საოცარი ძალა აქვს ჯვარს, ენით უთქმელი...
საოცარი ძალა აქვს ჯვარს, ენით უთქმელი...
ეს ჭარმაგი ქალბატონი იმ ერთეულთა შორისაა, მწვალებელთა სიბრმავეს რომ გადაურჩა და, ღვთის წყალობით, დედაეკლესიის წიაღს შეუერთდა...

ბევრს ჰგონია, რომ სრულიად ურწმუნო კაცის მოქცევა უფრო იოლია, ვიდრე თუნდაც იეღოველის, თუმცა ეს ისტორია ბედნიერი გამონაკლისია...

- მოდით, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. როგორ აღმოჩნდით იეღოვას ე.წ. მოწმეთა შორის?

- გულწრფელად გეტყვით: ქვეშეცნეულად ყრმობიდან ვგრძნობდი ღვთისადმი ლტოლვას, თუმც გარემო საამისო "მიზეზს" სულაც არ მაძლევდა, პირიქით, - რაც თავი მახსოვს, ჩვენს ოჯახში ღვთის ხსენებაც კი იკრძალებოდა.

რაც შეეხება იეღოვას სექტას, იგი თითქოს სრულიად შემთხვევით, "თავისით" მოვიდა ჩემს ცხოვრებაში: ჩვენთან ერთი ახლობელი ქალბატონი დადიოდა დისშვილთან ერთად. მხოლოდ ახლა ვხვდები, ის ქალიშვილი დაგეშილივით გრძნობდა, რა ხდება ჩემნაირების სულში... შეუნდოს ღმერთმა, თვითონ ხომ მოწამლული იყო, სხვებსაც წამლავდა. ასეთები სწორედ ჩემნაირ გზააბნეულ ადამიანებს ღუპავდნენ და ახლაც ასეა. სწორედ ასეთი დაბრმავებული ხალხით არის სავსე მათი სექტა. არადა, ეკლესიის მართლაც რომ საუკეთესო მრევლი იქნებოდნენ...

- რატომ ხვდებიან ადამიანები მათ მარწუხებში? თქვენ ხომ საკუთარ თავზე გაქვთ გამოცდილი ეს ყველაფერი?

- იცით, რა არის ძალიან მნიშვნელოვანი? იეღოველს ქრისტიანმა, მართლმადიდებელმა მღვდელმა უნდა დაასწროს დაბნეულ და გაორებულ კაცთან მისვლა, სწორედ ტაძარში მისვლის შემდეგ იბადება ადამიანი სულიერად.

- ახლა ყველაზე საინტერესო რამ უნდა გკითხოთ: როგორ შემობრუნდით ეკლესიისკენ?

- ახლა მრცხვენია, მაგრამ მღვდლები განსაკუთრებულად შევიძულე. კარდაკარ დავდიოდი და უამრავი სული დავღუპე. ამ უმძიმესი ცოდვის გამო ჯერ ოჯახი დამენგრა, შემდეგ ახლობლებმაც მაქციეს ზურგი...

საბედნიეროდ, უფალმა მომხედა და ჩემი შვილის ხელით მომივლინა ხსნა. შინ ვერ ჩერდებოდა, მე კი ყოველ დილით მისი ბალიშის ქვეშ უზარმაზარი ჯვარი მხვდებოდა, რასაც მაშინ სიკვდილი მერჩივნა...

მაგრამ სულ მალე ყველაფერი შეიცვალა: ჩემი ქალიშვილი ავტოკატასტროფაში მოჰყვა და სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე მდგომს სისხლის გადასხმა დასჭირდა.

საოპერაციოს რომ მივუახლოვდი, ჩემდა გასაკვირად, იქ ნათესავებთან ერთად ვითომ გასამხნევებლად ჩემი "სულიერი დებიც" დამხვდნენ, რომლებიც კატეგორიულად მოითხოვდნენ, გოგონასთვის სისხლი არ გადამესხა. მაშინ კი თვალთ დამიბნელდა, ვეღარაფერს ვგრძნობდი, მხოლოდ ღვთისმშობლის ხმა ჩამესმოდა, - შვილი გადაარჩინე და ეს ჯვარი იტვირთეო... და მის უწმინდეს ხელებში სწორედ ის ჯვარი დავინახე, ყოველ დილით ჩემი გოგონას სასთუმლის ქვეშ რომ მხვდებოდა...

მოკლედ, მეც გადავრჩი და ჩემი შვილიც, მაგრამ ამით ყველაფერი არ დასრულებულა - ყოფილმა თანამოძმეებმა ჩემი ფსიქოლოგიური დევნა იწყეს. ისევ ვორჭოფობდი. ბოროტი გაავდა... ისევ ჩემმა შვილმა მიხსნა - თავისი მოძღვარი შინ მოიყვანა და შემახვედრა. მის მკერდზე მოელვარე ჯვარმა ღვთისმშობლის ხილვა გამახსენა და მუხლებზე დამხობილმა ვთხოვე დალოცვა მოძღვარს...

საოცარი ძალა აქვს ჯვარს, ენით უთქმელი...
ბეჭდვა
1კ1