინაშე მარტო და სანამ ქვებითა და დაშნებით ნაკუწ-ნაკუწ დაგლეჯილი ძირს არ დაეცა, ნირი არ უცვლია...
იდგა მამა მოსე გაავებული ბრბოსა და მრისხანე ხანის წინაშე მარტო და სანამ ქვებითა და დაშნებით ნაკუწ-ნაკუწ დაგლეჯილი ძირს არ დაეცა, ნირი არ უცვლია...
შუა საუკუნეთა საქართველოში (და არა მხოლოდ იქ) არ დარჩა ადგილი, სადაც არ მივიდა ამბავი ქართველთა დედოფლის, ქეთევანის, ქრისტესთვის უმაგალითო წამებისა.

ამ ამბავზე აუარება მასალა, მოწმობა და მოგონება არსებობს იმდროინდელი ევროპელი თუ აღმოსავლელი მოღვაწეებისა, რომლის ნაწილიც ჩვენთვის მეტ-ნაკლებად ცნობილია, ნაწილს კი, იმედია, დროის მსვლელობასთან ერთად აეხდება ფარდა, მაგრამ ვინ იყო წმინდა დედოფლის სულიერი მოძღვარი, ცოტამ თუ იცის.

ილია ტაბაღუამ თავის ნაშრომში "საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნთსაცავებში" სხვა ფასეულ მასალასთან ერთად ქეთევან დედოფლის თანამედროვე უცხოელ მოღვაწეთა არაერთი მოწმობა შეკრიბა მისი მოძღვრის, მრავალმხრივ ღირსეული ადამიანის, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრი ჩვენგანისთვის სრულიად უცნობი მღვდლის, მამა მოსეს შესახებ.

მაგალითისთვის, პორტუგალიელი ელჩი, დონ გარსია დე სილვა იფიგერიო, იმდენად ყოფილა აღფრთოვანებული ქართველი სასულიერო პირით, რომ მისი ზნეობა მაგალითად დაუსახავს თანამემამულეთათვის. აი მისი ნაწერიც: "გარდა იმისა, რაც გარეგნულად ჩანდა, მასში ამოიკითხავდით ცხოვრების წმინდა წესს და ჩვეულებათა სიმარტივეს, ხოლო ეს ხდიდა იმის ღირსად, რომ ჩვენს ევროპელ მღვდლებს მისთვის მიებაძათ". მსგავსადვე ფიქრობდა სახელგანთქმული მოგზაური პიეტრო დელა ვალეც.

მამა მოსეს ღრმა სულიერება და მხურვალე სარწმუნოება უცხოობაში კიდევ უფრო განამტკიცებდა წმინდა დედოფალს, რაც შეუმჩნეველი, რაღა თქმა უნდა, არ დარჩენიათ ირანის სამეფო კარზე და თავიდან მოსაცილებლად ხან რა დასწამეს მოსე მღვდელს, ხან რა. ერთნი ამბობდნენ, - შირაზის ხანის მდივნის თანამეცხედრეს გაუმიჯნურდაო... ამ საშინელი ცილისწამებით წაქეზებული ქმარი "შურის საძიებლად" იარაღით შეიჭრა მამა მოსეს სამყოფელში, მაგრამ ამ უკანასკნელმა ჯერ დაშნა გამოსტაცა და ფანჯრიდან გადააგდო, შემდეგ კი მდივნის მხლებელ სამხედროებს თავისი დატუსაღების უფლება მისცა.

შირაზის ხანმა მყისვე გაიყვანა თავისი სასახლის დიდ მოედანზე მსჯავრდადებული მღვდელი და "დიდსულოვნად" შესთავაზა: - გადმორჯულდი, ქრისტე დათმე და სიცოცხლესთან ერთად პატივსა და ქონებასაც მიიღებო. ალბათ, თქმა აღარ უნდა, თუ რა პასუხი მიიღო ხანმა - ქეთევან დედოფლის მოძღვისგან სხვა საქციელს რომელი ქრისტიანი წარმოიდგენდა?

იდგა მამა მოსე გაავებული ბრბოსა და მრისხანე ხანის წინაშე მარტო და სანამ ქვებითა და დაშნებით ნაკუწ-ნაკუწ დაგლეჯილი ძირს არ დაეცა, ნირი არ შეუხრია...

იტალიელი მისიონერი ამბროსიო დუშ ანჟუში წერდა, მამა მოსესადმი წაყენებული ბრალდება სწორედ იმან გამოიწვია, რომ მაჰმადიანნი, საზოგადოდ, ქრისტიანთა მტრები არიან და ყოველჟამს მათ დაღუპვას იქადიანო. თავად ილია ტაბაღუა კი მიიჩნევდა, რომ "ქეთევან დედოფლის მოძღვრის - მოსე მღვდლის მკვლელობის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ, სპარსელთა აზრით, იგი დედოფალს ქრისტეში განამტკიცებდა და თუ მოაშორებდნენ, დედოფალიც ადვილად დათმობდა რწმენას და ისლამს შეუდგებოდა..."

ეს ამბავი წმინდა დედოფლის წამებამდე ხუთი წლით ადრე მოხდა და ამან არათუ დააძაბუნა, წარმოუდგენლად განაძლიერა კახთა დედოფლის სარწმუნოება - ჯალათთა მარწუხების, მუგუზლებისა და ენით უთქმელი წამების შედეგად საქართველოს უდიდესი წმინდანი და მეოხი შეეძინა.

მოდით, ნაგვიანევი პატივი მაინც მივაგოთ მამა მოსეს უწმინდეს სულს და მდაბლად ვთხოვოთ, ჩვენი შუამდგომელიც იყოს უფლის უწმინდესი საყდრის წინაშე.
ბეჭდვა
1კ1