დედაჩემი ზეციური დედოფლის წინაშე დამხობილიყო და ცრემლს ღვრიდა
დედაჩემი ზეციური დედოფლის წინაშე დამხობილიყო და ცრემლს ღვრიდა
ღვთის ნება. მიტროპოლიტი ბენიამინი (ფედჩენკოვი) ჰყვება: არ ვიცით, ჩვენთვის რა სჯობს: სიცოცხლე თუ სიკვდილი, ჯანმრთელობა თუ ავადმყოფობა, კეთილდღეობა თუ სიღატაკე. ღვთის ნებაა ყველაფერი... თუმცა შეიძლება ჩვენ მისი არ გვესმოდეს. ადამიანს ყოველთვის არ უნდა ღვთის ნების მიღება, მაშინ კი საქმე ცუდად მიდის.

ერთ მდიდარ პეტერბურგელ ქალს ერთი წლის ვაჟი მძიმედ ავად გაუხდა. უკვე მის სიკვდილს ელოდნენ. დედამ მამა იოანე კრონშტადტელს სთხოვა მისვლა და ბავშვის გამოჯანმრთელებისთვის ლოცვა. მოძღვარმა პარაკლისი გადაიხადა. დედის გასახარად, ბავშვი გამოკეთდა... გადიოდა წლები. დედა შვილის ყურებით ტკბებოდა. 19 წლისას ერთი გოგონა შეუყვარდა, სიყვარულზე კი სიყვარულით არ უპასუხეს. გულგატეხილმა ვაჟმა თავი მოიკლა.

აქამდე ვერ მიპატიებია ჩემი თავისთვის, რატომ გამოვათხოვინე მისი სიცოცხლე მამა იოანესო, - წუხდა გულმოკლული დედა.

ამბავი, რომელიც იალტაში მოხდა, მთავარეპისკოპოსმა შ-მ მომიყვა. ერთ ქვრივ ქალს თურმე ერთადერთი შვილი ავად გაუხდა. ექიმები ვერაფერს შველოდნენ. მწუხარებით გათანგულმა დედამ ლოცვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შვილის გადარჩენა სთხოვა... დაღლილი ჩაჯდა სავარძელში და ჩათვლიმა... ძილღვიძილში თუ ცხადად, ქალი ვერ ამბობს დარწმუნებით, მას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და თითქოს თხოვნის საპასუხოდ ჰკითხა: "თავმდები იქნები, რომ კარგად აღზრდი და ასეთსავე წმინდად დარჩება, ახლა როგორიცაა?" ბავშვი მაშინ რვა წლის იყო. "თავმდები ვიქნები, ოღონდ ცოცხალი დატოვე", - უთხრა ქალმა.

ხილვა დამთავრდა. დედას გაეღვიძა. ბავშვი, ექიმთა გასაკვირად, გამოჯანმრთელდა. დედა ხარობდა. მალე სკოლაში მიაბარეს. ბიჭი ძალზე გონებამახვილი აღმოჩნდა, კარგთან ერთად ცუდსაც ადვილად ითვისებდა, უფრო და უფრო ფუჭდებოდა. დედა უძლური აღმოჩნდა. გაახსენდა ღვთისმშობლისადმი მიცემული აღთქმა, განსაკუთრებით ცოდვილთათვის განკუთვნილი საუკუნო სატანჯველი აძრწუნებდა (ის ღრმადმორწმუნე ქრისტიანი გახლდათ) და შეჰღაღადა ღვთისმშობელს: - უფლის დედაო! თუ ის არ გამოსწორდება, მაშინ გაიყვანე ამ ცხოვრებიდან, საუკუნო ცხოვრებისთვის რომ არ დაიღუპოსო.

მალე ბიჭმა მთებში ცხენით გაისეირნა. გაჭენებული ცხენი უცბად შემოატრიალა, თავი ვეღარ შეიმაგრა, გადმოვარდა, მიწას დაენარცხა და მოკვდა. დედამ ახლა უკვე იცოდა, რომ მისი შვილისთვის ასე სჯობდა... დაკრძალვაზე ცრემლებს ვერ იკავებდა, მაგრამ სულში სიმშვიდე უტრიალებდა.

როგორ მოექცა ურწმუნო ექიმი. არქიმანდრიტი კრონიდი (ლუბიმოვი) მოგვითხრობს:

1918 წელს ურალის მიტროპოლიტმა ტიხონმა წმინდა სერგის ლავრა მოილოცა და მოჰყვა: ერისკაცობაში ივან ივანეს ძე ობოლენსკი გახლდით, ექიმი. ვოლგაზე, ერთ-ერთ საგუბერნიო ქალაქში, დედასთან და დეიდასთან ერთად ვცხოვრობდი. ჩემი მსოფლმხედველობით სრულიად ურწმუნო ვიყავი და ამის აღიარება არ მერიდებოდა. დედას და დეიდას ძალზე აწუხებდათ ჩემი ურწმუნოება, უეჭველია, რომ ღმერთსაც ევედრებოდნენ ჩემს მოქცევას და სულის ცხონებას. უფალმაც მიხედა მათ ლოცვებს და ხილვით გონს მომიყვანა.

ერთ საღამოს თეატრიდან დავბრუნდი, დედას და დეიდას რელიგიურ თემებზე ვესაუბრე და მათ რწმენას დავცინე. ისე გამწარდნენ, რომ მუხლებზე დაემხნენ და უფალს ჩემზე შეჰღაღადეს.

ვივახშმე, კიდევ ერთხელ ვესაუბრე მათ ურწმუნოებაზე და დასაძინებლად დავწექი. საშინელი სიზმარი ვნახე. ცოდვილის თვალწინ იმქვეყნიური საშინელი ხვედრი წარმომიდგა. სიზმარი იმდენად ცხადი იყო და საშინელი, რომ ჩემი სული კინაღამ სხეულს გაეყარა. ამ ღამის ხილვამ ისე იმოქმედა, რომ ერთიანად გავჭაღარავდი. ჩავიხედე სარკეში და ღმერთი ვიწამე, მაგრამ ჩვენი ცხონების მტერი ეშმაკი დიდხანს არ მასვენებდა. მესიზმრებოდა, როგორ მოიწევდნენ ჩემკენ საკოცნელად ამაზრზენი, საშინელი, გრძელცხვირა, არაწმინდებით გათხუპნული ბოროტი სულები. ეს ხილვები ღვთის რწმენასა და სასოებაში უფრო განმამტკიცებდა. უფლისკენ მივილტვოდი ლოცვებით და უფალს ამ ხილვისგან დახსნას ვევედრებოდი.

მალე მონაზონი გავხდი. მოგვიანებით უფალი თავისი მადლით მეწვია და მღვდელი გავხდი, მერე მღვდელმთავარი. ამგვარად დამიხსნა უფალმა დედისა და დეიდის ლოცვით სულიერი წარწყმედისგან და ეკლესიაში თავის სიტყვიერ ცხოვართა მწყემსად დამადგინა.

დედა ღვთისა.
კვლავ არქიმანდრიტ კრონიდს მოვუსმინოთ: "აი რას უყვება წერილში ივ. კირიევსკი თავის მეგობარ გერცენს: ერთხელ ეკვდერში ვიდექი. ვუცქერდი ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს და ვფიქრობდი იქ მლოცველი ხალხის უბრალო რწმენაზე. ტაძარში რამდენიმე დედაკაცი იდგა, იყვნენ სნეულებიც. მოხუცებს მუხლი მოედრიკათ და ჯვარს ისახავდნენ, დიდ მეტანიებს ასრულებდნენ. მხურვალე სასოება დავინახე მათ წმინდა სახეებზე და სასწაულებრივი ძალის საიდუმლო ჩემთვის ნელ-ნელა ნათელი გახდა. დიახ, ხატი მხოლოდ გამოსახულებიანი დაფა არ არის. საუკუნეების მანძილზე შთანთქავდა იგი მწუხარე, უბედური ხალხის ლოცვების, მხურვალე ღაღადისის ნაკადებს. ის ცოცხალი, შემოქმედისა და კაცთა შეხვედრის ადგილი. ვფიქრობდი ამაზე, კიდევ ერთხელ შევხედე ხატის წინაშე დამხობილ მოხუცებს, ბავშვიან ქალებს, შევხედე ხატსაც - და აი, მაშინ მე თვითონვე ვიხილე განსულიერებული ღვთისმშობელი. ის სიყვარულითა და მოწყალებით უცქერდა ამ უბრალო ხალხს. მის წინაშე მუხლებზე დავემხე და მდაბლად ლოცვა დავიწყე.

ამგვარად მოჰფინა სხვების რწმენამ მადლი სარწმუნოებაში გულგრილს. რამდენჯერ სხვისი ღვთისადმი მხურვალე რწმენისა და ლოცვის მაცქერალს აგვნთებია გული ლოცვით და სინანულით, რომელიც ზოგჯერ სულიერად ფერსაც კი გვიცვლის. ერთმა პეტერბურგელმა ჭაბუკმა მიამბო: "მამაჩემის სიკვდილის შემდეგ, რომელსაც დიდი სავაჭრო ჰქონდა, გარს უწესო მეგობრები შემომეხვინენ და ცოდვის უფსკრულისკენ გამაქანეს. მათთან ერთად საშინელ მანკიერებაში ჩავეფალი. ვეღარაფერი მაჩერებდა - ვერც დედის ცრემლები, ვეღარც მისი ლოცვები. დაღუპვის პირას მივედი. მამაჩემის ქონება მალევე გავანიავე. ალბათ დავიღუპებოდი, რომ არა ღვთის განსაკუთრებული განგებულება და დედაჩემის მხურვალე ლოცვა.

ერთი მშფოთვარე ღამის შემდეგ, დილის შვიდ საათზე, შინ ვბრუნდებოდი, ჩადენილი საქციელის გამო გულში ღრმა სინანულს ვგრძნობდი. ნევის პროსპექტზე ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარს ჩავუარე. უეცრად უჩვეულო მოვლენამ გამაშეშა: ტაძრის გუმბათი გაბრწყინდა და შუქი მოეფინა, რბილი და სასიამოვნო. ამ ნათლის სვეტში ცხადად ვიხილე ჰაერში მოლივლივე ყაზანის ღვთისმშობლის ხატი. ჩემი უწესო ცხოვრებით გონდაბინდული ვიყავი, მაგრამ ამ უცნაურმა სახილავმა სულში კრძალვა აღმიძრა. ეტლიდან გადმოვხტი და ტაძარში შევედი. იქ კი ახალი, არანაკლებ განმაცვიფრებელი სახილველი მელოდებოდა - დედაჩემი ზეციური დედოფლის წინაშე დამხობილიყო და ცრემლს ღვრიდა. ცრემლების კვალი აშკარად ეტყობოდა ტაძრის იატაკს. დედის ტირილმა, ღვთისმშობლის ხატის წინაშე აღვლენილმა მხურვალე ლოცვამ გული მისდამი სიბრალულით ისე ამინთო, რომ მის უკან ჩუმად მოვიდრიკე ცოდვილი მუხლი და ავქვითინდი. სინანულის გრძნობამ დამიდნო სული, შევიცანი განვლილი უკეთური გზის საშინელება, დაღუპვისკენ რომ მივყავდი. ღვთისმშობლის შუამდგომლობით და დედაჩემის ლოცვით, ახლად ამიშენდა სული, იმ ღვთისგან კურთხეული დღის შემდეგ თავს ახალშობილივით ვგრძნობ. მამაჩემის საქმე განვაახლე და უფალიც ცხადად შემეწევა ხოლმე".

ჩემო მეგობარო, განა ეს სასწაული ღვთისა მისი ყოვლადწმინდა დედის წყალობა არ არის ჩვენდამი, ცოდვილთადმი, ჩვენს დასარიგებლად, რწმენაში მოსაყვანად, გასამხნევებლად და სანუგეშოდ მოვლინებული? როგორი ცხოველმყოფელობა, სიხარული, სიტკბოება და სიმშვიდე ჩაგვეღვრება სულში, როცა მარხვისა და სინანულის მერე რწმენით ვიგემებთ ჩვენი მაცხოვრის უწმინდეს სისხლსა და ხორცს! ცოდვიანი ფიქრებისა და ვნებათა მოდინება მაშინვე შეწყდება; მათ ადგილს წმინდა და ზეციური აზრები იკავებენ. გაჯანსაღებული სული მხიარულად ადიდებს სიცოცხლის მომცემ ღმერთს. ეს გამოუცდია და შეუძლია გამოსცადოს ყველას, ვინც გულითადი რწმენით და სინანულით მიახლებია უფალს და მის წმინდა საიდუმლოებებს. სინდისს მაშინ ცხადად ესმის მაცხოვრის სიტყვები: "ნუ გეშინინ, ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ, ვიდოდე მშვიდობით!" (ლუკა 8,48). ქრისტიანო, ყველანაირად შეეცადე, რომ არ ჩაგიქრეს გულში რწმენისა და ღვთისმოშიშების მაცხოვნებელი ცეცხლი. გულმოდგინედ დაიცავი თავი ცოდვის საცთურთაგან, განუწყვეტლივ ევედრე უფალს, თავისი ყოვლადძლიერი მადლი გიბოძოს და განგამტკიცოს რწმენაში ამ სოფლის საცთურთა და განსაცდელთა შემოტევისას. ცხოველი რწმენისა და ღვთისმოშიშების გზაზე შედგომას ნუ გადადებ, რამეთუ ვინ იცის, იქნებ დათვლილია შენი ცხოვრების დღენი და გიახლოვდება სიკვდილის ანგელოზი, რომელიც მზად არის, გაგიწყვიტოს სიცოცხლის ძაფი. სიკვდილის შემდეგ აღარ არის უკვე სინანულის ჟამი და აღარც მოქცევისა.

დაიმარხეთ, ძმანო, თქვენთვის ცხოვნების წინდად ბოძებული წმინდა სარწმუნოება. იფხიზლეთ, მტკიცედ იდექით რწმენაში, განმხნევდით, გაძლიერდით: მაცხოვნებელი რწმენის სინათლის სვეტი ნუ ჩაგვიქრება გულებში. დაე განგვინათოს ციცაბო და ეკლიანი ცხოვრების გზები! შეგვეწიოს უფალი! ამინ.

დედის გული. იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი) ბრძანებს: ვაი იმას, ვინც დედის გულს განამწარებს! ასეთმა ხალხმა ბევრი ცრემლი უნდა დაღვაროს, რომ გაათავისუფლოს საკუთარი გული ტკივილისაგან, შელანძღული სინდისისგან (რომელიც არის "მატლი დაუძინებელი"). ყველაფერი აქ იწყება კაცისთვის, სამოთხეც და ჯოჯოხეთიც. აქ მხოლოდ სულით მკვდრები ვერ გრძნობენ ვერაფერს, სანამ არ აღსდგებიან საუკუნო სატანჯველისთვის, რომლის რეალობაზეც გვაუწყებენ უკვე აღმდგარნი, რომელთაც იგრძნეს ის სატანჯველი - მაგალითი, აჩრდილი მომავალში ცოდვილთადმი განკუთვნილი სატანჯველისა.

...ვაი მას, ვინც დედის სიყვარულს განამწარებს! დაუსრულებელი ვაება ელის ღვთის სიყვარულის შეურაცხმყოფელს. ჯობდა, სულაც არ გაჩენილიყო! გულში საუკუნო ცეცხლი აუგიზგიზდება და არ დაწვავს.

დედა. წმინდა სერგი რადონეჟელის ლავრის არქიმანდრიტი ტიხონი (სქემაში - სქემარქიმანდრიტი პანტელეიმონ აგრიკოვი), რომელიც გამოირჩეოდა მაღალსულიერი, მოღვაწე ცხოვრებით, მხურვალე სიყვარულით და ალერსით იგონებდა დედას:

"როგორი ლოცვა იცოდა! მისი ორი ვაჟი ომის ქარცეცხლში ტრიალებდა. ყოველწამიერად სიკვდილს უყურებდნენ თვალებში. შინ კი უვნებელნი დაბრუნდნენ. დედამ გამოილოცა მათი სიცოცხლე. მახსოვს, როცა არდადეგებზე შინ ვბრუნდებოდი და ღამით შემთხვევით გამეღვიძებოდა, მისი ჩურჩული მესმოდა, ლოცულობდა. ის მთელი ღამე ლოცულობდა. ჰოი, ეს ლოცვა დედისა, წყალში რომ არ იძირება და ცეცხლში არ იწვის. ჰოი, რა ძლიერია დედის ლოცვა! ვფიქრობ, მას არაფერი შეედრება. რა ძლიერ უნდა ლოცულობდნენ დედები შვილებისთვის! მით უმეტეს ახლა, როცა შვილები მშფოთვარე ცხოვრებისეულ ზღვაში არიან ჩავარდნილნი, ულოცველები, გულზე ჯვარშემოხსნილნი... დღეს კი სხვა სურათს ვხედავთ. ბავშვები ურჩები არიან, უხეშები. განაწყენებული დედა დრტვინავს, ნერვიულობს, ჩხუბობს, იწყევლება. არადა უნდა ილოცოს, გულმოდგინედ და დაჟინებით. მე არა მარტო ხორციელ დედაზე ვამბობ, არამედ სულიერზეც. მანაც სულიერი შვილებისთვის უნდა ილოცოს გულმოდგინეთ, კადნიერად და დაჟინებით".
ბეჭდვა
1კ1