დედა თამარი (უროტაძე): უწმინდესმა პირველად ჩაიზე მიგვიწვია...
დედა თამარი (უროტაძე): უწმინდესმა პირველად ჩაიზე მიგვიწვია...
დედა თამარი-ეთერ (უროტაძე) ფერისცვალების დედათა მონასტერში მონაზვნად აღკეცამდე სულ რამდენიმე დღეში უფალმა თავისთან გაიყვანა. მისი ახლობლების, მათ შორის დედაოს დის შვილის, კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მოძღვრის, მამა გიორგი გელუტაშვილის თხოვნით დედაომ გარდაცვალებამდე საკუთარი ცხოვრება, თბილი მოგონებები, ფურცელზე აღწერა. შთამბეჭდავია მისი ნაამბობიდან ერთ-ერთი, როგორ დაიწყო ეკლესიური ცხოვრება და უწმინდესთან, მშობელი მამასავით ურთიერთობის დეტალები:

" უწმინდესი ჩემი სულიერი მშობელია. სიონის ტაძარს აღარ მოვშორებივარ 1978 წლის მარტის თვიდან. პირველი აღსარება მამა რევაზ ტომარაძეს ჩავაბარე. 1982 წლის ხარება დღეს, მამა ზურაბ ანთაძე აკურთხეს მღვდლად, მე მისი მრევლი გავხდი. დღემდე ჩემი მოძღვარია ღვთის წყალობით. დღეს უკვე იღუმენი ბასილია. წოდორეთის ტყეში ააშენა წმინდა ბასილი დიდის სახელობის მონასტერი.

მამა ზურაბს მალე დიდი მრევლი გაუხდა. ეს შეუმჩნეველი არ დარჩა პატრიარქის მახვილ თვალს და უთქვამს: "მამა ზურაბ, თქვენი მრევლი მინდა გავიცნოო". პირველად ჩაიზე მიგვიწვია. სუნთქვა გვეკვროდა ვერ ვგრძნობდით. თვითონ ჩაის ლიმონით და ალუბლის მურაბით სვამდა. ჩვენც ძალით დაგვალევინა, ძალიან უბრალო და მშობელივით შინაურად მოგვექცა. ლამბაქზე მურაბა ესხა, პურს ხელით აწობდა და გვითხრა, თქვენც ასე მიირთვითო. დიდხანს დავრჩით. მეორედ სიონის ტაძარში შეგვხვდა უწმინდესი, გამოგვკითხა ვინ რას ვაკეთებდით, დღეს როგორ ვიწყებდით. "აი, მე რომ გათენდება, ლოგინში პირჯვარს გადავიწერ მშვიდობის დილის გათენებისთვის, მერე ავდგები, მოვწესრიგდები და დილის ლოცვებს წავიკითხავ და დავიწეყბ ამ დღის საქმეებსო". სათითაოდ გამოგვკითხა ვინ როგორ ვცხოვრობდით. უწმინდესთან მაშინ ვიყავით: მამა პეტრე ბარამიძე, მამა თეიმურაზ ბერიშვილი, მამა გიორგი (ზარზმის მამათა მონასტრის), მამა რევაზ სიხარულიძე და მისი უფროსი ძმა, ეთერ უროტაძე, ლია სალაყაია, მარინე კიკაჩეიშვილი... სხვები აღარ მახსოვს. უწმინდესმა მამა ზურაბის მრევლი მესამედ მამაოსთან ერთად სიონში შეგვკრიკა და დავალება მოგვცა. ავადმყოფების მოუარეთ, ეს დიდი მადლიაო. "მამა ზურაბ, მე თქვენ მოგცემთ ფულს, ვისაც რა დასჭირდება უყიდეთ, კვირის ხუთშაბათს შეიკრიბებით აქ და ანგარიშს ჩააბარებთ მამაოს. მე ყოველ კვირას ფულს დაგიტოვებთო",-გვითხრა უწმიდნესმა. ასე დაიწყო სიონის მრევლმა უპატრონო ავადმყოფების, გაჭირვებულების მოძიება და მოვლა-პატრონობა.

ბეჭდვა
1კ1