გიორგი ოთახის კუთხეში პირით კედლისკენ იდგა და ლოცულობდა...
გიორგი ოთახის კუთხეში პირით კედლისკენ იდგა და ლოცულობდა...
მზე დღესაც ისევე ამოდის, როგორც ათასი წლის წინათ, ისევ ისე ანათებს სამყაროს, მისი სხივები ცოდვილსაც და მართალსაც ისევ ერთნაირად ათბობს... ცოდვის ზღვარზე მყოფ ადამიანს, ცოდვილსაც კი, ყოველთვის აქვს უკან დასახევი გზა, გზა სინანულისა. ზოგი ახერხებს უკან დაბრუნებას და ნათლის ძედ შეიქმნება, ზოგი კი უკანმოუხედავად ჯოჯოხეთისკენ მიაბიჯებს.

* წმინდა ზენონ ხანძთელი შვილი იყო "საჩინოისა ვისიმე კაცისა სამცხეს". მშობლები აღესრულნენ და მთელი მონაგები ზენონსა და მის დას დაუტოვეს. ზენონი მონაზვნობაზე ფიქრობდა, მაგრამ სანამ ამას განიზრახავდა, მისი და ერთმა უკეთურმა კაცმა აცთუნა და ღამე შავშეთში წაიყვანა. შეიტყო ზენონმა, შეიჭურვა, ამხედრდა და მარტოდმარტო გამოეკიდა მათ. კარგა მანძილი რომ განვლო, გაიფიქრა: "მე წარჩინებული ვარ, ის კი, ვისაც მივდევ, ფრიად შეურაცხი ვინმეა, ვძლევ თუ მძლევს, მაინც შერცხვენილი დავრჩები. მონაზვნობის აღთქმა მაინც აღვუსრულოო უფალს!" გამოისახა ჯვარი და მერეს მონასტერში, დედა თებრონიასთან მივიდა. იქვე ყოფილიყო წმინდა გრიგოლ ხანძთელი, მას წამოეყვანა ხანძთას, რომელსაც სიკვდილამდე არ განშორებია და ზენონ დიდი შეიქმნა.

* წმინდა იოანე-გიორგი მხეიძეს, ბერობაზე უარი რომ ეთქვა, კომუნისტმა ძმებმა მძინარეს სანახევროდ მოაჭრეს წვერი. ერთხელ კი ოთახში შეიყვანეს, სადაც მეძავი ელოდა და კარი ჩაუკეტეს, მაგრამ მცირე ხნის შემდეგ განრისხებული ქალი ოთახიდან გამოვარდნილა და უთქვამს, ეს გიჟი ვინ ყოფილაო. გიორგი ოთახის კუთხეში პირით კედლისკენ იდგა (ალბათ, ქალის სიშიშვლე რომ არ დაენახა) და ლოცულობდა...

მამა გიორგის იმდროინდელი ცხოვრებიდან, როცა ის ჯერ კიდევ არ იყო წასული მონასტერში, ღირსშესანიშნავია ერთი შემთხვევა. გიორგი ერთხელ თავის დას ესტუმრა სოფელში და ღამე მასთან დარჩა. ბავშვებმა ვენახში წაიყვანეს და მეზობლის ნაკვეთის მიჯნაზე მდგარი ბლის ხიდან გაუმასპინძლდნენ. იგი ძალზე შეწუხდა, რომ შეიტყო, ხე მეზობლისა იყო: "რატომ ადრე არ მითხარით? აი, ვცოდე, ბალი მოვიპარეო", - შესჩივლა მათ. ბავშვები ამშვიდებდნენ, ეუბნებოდნენ, არავინ გვიკრძალავს ამ ბლის ჭამასო, მაგრამ გიორგი შუაღამისას მაინც წამომდგარა და მთელი ღამე ხატის წინ ჩუმად ლოცულობდა: "შემინდე, შემინდე მე, ქურდსა ამას!"

მეორე დღეს გიორგი მშობლებთან წასულა, მაგრამ გზად ორი დღე-ღამით წმინდა გიორგის ტაძართან შეჩერებულა - ლოცულობდა და "დიდ" ცოდვას ინანიებდა. ღმერთმა ჩვენც, მართლაც დიდად ცოდვილებს, მოგვცეს ასეთი სინანული...

* ერთ ახალგაზრდა კაცს სიძვის ბრძოლები დაეწყო და სადაც იყო დასცემდა. შეჭირვებულმა წმინდა გიორგი მთაწმინდელს მიაშურა და ყველაფერი მოუთხრო. წმინდა მამამ ურჩია, ღვინოს ნუღარ დალევ და ვნებათაგან განთავისუფლდებიო. ვაჟმა თავი იმართლა: "რა ვქნა, მამაო, ეს მიწა გვალვიანია, ღვინო რომ არ დავლიო, ვაითუ დავსნეულდეო". მაშინ წმინდა გიორგიმ უთხრა: "შვილო ჩემო, თუ ჩემს მცნებას დაიმარხავ, მე ვიქნები შუამდგომელი ღმერთსა და შენს შორის, რათა არავითარი სულიერი და ხორციელი სნეულება არ შეგეყაროს". ვაჟი მხიარული და ვნებათაგან თავისუფალი დაბრუნდა შინ. მას შემდეგ ღვინო აღარ დაულევია, თუ არ ჩავთვლით ღვინის სარღვნელს, წმინდა ზიარების შემდეგ რომ იღებდა.

* გიორგი ავალიშვილმა 1819 წელს იმოგზაურა ტფილისიდან იერუსალიმამდე. კაიროში ერთ ბერძნულ მონასტერს სტუმრობდა. წინამძღვარი მოუყვა: 1814 წელს აქ გარდაიცვალა ერთი ქართველი, რომელიც ღვთისმშობლის კრების სახელობის ტაძრის სასაფლაოზე თავის ხარჯით დაგვამარხინა მაჰმად-აღამ. მეორე დღეს სასაფლაოს მცველებს გვამი საფლავის ზემოთ მდებარე უპოვიათ. კვლავ დავფალით, მაგრამ ისევ საფლავის ზემოთ ვიხილეთ. მაჰმად-აღამ გვთხოვა და ცხედარი მესამედაც მივაბარეთ მიწას, მაგრამ მიწამ კვლავ ამოაგდო თავისი წიაღიდან. რაღა დაგვრჩენოდა, მისებრ მიწის მიერ შეუწყნარებელ სხვა მკვდრებთან დავასვენეთო.

გიორგიმ სთხოვა წინამძღვარს, ეჩვენებინა ის ცხედარი. წინამძღვარმა ერთ აკლდამასთან მიიყვანა. გიორგისთან ერთად აკლდამასთან მაჰმად-აღაც მივიდა (ეს მაჰმად აღა წარმოშობით მარტყოფელი იყო, ანდრია კნუტიშვილი, კარგა ხნის წინ გამაჰმადიანებულიყო და კაიროში ცხოვრობდა). წინამძღვრის ბრძანებით, ცხედრები აკლდამიდან გამოიტანეს და მათ წინ დაალაგეს. ოცდაცამეტნი იყვნენ რიცხვით, გაშეშებულნი, გაუხრწნელნი... მოატანინა იმ ქართველის გვამიც. გრძელპერანგმოსილი წვერულვაშშეუშლელი საბრალოს სხეული ფერმიხდილი იყო, თორემ სულმთლად ახალი გეგონებოდათ. მის დანახვაზე მაჰმად-აღამ ქართულად შესძახა: "ვაი, უბედურო ბიჭო დათიკავ!.." გაოცებულ გიორგის კი ასეთი რამ უამბო: "ეს საცოდავი ქართველი, სახელად დათიკა, დალაქად ახლდა განსვენებულ მეფე ერეკლეს ძეს იულონს. აქ ერთმა თბილისელმა დედაკაცმა იაღსაპიტამ მოიყვანა. სანამ ჯანმრთელი იყო, იმსახურა, რომ დასნეულდა, გამოაგდო. მე შევიკედლე, მაგრამ ვერაფრით ვუშველე. რომ გარდაიცვალა, ვთხოვე წინამძღვარს, ჩემი ხარჯით თქვენი წესისაებრ დაემარხათ... რა იყო მიზეზი მიწიდან დათიკას გვამის აღმოგდებისა, რომელი ცოდვის გამო არ შეიწყნარა საბრალო მონასტრის სასაფლაომ, მხოლოდ უფალმა უწყის.

* დავით ბატონიშვილი მოგვითხრობს: "ხოლო წელსა ამასვე (1818 წელს - კ.კ.) მოკვდა მდივანი ეგნატე თუმანიშვილი და დაფლეს თავის სოფლის ხელთუბნის ეკლესიაში. დაადეს თუ არა ქვა, ღვთის რისხვით მეხი დაეცა ციდან და მკვდარი საფლავიდან ამოაგდო. ეს ჭეშმარიტად მოხდა და მრავალნი ამის მხილველნი მომითხრობდნენ, რომ ამ ეგნატეს სიჭაბუკეში განეხრწნა თავისი ღვიძლი და და ღვთის რისხვით არ შეიქმნა ღირსი ეკლესიის შიგნით დაფლვისა. ამისთვის იქმნა ეს სამხილებლად, რათა არავინ ქრისტეანთაგანმა იკადროს ამგვარი უსჯულოება".

* ბათო ყაენმა მეფე დავითი, ულუდ წოდებული, თავისთან იხმო. წასვლის წინ დავითმა სამეფოს განმგებლად დედოფალი ჯიგდა-ხათუნი და თავისი ერთგული მესტუმრე ჯიქური დატოვა. დაუგვიანდა მეფეს ჩამოსვლა. იქიდან გამოგზავნა თხოვნა და თავისი სამეფოს თითოეული გოჯი მიწა თითო კაცს შეავედრა. კახეთი პანკისელ თორღვას ჩააბარა და ისიც უბრძანა, დედოფლის ნებას დამორჩილებოდა. თორღვამ იფიქრა, მეფე აღარ დაბრუნდებაო და კახეთი დაიჩემა. აღარც დედოფალს ემორჩილებოდა და აღარც ჯიქურს.

შეიწყალა ყაენმა მეფე დავითი და სამშობლოში დიდი პატივით წარმოგზავნა. ჰერეთს რომ მოაღწია, შეეგებნენ ქართლის დიდებულები, ყველა თორღვას გარდა - შეშინებულს პანკისისთვის შეეფარებინა თავი.

დაბრუნდა მეფე თბილისში. მრავალჯერ მოუწოდა თორღვას, მაგრამ ის გამოჩენას ვერ ბედავდა. და აი, ჯიქურმა ასეთი ხერხი მოიგონა: ვინმე ხორნაბუჯელი მიუგზავნა თორღვას. მომენდე და მეფესთან წაგიყვანო, უთხრა ხორნაბუჯელმა. თორღვამ შესთავაზა, ალავერდის წმინდა გიორგის წინაშე შემომფიცეო. მივიდნენ წმინდა ხატთან. თორღვამ თქვა: "რასაც მოაწევ ჩემზე, ის გიყოს წმინდა გიორგიმ, რამეთუ მარტო ვარ ამ ქვეყანაზე და ჩემი სიკვდილით უმკვიდრო იქმნების მამული ჩემი, და თუ მიღალატებ, უმკვიდრო ჰყოს წმინდა მთავარმოწამემ შენი სახელიცო". შეჰფიცა ხორნაბუჯელმა, მაგრამ ტაბახმელას რა მოაღწიეს, შეიპყრო ჯიქურმა თორღვა პანკისელი და დედოფლის თანხმობით, ისე, რომ მეფემ არც კი იცოდა, კლდეკარს კლდიდან გადმოაგდო.

ფიცის გატეხისთვის კი სამაგიერო მიეგო ხორნაბუჯელს: მის ძეს, სახელად შალვას, რომელსაც მრავალი შვილი ჰყავდა, ყველა უეცრად დაეხოცა, ხოლო თვით შალვა თათრებმა გამოასალმეს სიცოცხლეს, ხორნაბუჯელი კი ჯავრს გადაჰყვა. ჯიქურს რამდენიმე წლის შემდეგ ცილი დასწამეს. მეფე დავითმა ის სიმართლის გამოუძიებლად დაახრჩობინა მტკვარში და "არავინ იპოვა დამფლველი მისი, რამეთუ არ ესვა შვილი".
ბეჭდვა
1კ1